ფრჩხილების კვნეტას ანუ ონიქოფაგიას, წესისამებრ, მავნე ჩვევად მიიჩნევენ, მაშინ როდესაც ის ფუნქციური ნევროზის ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია. ონიქოფაგია, ჩვეულებრივ, ნერვული ან ნერვულ-ფსიქოპათიური ტიპის ბავშვებსა და ზრდასრულ ადამიანებს ახასიათებთ. ნერვული აღგზნებადობისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები ამ დროს იშვიათად იჩენს თავს და ფრჩხილების კვნეტას, როგორც ნევროზის გამოვლინებას, ყურადღებას არავინ აქცევს.
ონიქოფაგიის დროს ფრჩხილების კვნეტის სურვილი იმდენად დაუოკებელია, რომ ზრდასრული ადამიანებიც კი, ყოველგვარი თვითკონტროლისა და თავშეკავების გარეშე, ნერვული დაძაბულობის მომენტში, უცხო ხალხის გარემოცვაში, გამალებით იკვნეტენ ფრჩხილების თავისუფალ კიდეებს. უფრო მეტიც - ზოგიერთი მათგანი თავისდა უნებურად, დაუკვირვებლად, მოკვნეტილ მასას ყლაპავს კიდეც. ბერძნულად "ფაგია" ჭამას, შთანთქმას ნიშნავს, ხოლო ონიქოს - ფრჩხილს. ამიტომაც ეწოდა აღნიშნულ სიმპტომს ონიქოფაგია. კვნეტის პროცესში, გარდა იმისა, რომ დეფორმირდება, ზიანდება ფრჩხილები, დიდია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფიცირების საშიშროება. ღრმად მოკვნეტილი ფრჩხილის დისტალური კიდე მუდმივი ტრავმირების გამო ანთებას განიცდის, ზოგჯერ სისხლმდენიც ხდება, ფრჩხილბუდის მოსაზღვრე კანი კი ნერწყვით მუდმივი მაცერაციის გამო რბილდება, სკდება და თავისთავად იქცევა სხვადასხვა ინფექციის კარიბჭედ. დაზიანებული და დამახინჯებული ფრჩხილის ფირფიტები დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის, რის შედეგადაც ვითარდება ონიქია - ფრჩხილის ეგზემური ცვლილება, დეფორმაცია. ნეიროგენული ონიქიის ლიკვიდაცია, ჩვეულებრივ, ძალიან ძნელია, რადგან გართულებულია ძირითადი დაავადების - ცენტრალური ნერვული სისტემის ამა თუ იმ დარღვევის - აღმოფხვრა, ავადმყოფის ფსიქიკის კორექცია. ჰიპნოზისა და ტრანკვილიზატორების ფონზე მკურნალობა ზოგჯერ წარმატებით სრულდება. ონიქოფაგიის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კანის ჰიგიენას, მისი დაავადებების პროფილაქტიკას.
საინტერესო ფაქტები
ონიქოფაგიის მკურნალობის ისტორია მეტად საინტერესოა. უცხოეთის ზოგიერთ ქვეყანაში პაციენტებს ურჩევდნენ მაგარი ძაფისგან ნაქსოვი, ბადისებრი ხელთათმანების ტარებას მუდმივად ან იმ პერიოდში, როცა მარტო რჩებოდნენ. საფრანგეთსა და აშშ-ში პლასტმასისა თუ სხვა მასალისგან დამზადებული ხელოვნური ფრჩხილების გამოყენება სწორედ ამ სიმპტომის აღმოფხვრის მიზნით დაიწყეს. ხშირად ფრჩხილებს მწარე ნაყენითაც ამუშავებენ. ცალკეული მეთოდების გამოყენების ფონზე მკურნალობა ათიდან მხოლოდ 5 შემთხვევაშია წარმატებული.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)
(წყარო mkurnali.ge)