"ლეიბორისტების" აზრით, 15 ნოემბერს "ნაციონალები" კი ჩაფლავდნენ, მაგრამ არ ჩაფლავებულა აქცია, სადაც ხალხი იყო გამოსული ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. როგორც ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა ამბობს, დღეს ადამიანებს აინტერესებთ არა "ნაციონალები" და აფხაზეთი, არამედ შიდა პრობლემები:
- 15 ნოემბრის აქციის ავტორებად შეიძლება ჩავთვალოთ "ნაცმოძრაობა" და "ქართული ოცნება", ანუ დღევანდელი ხელისუფლება. მმართველმა ძალამ თავისი კოჰაბიტაციით, უნიათობით, უპასუხისმგებლობით ხელახლა ააღორძინა სააკაშვილის "ნაცბანდა". მე ვერ ვიტყვი, რომ ეს აქცია ჩაფლავდა, თუ გავიხსენებთ 9-წლიან სისასტიკეს, მაშინ გამოდის, რომ ქუჩაში საკმარისზე მეტი ხალხი იყო. დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი, ვინც გამოვიდა, სულ არ ფიქრობდა აფხაზეთზე და "ნაციონალურ მოძრაობაზე", ხალხი გამოვიდა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ხალხს გაუცრუეს იმედები, ფეხქვეშ გაუთელეს ღირსება და წინააღმდეგობის ტალღა უფრო გაიზრდება. მით უმეტეს თუ გავიაზრებთ, რომ ხელისუფლებამ დაშლა დაიწყო, მას სუბიექტები ნელ-ნელა ეცლებიან, მიმდინარეობს ურთიერთდაპირისპირება, ლანძღვა და ურთიერთმხილება. აქ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ უმრავლესობამ საშველად უხმო "ნაციონალების" ყველაზე ოდიოზურ ფიგურებს, ახლა იძახიან, ესენი ყოფილი "ნაციონალები" არიანო, მაგრამ როგორც ყოფილი "კაგებეშნიკი" არ არსებობს, ისე ყოფილი "ნაციონალი" არ არსებობს. ახლა "ქართულ ოცნებაში" გადავიდნენ ის ადამიანები, რომლებმაც შეინარჩუნეს ნაძარცვი და ისინი მშვიდად აგრძელებენ ხალხის ძარცვას. ადამიანები აანალიზებენ ამას, როგორც ჩანს, მაღალი კაბინეტებიდან და ძვირადღირებული ჯიპებიდან ბევრი რამე არ იგრძნობა, მაგრამ ჩვენ ხომ ვგრძნობთ ამას? როდესაც შენ პენსიონერს ჰპირდები, რომ 10 ლარით გაუზრდი შემოსავალს და ამ დროს, შენ 10-ათასიან პრემიებს იწერ, ეს საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, ის თვლის თავს მოტყუებულად, გადაგდებულად, შეურაცხყოფილად, დაჩაგრულად და განეწყობა შენს წინააღმდეგ. როდესაც ადამიანს იმის ფული არა აქვს, რომ თავის შვილს უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებინოს სწავლა, ამ დროს უყურებს, როგორ მიდიან უცხოეთში ცალ-ცალი კალოშით ჩამოსული პიროვნებების შვილები, ბუნებრივია, ჩნდება უსამართლობის განცდა. ჩვენ 2012 წლის არჩევნებამდე ყოველდღე გვეუბნებოდნენ, რომ საწვავი გაიაფდებოდა, თურმე ეს ყველაფერი იყო იმის ბრალი, რომ ერთი ლარი ვიღაცების ჯიბეში მიდიოდა, მაგრამ ახლა ისიც ვიკითხოთ, სად მიდის დღეს ეს ერთი ლარი?!. მსოფლიო ბაზარზე ხდება უპრეცენდენტო რამე, ბარელი ნავთობის ფასი 120 დოლარიდან ჩამოვიდა 75 დოლარზე, სად მიდის ეს განსხვავება, ჩვენთან ხომ ბენზინის ფასი იგივე დარჩა?!. იგივე მაფია მოქმედებს წამლის ბიზნესში, ნაცვლად იმისა, რომ კახა ოქრიაშვილს, "პსპ"-ს მეპატრონეს პასუხი მოსთხოვონ, დღეს ის პარლამენტში ზის და უმრავლესობის წევრები ეხვეწებიან, ჩვენთან გადმოდი, გვიშველე რამეო... რას ეხვეწებიან, კარგად გაარკვიონ, როგორ გადის მისი ფირმა 400%-იანი მოგების მარჟაზე. ხალხი უკვე შეწუხდა, სააკაშვილის დროს, საარსებო მინიმუმი იყო არასწორად დათვლილი, ამაზე ლაპარაკობდნენ "ქართული ოცნების" წევრებიც, მაშინაც გვატყუებდნენ და თაღლითობდნენ "ნაციონალები", მაგრამ იმის შემდეგ ორი წელიც გავიდა, პროდუქტებიც გაძვირდა, ცხოვრებაც გაძვირდა, მაგრამ დღესაც გვარწმუნებენ, რომ საარსებო მინიმუმი არის 150 ლარი. ამას ვერ გაექცევი, საბოლოო ჯამში, ხალხი მაინც ბრძენია, გაცდის ცოტა ხანს, მოგითმენს უნიათობას, უპასუხისმგებლობასაც, მაგრამ ერთ დღესაც, ძალიან მკაცრად მოგთხოვს პასუხს. თუ გარკვეული დროის განმავლობაში თავი იჩინა ნიჰილიზმმა, რაღაც პერიოდის შემდეგ ეს ნიჰილიზმი გადადის წინააღმდეგობასა და ბრძოლაში. ამ შემთხვევაში ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, რომ ისევ "ნაციონალები" გვევლინებიან წინააღმდეგობის წარმმართველ ძალად.
- გიორგი, თქვენ პარლამენტს მოსთხოვეთ 10 დეპუტატის გაშვება. რატომ მოითხოვეთ და რა პასუხი მიიღეთ?
- საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ, თუ დეპუტატი ეწევა ბიზნესსაქმიანობას, ის უნდა გაუშვა პარლამენტიდან. ამის პრეცედენტებიც არსებობდა ჩვენში. თავის დროზე გაუშვეს ვალერი გელაშვილი და ბადრი ნანეტაშვილი. დღეს ზოგიერთი დეპუტატი საერთოდ აღარ ერიდება და მოღვაწეობს ბიზნესში. ისინი აარსებენ ფირმებს, ავითარებენ ბიზნესს და არც ძველ ბიზნესს ივიწყებენ. პარლამენტში დღეს არის 10 ადამიანი, რომელიც აშკარად ასეთ საქმიანობას ეწევა.
- მაქვს ეჭვი, რომ ათზე მეტი დეპუტატი მოღვაწეობს ბიზნესში.
- გეთანხმებით, ჩვენ 10 მსხვილი ბიზნესმენი მაჟორიტარი გამოვყავით, განსაკუთრებით ის პირები, რომლებიც ახლა შეუერთდნენ უმრავლესობას. ისინი თავის დროზე იყვნენ შევარდნაძის უმრავლესობაში, მაშინ ძარცვავდნენ ამ ქვეყანას და ხალხს, იტაცებდნენ სახალხო ქონებას, მერე იყვნენ სააკაშვილთან, წარმოადგენდნენ მისი რეჟიმის ნაწილს, აფინანსებდნენ "ნაციონალურ მოძრაობას" სანაცვლოდ იღებდნენ მონოპოლიებს, სხვადასხვა პრივილეგიებსა და რეგალიებს, ახლა კი ვხედავთ, რომ ესენი გადაბარგდნენ სახელისუფლებო პარტიაში, "ქართულ ოცნებაში", ბიძინას გუნდში და აქედან გამომდინარე აგრძელებენ საკუთარი ბიზნესების ლობირებას, როგორ წარმოგიდგენიათ, კახა ოქრიაშვილს ძალიან აინტერესებს "ქართული ოცნება"?.. იგივე გოგი თოფაძე, რომელიც კარგად ურთიერთობდა შევარდნაძესთანაც და სააკაშვილთანაც. ყვარყვარეობის კლასიკური მაგალითია ძმებ ბეჟუაშვილების მოღვაწეობა, ცივილიზებულმა სამყარომ ასეთი დეპუტატების წინააღმდეგ მოიგონა აკრძალვა, რომელიც ასევე გადმოტანილია საქართველოს კონსტიტუციაშიც, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენთან ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა. არა მხოლოდ ბიზნესი ფიგურირებს აქ, უხერხულად, არამედ მათი წარსული და მორალიც. ეს მთავარი კატეგორიებია, გეთანხმებით, ვისაც დღეს აბარია ჩვენი ქვეყნის ბედი, ვინც უნდა დაგვიდგინოს ნორმალური კანონები და ცხოვრების წესი, ის ადამიანები არიან ამორალურები, უზნეოები და დამნაშავეები. ამათ მიერ მიღებული კანონებიც და წესებიც ყოველთვის იქნება ბოროტების საწყისი, ისინი მოტივირებულები არიან პირადი კეთილდღეობისთვის. დრო იცვლება, პოლიტიკოსები და ბიზნესმენებიც შესაბამისად იცვლიან ფერს, რწმენას, პატრონს და თავს გრძნობენ ძალიან კარგად. ეს გახლავთ უზნეობის დამკვიდრება. სადაც ასეთი წესები მეფობს, იქ ქვეყანას განვითარება არ უწერია. დღეს ყვარყვარეებისა და პარაზიტების ზეიმია, მათ წინააღმდეგ იბრძოდა ხალხი და 2012 წელს იმედი ჩაისახა, რომ მოვიშორებდით, მაგრამ მოხდა პირიქით, ისინი უფრო გაძლიერდნენ და აქეთ გვიშორებენ. ამიტომ ნუ გაუკვირდებათ პატივცემულ ხელისუფლების წარმომადგენლებს თუკი ხალხის მხრიდან აგრესია გაიზრდება და მომავალში უფრო მეტი გამოვა ქუჩაში. სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია, როცა სიყვარული ჩადეს ბრძოლაში და ამ ყველაფერმა ხალხის ზურგზე გადაიარა, იმედებისა და ოცნებების დამსხვრევას არავინ გაპატიებს.
- საქართველოში მორალი თითქმის აღარ არსებობს, ზვიად ძიძიგური გამოდის და ურცხვად გვიმტკიცებს, ეს დეპუტატები "ნაციონალები" საერთოდ არ ყოფილანო. თურმე ისე უყვართ ეს მაჟორიტარები თავიანთ რაიონებში, სანთელს უნთებენ. თან, როგორც აღიარეს, ორი წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ და ახლა გახსნეს კარტები.
- მეტი ამორალობა რაღა გინდა?!. თურმე ესენი "ნაციონალები" კი არა, კეთილშობილთა პანსიონიდან არიან მოვლინებული და მთელი 9 წლის განმავლობაში ებრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმს. აი, ამიტომ მიიღეს ახლა ეს პრივილეგიები.
- დავით საგანელიძე ამაყობს, კახა ოქრიაშვილი ჩემი მეგობარიაო. სიმართლე უთქვამს თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს, "ახალი მემარჯვენეები" სააკაშვილთან არიან შეკრულებიო, მაგრამ ვინც მართლა იყო შეკრული, უმრავლესობის ლიდერი გახდა...
- რა თქმა უნდა, ესენი მეგობრები იყვნენ, თანამშრომლობდნენ, ბიზნესები გაიყვეს, თავიდანვე იყო საუბარი, რომ წამლის ბიზნესში მონოპოლიები უნდა დამსხვრეულიყო, თუ ასე მოხდებოდა, მედიკამენტების ფასებიც დავარდებოდა. პირიქით მოხდა, ახლა ირკვევა, რომ მშვენიერი თანამშრომლობა ჰქონიათ წამლის მაფიასთან, თუ მანამდე საყვარლები იყვნენ, ახლა ოფიციალურად დაქორწინდნენ და მათი სიყვარულის ნაყოფი რაც იქნება, ამას ვნახავთ.
- ამ დეპუტატების გამოწვევის საკითხი ზეპირსიტყვიერად დააფიქსირეთ და პარლამენტსაც მიმართეთ ოფიციალურად?
- ჩვენ მიმართვა გავაკეთეთ ოფიციალურად, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტს, იქ არსებობს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს საკითხი, წარუდგინოს ბიუროს და მიიღოს ზომები. ახლა რომ შეიწყვიტეს უფლებამოსილებები და ისე წარმოადგენენ, თითქოს ბიზნესები საერთოდ აღარ აქვთ, ეს არაფერს არ ნიშნავს, ყველამ ვიცით, რომელი რომელ ბიზნესშია.
შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ დავით უსუფაშვილს მიმართა, რომ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და საქართველოს კონსტიტუციის 53-ე და 54-ე მუხლების შესაბამისად 10 დეპუტატს საპარლამენტო უფლებამოსილება შეუჩეროს.
შალვა ნათელაშვილის "ათკაციანი მილიონერი ქართველი პარლამენტარების სია" ასეთია: 1) ერთადერთი მილიარდერი დავით ბეჟუაშვილი; 2) 800 მილიონით კობა ნაყოფია; 3) გოგი თოფაძე და მისი 600 მილიონი; 4) გოგი ლიპარტელიანი - 500 მილიონი დოლარის მფლობელი; 5) ვალერი გელაშვილი და 400 მილიონი; 6) კახაბერ ოქრიაშვილი და 300 მილიონი; 7) გოდერძი ბუკია 250 მილიონით; 8) ზურაბ ტყემალაძე წარმოდგენილია სიაში 200 მილიონით; 9) გოჩა ენუქიძე სიაში 200 მილიონითაა წარმოდგენილი; 10) ნაული ჯანაშია 10-კაციანი სიის ბოლოში მოექცა თავისი 100 მილიონით...
გაზეთი "კვირის ქრონიკა",
გელა ზედელაშვილი