საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ტაილანდის სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„ძალიან სასიამოვნოა, რომ მთელ მსოფლიოში იზრდება საქართველოთი დაინტერესება. ტაილანდი აზიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი ქვეყანაა. ჩვენს ინტერესშია გავაღრმავოთ ურთიერთობა მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან. ტაილანდთან პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობები ჯერ საწყის ეტაპზეა, მაგრამ სერიოზული პოტენციალი არსებობს. შემდგომი კონტაქტები უკვე ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთანაა დაგეგმილი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, ტაილანდთან, ურთიერთგაგების ატმოსფერო აქვს. „ჩვენ ვთანამშრომლობთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროს, რომელიც გაეროში თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მიიღება. ყოველთვის ვერ ხერხდება, რომ ტაილანდს საქართველოსთვის სასურველი პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ არასდროს აქვს საქართველოს საწინააღმდეგო პოზიცია. დღევანდელ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკა და სხვა მიმართულებები", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სტუმრებმა დავით უსუფაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრები ტაილანდში მიიპატიჟეს.