ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობა, ცალკეული ორგანოების სრულყოფილი ფუნქციობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სისხლძარღვთა მდგომარეობაზე. ბევრი მძიმე და სახიფათო დაავადება სწორედ სისხლძარღვთა პათოლოგიებიდან ან მათი ასაკობრივი ცვლილებებიდან იღებს სათავეს. ადამიანის ორგანიზმის სისხლძარღვოვანი სისტემა კაპილარების, არტერიებისა და ვენებისგან შედგება. როგორ განვამტკიცოთ სისხლძარღვები, როგორ შევუნარჩუნოთ მათ ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა? პასუხი მარტივია - რაციონალური კვებით, ფიზიკური აქტივობითა და ჯანსაღი ცხოვრებით!
ფიზიკური აქტივობა
სისხლძარღვთა, განსაკუთრებით კაპილართა კედლის განმტკიცებისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია რეგულარული ფიზიკური დატვირთვა. რაც უფრო მეტხანს ინარჩუნებს ადამიანი ფიზიკურ აქტივობას, მით უფრო მოწესრიგებული აქვს კაპილარული სისხლის მიმოქცევა. ვარჯიში და, საზოგადოდ, ფიზიკური აქტივობა რეგულარული და ზომიერი (თანაბარი) უნდა იყოს. გაცილებით ნაკლებ ეფექტს იძლევა ინტენსიური დატვირთვა ხანგრძლივი ინტერვალებით. მასტიმულირებელ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია ვარჯიშები (დილის გამამხნევებელი, დღის განმავლობაში გამააქტიურებელი და სხვა), ცურვა, სირბილი, თხილამურებითა და ციგურებით სრიალი. ცურვის დროს წყლის არცთუ მაღალი ტემპერატურის გამო სისხლძარღვები რამდენადმე ვიწროვდება, აქტიური ცურვითი მოძრაობების გამო კი ფართოვდება. ამგვარად, სისხლძარღვები ერთგვარი ვარჯიშის, წვრთნის რეჟიმშია, დაძაბვა და მოდუნება მათ კედელს განამტკიცებს, ელასტიკურობას მატებს. გარდა ამისა, ცურვის დროს რიტმულ და თანაბარ ფიზიკურ დატვირთვას განიცდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის ყველა ნაწილი, აქტიურდება სისხლის მიმოქცევა შინაგან ორგანოებში. კარგია მასაჟიც, რადგან ნებისმიერი ტიპის მასაჟის დროს სისხლის ნაკადი გაძლიერებულად მიედინება კანისკენ. ორგანიზმის ჯანმრთელობისა და სხეულის სილამაზის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია მთელი სხეულის რეგულარული მასაჟი, დაწყებული ხერხემლის არით, დამთავრებული შუბლით, სახითა და ღაბაბით.
კონტრასტული შხაპი - სისხლძარღვთა ტრენაჟორი
სისხლძარღვთა გაკაჟებაში დიდ როლს ასრულებს კონტრასტული შხაპი. შხაპს, საზოგადოდ, სისხლძარღვთა ტრენაჟორს უწოდებენ. არსებობს სხვადასხვა სახის შხაპი: შარკოსი, შოტლანდიური, წვიმისებრი, მტვრისებრი, ცირკულარული, აღმავალი და შხაპ-მასაჟი. სისხლძარღვთა წვრთნა-ვარჯიშისთვის რეკომენდებულია კონტრასტული შხაპი. ის ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობას გულისხმობს. ეს ერთი შეხედვით უსიამოვნო პროცედურა ორგანიზმისათვის მეტად სასარგებლოა. მის მოყვარულებს გაციება და ხშირი ავადმყოფობა არ ემუქრებათ. კონტრასტული შხაპის ზემოქმედების მექანიზმი არცთუ მარტივია. ცივი წყალი სისხლძარღვებს ავიწროებს, ცხელი - აფართოებს, ამგვარი აქტივობის წყალობით კი მათი კედელი ელასტიკური და მდგრადი ხდება. სისხლძარღვთა ასეთი გაკაჟება სასარგებლოა ჰიპერტონიული დაავადების საწყის სტადიაზე, მაგრამ მკაცრად უკუნაჩვენებია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, მწვავე თრომბოფლებიტის, სისხლისა და ონკოლოგიური პათოლოგიების დროს. კონტრასტული შხაპის მიღება არ არის სასურველი მენსტრუაციის დროსაც - შესაძლოა, სისხლდენა გააძლიეროს. საზოგადოდ კი კონტრასტული შხაპი, გარდა იმისა, რომ პროფილაქტიკის უნიკალური საშუალებაა, ძლიერ სამკურნალო ეფექტს ამჟღავნებს სხვადასხვა დაავადების დროს. განსაკუთრებით უხდება ნევროზსა და ვეგეტოსისხლძარღვოვან დისტონიას. კონტრასტული შხაპი კოსმეტიკური თვალსაზრისითაც სასარგებლოა. ის ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და ამ გზით ხელს უწყობს წონის კლებას, ელასტიკურობასა და სიმკვრივეს მატებს კანს.
კვება სისხლძარღვებისთვის
სისხლძარღვთა კედლის განმტკიცებისა და მათი ჯანმრთელობისათვის მეტად მნიშვნელოვანია ვიტამინები:
E ვიტამინი ბევრია ასკილის ნაყოფში, ოხრახუშში, ისპანახსა და ბარდაში, პომიდორსა და არარაფინირებულ ზეთში.
A ვიტამინით გაჯერებულია კვერცხის გული, ყველი, ხაჭო, ნაღები, კარაქი, რძე, თევზის ქონი.
P ვიტამინით მდიდარია ასკილის ნაყოფი, ჟოლო, ყურძენი, პომიდორი, კომბოსტო, სალათის ფურცლები, წიწაკა, წიწიბურა, შავი მოცხარი, ციტრუსები.
C ვიტამინი უხვადაა კომბოსტოში, კარტოფილში, კამაში, სალათის ფურცლებში, ოხრახუშსა და მწვანე ხახვში, წითელ წიწაკაში, ქაცვსა და მოცვში. შავ მოცხარში, ასკილსა და შინდში.
A და E ვიტამინები ხელს უშლის ორგანიზმში ინფექციის შეჭრა-გავრცელებას, P და C ვიტამინები კი ელასტიკურსა და მდგრადს ხდის სისხლძარღვთა კედელს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის განმტკიცებისთვის თურმე მეტად სასარგებლოა ყოველდღიურად განსაზღვრული რაოდენობის შოკოლადის (განსაკუთრებით - მწარეს) მიღება. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ვაშლი, ქლიავი, ალუბალი, უცხიმო ხაჭო და ყველი, ქატო, შვრია და წიწიბურა. რეგულარულად სვით 1-პროცენტიანი ცხიმიანობის რძე. უარი თქვით შემწვარ და შებოლილ პროდუქტებზე, თამბაქოს წევასა და სხვა მავნე ჩვევებზე, მინიმუმამდე დაიყვანეთ ცხიმიანი საკვების წილი. უპირატესობა მიანიჭეთ თევზსა და ბოჭკოს შემცველ პროდუქტებს.
დასვენება და ემოციური ფონი
როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, თევზაობა და, საზოგადოდ, ზღვის, ტბის ან მდინარის ნაპირზე ჯდომა მეტად სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ამიტომ ზაფხულში დასასვენებლად აუცილებლად მიაშურეთ ზღვის ან მდინარის სანაპიროს, ზამთარში კი - აუზს. მთავარი კი დადებითი ემოციებია - სიხარულის, ბედნიერებისა და აღმაფრენის შეგრძნება. თუ გსურთ, დიდხანს არ დაგჭირდეთ კარდიოლოგთან მისვლა, გამოიყურებოდეთ მხნედ და ახალგაზრდულად, იყოთ ჯანმრთელი, ისწავლეთ სტრესის თავიდან აცილება, სწორად დასვენება და კვება!
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)
(წყარო mkurnali.ge)