ექსპერტი მამუკა ჩხაიძე, რომელმაც სასამართლოზე დაადასტურა, რომ ზურაბ ჟვანიას ცხედარს „ყველგან ჰქონდა სისხლჩაქცევები", გასულ კვირაში მოულოდნელად გარდაიცვალა! ვერსიის სისწორე, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავში მძიმე საგნის - საფერფლის ჩარტყმით გარდაიცვალა, იკვეთება.
მამუკა ჩხაიძე უკვე მესამე გარდაცვლილი ექსპერტია, რომელმაც ზურაბ ჟვანიას საქმეზე იმუშავა. გარდაცვლილია 2005 წლის 3 თებერვალს შემთხვევის ადგილზე მისული ორი ექსპერტიდან ერთი - ზაზა ოქრუაშვილი, რომელიც სასექციოშიც დაესწრო პრემიერისა და რაულ უსუპოვის გვამებზე ექსპერტიზას. მოკლულია სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი ლევან სამხარაული, რომელიც ასევე დაესწრო გვამებისა და იმ გამათბობლის ექსპერტიზასაც, საიდანაც, გამოძიების მიხედვით, გაზმა გაჟონა (შეგახსენებთ, ამ ექსპერტიზით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე მხუთავი გაზის კონცენტრაციას ადამიანისთვის საშიში ზღვრისთვის არ გადაუჭარბებია), ხოლო გასულ კვირას, 10 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს 54 წლის პროფესორი, პათანატომი მამუკა ჩხაიძე. სწორედ ჩხაიძე იყო იმ სამი პათოლოგანატომიდან ერთ-ერთი, ვინც ზურაბ ჟვანიას ცხედრიდან ამოღებულ შინაგან ორგანოებს ექსპერტიზა ჩაუტარა. ამ საქმესთან დაკავშირებით მამუკა ჩხაიძე პროკურატურაში დაკითხვებზე დადიოდა, ბოლო დაკითხვაზე 7 ნოემბერს (პარასკევს) გამოცხადდა. 8 და 9 ნოემბერს ის არავის უნახავს, ხოლო 10 ნოემბერს მისი ცხედარი მისსავე სახლში იატაკზე აღმოაჩინეს. დეტალებით: ორშაბათს, 10 ნოემბერს მამუკა ჩხაიძე სამედიცინო უნივერსიტეტში ლექციის ჩასატარებლად არ გამოცხადდა. თანამშრომლები ჩხაიძის ოჯახს - დას და ძმისშვილებს დაუკავშირდნენ. სახლთან გაჩერებული იყო მისი მანქანა, ხოლო სახლში ანთებული იყო შუქი, ტელევიზორი ჩართული და კარი შიგნიდან ჩაკეტილი. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა (კარის შემტვრევის შემდეგ) მამუკა ჩხაიძე იატაკზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს. დაიკრძალა ხუთშაბათს, 13 ნოემბერს.
დაკრძალვამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე, 6 ნოემბერს, მამუკა ჩხაიძემ ჩვენება მისცა სასამართლოს, სადაც კონკრეტულად ახსნა, რას ნიშნავდა ზურაბ ჟვანიას ცხედრის სასამართლო-სამედიცინო დასკვნიდან მოყვანილი სამედიცინო ტერმინები. სასამართლოზე მან ხმამაღლა განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას „ყველა ორგანოში იყო სისხლსავსებობები, სისხლჩაქცევები". სასამართლოზე მამუკა ჩხაიძისა და კიდევ ორი პათანატომის - ომარ ხარძეიშვილისა და გია დიდავას ჩვენებებით ცნობილი გახდა, რომ ზურაბ ჟვანიას თავის ტვინის მაგარ გარსში სიცოცხლის დროინდელი სისხლჩაქცევა ჰქონდა! ამას გარდა, ცნობილი გახდა ისიც, რომ სწორედ მამუკა ჩხაიძემ უშუალოდ ჩაატარა გვამის შინაგან ორგანოებზე ძირითადი სამუშაო, ჩაიცვა კომბინეზონი, აიღეს მასალა და გაანაწილეს ჭურჭელში. მამუკა ჩხაიძეს ხელი ჰქონდა მოწერილი რაულ უსუპოვის სასამართლო-სამედიცინო დასკვნაზეც, თუმცა, მისივე აღიარებით, გვამი არგამოუკვლევია და დასკვნაზეც, სადაც მიუთითეს, ხელი იქ მოაწერა. ომარ ხარძეიშვილი მამუკა ჩხაიძის მოულოდნელ გარდაცვალებაზე საუბარს თავს არიდებს, ხოლო ოჯახის წევრები ამ საიკითხზე შემდეგ კომენტარს აკეთებენ: „ადამიანები ვართ, ყველაფერი ხდება".
საერთოდ, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამებზე ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით მაშინვე გაჩნდა საეჭვო კითხვები, როდესაც 2005 წლის 3 თებერვალს ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრები რესპუბლიკური საავადმყოფოს სასექციოში გადაასვენეს და არა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პროზექტურაში. ამასთანავე, პათოლოგანატომებს ომარ ხარძეიშვილს, გია დიდავასა და მამუკა ჩხაიძეს არ აჩვენეს ის დადგენილება, რომლის მიხედვითაც ისინი უნდა ჩართულიყვნენ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში. ამას გარდა, ხელი მოაწერინეს დასკვნის არა იმ ნაწილზე, რაზეც კვლევა აწარმოეს, არამედ მთელ დასკვნაზე, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამებზე ჩატარებულ მთლიან ექსპერტიზას გულისხმობდა. პათოლოგანატომებმა ხმამაღლა განაცხადეს,რომ ისინი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამებს არ მიკარებიან, იმუშავეს მხოლოდ ორგანოებზე. ჯერ კიდევ 2005 წელს, როდესაც ჩემმა კოლეგამ მაია მარგველანმა რესპუბლიკური საავადმყოფოს ცარიელ პროზექტურაში შესვლა ითხოვა, კატეგორიული უარი მიიღო, ხოლო ამ შემთხვევიდან 8 წლის შემდეგ, 2013 წელს, როდესაც ჩვენი გაზეთის ჟურნალისტა თეა ასათიანმა იგივე პროზექტურაში შესვლის თხოვნით მის ხელმძღვანელს მიმართა, დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ იქ შესვლის ნებართვა მიეღო. სასამართლოში გამოძახებამდე, პათოლოგანატომები ომარ ხარძეიშვილი, გია დიდავა და აწ გარდაცვლილი მამუკა ჩხაიძე დუმილს ამჯობინებდნენ. 9 წელი დუმდა ექსპერტი კახა ერისთავიც, რომლის ჩვენებამაც ზურაბ ჟვანიას თავზე შემაგრებული ადგილის არსებობის შესახებ, სრულიად თავდაყირა დააყენა გამოძიება და ზურაბ ჟვანიას საქმეზე სასამართლო-სამედიცინო დასკვნის სიყალბეს წერტილი დაუსვა. რამდენიმე ვერსიათაგან, წინა პლანზე წამოიწია თავიდანვე გავრცელებულმა საფერფლის თემამ - ზურაბ ჟვანიას სიკვდილი გამოიწვია მიხეილ სააკაშვილის მიერ ნასროლმა საფერფლემ! ასე რომ, ზურაბ ჟვანიას საქმეში მონაწილე ექსპერტთა მდგომარეობა ასეთია. მთავარი ექსპერტი ლევან ჩაჩუა ციხეშია, ზაზა ოქრუაშვილი, ლევან სამხარაული და მამუკა ჩხაიძე - სამარეში. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ციხის ადმინისტრაციამ და სასჯელაღსრულების სისტემამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ ლევან ჩაჩუას სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს, მით უმეტეს, რომ ის ონკოლოგიური ავადმყოფია.
გთავაზობთ მამუკა ჩხაიძის მიერ, გარდაცვალებამდე ორიოდე დღით ადრე - 2014 წლის 6 ნოემბერს სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას:
- 2005 წელს ვიყავი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-პათოლოგანატომი და ასისტენტი სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგანატომიის კათედრაზე. ორივეგან ჩემი ხელმძღვანელი გახლდათ ომარ ხარძეიშვილი.
პროკურორი: - როგორ გაიგეთ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება?
- როგორც უმრავლესობისთვის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება ჩემთვის ცნობილი გახდა ტელევიზიით. დაახლოებით დილის 9 საათზე გამოვცხადდი სამსახურში, ჩვენი კორპუსი რესპუბლიკური საავადმყოფოს უკან დგას, გზა გადაკეტილი იყო, არავის უშვებდნენ, მაგრამ კორპუსის წინ დაცვის სამსახურის თანამშრომელთან გასაუბრების შემდეგ, შემიშვეს. ზუსტად არ მახსოვს, დაახლოებით, დღის 12 საათზე, მითხრეს, რომ კათედრის გამგე (იგივე განყოფილების გამგე) ომარ ხარძეიშვილი მიბარებდა. მივედი, აღმოჩნდა,რომ ჩვენ უნდა გამოგვერკვია, ზურაბ ჟვანიას გვამზე არსებობდა თუ არა სომატური პათოლოგია, ანუ ავადმყოფობით გამოწვეული რაიმე დაზიანება. პათოლოგანატომიურ სამსახურს ექვემდებარება ავადმყოფობით გარდაცვლილთა გვამების გამოკვლევა, მასალების აღება და ანალიზი.
- კონკრეტულად ვინ დაგავალათ?
- კომისიამ, კონკრეტულად ვინ, არ ვიცი. გიორგი დიდავასთან და ომარ ხარძეიშვილთან ერთად შევედი სასექციო დარბაზში. იქ იმყოფებოდა მაშინდელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების უფროსი ზაზა ოქრუაშვილი, აწ გარდაცვლილი ლევან სამხარაული და ლევან ჩაჩუა. პირველ მაგიდაზე მოთავსებული იყო ზურაბ ჟვანიას გვამი გახსნილ მდგომარეობაში, ორგანოები უკვე ამოღებული იყო და სასექციო მაგიდაზე მოთავსებული. ჩვენ დაგვავალეს ამ ორგანოების შესწავლა, ხომ არ იყო იქ რაიმე ავადმყოფობა. დავათვალიერეთ ორგანოები, ამოვიღეთ ნაჭრები კვლევისთვის. ამ პროცედურას დასჭირდა დაახლოებით საათნახევარი, შეიძლება, მეტიც. მოვრჩით საქმეს და გამოვედით სასექციოდან.
- კიდევ ერთხელ გაიმეორეთ, ვისი გვამი იყო გახსნილი?
- ზურაბ ჟვანიას გვამი, ორგანოები ამოღებული, ავიღეთ მასალები კვლევისთვის.
- სხვა გვამი ხომ არ გინახავთ?
- გვერდზე სასექციოში, ბოლო მაგიდაზე იყო კიდევ ერთი გვამი, შუა მაგიდაზეც მეორე გვამი ესვენა, მაგრამ ჩვენ იმ გვამებს არ შევხებივართ, დავალებული გვქონდა მხოლოდ ამოღებული მასალების შესწავლა.
- გვამთან შეხება არ გქონიათ?
- მხოლოდ ამოღებულ ორგანოებთან.
- პროზექტურაში ვინ იყვნენ?
- ბატონი ლევანი, ზაზა ოქრუაშვილი, ბატონი ომარი, გია დიდავა, მე.
- კახა ერისთავი იმყოფებოდა?
- სანამ მე სასექციოში ვიყავი, კახა ერისთავი არ იმყოფებოდა.
- სასექციოში გადაღება თუ მიმდინარეობდა?
- აუცილებლად. ორი კამერა იდგა, ერთი ვიდეო და მეორე ფოტო, მიმდინარეობდა გადაღება განუწყვეტლივ რეჟიმში.
- ესე იგი, ეს პროცესი სრულად იქნება ასახული?
- უნდა იყოს.
- ნიმუშების აღების შემდეგ რა მოხდა?
- მაკრომორფოლოგიურად, შინაგან ორგანოებს, რომელიც ამოღებული იყო, აღსანიშნავი რაიმე ცვლილება არ ჰქონია, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელი იქნებოდა.
- თვალით არ ეტყობოდა, მაგრამ მიკრომორფოლოგიურად?
- მიკრომორფოლოგიურად, როგორც ჩემთვის ცნობილია, ყველა ორგანოში იყო სისხლსავსებობები, სისხლჩაქცევები.
- დასკვნას, რა კვლევაც ჩაატარეთ თქვენ, ბატონმა ომარ ხარძეიშვილმა და გია დიდავამ, გაეცანით?
- დასკვნა, საბოლოო ჯამში, არ წამიკითხავს.
- არც თქვენს ნაწილში არ წაგიკითხავთ?
- არა.
- მაშინ, წაგიკითხავთ გარკვეულ ნაწილს და, გთხოვთ, ამიხსნათ, მნიშვნელობა - „მკვეთრი სისხლსავსებობა. სტაზი. ჰემორაგიული უბნები, გაშრევებით გარსის ზედაპირზე. გრანულაციები".
- ეგ სად?
- თავის ტვინის მაგარ გარსში. ადამიანურ ენაზე ამიხსენით, რას ნიშნავს, რაც წავიკითხე.
- სისხლსავსებობა და სისხლჩაქცევები ბევრი მიზეზის გამო ჩნდება.
- ესე იგი, რაც მე წავიკითხე, სისხლსავსებობას და სისხლჩაქცევას ნიშნავს?
- ვენური სისხლსავსებობა ნიშნავს ვენებში ბევრი სისხლის დენას, სტაზი - ნიშნავს სისხლის ნაკადის შეჩერებას, ჰემორაგიული გულისხმობს სისხლჩაქცევას სისხლძარღვის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში. სისხლჩაქცევას მრავალი მიზეზი აქვს, შეიძლება ეს გამოიწვიოს ტრავმამ, ჰიპოქსიამ, ინტოქსიკაციამ. რაიმე ზოგადმა პათოლოგიამ.
- ანუ ეს ჩვეულებრივი მოვლენა არ უნდა იყოს?
- არა.
- ვის უნდა გაერკვია, ეს რა იყო?
- საბოლოო ჯამში, ყველა დასკვნა მიდის ექსპერტიზაში და ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი.
- გთხოვთ, განგვიმარტოთ, სისხლჩაქცევა შესაძლებელია თუ არა გვამზე?
- გვამზე შეიძლება იყოს გვამური ლაქა, გვამური ლაქა ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც მიზიდულობის ძალის მოქმედებით სისხლი გადადის გვამის პოზიციის შესაბამისად.
- ანუ გვამზე სისხლჩაქცევა არ ვითარდება?
- სისხლჩაქცევა - არა.
- როდის ნახეთ საბოლოოდ შეჯამებული დასკვნა?
- რესპუბლიკურ საავადმყოფოში, დამიძახეს ომარ ხარძეიშვილის კაბინეტში, მითხრეს, დასკვნა მზად არის, თქვენც ამ კომისიის წევრი ბრძანდებით და ხელი უნდა მოაწეროთო.
- ვინ დაგიძახათ და ვინ იყო კაბინეტში?
- ლევან ჩაჩუა, ომარ ხარძეიშვილი, გიორგი დიდავა.
- წაგიკითხავთ გამომძიებლისთვის მიცემულ თქვენს ჩვენებას: „ერთ დღეს ომარ ხარძეიშვილის კაბინეტში შევიკრიბეთ ბატონი ომარი, გიორგი დიდავა და ლევან ჩაჩუა. მას მოტანილი ჰქონდა ექსპერტიზის დასკვნები. როდესაც ზურაბ ჟვანიას დასკვნის ნაწილს გავეცანით, ლევან ჩაჩუას მითითებით, ჩვენი გვარების გასწვრივ მოვაწერეთ ხელი. როგორც მახსოვს, ლევან ჩაჩუამ ხელი მოგვაწერინა რაულ უსუპოვის ექსპერტიზის დასკვნაზე". ეთანხმებით ამას?
- დიახ, იმიტომ, რომ ორი დასკვნა იყო.
- აღნიშნეთ, რომ რაულ უსუპოვის გვამზე შეხება არ გქონიათ. რატომ მოაწერეთ ხელი?
- ასე განგვიმარტეს, რომ საერთო კომისიაა და ორივე შემთხვევაში საერთო ხელმოწერები უნდა იყოსო და ერთი და იგივე მონაცემები იყო.
- ვინ განგიმარტათ?
- კონკრეტულად აღარ მახსოვს, ასე მითხრეს. ხელს აწერდნენ ერთი და იგივე პიროვნებები.
მამუკა ჩხეიძეს შეკითხვები დაუსვა ბრალდებულმა ლევან ჩაჩუამ: - ბატონო მამუკა, მიმდინარე წლის 19 მარტის საღამოს ტელევიზიებით მოხდა „ჰაკიმ ფაშას" ვიდეოფირის გამოქვეყნება. თქვენი დაკითხვის თარიღია 2014 წლის 20 მარტი. ან იმ დღეს, ან წინა დღეს, ამ მანამდე, ჩემგან ერთხელ მაინც თუ ყოფილა რაიმე საუბარი - ან პირადად, ან ტელეფონით, ან მესამე პირის მეშვეობით, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა ჩვენება მიგეცათ?
- მსგავსი არაფერი ყოფილა.
- ბრძანეთ, რომ ზურაბ ჟვანიას გვამიდან ორგანოები ამოღებული და დაწყობილი იყოო. თავის ტვინიც იქ იყო?
- დიახ, თავის ტვინიც იქ იყო.
- პირადად მოახდინეთ შინაგანი ორგანოების გამოკვლევა, ჩაიცვით ფორმა, ხელთათმანი, დაიკავეთ სასექციო იარაღები და გვამის გამოკვლევას ასე ახდენდით?
- დიახ.
- რაიმე ტრავმული დაზიანება ან სისხლჩაქცევა თუ ნახეთ, ან ნასკდომი... ღვიძლი, ელენთა, თირკმლები...
- გავიმეორებ, მაკრომორფოლოგიურად ამ ამოღებულ ორგანოებში რაიმე თვალით აღსანიშნავი ცვლილებები არ იყო, რომელიც შესაძლებელია, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ყოფილიყო.
- თავის ტვინზე ერთი წერტილიც თუ იყო, რაც მიუთითებდა ტრავმაზე?
- თავის ტვინზე, მაკრომორფოლოგიურად, რაიმე დაზიანება, რომელიც შეიძლება მაკრომორფოლოგიურად ყოფილიყო გამოვლენილი, არ ჩანდა.
- რასაც ჰქვია მიკროსკოპულად ნანახი სისხლჩაქცევა, რომელიც აღწერილია დასკვნაში, ჰემორაგიული უბნები თავის ტვინის მაგარ გარსზე, სხვაგანაც, ტრავმის შედეგია თუ ასეთი რამ ვითარდება ნებისმიერი სწრაფად დამდგარი სიკვდილის დროს?
პროკურორი: - ამ შეკითხვაზე პასუხი გაცემულია, ითქვა, რომ ეს შეიძლება იყოს ტრავმის შედეგად, ასევე, სხვა შემთხვევებში.
მამუკა ჩხაიძეს დაკითხვისას ხაზი გაესვა ძირითად გარემოებას - მაკრომორფოლოგიურად, ანუ დათვალიერების შედეგად, ზურაბ ჟვანიას შინაგან ორგანოებზე სიცოცხლესთან შეუთავსებელი რამ არ აღმოჩნდა, მაგრამ მიკრომორფოლოგიურად, ანუ მიკროსკოპში დათვალიერების შემდეგ, აღმოჩნდა სისხლსავსებობები და სისხლჩაქცევა. ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის სასმართლო-სამედიცინო დასკვნის ხელმოწერებიდან მამუკა ჩხაიძე იყო ბოლო ექსპერტი, რომელმაც 6 ნოემბერს ჩვენება მისცა, დაკითხვა მიმდინარეობდა 28 წუთის განმავლობაში. 7 ნოემბერს ის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, ხოლო 10 ნოემბერს მისი გვამი მისივე სახლში იქნა აღმოჩენილი.
ბოლოთქმა
იმ ფაქტების გათვალისწინებით და შეჯამებით, რაც ჩვენთვის აქამდეა ცნობილი, ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ექსპერტმა კახა ერისთავმა დაადასტურა ზურაბ ჟვანიას თავზე შემაგრებული ადგილის არსებობა, მამუკა ჩხაიძემ სასამართლოზე დაადასტურა,რომ ზურაბ ჟვანიას ყველგან ჰქონდა სისხლსავსებობები და სისხლჩაქცევები, მათ შორის, თავის ტვინის მაგარ გარსში, ახსნა ისიც, რომ გვამს სისხლჩაქცევა არ უვითარდება, ანუ ზურაბ ჟვანიას ჰქონდა სიცოცხლის დროინდელი სისხლჩაქცევები. ამ ინფორმაციების შეჯამებით კომპეტენტური ექსპერტები განმარტავენ: „ზურაბ ჟვანიას თავზე შემაგრებული ადგილის არსებობით სურათი შეიკრა - ჟვანიას თავის ტვინის მაგარი გარსის ქვეშ სისხლჩაქცევა ჰქონდა. ესე იგი, მას თავში მოახვედრეს მძიმე საგანი, რამაც სისხლჩაქცევა გამოიწვია, ხოლო გარედან - სიმაგრე. მაგარი გარსის ქვეშ არატრავმული სისხლჩაქცევა არ არსებობს, მხოლოდ ტრავმულია". აი, ამას ნიშნავს კახა ერისთავის მიერ აღმოჩენილი ზურაბ ჟვანიას თავზე შემაგრებული ადგილი და მამუკა ჩხაიძის მიერ სისხლჩაქცევების დადასტურება. დასკვნა ასეთია, ზურაბ ჟვანიასთვის სრულიად უცნობმა ადამიანებმა, მათი სიცოცხლისთვის რისკის ფასად, სიმართლე ხმამაღლა განაცხადეს და საინტერესოა, მომავალ პროცესებზე, მისცემენ თუ არა მკვდარი ზურაბ ჟვანიას წინააღმდეგ ჩვენებას მისი ყოფილი მეგობრები ბარამიძე და გოგორიშვილი!
მოამზადა ქეთევან ხამიცაშვილმა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"