reportiori.ge - "თავს არავის მოვატყუებინებ" - ქალბატონი, რომელიც ცნობილ ადამიანებს სიცრუეში ამხელს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 16:50
პრეს-დაიჯესტი
"თავს არავის მოვატყუებინებ" - ქალბატონი, რომელიც ცნობილ ადამიანებს სიცრუეში ამხელს
ავტორი:
19 ნოემბერი, 2014. 22:36


წლების განმავლობაში ბეჭდურ მედიაში მუშაობდა, პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ როგორც გაირკვა, სხვა პროფესიებიც ჰქონია, არის ესტრადის პროფესიონალი მსახიობი და კონფერანსიე. ამასთან, როგორც ამბობს, არაერთგზის ლაურეატიც. პარალელურად კოსმეტოლოგიაც შეუსწავლია... მოკლედ, თავიდანვე აქტიური იყო და დღემდე ასეა. საკუთარ თავზე ლაპარაკი ეუხერხულება, თუმცა ძალიან მოკლედ, დაახლოებით ასე შეიძლება იმ ქალბატონის წარდგენა, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით აქტიურობს და შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებს ტყუილშიც ამხელს... 


დიახ, სწორედ მაია კახიძეს უკავშირდება "ნიჭიერის" ყველაზე სკანდალური კონკურსანტის - ამალია ჯიბლაძის განვლილი ცხოვრებიდან, ძველი ფოტოების ინტერნეტსივრცეში გასაჯაროება. ამასთან, ძველი ქართული ესტრადის მომღერლის არჩილ ჩიხლაძის შესახებ გამოქვეყნებულ გულისამაჩუყებელ პოსტსაც ის გამოეხმაურა, ახსნა და დაასაბუთა, რომ ამბავი იმის შესახებ, რომ ბატონი არჩილი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება. 



- არ მიყვარს, როცა მატყუებენ, გინდაც ტელევიზია იყოს ეს, გინდ მთავრობა, მეზობელი თუ საკუთარი მამა. თავს არავის მოვატყუებინებ. ასე ვცხოვრობ...



-
ამალია ჯიბლაძე რატომ ამხილეთ? 

 


- ზოგადად ძალიან მიყვარს ადამიანი და ვინაიდან ქალი ვარ, რა თქმა უნდა, ქალს მეტ პატივს ვცემ... ვფიქრობ, რომ ამალია დაამცირეს. არც ვიცნობ, ახლოს თვალითაც არ მინახავს, ღმერთმა დალოცოს და სულ კარგად ამყოფოს... ხომ მაქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება? თუ ის შეიძლებოდა, ნიკა რაჭველის ორკესტრთან, განსხვავებული იმიჯით ემღერა, ვინ დამაჯერებს, რომ ამხელა გამოცდილების, პროფესიონალმა მომღერალმა, ახალგაზრდა ქალმა არ იცოდა, რომ იმ "კლეჩატი" ჩანთით არ უნდა ევლო? ეს ხომ დადგმული სცენა იყო? ვის არ უჭირს ცხოვრება? მე მაგალითად, ჩემი ახლობლებისა და ოჯახის გადასარჩენად, სახლ-კარი გავყიდე...




დიახაც, როგორც პროფესიონალს, მიმაჩნია, რომ ის ნომერი, რაც ამალიამ პირველ ტურში წარმოადგინა, იყო ფონოგრამაზე ნამღერი. მერე რეჟისორის მისამართით ვიტყვი, რომ "კლეჩატი" ჩანთით ვერ შეაცოდებთ მაყურებელს. პირიქით, ამ ქალის ბეგრაუნდი როგორც საჭირო იყო, ისე გამოგეყენებინათ. რაში სჭირდებოდათ ეს ყველაფერი, ვერ გავიგე. 




-
როდესაც ამ თემაზე თქვენს "ფეიბუქ-გვერდზე" სტატუსი დადეთ და ამალი ძველი ფოტოები გამოაქვეყნეთ, წერდით, რომ ისინი სისხლის ფასად იყო მოპოვებული...

 


- დიახ, ეს იმის გამო, რომ ჩვენთან ჟურნალისტის ჰონორარი "კაპიკებია"... მრავალი წელია, მოსკოვის ორი გამოცემის საკუთარი კორესპონდენტი ვარ საქართველოში. პერიოდულად მიკვეთავენ რაღაც მასალებს. არ მიღირს აქ, ასე მცირედ ანაზღაურებაზე სირბილი. თან, ჩემს ასაკს ეს უკვე არ ეკადრება. სხვა თუ არაფერი, დამამცირებელია. უკრაინელ, ბელორუს, რუს კოლეგებს ვიცნობ, რომლებსაც ვმასპინძლობ კიდეც და ვიცი, რომ მათ ასეთი დაბალი ჰონორარი ნამდვილად არ აქვთ... 


 

 

 

- .. უცხოელი კოლეგების დახმარებით მოიპოვეთ ის ფოტოები, რაც გამოაქვეყნეთ?

 


- რა თქმა უნდა. თან, როგორც პროფესიონალს, თავადაც შემეპარა ეჭვი მის ნამღერში (ბოლოს და ბოლოს, ათასობით კონცერტი მაქვს ჩატარებული). დავინახე, თუ როგორ ეკავა მიკროფონი, სახეზე რა ემოცია ჰქონდა, ხელს როგორ ხმარობდა. თუნდაც, როგორ შემოვიდა სცენაზე, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად ეცვა. მოკლედ, მას შევნიშნე ის, რაც უნდა შემენიშნა. ეს სხვებმაც დაინახეს. ის, სამზარეულოდან სცენაზე გამოქცეულს არ ჰგავდა. იმაზეც გავბრაზდი, თუკი 

სხვებს ცოცხლად ამღერებენ, ამას რატომ უნდა ჰქონოდა ფონოგრამა-მეთქი. ისიც ხომ თქვა, რომ რუსეთიდან ჩამოვედიო. ჰოდა, დავინტერესდი, დავუკავშირდი რუსეთში კოლეგებს, რამდენიმე რუსული საიტიც მოვინახულე და გავარკვიე, რომ ასტრახანის კრემლშიც ჰქონდა ნამღერი და იქ სიმღერისთვის გუბერნატორმა დააჯილდოვა კიდეც. ძალიან კარგია, ქართველი ქალი, ქართული გვარით სადღაც წარმატებას რომ აღწევს, მაგრამ ის მეწყინა, რომ ეგ გამოცდილი ქალი იმ სცენარს დათანხმდა, რაც გათამაშდა. 
დაამცირებინა თავი. მე ხომ მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია? 




- ძველი ესტრადის მომღერლის, არჩილ ჩიხლაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საიდან ფლობთ? მასზე ინტერნერსივრცეში გავრცელებული აზრიც, რომ უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს, გაანეიტრალეთ...

 


- იმიტომ, რომ ესეც ტყუილია, - ბავშვობიდან ვიცნობ მაგ ადამიანს, მის მეუღლეს - მაყვალას, რომელიც მამასთან მეგობრობდა... ჩემი მეგობარია მათი შვილი ირმაც და სწორედ მისი თხოვნით გავაკეთე ის წერილი (ირმა პირველი ჯგუფის ინვალიდია და უსინათლო). ბატონი არჩილი ნამდვილად არ არის მშიერი. ამ შემთხვევაში იმან უფრო გამაბრაზა, რომ ვიღაცები გამოჩნდნენ, რომლებიც ამ სიტუაციით სარგებლობას აპირებდნენ. "ფეისბუქში" წერდნენ, ფული ჩვენ მოგვიტანეთ და არჩილს გადავცემთო. მაშინვე მივხვდი, რომ ცუდი სიო ქროდა. 



- .. არჩილ ჩიხლაძე არ არის მშიერი?

 


- როგორ არის მშიერი, როცა 150 ლარი პენსია აქვს, თბილისში ორი ბინა (ერთი გაქირავებული). 80 წლის არის და თვითონ შვილი აღიარებს, რომ ფსიქოლოგიურად უჭირს, სულ შიში აქვს, რომ ვიღაც მოწამლავს და მიწოდებულ კერძს არ ჭამს. ახლა ამოჩემებული ჰყავს სიძე, ირმას ქმარი, - ჩემი სიკვდილი უნდაო; ამბობს, რომ ბაჩო ახალაია დასდევს... მისი სახლი ავარიულ ზოლშია და რაღაც შეღავათები ამის გამო ჰქონდა, უფასო სასადილოშიც დადიოდა, მაგრამ ახლა არც იქ დადის, რადგანაც აქვს ფობია... 



ვიღაცამ მის შესახებ ეს დაწერა, მაპატიოს, მაგრამ იცით, როგორი რაღაც იყო? შემოწირულობის 80%-ს რომ თავისთვის დაიტოვებდა... ეს უსამართლობა ვერ ავიტანე.



ისე, სტატუსებს ადრეც ვდებდი. ოღონდ, მოკლეს და ირონიაშეფარულს. ამის უამრავი მოწმე არსებობს. მოკლედ, რაც არ მომწონს, იმის თქმისგან თავს არასდროს ვიკავებ.



გული ცოტა იმაზე მწყდება, რომ ჩემს ახლობლებს მეტად მინდა, რომ დავეხმარო და ამაში ფინანსები არ მიწყობს ხელს... 




- ისე, წლების წინ პრესაში აქტიურად წერდით. მერე პრესიდან გაუჩინარდით? რატომ?

 


- ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეექმნათ. ბოლო სამი წლის განმავლობაში 7 ოპერაცია გადავიტანეთ. დედას, მეუღლეს, რძალს (შვილის ცოლს), შვილიშვილს როგორ არ უნდა მოუარო? ბოლოს ერთი ოპერაცია მეც მივაყოლე... საერთოდ "მიქელასთან" ვარ მოლაპარაკებული, ნუ მოხვალ, ბევრი საქმე მაქვს-მეთქი. იმედია, ესმის... არა, არ ვხუმრობ, ამას სულ ვეუბნები. ოჯახის წინაშე მართლა ბევრი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული. საერთოდ, ცხოვრებაში ხელშეწყობა ნაკლები მქონდა... არც პროფესიები და არც ოჯახი წინ არასდროს დამიყენებია, რადგან ორივეზე ვგიჟდები, თანაბრად მიყვარს, მაგრამ ენერგია ხომ გინდა, რომ ორივეზე გაანაწილო? თუმცა ოჯახის გამო ბევრი რამ დავთმე. მაგრამ სამაგიეროდ, ამაყი და უბედნიერესი ვარ, რომ მყავს საუკეთესო რძალი და შვილიშვილი, რომელმაც ხუთი ენა იცის და ცხოვრობს მიუნხენში. დიმიტრი უკვე 13 წლის არის...




- ერთი შვილი გყავთ?

 


- კი, სწორედ იმის გამო, რომ კარიერაში წინსვლა მინდოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ასევე მადლობა მეგობრებს, რომლებიც ყველა სფეროში საკმაოდ მყავს... ასევე მყავს ჩემთვის საყვარელი რედაქტორები: მათ შორის, ძალიან ძვირფასი - ლაშა ნადარეიშვილი და ზურაბ აბაშიძე, რომელსაც ვეთაყვანები; ასევე, ჩემი მეგობარი და პედაგოგი, რეჟისორი - გოგი თოდაძე და კიდევ ბევრი, რომელთა გამოც ღირდა ამქვეყნად მოსვლა და ღმერთმა კარგად მიმყოფოს... ვწუხვარ, რომ ბევრი უფროსი მეგობარი დავკარგე, ნებისმიერის გახსენებაზე საოცარი ნაღველი მაქვს და მენატრება...




წელს გადავწყვიტე, დიდი არქივი გავაკეთო, სადაც ძალიან ლამაზი მოგონებები შევა უახლესი ისტორიდან. რაღაც ნაწილი უკვე გაკეთებულია... სახლი კი გავყდე, მაგრამ წიგნი მაინც ვერ გამოვეცი. ასე რომ, ვოცნებობ წიგნი დავბეჭდო...




გაუმარჯოს ამალიასაც, არჩილსაც და საერთოდ ყველას, ოღონდაც, არ მოვატყუოთ ერთმანეთი და ნათელი თვალებით შევხედოთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი! მე ამალია, როგორც ქალი, დავიცავი და ამას ვერ მიხვდა და მიხვდნენ...


(წყარო: ამბები.გე, ლალი ფაცია)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016