თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალის მოლას, ზურაბ ჟვანიასთან ერთად გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი რაულ უსუპოვის პაპას ისმაილ უსუპოვს, რომელსაც ყარაჯალაში ვესტუმრეთ, მიაჩნია, რომ მისი შვილიშვილი და ზურაბ ჟვანია სხვადასხვა ადგილას მოკლეს და მათი გვამები საბურთალოს ქუჩაზე მიიტანეს:
- ჩემი შვილიშვილი და ზურაბ ჟვანია გაზით კი არ გაიგუდნენ, სხვაგან მოკლეს და შემდეგ გვამები საბურთალოს ქუჩაზე მიიტანეს. პრემიერ-მინისტრს იმ სახლში რა უნდოდა, არც კი შევიდოდა, ან იმ „კალბასს" შეჭამდა? რატომ გაშალეს იქ ნარდი, რაულმა ხომ ნარდის თამაში არ იცოდა! საქმე იმაშია, რომ იმთ, ვისაც ჟვანიას მოშორება უნდოდა, მოიშორეს და რაულიც მასთან ერთად მიაყოლეს. წლების წინათ ჟვანიამ წაიყვანა სამუშაოდ. როდესაც სიღნაღში ჩამოვიდა და ნიჭიერ ახალგაზრდებს ეძებდა, რაულზე უთხრეს, კარგი ბიჭია, მაგრამ აზერბაიჯანელიაო. ჟვანიას უთქვამს, თუ ნიჭიერია, იყოს აზერბაიჯანელი, ოღონდ კარგად იმუშაოსო. საქმეებზე ხვდებოდნენ ერთმანეთს და არა იმ მამაძაღლობის საქმეზე, რასაც ესენი ამბობენ.
- ზურაბ ჟვანია ყარჯალაში რაულთან ჩამოსული გინახავთ?
- ჟვანიას არ ვიცნობდი, აქ ჩამოსულიც არასოდეს მინახავს. წინა საღამოს, მკვლელობამდე, რაული აქ იყო... დილით თქვა, უნდა წავიდე, სამსახურში ბევრი საქმე მაქვსო. დავკოცნე, მალე ჩამოდი-მეთქი და წავიდა. ლილოს ბაზარში შეუვლია, იქ ჩვენებური ბიჭები შეხვედრიან და ერთად პურის საჭმელად დამსხდარან. სწორედ იმ დროს მისთვის ტელეფონზე დაურეკიათ, ვიღაცასთან დიდხანს ულაპარაკია, მერე უთქვამს - ბიჭებო, მირეკავენ, ჟვანია უნდა ვნახოო და წასულა. იმ საღამოს იმ ბიჭებმაც ურეკეს ტელეფონზე, მაგრამ რაულს აღარ უპასუხია, ჩვენც ვურეკავდით, მაგრამ ვერც ჩვენ გავიგეთ, სად იყო. გათენდა და გამოაცხადეს, რომ რაული და ჟვანია გარდაიცვალნენო. გამოხტა მერაბიშვილი, გაზით გაიგუდნენო - როგორ დაასკვნა, რომ გაზით გაიგუდნენ - კი არ გაიგუდნენ, მოკლეს! სასამართლომ თუ საქმე სწორად წაიყვანა, ყველაფერს დაადგენს.
- ხალხში გავრცელებული ვერსიის, რომ სააკაშვილმა ზურაბ ჟვანია საფერფლის თავში ჩარტყმით მოკლა, გჯერათ?
- სააკაშვილი ბრძანებებს იძლეოდა, მერაბიშვილი ასრულებდა. ყასბებივით იყვნენ, შეაშინეს მთელი საქართველო, ხმას ვერავინ იღებდა და, თუ ვინმე რამეს იტყოდა, პირდაპირ კლავდნენ. რაულისა და ჟვანიას მსგავსად, რამდენი ასეთი მკვდარი ჰყავთ... რაული, საწყალი ბალღი, ტყუილად დაღუპეს, მთელი სოფელი დასტიროდა, ხალხს უყვარდა, ჩემი გაზრდილი იყო. სოფელში არავის სჯერა, რომ რაული და ჟვანია გაზით გაიგუდნენ.
- თქვენ რა გგონიათ, რა მოხდა?
- შეიძლება, გაზის სუნით გააბრუეს, მერე რაც უნდოდათ, ის გაუკეთეს. გაზით გაგუდულს სხვა ფერი უნდა ჰქონოდა, რაულს ჯანსაღი ადამიანის ფერი ჰქონდა. სასამართლოზე ვთქვი და ახლაც გეტყვით, - რაულს ძუძუსთავების ზემოთ ნაჩხვლეტები ჰქონდა, სისხლი მოსდიოდა. მარტო „სპიჩკის" ღერი კი არა, ისე ღრმა ნაჩხვლეტები იყო, ჩემი ნეკი თითიც კი ჩაეტია. მოლებმაც ნახეს ეს ნაჩხვლეტები, ჩვენი უბნის ბიჭებმაც, გამომძიებელსაც მოვუყევი. ორჯერ დავბანეთ მიცვალებული, ეს ნაჩხვლეტები ღია ჭრილობასავით ჰქონდა, გულმკერდზე და მუცელზე გაჭრილი იყო და შემდეგ შეკერილი, ყელის ქვემოთ, მარცხნივ შავი ლაქა ჰქონდა. რა იყო, ვერ გავარკვიე. ეჰ, მეორე დღეს უნდა ჩამოსულიყო, ბიძაშვილს ქორწილი უნდა გადაეხადა...
- ეს დაზიანებები ნანემსრები ხომ არ იყო?
- არა, ნემსი რომ ყოფილიყო, მივხვდებოდი... ნანემსარი მაგრდება. გამომძიებელმაც იგივე მკითხა. ვუპასუხე - ნემსი არ გაგიკეთებია-მეთქი? შეიძლება, ეს იყო რაღაც იარაღი. სასამართლოზე სურათიც აჩვენეს, სადაც ძალიან კარგად გამოჩნდა რაულის მკერდზე დაზიანებული ადგილები - ნახვრეტები. მოსამართლე მიხვდა, რომ ტყუილს არ ვამბობდი, ფოტოზე პირდაპირ ჩანს.
- ლევან ჩაჩუა რომ უარს აცხადებს?
- ლევან ჩაჩუამ რაც უნდა დაწეროს, სურათი სასამართლოზე ხომ აჩვენეს? მითხრას, ის რა იყო, როგორ დამალავს? ექსჰუმაცია თუ მოხდება, რაულს ის ნახვრეტები აღარ ექნება, მაგრამ ძვლამდე თუ იყო დაზიანება, ის დარჩენილი იქნება.
- როდის ჩამოასვენეს რაული ყარაჯალაში?
- 3 თებერვალს, საღამოს 9-10 საათზე, სასწრაფოს მანქანამ ჩამოასვენა. იმ დილით, როგორც კი გაიგო იაშარმა ეს ამბავი, ჩემს სხვა შვილებთან ერთად, თბილისში წავიდა, ცხედრები რესპუბლიკურ საავადმყოფოში ესვენა. რაულისთვის ტანსაცმელი სახლიდან წაიღო, რადგან დასვრილი და ტალახიანი სცმია, არ ჰქონდა ერთი ფეხსაცმელი. იაშარი პროზექტურაში არ შეუშვეს. დილის 11 საათიდან საღამოს 8 საათამდე იქ ამყოფეს, პროზექტურიდან ამბავი ერთ ბიჭს გამოჰქონდა. ჯერ ზურაბ ჟვანია გამოასვენეს, შემდეგ - რაული, მერე სასწრაფოს მანქანით სოფელში წამოიყვანეს, უკან მოჰყვნენ იაშარი და ბიჭები. ის ტანსაცმელი, რომელიც რაულს იმ დღეს ეცვა, პროკურატურაში ინახება. ჩვენი წესის მიხედვით, მიცვალებულს ორჯერ ვბანთ, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვიქნებოდი, თან ვბანდი ჩემს შვილიშვილს, თან ვტიროდი. იაშარი ძალიან განიცდიდა, დაკრძალვის შემდეგ შეიტყო იმ დაზიანებების შესახებ, რაც ზემოთ გითხარით. ის ნახვრეტები თავიდან წვეთოვნის კვალი გვეგონა, მაგრამ ექიმებთან გავიკითხეთ და დავრწმუნდით, რომ იქ არანაირი წვეთოვანი არ ყოფილა. ძალიან მაინტერესებს, რაში სჭირდებოდათ რაულის თითის ანაბეჭდები, რომელიც დაკრძალვის დღეს აუღეს, სად არის, რა დაადგინეს იმის მიხედვით?
- თქვენი ვაჟის სახლი დაკეტილია...
- იაშარი ცოლთან ერთად თბილისში გადავიდა, რაულის ბინაში ცხოვრობს, ძალიან დაღონებულია, სამი თვეა, რაც რაულის ცოლი გათხოვდა, ერთ სოფლელ ბიჭს წაჰყვა, ბავშვს იაშარი ზრდის, დაიშალა ოჯახი... აქ მე და ჩემი მეუღლე დავრჩით, 86 წლის კაცი ვარ, სად უნდა წავიდე? ყოველ პარასკევს რაულის საფლავზე გავდივარ, მე და ჩვენს სოფელს ის არასოდეს დაგვავიწყდება, მთავრობაში აქედან ჯერ არავის უმუშავია! სოფელში გზის გაკეთება უნდოდა. ჩვენებურებს ვეუბნები ხოლმე, ბალღად რომ თვლიდით, რამდენ კარგ რამეს აპირებდა-მეთქი?! რაც უნდა იძახონ, რომ ჟვანია და რაული გაიგუდაო, არავის გვჯერა, ისინი მოკლეს და თუ ნება იქნება, ამ საქმის გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ!
ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"