reportiori.ge - ალასანიას ექსპერტებთან შეხვედრის კულუარები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:14
პრეს-დაიჯესტი
ალასანიას ექსპერტებთან შეხვედრის კულუარები
ავტორი:
18 ნოემბერი, 2014. 16:28


ვიდრე პრემიერ-მინისტრი დასავლეთს არწმუნებს, რომ მისმა ხელისუფლებამ ჩრდილოატლანტიკურ კურსს არ გადაუხვია და საქართველოს მკაფიო გზავნილს კიდევ ერთხელ უდასტურებს ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, რაც ქვეყნისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ვიზიტია ბრიუსელში, ამასობაში ქვეყანაში კვლავ გაისმის საპროტესტო გზავნილი - „თავისუფლება ემზარ კვიციანს"!.. 17 ნოემბერს ზუგდიდის სასამართლომ ემზარ კვიციანს 12 წლის პატიმრობა მიუსაჯა. ფაქტობრივად, კვიციანების ოჯახი საქართველოს ბოლო ორი ხელისუფალის მძევალი აღმოჩნდა. სააკაშვილის რეჟიმმა კვიციანის და, ქალბატონი ნორა კვიციანი ციხეში გამოკეტა, ის მძევალი იყო და ძმის მაგივრადაც სასჯელს იხდიდა. ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ გაეროში წასვლამდე იყო კაცი, ირაკლი ალასანიას სახით, რომელმაც კოდორი ჩასაბარებლად მოამზადა. სააკაშვილის მთავრობას ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე ჰქონდა პირობა მიცემული რუსეთისთვის, რომ კოდორს ჩააბარებდა და მისცა კიდეც. ძალიან ბევრი პოლიტიკოსი გმირობად უთვლიდა ემზარ კვიციანს ბოლო დროს მის მიერ განხორციელებულ აქტს, როცა ის იცავდა კოდორის ხეობას „მონადირის" საშუალებით, მაგრამ დღეს, როგორც ჩანს, პოლიტიკური ისტებლიშმენტი, პოზიციების მიუხედავად, თანხმდება, რომ ემზარ კვიციანი სამშობლოს მოღალატე იყო. ეს კი ძალიან ცუდი სტატუსია იმისთვის, რომ ხელისუფლებამ არ მიიღოს პირველი პოლიტიკური პატიმარი.


საჭიროა თუ არა გადაისინჯოს განაჩენი? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ალიას" კითხვებს ექსპერტი მამუკა არეშიძე პასუხობს:


- თქვენი აზრით, რატომ გაუსწორდნენ კვიციანს ასე სასტიკად, არადა ხელისუფლების წარმომადგენლები მაღალი ტრიბუნიდან აცხადებდნენ,რომ სააკაშვილის რეჟიმმა მიზანმიმართულად განაიარაღა კვიციანი და მისი დაჯგუფება „მონადირე", მას ზემო აფხაზეთი უწოდა და რუსეთს სასურველი პლაცდარი შეუქმნა იმისთვის, რომ კოდორი წაეღოთ. სწორედ ემზარ კვიციანი იბრძოდა წლების მანძილზე, რომ კოდორი არ დაკარგულიყო. რასთან გვაქვს საქმე? იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ გაასამართლოს ის ადამიანები, ვინც ტერიტორიები დაგვაკარგვინეს, მხოლოდ კვიციანზე ტყდება ჯოხი. რატომ, დაბალი ღობეა?

 

- საბოლოო ჯამში, მივიღეთ ასეთი უსამართლობა, თანაც ის მსჯავრი განმეორდა, რომელიც ბრალად წაუყენეს წინა ხელისუფლების დროს, სამშობლოს ღალატი და სხვა ამდაგვარნი. ადამიანებმა, რომლებიც ახალი ხელისუფლების პირობებში განსასჯელის სკამებზე აღმოჩნდნენ, უამრავი დანაშაული ჩაიდინეს, ასეულობით ადამიანი გააუბედურეს, ქონება წაართვეს, ხალხი დახოცეს, იმათ 2-3 წელი მიუსაჯეს, ისიც დიდი წვალებისა და უამრავი გამამართლებელი განსასჯელის შემდეგ, ხოლო ემზარ კვიციანმა, რომელმაც ამდენი იბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, რომ შეენარჩუნებინა კოდორი, მას 12-წლიანი სასჯელი მისცეს. ის, რაც მან გააკეთა პირველივე ბრძოლებში 1995 წელს ლაცას გვირაბებთან და შემდეგში, ამის დავიწყება არ შემიძლია. ძალიან დიდი ხნის წინ ემზარ კვიციანთან პირადად მქონდა საუბარი, დევნილებიდან, რომლებმაც კოდორის ხეობა აფხაზეთიდან ფეხით გადმოიარეს, ბევრი საყვედურობდა ემზარ კვიციანს, რომ მისმა ხალხმა ისინი გაძარცვა, სხვათა შორის, კვიციანისგან ამაზე მე მივიღე პასუხი და როცა დავადგინე, რაში იყო საქმე, ეს კითხვა მის მიმართ უკვე მოვხსენი. ძარცვაც იყო დევნილების და დახმარებაც. კონკრეტულად რომ ემზარ კვიციანს ჰყავდა ჯგუფი, რომელიც ხალხს ძარცვავდა, ეს არის ტყუილი. მაშინ ირეოდა ძალიან ბევრი დაჯგუფება, ზოგი პატრიოტი, ზოგი - ბანდიტი...


- როცა თებერვალში ემზარ კვიციანი საქართველოში დაბრუნდა, მას ხელისუფლების მხრიდან ჰქონდა გარანტიები, რომ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებდნენ? ფაქტობრივად, 12 წელს „ნაციონალებიც" მისცემდნენ, რა გამოდის, მისი და, ნორა კვიციანი ამდენი წელის სასჯელს იხდიდა, ის ხელისუფლების მძევალი იყო.

 

- რამდენიმე ფაქტორი იყო გაერთიანებული, ვიღაცამ შეაგულიანა, მე როგორც ვიცი, - ჩამოდი, ნუ გეშინია, არაფერი არ მოხდებაო. მეორე და მთავარი, სულ რომ არავისთან არ ჰქონოდა მოლაპარაკება, პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში შეიცვალა, ის ადამიანები, ვინც თავის დროზე კვიციანს ბრალი დასდო, თვითონ აღმოჩნდნენ განსასჯელთა სკამზე, ზოგიერთი საერთოდ გაიქცა ქვეყნიდან და დაიმალა. ის, რომ კვიციანს გული მისცემოდა და ქვეყანაში სიმართლის დასადგენად ჩამოსულიყო, ეს დასაძრახია?!. სულ რომ არავისთან არ ყოფილიყო მოლაპარაკებული, თუმცა, ვიცი, რომ ნამდვილად ჰქონდა წინასწარი საუბრები და ისინი ანუგეშებდნენ, ჩამოდი, ხელს არავინ დაგაკარებსო. კონკრეტულად მისცეს თუ არა პირობა ხელშეუხებლობაზე, ეგ უკვე არ ვიცი.


- ემზარ კვიციანი ჩვენებაში აცხადებს, რომ ირაკლი ალასანიამ მოამზადა კოდორის ხეობა ჩასაბარებლად და კოდორის ხეობის რუსებისთვის ჩაბარება ალასანიას ბრალიაო. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ თემის გარშემოც ალასანიას მიმართ გაჩნდება კითხვები პროკურატურის მხრიდან?

 

- შეიძლება გაჩნდეს კითხვები როგორც ალასანიას მიმართ, ასევე სხვების მიმართაც. მაგრამ ჯერ სასამართლო ხელისუფლებამ გამოასწოროს თავისი შეცდომა, კვიციანის მიმართ საზოგადოებამ სამართლიანი განაჩენი ნახოს, მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზე. რაც შეეხება კონკრეტულ პირებს, ვისაც კვიციანი ადანაშაულებს, ალასანია იქნება ეს თუ სხვა, ალასანია იმ პერიოდში იყო თანამდებობის პირი. ის კურირებდა ამ მიმართულებას და მე არ გამოვრიცხავ რომ ალასანიამ საბედისწერო ბრძანება შეასრულა. თუ კვიციანს დავუჯერებთ, რომ ალასანიამ შეასრულა არასწორი ბრძანება, მაშინ მას ამისთვის უნდა მოეთხოვოს პასუხი და მანაც, როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ, პასუხი უნდა გასცეს.


- აი, უკვე მეორე კვირაა ალასანიას საქმე კვლავ ჰაერშია გამოკიდებული. ხომ არ გაქვთ კულუარული ინფორმაცია, როდის უნდა მოეხსნას ე.წ. კაბელების საქმეს გრიფი „საიდუმლო"?

 

- ექსპერტებს შეხვედრა გვქონდა ალასანიასთან „ექსპერტთა კლუბში". პირველი რა საკითხიც მასთან დავსვით, იყო ასეთი ფორმის: ჩვენ გვაინტერესებს, რამდენად თვლი შენ, რომ კორუფციული საფუძველი არ ჰქონია კაბელების საქმეს. ჩვენ საუბრის დასაწყისში ალასანიას ვუთხარით, - შეიძლება არ გცოდნოდა საქმის დეტალები და ზურგს უკან მომხდარიყო კორუფციული გარიგება და უფრო დაბალი რანგის ჩინოვნიკებს მოეფიქრებინათ კორუფციული სქემა. ირაკლი ალასანიამ კატეგორიული უარი თქვა და აგვიხსნა, არ გამოვრიცხავ, სამინისტროში შეიძლება იყო გარკვეული გადაცდომები, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კორუფციული გარიგება ნამდვილად არ ყოფილაო. ამ პასუხმა ზოგიერთი ჩვენი ეჭვი  გააქარწყლა, შეეძლო ამ ადამიანს ეთქვა, რომ ჩემს ზურგს უკან შეიძლება რაღაც გარიგებები ხდებოდაო, მაგრამ ასეთი რამ არ უთქვამს. უნდა ითქვას, რომ ჩვენ, ექსპერტებს, ირაკლი ალასანიამ ყველა კითხვაზე პასუხი გაგვცა.


- ვისი ინიციატივით მოხდა ექსპერტებისა და ალასანიას შეხვედრა? რამდენადაც ვიცი, ეს იყო ექსპერტების დაინტერესება, რომ ირაკლი ალასანიას შეხვედროდნენ...

 

- „ექსპერტთა კლუბში" გაწევრიანებულია დაახლოებით 25 ადამიანი, მე შემატყობინეს, რომ ასეთი ტიპის შეხვედრა იგეგმებოდა და როცა შეხვედრაზე მივედი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ექსპერტების ორგანიზებით გაიმართა ეს შეხვედრა.


- ირაკლი ალასანიამ პოლიტიკური ლანდშაფტი შეცვალა, მისმა განცხადებამ, რომ საქართველომ ჩრდილოატლანტიკურ კურსს გადაუხვია, ბევრი კითხვა გააჩინა, ალასანიას გადაყენების შემდეგ გადადგა ორი მინისტრი და ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლებას სერიოზული საკადრო კრიზისი აღმოაჩნდა. გაუგებრობა იყო დავით ბაქრაძის ევროინტეგრაციის მინისტრად დანიშვნა. ეს თითქოსდა უწყინარი კადრი „ნაციონალების" მიერ დანიშნული ელჩი იყო საბერძნეთში, რომელიც„ ქართულ ოცნებას" არჩევნების წინ ხელს უშლიდა. დადასტურებული ინფორმაციით, გეტყვით, რომ ის გახლავთ გიგი უგულავას შვილის ნათლია.

 

- საერთოდ, ძალიან მაკვირვებს ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა, თავიდან აღშფოთებული ვიყავი, რაც ხდებოდა ძალოვან სტრუქტურებში, ვფიქრობდი, რომ დროის დეფიციტის გამო იყო და მანევრის საშუალება ჰქონდათ შეზღუდული დღევანდელი ხელისუფლების ხელმძღვანელობას, ახლა უკვე ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ვიღაც ჰყავს გვერდით პრემიერს, რომელიც ყურში ჩასჩურჩულებს, ვინ უნდა დანიშნოს და ამას ის ვიღაც შეგნებულად აკეთებს, რომ რისხვა წამოვიდეს პრემიერზე, რადგან კანდიდატურები, რომლებმაც დღეს პოსტები დაიკავეს, საზოგადოებისთვის არიან მიუღებლები. მე, პირადად არავითარი საწინააღმდეგო არ მაქვს დავით ბაქრაძის მიმართ, მაგრამ საბერძნეთიდან უკვე იმდენმა ადამიანმა დამირეკა, რომ მათთვის პასუხი არ მაქვს. ამას გარდა, წავიკითხე გაზეთ „კვირის ქრონიკაში" ინტერვიუ საბერძნეთში მოღვაწე ბიზნესმენ გიორგი ოკრიბელაშვილთან, მე მას ვენდობი, ის გახლავთ ჩემი უახლოესი მეგობრის მეუღლე, დიდი ხანია მას ვიცნობ მისი საქმიანობიდან გამომდინარე. რაც წავიკითხე, ეს იყო შოკისმომგვრელი. მართალია, პირადად გიორგისთან არ მქონია საუბარი, მაგრამ საბერძნეთიდან ადამიანები რომ რეკავდნენ, ლამის მე გამომლანძღეს ბაქრაძის დანიშვნის გამო. მართალია, საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტები და თავად გიორგი ოკრიბელაშვილი თქვენთან ინტერვიუში არ ამბობს, რომ განსაკუთრებით დავით ბაქრაძე არ იყო არჩევნებში ხელისშემშლელი, ისიც შემიძლია გავუგო, რომ ბაქრაძე იყო „ნაცმოძრაობის" ელჩი საბერძნეთში და რასაც სთხოვდნენ, იმას აკეთებდა, მაგრამ ამის მიუხედავად, უკმაყოფილება მაინც დიდია, რადგან მისი საელჩოს წარმომადგენლები, თანამშრომლები პირდაპირ ხელისშემშლელ საქმიანობას ეწეოდნენ „ოცნების" წინააღმდეგ. მინისტრი - ეს არის პოლიტიკური თანამდებობა, ამიტომ წინასწარ ინფორმაცია უნდა შეკრიბო ადამიანზე, როცა მას მინისტრად ნიშნავ. როგორც ჩანს, ამ სამუშაოებს არავინ აკეთებს. ზუსტად ამიტომაც მგონია,რომ კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფია პრემიერ-მინისტრთან, რომელიც ხალხისთვის მიუღებელ კანდიდატურებს სთავაზობს. ეს არის ხალხის შეურაცხყოფა, იმ ადამიანების, ვინც „ქართული ოცნების" რიგებში იყვნენ და საკუთარი სიცოცხლე გაწირეს „ქართული ოცნების" გასამარჯვებლად. არ მინდა არც ერთმა, არც კი გაბედოს თქმა, რომ „ქართული ოცნების" რიგებში არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც ვერ შეასრულებდა ამ ფუნქციას, რასაც ჰქვია საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროინტეგრაციის მინისტრი. მე ხომ არ ვლაპარაკობ ძალოვანი სტრუქტურის კადრებზე, ამ სფეროში შეიძლება კადრების საკითხი კარგად არ ვიცოდე, მაგრამ რაზეც ვსაუბრობ, ნამდვილად ვიცი, რომ არიან კვალიფიციური კადრები.

 

- ბატონო მამუკა, ამ „ემოციურ და სოლიდარულ გაუგებრობებში" მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რომ დაინიშნა ბადრი პატარკაციშვილის დისშვილი, ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლე ხათუნა თოთლაძე, შემახსენეთ, რა დამსახურებისთვის დანიშნეს ის მინისტრის მოადგილედ?

 

- ვერაფერს გეტყვით, მე ხათუნა თოთლაძე გავიცანი 2003 წელს, მაშინ პატარა იყო, მას მერე აღარ მინახავს, ვიცი, რომ ჭკვიანი გოგოა და სამინისტროში მუშაობდა. ყველაზე მეტად იცით, რა მაოცებს? უმრავლესობა რომ „ნაციონალი მაჟორიტარების" ხარჯზე გაზარდეს, ეს ჩემთვის იყო პირადად სერიოზული შეურაცხყოფა და უამრავი იმ ადამიანისთვის, ვინც თავის დროზე „ქართულ ოცნებას" ხმა მისცა. ფეიქრიშვილი, რომელმაც არჩევნები გააყალბა, ანათემას გადასცემდა ბიძინა ივანიშვილს და მთელ ქართულ „ოცნებას", უცბად გახდა მმართველი ძალის წარმომადგენელი, ამაზე დიდი შეურაცხყოფა ჩემთვის კარგა ხანია არავის მოუყენებია.


- ახლა, როცა მე თქვენთან ინტერვიუს ვწერ, ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი მნიშვნელოვან შეხვედრას მართავს NATO-ს გენერალურ მდივანთან, სტოლტენბერგთან. ჯეიმს აპატურაიმ ამ შეხვედრამდე განაცხადა - მართალია, ჩვენ ეჭვი არ გვაქვს, მაგრამ გვსურს საქართველოს პრემიერისგან კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ევროატლანტიკური კურსის დადასტურებაო.

 

- უკვე ისეთ რეჟიმში გადავედით, ალბათ, დედის დაფიცებაა საჭირო, რომ არ ვუღალატებთ ამ კურსს. ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ ხალხო, რომ საგარეო კურსის შეცვლა ასე მარტივი არ არის, როგორც ვიღაცას ჰგონია, ხვალ დილით გავიღვიძებთ და რუსეთთან ვიქნებით ჩახუტებული, ასე არ ხდება.


- რა გითხრათ, ბატონო მამუკა, საგარეო საქმეთა წინა მინისტრს და სოლიდარულ გაუგებრობაში მყოფ ქალბატონ თამარსაც ეგონა, რომ ერთ ღამეში პრემიერმა საგარეო ვექტორი ჩრდილოეთისკენ გაასწორა, ჰოდა, როგორც ბერუჩაშვილი ამბობს, პრემიერმა 15 წუთში გადაარწმუნა, საქართველომ რუსეთისკენ არ გადაუხვიაო.

 

- აი, ხედავთ, რა დღეში ჩაიგდო თავი? ქალბატონი თამარი საუცხოო დიპლომატია და უზარმაზარი გამოცდილება აქვს, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია მინისტრად უპრინციპო ადამიანის დანიშვნა, რომელიც წინა დღეს აცხადებს, რომ ქვეყანამ კურსს გადაუხვია და მეორე დღეს მინისტრად ინიშნება, მაგრამ ეს ბერუჩაშვილის ბრალი კი არ არის, იმ ადამიანის ბრალია, ვინც ის მინისტრად დანიშნა... მე ირაკლი ღარიბაშვილის ეს ნაბიჯი არ მომეწონა და ვერ მივიღებ, თუმცა ქალაბტონ თამარს შეეძლო ამ პოსტზე უარი ეთქვა, რადგანაც უარის თქმა ხომ ყველზე დიდი ღირსებაა. რასაკვირველია, პოლიტიკაში კონიუნქტურული ქმედება არსებობს, პოლიტიკაში შეიძლება ყველაფერი გააკეთო, მაგრამ ისეთი რამ არა, რომ, ცხონებული ბენდუქიძის სიტყვებისა არ იყოს, ყველაფერი გაყიდო სინდისის გარდა. როცა ყველაფერს ყიდი, მერე სინდისსაც თან აყოლებ. „ქართულმა ოცნებამ" პირველ რიგში საკუთარ პრესტიჟს დაარტყა იმ ბოლო საკადრო გადაწყვეტილებებით, რაც გააკეთა. გვირგვინი კი ამ ყველაფრის ის იყო, რომ 6 მაჟორიტარით შეავსეს უმრავლესობა.

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016