reportiori.ge - ვახტანგ მაისაია: „ვინ იყო სინამდვილეში კახა ბენდუქიძე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:42
ინტერვიუ
ვახტანგ მაისაია: „ვინ იყო სინამდვილეში კახა ბენდუქიძე!
ავტორი:
19 ნოემბერი, 2014. 23:01


სააკაშვილმა კახა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო გავრცელებულ სამძიმრის განცხადებაში, ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველოში დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების გეგმა გათქვა და განაცხადა - „ლონდონში იურისტების ჯგუფი და ასევე ცალკე ორგანიზაცია ჩამოაყალიბა ივანიშვილის რეჟიმთან საბრძოლველად. ძალიან ჩქარობდა, ჩემზე მოუთმენელიც იყო - ბოლო სატელეფონო საუბარში კიდევ ერთხელ მითხრა - ბევრი დრო არ გაქვს და უახლოეს თვეებში უნდა დავიხსნათ საქართველოო. ძალიან აქტიურად მონაწილეობდა 15 ნოემბრის აქციის მომზადებაშიც!"


ფაქტია, რომ ნაცმოძრაობამ ბენდუქიძის სიკვდილით სერიოზული დამფინანსებელი და იდეოლოგი დაკარგა... ცნობილი ექსპერტი და სააკაშვილის კვაზიფაშისტური რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლი, პროფესორი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ბენდუქიძეს, რომლის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსშიც დამზადებული რუსული „T-90"-ები და ჯავშანტრანსპორტიორები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში დღემდე მყარად დგანან, ნაცისტურ სექტაში სხვა ვერავინ ჩაანაცვლებს!


- ბატონო ვახტანგ, ვინ იყო კახა ბენდუქიძე?

 

- ქრისტიანი კაცი ვარ და ბუნებრივია, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მაგრამ ბენდუქიძე იყო იმ გუნდის წევრი, რომლებიც ჩემი მოსისხლე მტრები არიან! ბენდუქიძე ავანტიურისტი გახლდათ... მან რუსეთში აიდგა ფეხი და თავისი ბიზნესი რუსეთის სახელმწიფო წრეების დახმარებით ააწყო, ანუ ბენდუქიძეს კრემლში ჰყავდა სერიოზული მფარველები. კლასიკური გაგებით, კახა ბენდუქიძე იყო საკმაოდ გავლენიანი რუსი ოლიგარქი და ე. წ. „სემიბანკირშჩინას" წევრი. მოგეხსენებათ, ჯერ შეიქმნა „სემიბანკირშჩინა" და მერე ის გახდა „დვადცატიბანკირშჩინა". ეს ოლიგარქიული დაჯგუფება პრეზიდენტ ელცინის მეორეჯერ გაპრეზიდენტების პერიოდში, ფაქტობრივად, განაგებდა რუსეთის ხელისუფლებას. სხვათაშორის, ბენდუქიძეთან ერთად ამ „სემიბანკირშჩინას" წევრები იყვნენ: ხოდორკოვსკი, გუსინსკი, ბერეზოვსკი, ჩუბაისი და დერიპასკა. ამ ჯგუფში მოიაზრებოდნენ აბრამოვიჩიც და პუგაჩოვიც. ბერეზოვსკის ხელდასხმით სწორედ იმ ოლიგარქიულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, პუტინი გაეხადათ ელცინის მემკვიდრე და ამავე საბჭომ აიძულა ელცინი, 1999 წლის 31 დეკემბერს გადამდგარიყო.


- ე.ი. პუტინის გაპრეზიდენტებას ბენდუქიძემაც დაუჭირა მხარი?

 

- დიახ, რა თქმა უნდა, ბენდუქიძე ხომ იმ ოლიგარქიული საბჭოს წევრი იყო?! მეტსაც გეტყვით, ბენდუქიძე რამდენჯერმე შეხვდა პუტინს და როცა პუტინმა დაშალა „სემიბანკირშჩინას" ოლიგარქიული საბჭო, მან ბენდუქიძესთან კარგი ურთიერთობა ბოლომდე შეინარჩუნა!


- რა იყო ამის მიზეზი?

 

- ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ კახა ბენდუქიძე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინტერესებს გამოხატავდა. კახა ბენდუქიძე ფლობდა მძიმე მანქანათმშენებლობის - „ურალმაშის" კორპორაციას, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს პროდუქციის 15 პროცენტით ამარაგებდა, ანუ მთელი ის ჯავშანმანქანები და ის მძიმე ტანკები - „T-90"-ები, რომლებმაც აფხაზეთსა და ცხინვალში საქართველოს ბედი რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვიტა, გამოშვებულია კახა ბენდუქიძის კორპორაციის მიერ. როგორც ვიცი, კახა ბენდუქიძე, როგორც ბიოქიმიკოსი, დაკავშირებული იყო რუსეთის ქიმიური შეიარაღების მიმართულებასთანაც. როცა საქართველოში ჩამოვიდა, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, კახა ბენდუქიძეს აზრად არ მოსვლია, რუსეთში თავისი აქტივები გაეყიდა, ანუ მას რუსეთში თავისი ბიზნესები მაშინაც კი ჰქონდა, როცა ის საქართველოში ეკონომიკის მინისტრი გახდა. მე არ გამიგია, რომ ბენდუქიძეს რუსეთში თავისი ბიზნესები ივანიშვილის მსგავსად გაეყიდოს... კახა ბენდუქიძემ ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღო სააკაშვილ-პუტინის პირველი შეხვედრის ორგანიზებაში. ის მაშინვე ჩაქანდა მოსკოვში, სადაც შეხვდა ევგენი პრიმაკოვს და სააკაშვილის ეს ვიზიტი შედგა. ეს იყო სააკაშვილის პირველი შეხვედრა პრეზიდენტის რანგში. მიხეილ სააკაშვილმა ბენდუქიძე საქართველოში სწორედ იმის გამო ჩამოიყვანა, რომ მას რუს ოლიგარქებთან და პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობები.


- ბატონო ვახტანგ, პუტინის ნებართვის გარეშე ბენდუქიძე საქართველოში ჩამოვიდოდა?

 

- არ მაქვს არანაირი მტკიცებულება, მაგრამ, ჩემი აზრით, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, პუტინის ნებართვის გარეშე ის აქ ფეხს არ ჩამოადგამდა! კაცი, ფაქტობრივად, ცხოვრობდა კრემლში, იყო რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი სერიოზული ლობისტი და რაზეა ლაპარაკი, საერთოდ?! ვფიქრობ, ნაციონალურმა მოძრაობამ ბენდუქიძის სახით ძალიან სერიოზული დამფინანსებელი და მხარდამჭერი დაკარგა.


- ბენდუქიძე ნაცმოძრაობას აფინანსებდა?

 

- რა თქმა უნდა, მას ამის უფლება ჰქონდა და ბენდუქიძე იყო ნაცმოძრაობის ერთ-ერთი სერიოზული დამფინანსებელი. საკადრო პოლიტიკაში ბენდუქიძე ლიბერტარიანელი იყო, რაც მან ჩუბაისისგან გადმოიღო. კახა ბენდუქიძემ საქართველოს ეკონომიკა რუსული გეგმით გარდაქმნა და ჩუბაისის ე.წ. „შოკური თერაპიის" პრინციპით მან საქართველოში მოახდინა რუსული ეკონომიკური რეფორმის კალკირება. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ რუსულ რეფორმას რუსული კაპიტალი შემოჰყვა. საქართველოს სტრატეგიული ობიექტების რუსეთისათვის მიყიდვის ერთ-ერთი ავტორიც ბენდუქიძე იყო და ის ამას არც მალავდა. „რაოესის" საქართველოში შემოსვლა, უშუალოდ ბენდუქიძეს უკავშირდება, რადგან ჩუბაისი იყო მისი უახლოესი მეგობარი. ბენდუქიძე იდგა იმ გარიგების უკანაც, როცა საქართველოში ცნობილ რუს ოლიგარქს - ფრადკოვს გაუჩნდა ინტიერესები.


- ბატონო ვახტანგ, ლოდონში რატომ იღუპებიან ცნობილი ქართველები? რობერტ სტურუამ დაწერა, ბენდუქიძე „გააგორეს", რადგან ბევრი რამ იცოდაო!

 

- დარწმუნებული ვარ, ბენდუქიძე გულის პრობლემებით გარდაიცვალა ისევე, როგორც ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც ვაჟკაცი, თავმოყვარე კაცი იყო და მეგობრებისგან ამდენი ღალატი ვერ გადაიტანა.


- რა პერსპექტივა აქვთ ნაცებს, რომლებიც ხელისუფლებას მიტინგებით ეუქრებიან?

 

- არავითარი! ნებისმიერი მათი მიტინგი დასრულდება 19 აპრილისა და 15 ნოემბრის მსგავსი ფიასკოთი... ესენი არიან ნეოტროცკისტები და მათი ბედი უკვე გადაწყვეტილია!


- ნაცისტურ სექტაში ვინ დაიჭერს ბენდუქიძის ადგილს?

 

- გაიხსენეთ ბოლშევიკების დამფინანსებელი პარვუსი... როგორც კი პარვუსი გარდაიცვალა, ბოლშევიკებმა მაშინვე დაიწყეს ყვინთაობა და დადგნენ კრახის წინაშე. ბენდუქიძე ნაცებში პარვუსის როლს ასრულებდა და არა მგონია, მას შემცვლელი გამოუჩნდეს. ნაცმოძრაობა იხრწნება და ძნელად სარწმუნოა, ვინმეს მისი რეანიმაციის სურვილი გაუჩნდეს!


ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016