ჩვილის მდგომარეობას მშობელი ყოველთვის გაფაციცებით ადევნებს თვალს. დედა ღელავს ყველაფერზე: რატომ არ შეჭამა ულუფა ბოლომდე, რატომ არ არის ჩვეულებრივ ხალისიანი, რატომ დააცემინა ან რატომ გაოფლიანდა ასე. რომელიმე დაავადების სიმპტომი რომ არ გამოგეპაროთ, ბავშვის ოფლიანობის მიზეზები დეტალურად განვიხილოთ.
როგორ მიმდინარეობს ოფლის გამოყოფა ჩვილის ორგანიზმში
საოფლე ჯირკვლები დაბადებიდან მე-3-4 კვირას იწყებენ მოქმედებას. 4-5 წლისთვის კი მათი ჩამოყალიბება დასრულებულია. შესაბამისად, ამ ასაკობრივ შუალედში შეიძლება თერმორეგულაციის სისტემამ გარკვეული განგაშის სიგნალი მოგვცეს.
ძლიერი ოფლიანობა ანუ ჰიპერჰიდროზი ბავშვებში საკმაოდ ხშირად გვხვდება და სავსებით კანონზომიერი მოვლენაა. ბავშვი ოფლიანდება 28 გრადუსზე მაღალ სიცხეში. ყველაზე ხშირად ხელის და ფეხისგულები უოფლიანდებათ. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ოფლთან ერთად ბავშვი სითხეს კარგავს. მაგალითად, აქტიური ოფლიანობისას 5-კილოგრამიანი ბავშვის სხეულის ზედაპირზე დღის განმავლობაში თითქმის ერთი ჭიქა (200 მლ) წყალი გამოიყოფა.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერჰიდროზი
ბავშვს შეიძლება, ელემენტარულად, სცხელოდეს. მას ხომ მუდმივად თბილად ფუთნიან. პედიატრები გირჩევენ, რომ 3 თვის შემდეგ ბავშვს დაახლოებით ისეთივე სისქის სამოსი უნდა ეცვას, როგორსაც იმ სეზონზე თავად ატარებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის სულ იოფლიანებს - რაღაცით ხომ უნდა გაიგრილოს სხეული. ასევე გასათვალისწინებელია, რამდენად მოძრავია. აქტიური მოძრაობა ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს, რასაც ოფლდენა მოჰყვება.
თუ ბავშვი ღამით ოფლიანობს, ოთახის ტემპერატურა შეამოწმეთ - +20 გრადუსზე მეტი არ უნდა იყოს. ტენიანობა კი 50%-60%-ს არ უნდა აჭარბებდეს. უარი თქვით სინთეტიკურ ქსოვილებზე, მხოლოდ ნატურალური ბამბის საცვლები ახმარეთ. არც ლოგინის თეთრეული უნდა იყოს ბოლო სიტყვა ქიმიურ მრეწველობაში. სინთეტიკური ქსოვილები სერიოზულად აფერხებენ თერმორეგულაციის პროცესს, რაც ოფლდენას ააქტიურებს.
დაძინების წინ ოთახი გაუნიავეთ, თუმცა ღამით სარკმელს ღიას ნუ დატოვებთ - პატარა შეიძლება გაცივდეს.
ოფლდენა ავადმყოფობისას
როცა ბავშვი ავადაა, არა მარტო სხეულის ტემპერატურა იმატებს, ოფლის გამოყოფაც იზრდება. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ოფლი ამ შემთხვევაში დამხმარე მაქანიზმია, რომელიც არა მარტო ტემპერატურას წევს დაბლა, არამედ სხეულს ტოქსინების გამოყოფაშიც ეხმარება. ოფლდენა მაშინ შეწყდება, როცა ბავშვი ბოლომდე გამოჯანმრთელდება. მანამდე კი ოფლიანობა გაგრძელდება, თუნდაც სიცხე აღარ ჰქონდეს.
ემოციური მიზეზი
ზედმეტად მგრძნობიარე ბავშვებს თავის და კისრის არე უოფლიანდებათ არა მარტო უარყოფითი, არამედ დადებითი ემოციების გამოხატვის შემთხვევაშიც. ამ დროს უნდა ეცადოთ, რომ ბავშვიც ემოციურად უფრო გაწონასწორებული იყოს - ხშირად ეთამაშეთ, ესაუბრეთ, გაართეთ. მისი ემოციები სხვა მიმართულებით გადართეთ. გადაღლილობა და უძილობაც ემოციური სტრესია და შეიძლება ჰიპერჰიდროზის მიზეზი გახდეს.
ყველაზე სერიოზული მიზეზები
ეს მიზეზები შედარებით იშვიათია, თუმცა მათ შესახებ უნდა იცოდეთ და არ უნდა გამოგეპაროთ.
პირველ ადგილზეა რაქიტი. მისი ნიშნების გამოცნობა 1-2 თვის ასაკში უკვე შესაძლებელია. თუ ბავშვი ძილში ძლიერად ოფლიანობს, თანაც სახისა და კეფის არეში, თანაც ოფლს უცნაური, თითქოს მომჟაო სუნი აქვს, ეს უკვე ავადობის ნიშანია. რაქიტისთვის ზოგჯერ შეკრულობაც დამახასიათებელია. ამასთანავე, როცა ბავშვი ძლიერად იჭინთება, ოფლიანობაც ძლიერდება.
ხშირად ბავშვი ბალიშზე თავს ვერ ასვენებს, რის გამოც კეფაზე თმა სცვივა. ეს ოფლის შემადგენლობის ცვლილების ბრალია, რომელიც კანს აღიზიანებს. რაქიტისას ბავშვი ნებისმიერი აქტივობის დროს ოფლიანობს, თუნდა ჭამისას.
ეს საწყისი სიმპტომებია. მომდევნო ეტაპზე უკვე ნერვული სისტემის პათოლოგიური ცვლილებები ვლინდება: ბავშვი ადვილად აღგზნებადია, შფოთავს, ხტება კარისა და კაკუნის ხმაზე, კაშკაშა სინათლეზე. ძალიან ფხიზლად სძინავს, თითქოს სიზმარში ბორგავს. კანზე წითელი ლაქები უჩნდება. დღეისათვის რაქიტი კარგად შესწავლილია და მკურნალობას ადვილად ექვემდებარება. ამის მიუხედავად, პროფილაქტიკა აუცილებელია: ხშირად გაიყვანეთ ბავშვი სუფთა ჰაერზე და მზეზე ამყოფეთ. ამ დროს ორგანიზმში D ვიტამინი გამოიყოფა, რომელიც რაქიტის პროფილაქტიკაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ბავშვი ნორმალურად უნდა იკვებებოდეს და ფიზიკურადაც აქტიურობდეს. არ გამოტოვოთ გეგმიური ვიზიტები პედიატრთან, რადგან ზუსტ დიაგნოზს მხოლოდ ექიმი სვამს.
სიხშირით მეორე ადილზეა ნერვული სისტემის დაავადებები. ამ დროს ოფლიანდება სხეულის რომელიმე ნაწილი. მაგალითად ცალი ხელისგული, ან მხოლოდ შუბლი. ოფლი მძაფრსუნიანია, კონსისტენციას იცვლის და თითქოს უფრო წებოვანი ხდება. შეიძლება პირიქით - წყალივით თხელი იყოს. იშვიათად, რომ ყველა ამ სიმპტომმა ერთად იჩინოს თავი. მათგან ერთიც კი საკმარისია, რომ ექიმთან მისვლის მიზეზი გქონდეთ.
მესამე ადგილზე მემკვიდრული დაავადებებია. ამ დროს ცვლილებებია ორგანიზმის მთელ სეკრეციულ სისტემაში - ოფლში, ნერწყვში, კუჭის წვენში. ყველაზე გავრცელებული მემკვიდრული დაავადება მუკოვისციდოზია, რომლის დროსაც ბრონქებში დიდი რაოდენობით ლორწო გროვდება, ფილტვები კი ვერ უმკლავდება მას.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)
წყარო mshoblebi.ge