reportiori.ge - პროკურატურა "რუსთავი 2"-სა და "იმედში" "შედის"?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 17:07
პრეს-დაიჯესტი
პროკურატურა "რუსთავი 2"-სა და "იმედში" "შედის"?
ავტორი:
20 ნოემბერი, 2014. 12:48


"უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელის ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, მალე იმაზე მეტი სკანდალი აიწევა, ვიდრე აქამდე ციხის კადრებმა გამოიწვია: ტელეკომპანიებში პროკურატურა შევა და თუ რატომ, ამას ახლავე გაიგებთ. 



"ალიას" ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრა: 



- ამ დღეებში "რეპორტიორის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები, სადაც ისმის "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, აწ გარდაცვლილი გოგი გეგეშიძის ხმა, ასევე "იმედის" ჟურნალისტების: რუსუდან ცხომელიძის, ზაზა წულაძის, დაჩი გრძელიშვილისა და სხვების ხმები. ამ საუბრებში მონაწილეობენ ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებიც მოქმედებდნენ გივი თარგამაძის სახელით. აქ იკვეთება, ასევე, სხვა "ნაციონალი" მაღალჩინოსნებიც, რომლებიც "იმედის" ჟურნალისტებისგან მოითხოვენ, რომ მათ დატოვონ "იმედი". აქ საუბარია ასევე ჩარიცხულ 200 000 ამერიკულ დოლარზე, რომელიც გივი თარგამაძის დავალებით გადაირიცხა ვინმე კახა კეკელიძის ანგარიშზე, მოგვიანებით კი ეს თანხა გოგი გეგეშიძის ანგარიშზე მოხვდა. შეგახსენებთ, 2007 წელია, როცა დიდი ზეწოლა ხდება პატარკაციშვილის ტელეკომპანიაზე და ყველას გვახსოვს, რომ შემდგომში "იმედის" ბირთვმა დატოვა ტელეკომპანია და ესენი ზემოჩამოთვლილი ჟურნალისტები არიან. ასევე, გვახსოვს მათი მაშინდელი მოტივაცია, რომ ჟურნალისტებისთვის მიუღებელი იყო, რომ მათი მეპატრონე ბადრი პატარკაციშვილი მიდიოდა პოლიტიკაში და მათ არ სურდათ პოლიტიზებულ მედიაში ყოფილიყვნენ. პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან მალე დიდი სკანდალი გველის და ეს იქნება ციხის სკანდალზე უფრო ძლიერი სკანდალი! ყველა ხომ ვლაპარაკობდით, რომ ციხეში გაუპატიურებები ხდებოდა, მაგრამ სანამ საზოგადოებამ საკუთარი თვალით ძალადობის სცენები არ ნახა, მანამდე შოკი არ ყოფილა. კონკრეტული ფაქტები არ გაგვაჩნდა, ვისზე რა ხორციელდებოდა და ახლა გეტყვით მთავარს: ამ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურაში შეტანილია განცხადება და ასევე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სულ მალე ამ ტელეკომპანიებში "რუსთავი 2"-სა და "იმედში" შევა პროკურატურა და დაიწყება საგამოძიებო მოქმედებები, რადგანაც პროცედურულად კანონი ამას ითვალისწინებს. ასევე, დაიწყება დაკითხვები ჟურნალისტებისა და ხელმძღვანელი პირებისა, არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში დაისვას მედიაში მოქმედი მაღალი თანამდებობის პირებისა და "ნაციონალური მოძრაობის" სახელისუფლებო წრეების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. ვინაიდან ფაქტი სახეზეა, რომ ხდება სამოხელეო დანაშაული: სამსახურებრივი მოვალეობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლა, იძულება, თავისუფლების ხელყოფა. აი, ეს დანაშაულები იკვეთება, როცა ჟურნალისტებზე პირდაპირი ზეწოლა მოხდა და ამის გამო მათ დატოვეს ტელეკომპანია. ეს იყო სისტემური დანაშაული და, ჩემი აზრით, მარტო "იმედზე" არ ყოფილა ზეწოლა, აქ სხვა ტელეკომპანიებზეც იქნებოდნენ ჩართულები, რადგანაც ასეთი მეთოდით მუშაობდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. ამიტომ ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ბევრმა ჟურნალისტმა შეიძლება, თავის კარიერას წერტილი დაუსვას. 



- რატომ, თუკი ისინი ზეწოლის მსხვერპლნი იყვნენ? 



- თუ დაფიქსირდა, რომ მათ ნებით ითანამშრომლეს, რადგანაც სულ მალე გაირკვევა, მათ თანხები ნებით აიღეს თუ არა მაშინდელი "ნაციონალების" მხრიდან. და თუ ისინი თანამშრომლობაში შევიდნენ იმ ხელისუფლებასთან, მათი პასუხისმგებლობის საკითხი ნამდვილად დაისმება. 



- პროკურატურა დაინტერესდება მხოლოდ იმ ხალხით, ვინც მაშინდელი "იმედიდან" წამოვიდა, თუ სხვებითაც? 

 


- ცხადია, სხვებითაც, რადგანაც ეს ნაწილია სისტემისა. ამ ჩანაწერებით ჩვენ მხოლოდ ნაწილი ვიხილეთ  ადამიანებისა, მაგრამ აქ სხვა ხმებიც ისმის და აქვე ვიტყვი, რომ აქ, შესაძლებელია, "რუსთავი 2-"ზეც იყოს საუბარი და გამოძიებამ უნდა გამოკვეთოს ეს საკითხი. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ მაშინდელი ოპოზიციური ტელევიზიები, იგივე "მზე" და სხვები ჯერ სიმართლეს ამბობდნენ და მერე ან შეცვალეს რიტორიკა, ან დაიხურნენ. აქ საუბარი იმაზეა, როგორ ხდებოდა თანხების გადარიცხვა-გადმორიცხვა. 2012 წლის შემდეგ გავიდა კიდევ ორი წელი და ამ საკითხებთან დაკავშირებით რატომ არავის უსაუბრია? ანუ, ჩვენ მხოლოდ აუდიოფირი ვნახეთ და ამის შესახებ მხოლოდ ახლა გავიგეთ? მაქვს ინფორმაცია ისევ ამ ჟურნალისტებისგან, როგორ მიჰყავდათ სოდ-სა და კუდ-ში წამყვანი ტელეკომპანიების ჟურნალისტები და როგორ ავარჯიშებდნენ მათ, თუ როგორ უნდა დამდგარიყო კამერა და, როგორ უნდა გადმოეცათ ჟურნალისტებს რეპორტაჟები, როგორი ინფორმაცია უნდა გადმოეცათ, რა ინტონაციით და მახვილებით... 



- რა, სპეციალური ტრენინგები უტარდებოდათ? 



- სწორედაც, გარდა ამისა, კარგად ვიცით, როგორ აფინანსებდა სააკაშვილი პრეზიდენტის ფონდიდან არა მარტო ჟურნალისტებს, არამედ მათი ოჯახების წევრებს და აძლევდა დიდძალ დახმარებას, როცა მათ რამე პრობლემა შეექმნებოდათ. დღემდე ეს ჟურნალისტები არიან იმ ნაცსატელიტ ტელევიზიებში, რომლებიც დღესაც პროპაგანდას ეწევიან "ნაციონალური მოძრაობისა", ანუ მთელი სისტემა იყო ჩართული ამ ამბებში და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ის ჟურნალისტები, რომლებსაც რადიკალური განწყობილებები ჰქონდათ, როგორ უცებ შეიცვალნენ: ზოგმა ტოქშოუების წაყვანა დაიწყო, უფრო წესიერმა კი სხვაგან დაიწყო მუშაობა. მაგრამ ჩემთვის საინტერესოა, რომ ამ ჟურნალისტებისგან ამ დღეებში გავრცელებული ამ ფირის შემდეგ, არ მომისმენია, სინამდვილეში იყო თუ არა ზეწოლა? "რუსთავი 2"-ს არც ერთი სიუჟეტი არ გაუშვია ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით და რა, ერთი ნიუსი მაინც არ უნდა მისცე? ჩვენ, უფლებადამცველები, ამ საკითხთან დაკავშირებით კი არ ვითხოვთ, მოვითხოვთ პროკურატურისგან ამ ფაქტების გასაჯაროებას და არა ისე, ალასანიას სამინისტროზე იმდენს რომ ვყვიროდით, რომ იქ სისხლის სამართლის დანაშაული ხდებოდა და რომ იქ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო და მხოლოდ ერთი წლის შემდგომ აღიძრა საქმე? უნდა დაიწყოს ინტენსიური გამოძიება, რადგანაც ეს ფრაზები, რაც ისმის, ეს ჟურნალია, კინო წინ გველის. ვიმეორებ, თითქმის ყველა ტელეკომპანია იყო ჩართული. როგორ, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი საუბრობს, რომ, თუ მე არ ავიღებ თანხას, დამბრიდავენო და გესმით, რა ხდებოდა? ეს ტელეკომპანია იყო "ნაციონალების" აქტიური სატელიტი, რადგანაც ის ცხრა წელი, რასაც გადმოსცემდა, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და თურმე როგორი ზეწოლის საფუძველზე ყოფილან ეს ჟურნალისტები და მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეტყობა, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზეც რეალურად მიდიოდა შანტაჟი, ისევე, როგორც "იმედის" ჟურნალისტებზე. 



- მაპატიეთ მაგრამ თუ მაშინ აშანტაჟებდნენ, ახლა რა უშლით ხელს? წამოსულიყვნენ იქიდან და უარი ეთქვათ ამაში მონაწილეობაზე. 

 


- მგონია, რომ წამოსვლა ასე ადვილი არ იქნებოდა. ჟურნალისტებმა უნდა გასცენ პასუხი კითხვას: ფირებში ხსენებული ფული მათ აიღეს, თუ არ აიღეს? "რუსთავის" უფროსს ემუქრებიან "დაბრედვით" და სხვა ჟურნალისტებს რას უზამდნენ? აქედან გამომდინარე, თანხების აღება მოხდა, თუ არა, ამას ყველაფერს ვიხილავთ და, დღეს რომ "ნაციონალები" მთელი მსოფლიოს გასაგონად გაჰკივიან, მედიას პრობლემები ექმნებაო, ესაა საოცარი, ხომ ჩანს, როგორც ექცეოდნენ ისინი თავის დროზე მედიას? ასე რომ, სულ მალე ფაქტებით ყველაფერს გავიგებთ. 



ამის შემდეგ ვუკავშირდებით "იმედის" მაშინდელ თანამშრომელს დაჩი გრძელიშვილს და ვაცნობებთ, რომ საქმე გადაცემულია პროკურატურისთვის. 

 


- ხოდა, სჯობია, აწი კომენტარი გააკეთოს პროკურატურამ. სამწუხაროდ, მეტს ვერაფერს გეტყვით. ვიმეორებ, ამაზე სჯობია, პროკურატურამ იმსჯელოს. 



- აუდიოჩანაწერში თანხის აღებაზე იყო საუბარი და კითხვა უნდა დავსვა: თქვენ აიღეთ მაშინ თანხა? 



- მე არავითარი თანხა მაშინ არ ამიღია და ვინც აიღო, იმ ჩანაწერებში კარგად ჩანს და ეს უკვე კომენტარი გამომივიდა (ეცინება). დაველოდოთ პროკურატურას. 




გიორგი ლაფერაშვილი, "რუსთავი 2"-ის გენერალური პროდიუსერი: 



- ვიცი მაგ ჩანაწერების შესახებ და მაშინ, 2007 წლის ნოემბერში ნამდვილად სხვა დირექტორი ჰყავდა "რუსთავი 2"-ს და აბა, რა გავაკეთო? 



- რატომ ერთი სიუჟეტი მაინც არ მიეძღვნა ჩანაწერებს ამ დღეებში თქვენს კომპანიაში? 

 


- მაგრამ ამბები ჯერ ხომ არ დამთავრებულა? ყველა ამბის გასაშუქებლად არ მყოფნის ადგილი. 



- ისეთებს აშუქებთ, საერთოდ რომ არ გეხებათ და ჩემს კითხვაზე უცნაური პასუხი მესმის თქვენგან. იცით, რომ პროკურატურა შემოვა თქვენთან ამ დღეებში? 



- გოგი გეგეშიძე არ იყო გენდირექტორი მაშინ და თუ გინდათ, გადაამოწმეთ. რამდენი საჩივარია შესული პროკურატურაში, ნეტა ყველა გამოიძიონ, მეც მაგის იმედი მაქვს. 





(წყარო: ალია, თამარ ოქრუაშვილი )


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016