დღეს თითქმის ყველა ოჯახში, სადაც ბავშვია, ინჰალატორი, ანუ ნებულაიზერიც არის. სახლის პირობებში შეგვიძლია ბავშვს ცხელი ორთქლის ინჰალაციაც გავუკეთოთ, მაგრამ ნებულაიზერი ბევრად უფრო პრაქტიკულია. როგორც ცნობილმა პედიატრმა ყარამან ფაღავამ აღნიშნა, ასთმური ბრონქიტის მკურნალობაში, 20-30 წლის წინ ინჰალატორებმა რევოლუცია მოახდინეს:
„ინჰალატორების გამოყენება დღესაც ძალიან ეფექტურია. მაგრამ ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება განავითაროს სოკო. თვითმკურნლობა იყო, არის და იქნება, ოღონდ ჩვენი, ექიმების ამოცანაა, პაციენტს ვასწავლოთ, როდის შეიძლება იმკურნალოს თავად და როდის უნდა მიმართოსთ ექიმს. პატარა სურდოს დროს მე ძლიერი პრეპარატების წინააღმდეგი ვარ, ამ დროს დასაშვებია სახლის პირობებში მკურნალობა, ინჰალაცია ფიზიოლოგიური, ასევე სოდიანი წყლით. წამლით ინჰალაციის დანიშვნა კი უკვე ექიმის პრეროგატივაა".
როგორც ექიმი კომაროვსკი თავის სტატიებში წერს, ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადების დროს გამოიყენებენ ორთქლის ინჰალაციებს, რის შედეგადაც სისველე შედის კონტაქტში თბილ და ტენიან ჰაერთან, ბრონქები აქტიურად ტენიანდება და ადვილი ხდება ამოხველების პროცესი. მაგრამ მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ გამომშრალი ლორწოს დატენიანების დროს შეიძლება გამოვიწვიოთ მისი გაფუება. რისკი მით უფრო დიდია, რაც ბავშვი პატარაა. მთავარია, დაიმახსოვროთ: თუ სასუნთქ გზებში არ არის გამომშრალი ლორწო, მაშინ არ არის ინჰალაციის გაკეთების აუცილებლობა. ამისათვის საჭიროა შევინარჩუნოთ ოთახში გრილი და ტენიანი ჰაერი და აქტიურად მივცეთ ბვშვს სითხე.
ინჰალაციის გამოყენება ასევე უკუნაჩვენებია სასუნთქი გზების უკმარისობის (მესამე ხარისხის), ცხვირიდან სისხლდენის და სისხლდენისადმი მიდრეკილების, გულის არითმიისა და გულის უკმარისობის დროს. ასევე მაშინ, როდესაც პაციენტს 37,5 გრადუსზე მაღალი სიცხე აქვს.
მოზრდილებში ნებულაიზერი შეგიძლიათ გამოიყენოთ მსუბუქი რესპირატორული ინფექციების: რინიტების, ტონზილიტების, ფარინგიტების, ლარინგიტების დროს. ინჰალატორი ეფექტურია ცრუ კრუპის დროსაც. თუ სახლში გაქვთ შესაბამისი მედიკამენტები ექიმის დანიშნულებით, შეგიძლიათ გაუკეთოთ ბავშვს ინჰალაცია და მისი საავადმყოფოში გადაყვანა არ დაგჭირდებათ.
თუ ინჰალატორი არ გაქვთ, ასეთ დროს ბუნებრივ ინჰალაციებს მიმართავენ. მაგალითად, ყელის ტკივილის დროს შეიძლება, ისუნთქოთ კარგად მოხარშული და შუაზე გადაჭრილი კარტოფილი. ყურადღებით იყავით, ორთქლმა სახის ნაზი კანი არ დაწვას. კარგია გვირილისა და ევკალიპტის ინჰალაციებიც. დაასხით ნედლეულს მდუღარე და ჩაისავით დააყენეთ, ცოტა რომ შეგრილდება, ორთქლი პირით შეისუნთქეთ, ხოლო ცხვირით ამოისუნთქეთ. ამ პროცედურის დროსაც სიფრთხილე გმართებთ.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)
(წყარო mshoblebi.ge)