reportiori.ge - ზაზა ფირალიშვილი: პუტინისტების გააქტიურება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ შეჯერებული დამოკიდებულების შემუშავებას ართულებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:44
პრეს-დაიჯესტი
ზაზა ფირალიშვილი: პუტინისტების გააქტიურება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ შეჯერებული დამოკიდებულების შემუშავებას ართულებს
ავტორი:
18 ნოემბერი, 2014. 13:47


საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ პრობლემებზე "ინტერპრესნიუსი" ფოლოსოფოსზაზა ფირალიშვილს ესაუბრა. 




- ბატონო ზაზა, ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში უცნაური სისწრაფით განვითარდა პოლიტიკური პროცესები. ჯერ იყო და, პრემიერმა ირაკლი ალასანია გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან, შემდეგ "თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია დატოვეს, მთავრობიდან წავიდნენ ფანჯიკიძე და პეტრიაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობა ყოფილმა "ნაციონალებმა" გაამაგრეს. ასევე მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარ მოვლენებს კოალიციაში, მთავრობასა და პარლამენტში, ასევე პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს?

 


- უკვე მეორედ ხდება ამ ერთი წლის განმავლობაში, რომ ვიღაცის ვიღაცასთან ფსიქოლოგიური შეუთავსებლობას ძირეული ცვლილებები შეაქვს საშინაო პოლიტიკაში. არ ვიცი, შესაძლოა, ეს ნორმალურია დიდ ბიზნესში, მაგრამ დაუშვებელია ისეთი მცირე ქვეყნის საშინაო პოლიტიკისათვის, როგორიც ჩვენია. ბიზნესიდან გაგდებული ადამიანი უმუშევარი რჩება და ეგაა. არარენტაბელურ ბიზნესინსტიტუციასაც ხურავენ და ამას ბიზნესისათვის მხოლოდ მოგება მოაქვს. პოლიტიკიდან კი ძალიან ძნელია, გააგდო ადამიანი ან ჯგუფი, ვისაც რაღაც მინიმალური რესურსები მაინც აქვს და, ვის მიმართაც გარკვეული ყურადღება არსებობს. თუ ბიზნესს ასეთი "გაგდება" არ ავნებს და, პირიქით, შეიძლება არგოს კიდეც, პოლიტიკაში ამას იოლად შეიძლება მოჰყვეს ახალი გაუთვალისწინებელი პროცესები და ალასანიას შემთხვევაში ასე მოხდა კიდეც. 



"თავისუფალმა დემოკრატებმა" რამდენიმე დღის განმავლობაში საინფორმაციო სივრცე დაიკავეს, რაც, დარწმუნებული იყავით, "ნაციონალებშიც" და "ოცნებაშიც" შფოთს გამოიწვევდა. სწორედ ამ დროს ჩნდება ჭორი თუ ვიღაცის მიერ შემოშვებული "მესიჯი" იმის შესახებ, რომ თურმე, 15 ნოემბერს ალასანია "ნაციონალებთან" ერთად გადატრიალებას გეგმავდა. ამ ხმას გულმოდგინედ ავრცელებდნენ სოციალურ ქსელებში "ჩასახლებული" აგიტატორები.
პოლიტიკური პარტნიორებისა, თუ მომხრეების მიმართ 90-იანი წლების ბიზნესმენებისათვის დამახასიათებელი დამოკიდებულება ჯერ კიდევ 2012 წელს გამოჩნდა, როდესაც ერთი ხელის მოსმით დაშალეს მოძრაობა "ქართული ოცნება" და ადამიანებს, რომლებიც თვეების განმავლობაში ემსახურებოდნენ საქმეს, საკუთარ თავსა და ოჯახებს საფრთხის წინაშე აყენებდნენ, მადლობაც არ გადაუხადეს. მარგველაშვილთან და ალასანიასთან დაკავშირებული ისტორიები უკვე მაშინ შეიძლებოდა გვეწინასწარმეტყველა. 



ამ შიდა დაპირისპირებებმა რომ სერიოზულად ავნო ხელისუფლებას, აშკარაა, მით უმეტეს, რომ იგი, გარეგნულად მაინც, ხელისუფლებიდან მოდიოდა. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ მათ დაბალ რეიტინგზე, ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა კოალიცია "თავისუფალი დემოკრატების," "რესპუბლიკელებისა" და კიდევ რამდენიმე ადამიანის გარეშე და რამდენად შეძლებდნენ მისი ლიდერები საერთო ენის მოძებნას ჩვენს ახალგაზრდა თაობასთან და დასავლეთის ქვეყნებთან. ბევრისთვის სწორედ ისინი წარმოადგენდნენ გარანტიას იმისა, რომ საგარეო კურსში არავითარი სერიოზული ცვლილება არ იყო მოსალოდნელი. "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების პოზიციაზე ხომ არავინ არაფერი იცოდა დანამდვილებით და მხოლოდ დასახელებულთა მეშვეობით შეეძლო რაიმე დასკვნის გაკეთება. ამიტომაც ვიმეორებ: "ქართული ოცნებისათვის" ალასანიასთან და მარგველაშვილთან კონფლიქტი შორს მიმავალი შედეგების მატარებელია" როგორც საგარეო ასპარეზზე, ისე - საშინაოზეც. 



დიდი მუშაობის გაწევა იქნება საჭირო საიმისოდ, რომ საგარეო კურსის შეცვლის მოლოდინი იქნას გაქარწყლებული. ეს მით უფრო ძნელი იქნება, როდესაც "ქართული ოცნების" ერთ-ერთი თვალსაჩინო და აქტიური წევრი ამ რამდენიმე დღის წინ ჩვენს დარწმუნებას იწყებს, რომ რუსეთი, თურმე, აღარ გააკეთებს იმას, რასაც 200 წლის განმავლობაში აკეთებდა. ალასანიას მიმართ განხორციელებულ დევნას პუტინისტების დაუფარავი სიხარული მოჰყვა, უფრო მეტიც, ისინი მოუწოდებენ "ოცნებას," რომ უკვე დადგა "რესპუბლიკელებისაგანაც" გათავისუფლების დროცო.
სახელისუფლო პროპაგანდისტებმა უკვე რამდენიმე თვეა, მოიმარჯვეს ფორმულა: ვინც ჩვენიანი არ არის, ფარული ან აშკარა "ნაციონალია." გარკვეული კატეგორიის ადამიანები იჯერებენ ამას, მაგრამ დიდი დრო არ გაივლის, ამგვარი დამოკიდებულება გაცვდება და "ნაციონალებთან" ფარულ ალიანსში ბრალდება აღარ იმუშავებს. სოციალურ ქსელებში გაჩაღებული აგრესიული პროპაგანდაც უმალ თავად ამ პროპაგანდის წამომწყებთა წინააღმდეგ მიიმართება. 



- "ნაცმოძრაობის" მიერ 15 ოქტომბრისათვის დაგეგმილი აქცია "არა ანექსიას," შედგა. ხელისუფლებისა და პარლამენტსგარეთ დარჩენილი ოპოზიცია "ნაცმოძრაობას" აფხაზეთის თემით სპეკულირებაში ადანაშაულებდა. შიდა პოლიტიკური პროცესების თავისებურებები გასაგებია, მაგრამ როცა რუსეთის მიერ აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსია სულ ახლოსაა, რატომ ვერ შეძლო ბარიკადის სხვადასხვა მხარეს მდგომმა ხალხმა აფხაზეთის საკითხში გაერთიანება თუ ვერა, მტრის დასანახად ერთმანეთისათვის სოლიდარობის გამოცხადება. აქციამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ნაცმოძრაობა" გადატრიალებას ამზადებდა. ასეა თუ ისე, ხალხმა თავისი აზრი გამოხატა, ხელისუფლებამაც და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. გასაგებია, რომ 15 ნოემბრის აქცია აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე ანაც რუსეთის გეგმებზე გავლენას არ იქონიებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი აქცია შედეგზეა გათვლილი, შიდა პოლიტიკაზე აქციის სავარაუდო შედეგებზე საუბარი უკვე შესაძლებელია. თქვენი აზრით, რა იყო ეს - "ნაციონალების" მხრიდან ძალის დემონსტრირება? დემოკრატიის ზეიმი? თუ როგორც გოკა გაბაშვილმა განაცხადა - "აქციით საზოგადოებამ ხელისუფლებას ყვითელი ბარათი უჩვენა" . . . 

 


- იმთავითვე აშკარა იყო, რომ 15 ნოემბერს არაფერი განსაკუთრებული არ მოხდებოდა და საუბარი გადატრიალებასა და მისთანებზე, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებული იყო. ამის შესახებ წინა დღეებში ვთქვი კიდეც და თუკი ვინმე მართლა ადგენს ჩემს "დოსიეს," ვთხოვდი, ეს გამართლებული წინასწარმეტყველება აუცილებლად აღნიშნოს. ხომ შეიძლება, გამორჩეთ? ისე, თუ დამიჯერებენ, ანალიზი და წინასწარმეტყველება ერთი და იგივე არ არის და პოლიტიკური პროცესები ქიმიური პროცესების ანალოგიურად არ ვითარდება. ეს, ცხადია, ხუმრობით. 
ისევ თემას დავუბრუნდეთ. თავი რომ დავანებოთ ხელისუფლებისა თუ "ნაციონალების" პროპაგანდისტულ განცხადებებს, "ნაციონალების" მხრიდან ეს იყო ხელისუფლებიდან წასვლიდან ორი წლის თავზე ძალების დათვალიერების მცდელობა. "ნაცმოძრაობამ" მოსინჯა, თუ რამდენად ძალუძს თავისი მომხრეების მობილიზება, რამდენად დაძლიეს ამ უკანასკნელებმა დაბნეულობა, შიში. მოსინჯეს, თუ რამდენად შორს არის წასული დღევანდელი ხელისუფლებით უკმაყოფილების პროცესი, გადაფარა თუ არა ამ უკმაყოფილებამ მათ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს ტერიტორიული მთლიანობის უმწვავესი პრობლემის კონტექსტში განხორციელდა. 



ამ კითხვებს გარკვეულად პასუხი გაეცა. აშკარაა, მიუხედავად იმისა, რომ "ნაცმოძრაობა" გამოსულია შოკის მდგომარეობიდან, უახლოეს წლებში მაინც ვერ შეძლებს, იყოს საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების გამხმოვანებელი. ბევრჯერ მითქვამს, თუ სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით რამდენად საშიშია სიტუაცია, როდესაც ხელისუფლებას ამა თუ იმ ხარისხით სრულყოფილი ოპოზიცია არ ჰყავს და ხელისუფლების წარმომადგენელთა ჰედონიზმის, ბევრი მათგანის არაკვალიფიციურობის, პრემიებისა და სახელფასო დანამატებისა და ბევრი სხვა პრობლემის შესახებ კითხვების სრულფასოვანი დამსმელი არ არსებობს და ყველაფერი ამის გამოსწორება კვლავ ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. არადა, უკვე კარგად ვიცით, თუ რამდენად უსაფუძვლოა ამგვარი კეთილი ნების იმედზე ყოფნა. 



დარწმუნებული ვარ, "ნაციონალები" უახლოეს მომავალში განაგრძობენ აქციებს იმის გასარკვევად, თუ რამდენად აქვს საპროტესტო ტალღას ზრდის ტენდენცია და რამდენად შეიძლება, თავად იქცნენ ამ პროტესტის გამომხატველებად. გარდა ამისა, ისინი გრძნობენ, რომ საინფორმაციო სივრცის მუდმივი ფლობის გარეშე მათ იოლად შეიძლება გადაინაცვლონ მეორე პლანზე. ალასანიას გადაყენებასთან დაკავშირებულმა საინფორმაციო ხმაურმა მათ ეს კარგად დაანახა. რამდენიმე დღის განმავლობაში "ნაციონალებს" მხოლოდ ალასანიასთან კონტექსტში თუ იხსენებდნენ.
მეორეს მხრივ, როდესაც არსებობს საერთაშორისო საზოგადოების ასეთი ზეწოლა რუსეთზე უკრაინის მოვლენების გამო, ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია სრულიად აუცილებელი იყო. მართალი რომ ვთქვა, კარგად არ მესმის, რატომ დაუთმო ხელისუფლებამ "ნაციონალებს" აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხებთან დაკავშირებით პროტესის გამოხატვა და თავად რატომ გადგა გვერდზე ირონიულად. რა ხდება? ჩვენი ტერიტორიების დაკავება რუსული შეიარაღებული ძალების მხრიდან აღარ არის აქტუალური? 



დასაშვებია კი ამ პრობლემაზე ინიციატივის გადაბარება იმ ძალისათვის, რომელსაც ნდობის ძალზე დაბალი ხარისხი აქვს? ბუნებრივად ჩნდება კითხვა იმის შესახებ, რომ ხელოვნურად ხომ არ ხდება ამ პრობლემის აღქმის სიმწვავის განელება? ესაა კითხვები, რომლებზეც დღევანდელმა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი. დღევანდელი "ნაცმოძრაობის" აქტიურობა ამას სრულიად თვალნათლივ ხელს უშლის.



"ნაცმოძრაობის" დღევანდელი ლიდერების მიმართ პოზიტიური მოლოდინი მინიმუმამდეა დასული. "ქართული ოცნების" ხელისუფლებასაც რომ სწორედ ასეთი, პოლიტიკური პერსპექტივის უქონელი ოპონენტი აწყობს, ვფიქრობ, დღეს ამაში, პოლიტიკური პროპაგანდისტების გარდა, ნაკლებად თუ ვინმეს ეპარება ეჭვი. 
ყალიბდება პოლიტიკური სიმბიოზი ორი ძალისა, რომელთაგანაც ერთი ცდილობს, არ დაინგრეს და ფუნქციონალურად ვინმემ არ ჩაანაცვლოს, ხოლო მეორე პირველს ინარჩუნებს საიმისოდ, რომ საპროტესტო სივრცე არ მიეცეს ვინმე სხვას. არადა, ამ სხვის მოლოდინი ჩვენს საზოგადოებაში უკვე რომ არსებობს, სრულიად ცხადია. დღეს კი "ნაცმოძრაობა" ახერხებს რამდენიმე უმწვავესი პრობლემის გამო "ოცნება" თავის მართლების რეჟიმში ამყოფოს. ოპონირების პირობებს ლამის მთლიანად ის განსაზღვრავს.



ისე, უნდა გითხრათ, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს ისეთი სახელისუფლო თუ ოპოზიციური ძალა, რომელიც მსგავს აქციებზე დიდი ოდენობის ადამიანების შეკრებას შეძლებდა. აღარ ჩანს ძალა, რომელთანაც მოსახლეობა უპირობოდ დააკავშირებდა პოზიტიურ მოლოდინს. ეს ძალიან ცუდია, რადგან თუ ასე გაგრძელდა, არც ისე დიდი ხნის შემდეგ შეიძლება ისეთივე გულგატეხილობა გამოვცადოთ, როგორიც - 2011 წლის რამდენიმე თვის განმავლობაში მაისიდან ოქტომბრამდე. 



- აქციაზე "ნაცმოძრაობის" ლიდერებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართებაში. დავით ბაქრაძე - ნუ იქნებით ჩუმად, როცა სამშობლოს გვართმევენ, ირმა ნადირაშვილი - ჩვენი მთავრობა არის უხერხემლო, უუნარო, წარუმატებელი და მას პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოუტანოთ, გოკა გაბაშვილი - ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ მთავრობას, რომელიც უთავმოყვარეოდ ატყუებს ხალხს,ნიკა მელია - 40 კმ-ში მდგომი მტერი ვერაფერს დაგვაკლებს თუ 400 მეტრში კოლაბორაციონისტი მთავრობა არ გვეყოლება. მოძრაობა "დაბრუნების" ლიდერმა მალხაზ პატარაიამ სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილისა და აფხაზეთი მთავრობის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას გადაყენება და დევნილობაში მოქმედი ხელისუფლების ორგანოების არჩევნების ჩატარება მითხოვა...

 


- ბუნებრივია, რომ ეს თემა მანამ იქნება შიდაპოლიტიკური დაპირისპირებების საგანი, ვიდრე თავად პრობლემა იარსებებს. მე ვამჯობინებდი, "ნაცმოძრაობის" წევრებსა და მხარდამჭერებს კარგად გაეაზრებინათ, 2008 წელს რა მოხდა ისეთი, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩვენს და უკრაინის პრობლემებს ერთ კონტექსტში იშვიათად თუ განიხილავს. არის კიდევ ერთი ტრადიციული პრობლემა: დღეს ჩვენ ჯერაც უუნარონი ვართ, რამდენიმე გენერალური სახელმწიფოებრივი იდეის გამო კონსენსუსი შევიმუშაოთ, ჩამოვაყალიბოთ პრინციპები, რომლებსაც ყველა დაიცავს. 
პირიქით, ყოველგვარი კონსენსუსი ჩვენს სინამდვილეში გულუბრყვილობად, სისუსტედ და ა. შ. აღიქმება. არადა, სწორედ ასეთი "გულუბრყვილოები" და "სუსტები" არიან ინგლისელები, ფრანგები და სხვები მთავარ სახელმწიფოებრივ პრობლემებთან დამოკიდებულებაში. არადა, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა იწყება იქ, სადაც კონსენსუსია, სადაც ეროვნული თანხმობის სივრცეა. ამის გარეშე ნებისმიერი საზოგადოება პერმანენტული ცივი თუ ცხელი სამოქალაქო ომისათვისაა განწირული.



უფრო კონკრეტულად რომ ვილაპარაკო, "ნაციონალები" ცდილობენ, მონოპოლური უფლებები შეინარჩუნონ ისეთ თემებზე, როგორებიცაა რუსული პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება, ტერიტორიული მთლიანობა, დასავლური ორიენტაცია, უკრაინის მოვლენები და ასე შემდეგ. დღეს ეს სახელმწიფოებრივად არის საშიში. საშიშია, როდესაც უმწვავეს პრობლემებზე მონოპოლიას ფლობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც უახლოეს წლებში პოლიტიკური პერსპექტივა არა აქვს. ხელისუფლება კი ამას მხოლოდ "ვეგეტარიანულ" თავშეკავებას უპირისპირებს და არც ერთი ამ თემის გამო ინიციატივას არ კისრულობს. მხედველობაში არ მაქვს ის, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები ზომიერ პოზიციას უწოდებენ. მხედველობაში მაქვს ის უცნაური მოკრძალება, რომლითაც ისინი ბევრი პრობლემის მიმართ დამოკიდებულებას გამოხატავენ. 



უკვე 2012 წელს იყო აშკარა, რომ "ოცნებას" არ ჰყავდა მოლაპარაკე პოლემიკური უნარების მქონე და რიტორიკული უნარებით დაჯილდოვებული ადამიანები და რომ მთელი პროპაგანდისტული აქტივობა ლიდერის გემოვნებაზე იყო დამოკიდებული. "ოცნებას" დღემდე აკლია ადამიანები, ვისაც მასებში ენთუზიაზმის აღძვრა ძალუძს. სამაგიეროდ, ულევადაა მშვიდი თვითკმაყოფილება.



არსებობს ერთი გარემოებაც: რა განასხვავებს პოლიტიკოსს არაპოლიტიკოსისაგან? პოლიტიკოსი პასუხობს ოპონენტის ბრალდებებს, მაგრამ თავისთვის მაინც ითვალისწინებს მათ. მან იცის, რომ ბრალდება იშვიათად ჩნდება უსაფუძვლოდ და, მაშასადამე, მისი ქცევის წესში რაღაც არის შესაცვლელი, რაღაც არის გასათვალისწინებელი. ვინც ამას ვერ ახერხებს, მალე ამოწურავს რესურსებს. დადგება მომენტი, როდესაც ამ არგუმენტებს საზოგადოების თვალში გაცვეთილი მეტოქე კი აღარ გაახმიანებს, არამედ აღმავალი ძალა და ვეღარაფერს გაახერხებ. ამ უნარის დეფიციტი ჰქონდათ "ნაციონალებს" და, სამწუხაროდ, იგივეს იმეორებს "ოცნებაც." მთელი საზოგადოების "ჩვენიანებად" და "მტრებად" ხისტი დაყოფა 80-იანი წლების ბოლოდან მოგვდევს.



- ცალკე საუბრის თემაა აქციის მიმდინარეობისას კიევიდან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩართვა. მან განაცხადა - "ჩვენ უნდა დავანახოთ საქართველოს მთავრობას, რომ ერი ერთიანი და შეუვალია". "ივანიშვილის საქართველო დაჩმორებული და გაბანძებულია, ჩვენი საქართველო კი ამაყი და ღირსეული", "ჩვენს წინაშეა ორი მოდელის საქართველო, ერთი, რომლისაც გვჯერა ჩვენ და მეორე, რომელიც უნდა ივანიშვილს". თქვენ როგორ შეაფასებდით ექსპრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებებსა და მთავარ გზავნილებს? 

 


- ამ აქციით თავად მიხეილ სააკაშვილსაც უნდა დაედასტურებინა, რომ მოწოდებები მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საფუძველს არის მოკლებული და რომ მის მოწოდებებს ჯერაც შეუძლია ათასობით ადამიანის მოზიდვა. "ნაცმოძრაობაშიც" და უცხოეთის პოლიტიკურ წრეებშიც არიან ადამიანები, ვისაც ძველი ლიდერების პოლიტიკური უპერსპექტივობა ესმის, ვინც ხედავს, რომ ისინი უნებურად ოცნების ფარს ქმნიან. ამდენად, ამ ეტაპზე სააკაშვილს უწევს ბრძოლა არა მხოლოდ "ოცნების" წინააღმდეგ, არამედ საერთაშორისო პოლიტიკასა და საკუთარ პარტიაში ადგილისა და გავლენის შესანარჩუნებლადაც.



რაც შეეხება გზავნილებს, რაიმე სიახლე ნამდვილად არ ყოფილა. ესაა ის ე.წ. მესიჯები, რომლებსაც "ნაცმოძრაობის" აგიტატორები 2011 წლის შემდეგ მექანიკურად იმეორებენ და, უბრალოდ, პოლიტიკური სიტუაციის მიხედვით ერთგვარად ცვლიან. 



- სხვათა შორის, "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერმა ინტელექტუალურმა წრეებმა, რომლებშიც მრავლად არიან ყოფილი ხელისუფლების კვალიფიციური მაღალჩინოსნები, კერძოდ, ბატონმა სერგი კაპანაძემ, ამას წინათ წარმოადგინა საკმაოდ საინტერესო წინადადებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის გააქტიურების ვითარებაში თუ რა შეიძლება გააკეთოს ქვეყანამ. დოკუმენტს ჰქვია - "ახალი ეტაპი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში: ანტიანექსიური სტრატეგიის ჩამოყალიბების აუცილებლობა". კარგი იქნებოდა, თუ კაპანაძის წინადადებებს ხელისუფლებაც განიხილავდა და ქართული სახელმწიფო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიის წინააღმდეგ შეჯერებული გეგმით იმოქმედებდა. თქვენი აზრით, ამგვარი ალბათობა რამდენად დიდია? 

 


- კონსენსუსზე უკვე ვილაპარაკე. ცხადია, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში იზრუნებდნენ ამგვარი პრობლემის მიმართ შეჯერებული პოზიციის გამომუშავებასა და მის მემკვიდრეობითობაზე. ეს კი პოლიტიკური კულტურისა და შიდაპოლიტიკური რელიეფის მდგრადობის რაღაც მინიმუმს მოითხოვს. გარდა ამისა, პუტინისტების გააქტიურება საშინაო სივრცეზე ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ შეჯერებული დამოკიდებულების შემუშავებას ძალზე ართულებს. არ დამავიწყდება, ერთ სემინარზე პირველაღმომჩენის ბედნიერი გამომეტყველებით როგორ განაცხადა ერთმა პუტინისტმა, სახელმწიფოებრიობის იდეას ჩვენი ზნეობა არ უნდა შევწიროთო. თითქოს სახელმწიფოებრიობა ზნეობრივი ფენომენი არ იყოს.




(წყარო: "ინტერპრესნიუსიკობა ბენდელიანი)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016