reportiori.ge - ალასანიას პარტიაში შეიძლება ვაშაძე-მელიას გუნდი გადაბარგდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:27
პრეს-დაიჯესტი
ალასანიას პარტიაში შეიძლება ვაშაძე-მელიას გუნდი გადაბარგდეს
ავტორი:
21 ნოემბერი, 2014. 18:28



ხელისუფლება ლოიალურია, უუნარო თუ დემოკრატიის დამცველი ნაციონალებთან ბრძოლაში, დღესაც საკამათო თემაა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი თავის გუნდთან ერთად კვლავ ხმაურობს და დამნაშავის შთაბეჭდილებას სულაც არ  ტოვებს საზოგადოებაში...


ამის პარალელურად განსაკუთრებით აქტიურები და შეურიგებლები არიან „თავისუფალი თაობის" წევრები, რომლებიც ნაციონალებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა თუ კვერცხების სროლის გამო არაერთხელ დაუჯარიმებიათ კიდეც. თუმცა, 15 ნოემბერს ორგანიზაცია რატომღაც ასპარეზს გამოეთიშა. რა იყო ამის მიზეზი, „თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი გვესაუბრება.


- ბატონო ლადო, ჯერ თქვენს ორგანიზაციაზე მოგვიყევით...


- დაახლოებით ორი თვეა, რაც არასამთავრობო შევქმენით, მაგრამ აქ გაერთიანებული ახალგაზრდები „ციდან ჩამოფრენილები" არ ვართ. მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს პოლიტიკური წარსული. მეც სტუდენტობიდან სხვადასხვა არასამთავრობოში ვიყავი ჩართული, ვიმუშავე რამდენიმე პარტიის პრესსსამსახურში, 2011 წელს შევქმენი ორგანიზაცია „მამული, ენა, სარწმუნოება", რომელიც შემდეგ „წინააღმდეგობის მოძრაობასთან" გაერთიანდა... სამი წელიწადი ქვეყნიდან წასვლა მომიწია, მაგრამ ჩამოვედი და დამხვდა ვითარება, როცა ნაციონალები ისევ რევანშისტობენ  და თურმე სერიოზული ზრახვები აქვთ... არადა, მეგონა, დალაგებულ ქვეყანაში ჩამოვიდოდი.


შევიკრიბეთ ახალგაზრდები და დავაფუძნეთ სტუდენტური გაერთიანება, „თავისუფალი თაობა". პრინციპში სახელი იძულებით ავირჩიეთ, „თავისუფალი ზონის" საპირწონედ, ვინაიდან ისინი ხალხს თავს ახვევდნენ ცრუპატრიოტულ, სააკაშვილისეულ იდეებს. ეს ორი თვეა, მათი „ომახიანი" ხმა არ ისმის, ფაქტობრივად გავანეიტრალეთ, ბოლო მოვუღეთ ამ ორგანიზაციას როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად. დღემდე ვებრძვით ნაციონალურ მოძრაობას და ყველანაირად ვაწუხებთ, კიდევ შევაწუხებთ, სანამ მათაც არ გავანეიტრალებთ.


- ვინ დგას თქვენი ორგანიზაციის უკან და ფინანსურად ვინ გაძლიერებთ?

 

- არავინ... არა თუ უცხოელი, არამედ ქართველი სპონსორიც კი არ გვყავს. ოფისისი თანხის ფულს ახალგაზრდები ვაგროვებთ. საკმაოდ ბევრი სტუდენტი გვყავს, თითომ სამი ლარიც რომ დადოს თვეში, ხარჯებისთვის საკმარისია. სახლიდან მაქვს მოტანილი კომპიუტერი, სხვებიც ასე არიან, ჭურჭელიც კი სახლიდან წამოვიღე და ა.შ. მართალია, არავის კვალი ჩვენს უკან არ იკითხება, მაგრამ ამთავითვე მინდა, ხმამაღლა განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ პროევროპული ორგანიზაცია. ჩვენი მიზანია ევროკავშირთან ინტეგრაცია, თუმცა, NATO-სთან დაკავშირებით სხვა მოსაზრებებს ვიზიარებთ. მაგალითად, ბევრი ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის NATO-ს წევრი. რაც შეეხება რუსეთს, ჩვენი აზრით, რუსეთთან დიალოგი და ურთიერთობის მოწესრიგება სავალდებულო და აუცილებელია, მაგრამ იმასაც ვაღიარებთ, რომ რუსეთი არის აგრესორი, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული აქვს.


- ჩვენ შეჩვეულები ვართ იმ აზრს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, დაიმსახურონ ობიექტურობის ნიშა (თუმცა, რამდენად ახერხებენ ამას, სხვა საკითხია). თქვენ კი პირიქით, იმთავითვე რადიკალურობით გამოირჩევით, რომელიც შეურიგებლად ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას.

 

- და რატომ გიკვირთ, ქალბატონო?! ან ვინმეს რატომ აღიზიანებს, რომ ჩვენ ნაციონალებს ვებრძვით? ჩემი, ქვეყნიდან წასვლის მიზეზი იყო წინა ხელისუფლება, რომელმაც იძულებული გამხადა, საქართველო დამეტოვებინა  განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. ჩემს ირგვლივ ყველა მეგობარი დაიჭირა, ზოგი ისე დაიჭერს, ზოგს წამალი ჩაუდეს, იყო მუქარა, შანტაჟი და ძალიან ძლიერი აგრესია „სოდელებისა" და „კუდელებისგან". კიდევ უფრო რომ არ გართულებულიყო ვითარება, გავერიდე მათ. ჩვენს ორგანიზაციაში უამრავი ახალგაზრდაა, რომელთა მამებს ქონება ჩამოართვეს, ზოგს დაუჭირეს, ციხეში უწამეს, ანუ მეტ-ნაკლებად ყველას პირადად შეეხო ნაციონალების რეჟიმი და დაიჩაგრნენ. მოდით, პირდაპირ გეტყვით, მე ახალგაზრდობა, სტუდენტური წლები წამართვეს, იმიტომ, რომ ვიყავი ნაციონალების ოპოზიცია და გირგვლიანის მკვლელობიდან მოყოლებული ყოველთვის ვაპროტესტებდი ხელისუფლების ქმედებებს.


- ახლა რამდენის ხართ?

 

- ოცდაათის ვხდები... პრაქტიკულად ჩვენს ორგანიზაციაში თავმოყრილია ახალგაზრდობაწართმეული თაობა.


- თქვენი განწყობის მიხედვით, 15 ნოემბერს ნაციონალების აქციაზე თავი მოიყარა ადამიანთა ფართო ჯგუფმა...

 

- ვინ მოვიდა?.. აი, პირადად მოწმე გავხდი ასეთი ვითარებისა... იმ დღეს ჩამოვისეირნე ქაშვეთიდან და ბიბლიოთეკის გასწვრივ შემხვდნენ ადამიანები, რომლებიც პარლამენტის შენობას ეძებდნენ. გამოველაპარაკე - რატომ მიდიხართ-მეთქი აქციაზე და პასუხი ვერ გამცეს. თქვენ ახლა ასეთ ხალხს, ნაციონალების აქტივს თუ უწოდებთ, შეგეკამათებით. ესენი იყვნენ მოსყიდულები, რომლებიც იქ მივიდნენ ფულის გამო. მე ვიცი, რამდენია ნაციონალების თბილისის აქტივი და გეტყვით, რომ 300-ს არ აღემატება. ესაა და ეს. რეგიონებში, როგორც ვიცი, აქციაზე წამომსვლელებს ძლივს მოუყარეს თავი. ზოგი დააშანტაჟეს, ზოგს ფული გადაუხადეს, ზოგს ნათესაურად სთხოვეს... მოკლედ, 8-9 ათასს ვერ გასცდნენ. და ამ ციფრს ვერ ასცდებიან ესენი ვერასოდეს, ხოლო ასეთი ცოტა აქტივით რატომ უნდა იყვნენ ისინი 40 პროცენტით პარლამეტში წარმოდგენილი, ეს კითხვაც ძალიან მაწუხებს. ნაციონალური მოძრაობა დანგრეული ორგანიზაციაა, რომელიც არაფერს წარმოადგენს, მათ არ უსმენენ არსად, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ!!! ჩემთვის ისინი აღარ არსებობენ. დღეს რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, მათი მაქსიმალური შედეგი 10 პროცენტი იქნება.


- თქვენ, ალბათ, ისიც გესმით, რომ პიარი მაინც პიარია, მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს შავი თუ თეთრი. იმით, რომ ნაციონალურ მოძრაობას ფეხდაფეხ დასდევთ, ერთგვარ სიცოცხლეს ხომ არ შესძენთ მათ?

 

- ვერ დაგეთანხმებით... ჩვენ ამით ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ეს ორგანიზაცია არის დანაშაულებრივი დაჯგუფება, კრიმინალების ბანდა, ისინი დღე-დღეზე უნდა გასამართლებულიყვნენ, მაგრამ, ჯერჯერობით, ვერ გასამართლდნენ.


- ბატონო ლადო, ესენი რევოლუციითაც კი იმუქრებოდნენ და ასე ადვილად ფარ-ხმლის დაყრას როდი აპირებენ...

 

- რა რევოლუცია, რაზეა საუბარი? ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან ამ ქვეყანაში, ერთადერთი რასაც ახერხებენ, ეს არის „რუსთავი-2"-ის კონტროლი. რომ ჩამოაცილო „რუსთავი-2", აღარ იარსებებენ.


- და თქვენ არ გაქვთ პრეტენზია „ოცნებასთან" იმის გამო, რომ დღეს ნაციონალები მაინც ძალად რჩებიან?

 

- რა თქმა უნდა, სერიოზული პრეტენზიები გვაქვს ხელისუფლებასთან ამის გამო. ჩვენ გვახსოვს რესპუბლიკელების გამონათქვამები, რომ ნაციონალების არსებობა, ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიაა საქართველოში... ყველამ ვიცით, რომ ნაციონალებს გარკვეული კავშირები ჰქონდათ თუნდაც ალასანიას ჯგუფთან, რესპუბლიკელებთან და, შესაძლოა, ახლაც აქვთ კულუარებში. მაგალითად, ვერ გავიგე მარიკა ვერულაშვილი სად არის და ვის გუნდში: ნაციონალებში თუ ოცნებაში?! მე მესმის, რომ „ოცნებას" სჭირდება ჰყავდეს ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში, რადგან ესენი სანამ არიან, ხალხის კრიტიკა და აგრესია ჯერ ისევ ნაციონალებზე მოდის, მოსახლეობა ამათ რომ უყურებს, იმ ცხრაწლიან ჯოჯოხეთს იხსენებს, რაც გამოიარა. მაგრამ თუკი ესენი წაიშლებიან პოლიტიკური სივრციდან, იმ წუთში ხელისუფლებაზე გაძლიერდება კონტროლი და აგრესიაც „ოცნებისკენ" გადმოინაცვლებს.


ჩემი აზრით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ალასანიას გუნდი დაიჭერს ოპოზიციის ნიშას და ნაციონალებს ჩაანაცვლებს, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მათ გუნდში ასევე ძალიან ბევრი ყოფილი ნაციონალი აღმოჩნდეს, მათ შორის, ლიდერები და ცნობილი სახეები, ანუ რაღაც ხელოვნური ოპოზიციის შექმნის შანსები უკვე არსებობს.


- და მაინც, უფრო კონკრეტულად, ვინ შეიძლება ვიხილოთ ალასანიას გუნდში?

 

- ჩემი ინფორმაციით, სერიოზული დაპირისპრებაა ბოკერია-თარგამაძის ფრთასა და ვაშაძე-მელიას ფრთას შორის. ეს უკანასკნელნი უფროსებს იმის გამო საყვედურობენ, რომ ძალიან მარგინალები არიან და სახელს უტეხენ პარტიას, რის გამოც, ფიქრობენ, რომ ბოკერია-თარგამაძე და მისი მხარდამჭერები პარტიას უნდა ჩამოსცილდნენ. როგორც მითხრეს, 15 ნოემბრის აქციის შემდეგ ნაციონალების ოფისში სერიოზული შეხლა-შემოხლა მომხდარა. ჩემი ვარაუდით, ალასანიას შეიძლება ვაშაძე-მელიას გუნდი შეუერთდეს. თანაც, უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ვაშაძეს უკვე შექმნილი აქვს ორგანიზაცია „ახალგაზრდა რეფორმატორები", რომელსაც აშკარად ლობირებს და აბსოლუტურად იმორჩილებს. რამე რომ იყოს, ვაშაძეს ჰყავს გუნდი, რომელსაც დაეყრდნობა.


- და რა შანსები აქვთ, თუნდაც დაშლა-გაყოფის თუ გადაჯგუფება-გაერთიანების შემთხვევაში?

 

- ნაციონალურ მოძრაობას არანაირი შანსი არ აქვს, ხოლო ალასანია-ნაციონალები, სავარაუდოდ, 30 პროცენტამდე აიღებენ, შეიძლება ვცდები... არ ვიცი. ერთი რაც კარგად ვიცი, ისაა, რომ ასეთი კვოტით, როგორც დღეს პარლამენტში არიან წარმოდგენილი ნაციონალები, არ უნდა იყვნენ, ეს არის აბსურდი.


- ბატონო ლადო,  ნაციონალების მიმართ ღიად გამოხატული დამოკიდებულების გამო, ბუნებრივად აღმოვჩნდით ოცნების მხარეს. თუმცა, ზემოთ აღნიშნეთ, რომ პრეტენზიები ახალი ხელისუფლების მისამართით გაქვთ დაგვიანებული „სამართლიანობის" გამო. ზოგადად, როგორ შეაფასებთ განვლილი ორი წლის პოლიტიკურ ცხოვრებას?

 

- განვლილი ორი წელიწადი იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლება არის დემოკრატიული, არ აკონტროლებს ტელევიზიებს, რაც მგონი, ადვილი შესამჩნევია... თუ დემოკრატია გვინდა, ამის ნიშნები უკვე არის და ეს დადებით მოვლენად უნდა აღვიქვათ და არა უარყოფითად.


„ოცნება" არ არის სუსტი მთავრობა, როგორც ამას ზოგიერთი აფასებს. პირიქით, ისინი აკონტროლებენ ქვეყანას. თან გამოიარეს ძალიან მძიმე ეტაპი ხელისუფლების გადაბარების: ჯერ დაიქვემდებარეს პარლამენტი, მომდევნო წელს პრეზიდენტი, შემდეგ თვითმმართველობები... ეს ურთულესი პერიოდი იყო და სამუშაოდ ძალიან ტევადი. ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ. ვფიქრობ, რომ წინ გველოდება სტაბილურობა, რაც უფრო გაუმარტივებს ხელისუფლებას ქვეყნის მართვას. ჩემი ვარაუდით, მომდევნო ორი წელიწადი რადიკალურად განსხვავებული იქნება, ბევრად წარმატებული... ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ამ ხელისუფლების გულშემატკივარი ვარ, უბრალოდ, მინდა ასე იყოს... ჩვენ ხომ იმიტომ ავირჩიეთ „ოცნება", რომ ნაციონალები მოშორებოდნენ ამ ქვეყანას, რაც პრაქტიკულად მიღწეული მაინც არ არის, ამიტომ წესით უკმაყოფილო უნდა ვიყო და ასეც არის...


- ე.ი. ამყარებთ იმ აზრს, რომ ვინაიდან ხელისუფლება, შეიძლება ითქვას, უსუსური გამოდგა ნაციონალებთან ბრძოლაში, თქვენი ორგანიზაცია თავის თავზე იღებს ერთგვარად ამ პასუხისმგებლობას.

 

- რა თქმა უნდა, ნაციონალებს ვუპირისპირდებით, მაგრამ არა მარტო. ჩვენ გვაქვს პროექტები, გეგმები, ჩვენი მოსაზრება, მაგალითად, კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით, კულტურული სფეროს გამოყენებით, როგორ შეიძლება აღდგეს სახალხო დიპლომატია ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის. ჩვენ ყოველთვის წინ აღვუდგებით „ლგბტ" ორგანიზაციებს. არა თვითონ მათ უფლებას, არამედ პიროვნებებს, რომლებიც ამ უფლების დაცვის მოთხოვნის საფარქვეშ, ნაციონალების იდეებს ახმიანებენ და პოლიტიკურ შეხედულებებს ლობირებენ...


- 15 ნოემბერს, მეგონა, რომ კონტრაქციას დაგეგმავდით...

 

- ჩვენს ოფისში ამ დღეს მართლაც უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომლებიც ითხოვდნენ კონტრაქციის გამართვას, მაგრამ მაქსიმალურად შევიკავეთ თავი. 15 ნოემბრის აქცია, ეს იყო მოტყუების აქცია, რევანშისტული ელემენტებით, რაც შედეგს ვერასოდეს მოუტანს ნაციონალურ მოძრაობას.

 

- და როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა, რომ დააანონსოთ, შეიძლება?

 

- ჩვენ შევეცდებით, თანდათანობით ნაციონალების მარგინალიზაცია მოვახდინოთ და გავაუქმოთ. რაც შეეხება ბრძოლის ფორმებს, 23 ნოემბერს, „ვარდების რევოლუციის" თარიღთან დაკავშირებით, მივალთ ნაციონალების ოფისთან, აქციას მოვაწყობთ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველა იმ სისასტიკეს, რაც ამ რეჟიმმა განახორციელა. იმედია, შემოგვიერთდება ყველა ის ადამიანი, ვინც ამ იდეას იზიარებს... და შემიძლია, ერთი იდეაც გაგიმხილოთ. არ ვიცი, რატომ, შეიძლება ამას ერთგვარი „თავში ავარდნაც" ვუწოდოთ, ორთვიანმა მუშაობამ, დაგვანახა, რომ ორგანიზაცია შეიძლება პარტიად გარდაიქმნას... ამაზეც ვფიქრობთ. ჯერჯერობით, ნოემბრის ბოლოს ჩავდივართ აჭარაში, სადაც „თავისუფალი თაობის" ფილიალს გავხსნით. და ადგილობრივ ნაციონალებს დავუპირისპირდებით.


- გისურვებთ წარმატებებს...

 

 

ესაუბრა თეა მოსია

 

 

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016