„იურისტთა საერთაშორისო სახლი" სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის გადადგომას მოითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორმა ზვიად ფოფხაძემ სახალხო დამცველს 11 ივლისს, კონკრეტულ საქმეზე დახმარებისთვის მიმართა, თუმცა ამ ფაქტს უჩა ნანუაშვილის მხრიდან რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია.
ზვიად ფოფხაძის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე გელა გოგოლაურს, რომელიც ტვირთის გადაზიდვაზე მუშაობს, დაუკავშირდა ყირგიზეთის მოქალაქე ბურხანოვ ბულიტბეკ სამასუროვიჩი და 4 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ყირგიზეთიდან ყაზახეთში, კერძოდ ქალაქ აქტაუში ტვირთის - გარგარისა და ბალის გადატანა შესთავაზა. ფოფხაძის განცხადებით, შეთანხმების შემდეგ, ბურხანოვ ბულიტბეკ სამასუროვიჩმა გელა გოგოლაურს 1 500 დოლარი გადაუხადა და დარჩენილი 2 500 დოლარის გადახდას ყაზახეთში ტვირთის ჩატანის შემდეგ დაჰპირდა.
"გელა გოგოლაურმა ყირგიზეთიდან ყაზახეთამდე ტვირთის ჩამოტანას მოანდომა 10 დღე, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ ტვირთი - გარგარი და ბალი დაზიანებული იყო. სამასუროვიჩმა დარჩენილი თანხის გადახდაზე უარი განაცხადა და გელა გოგოლაურსა და მის თანმხლებ პირს ნონა კუბლაშვილს საქართველოს მოქალაქის პასპორტი წაართვა, ასევე წაართვა ავტომანქანის გასაღები, ავტომანქანის საბუთები და ავტომანქანა. შემდეგ კი მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე მუქარით და იძულებით გელა გოგლაურს დააწერინეს ხელწერილი, რომ თითქოს ამ უკანასკნელს ყირგიზეთის მოქალაქე ბურხანოვ ბულიტბეკ სამასუროვიჩის ვალი ქონდა 40 000 დოლარი", - განაცხადა ზვიად ფოფხაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ გელა გოგოლაური და ნონა კუბლაშვილი 7 დღის განმავლობაში ჰყავდათ უკანონო ტყვეობაში. მისივე თქმით, სამასუროვიჩმა გოგოლაურს საქართველოს მოქალაქის პასპორტი დაუბრუნა და უთხრა, რომ საქართველოში წასულიყო და მისთვის 40 000 დოლარი ჩაეტანა., მხოლოდ ამის შემდეგ ტყვეობიდან გაათავისუფლებდნენ ნონა კუბლაშვილს და კუთვნილ ავტომანქანასაც დააბრუნებდნენ
ყოველივე ამასთან დაკავშირებით, ფოფხაძის განცხადებით, "იურისტთა საერთაშორისო სახლმა" ოფიციალური წერილით, დახმარების თხოვნით, მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სახალხო დამცველს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო უწყება დაეხმარათ, თუმცა უჩა ნანუაშვილი აღნიშნულ საკითხს დღემდე არ გამოხმაურებია - „სახალხო დამცველს უმოქმედობაში ვადანაშაულებთ და მოვითხოვთ დაუყონებლივ დატოვოს თანამდებობა. უჩა ნანუაშვილი მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს. გახსოვთ, ალბათ, ინციდენტი, რომელიც აჭარის პოლიციის სამართველოს უფროსს ვალერი თელიასა და „საიას" მძღოლს შორის მოხდა. ამის თაობაზე პოლემიკა თვეზე მეტი გაგრძელდა. „საიას" მძღოლის უფლებებს სახალხო დამცველის აპარატი 24 საათის განმავლობაში იცავდა. ვფიქრობ, ეს „საიას" მძღოლზე მეტად მნიშვნელოვანი საქმე იყო და მეტი ყურადღება სჭირდებოდა სხვა ქვეყანაში დატყვევებულ ქალბატონს. თუ სახალხო დამცველი პირველ აგვისტომდე თანამდებობას არ დატოვებს, მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს დავიწყებთ" - განუცხადა „რეპორტიორს" ფოფხაძემ