თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება ლამაზი ფორმით არ მოხდა, მაგრამ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ „გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე მიიღო და ცოტა გადაამეტა". სესიაშვილს ალასანიას მიმართ კითხვა აქვს და ინტერესდება, რამდენად თავსებადი იყო, მინისტრობის დროს, წინასწარ გაცხადებული სურვილი, რომ ალასანია „თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე გამხდარიყო.
თავდაცვის სამინისტროს გარშემო განვითარებული მოვლენების თაობაზე, for.ge ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა:
- საქართველოში NATO-ს საწვრთნელი ბაზა აშენდება. რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის?
- მსგავსი სასწავლო ცენტრები არის: საჩხერეში, კრწანისში და კიდევ, ბევრ ადგილას. ამ ცენტრების ფარგლებში ქართველი სამხედროების მომზადება-გადამზადება ხდება და ეს პროცესი არ ჩერდება. წვრთნების წარმართვაში პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები გვეხმარებიან და ამაში დასამალი რა არის? ცენტრის ჩამოყალიბება იმისათვის ხდება, რომ ამ ყველაფერს სწორი ფორმა და შინაარსი მიეცეს. საქართველოში NATO-ს სამხედრო წარმომადგენლები მუდმივად გვეყოლებიან, რომლებიც სამხედროებს მოამზადებენ, რაც ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ამას გარდა, ეს ყველაფერი თავსებადობისთვის გადადგმული ნაბიჯია. NATO აღიარებს და ამბობს, რომ ყველაზე თავსებად ქვეყნებს შორის ვართ.
- ამ ცენტრის მშენებლობა, რა რისკებს შეიცავს?
- იმის თქმა, რომ აქ თუ საწვრთნელი ბაზა გაიხსნება, ეს რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს, მართებული არ არის. ამ საკითხს პოლიტიკურად რომ შევხედოთ, NATO ინვესტიციას ჰაერში არ დებს და ამ ინვესტიციით ხაზი იმას ესმება, რომ საქართველო NATO-ს პოტენციური წევრია და პარტნიორობას ვაღრმავებთ.
- ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის ცვლილებაზე „თავისუფალმა დემოკრატებმა"განცხადება გააკეთეს და კოალიციაც დატოვეს. პარტნიორი ქვეყნების წინაშე თავის მართლება გიწევთ, რომ ქვეყანამ საგარეო პრიორიტეტები არ შეცვალა?
- დასავლელ მეგობრებს საქართველოს საგარეო ორიენტაციაში ეჭვი არ ეპარებათ, მაგრამ მათ გაუკვირდათ, რომ ასეთი კითხვა დაისვა და თან, კითხვა ირაკლი ალასანიამ დასვა, რომელსაც დასავლეთში ძალიან დიდ პატივს სცემენ, როგორც კარგ დიპლომატს, კარგ ორატორს და პატრიოტ ადამიანს. ეს კითხვა ბურჯანაძეს რომ დაესვა, მათ რეაქცია არ იქნებოდათ, მაგრამ როცა ასეთ საკითხს სვამ და ქვეყნის არჩევანს ეჭვის ქვეშ აყენებ, ეს ყველაფერი უნდა გაიაზრო. ქვეყნის არჩევანში ყველა დარწმუნებულია, მაგრამ რატომ აკეთებ ამას, როცა ეს რეალობას აცდენილია?
- როგორ ფიქრობთ, რატომ გააკეთა ალასანიამ?
- მან გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე მიიღო და ცოტა გადაამეტა.
- თქვენ, მთავარი პროკურატურის ქმედებებს ამართლებთ? თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები მაშინ უნდა დაეკავებინათ, როცა მინისტრი ევროკრიტიკოს ქვეყნებთან - საფრანგეთთან და გერმანიასთან მოლარაკებებს მართავდა? როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ პროკურატურა საკუთარი ინიციატივით მოქმედებდა?
- შეიძლება, ეს ფორმა არც მე მომეწონა და უმჯობესი იყო, ეს მაშინ მომხდარიყო, როცა მინისტრი აქ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა და მას მინისტრების დღის წესრიგი ნამდვილად არ აქვს. სამინისტროებში ვიღაცას ყოველ დღე აკავებენ და კანონში დაკავების საფუძვლად არ წერია, რომ მინისტრი ქვეყანაში უნდა იყოს. პროკურატურა ყველას დღის წესრიგს ვერ დაიდებს და ვერ ჩახედავს.
- ბატონო ირაკლი, როდესაც, საქართველოში NATO-ს დელეგაცია იმყოფებოდა,პროკურატურამ თბილისის მერიის 50 თანამშრომელი დააკავა, როდესაც, ირაკლი ალასანია საფრანგეთსა და გერმანიაში კონსულტაციებს იარაღის შესყიდვაზე აწარმოებდა, მისი თანამშრომლები კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დღებში, დაკავებების სერია ერთმანეთს ემთხვევა?
- ეს ყველაფერი შემთხვევითობა იყო და განგებ არ ხდება. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება მაინცდამაინც ლამაზი არ იყო, მაგრამ ეს იმის დამადასტურებელია, რომ პროკურატურა პოლიტიკური მოტივებით არ მოქმედებს და ამას თავისი დაფასება უნდა ჰქონდეს.
- ირაკლი ალასანია პროკურატურას ბოლო გაფრთხილებას აძლევს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე მასალების განსაიდუმლოება მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩართავს.
- პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის პროცედურულ დავაში არ ვერევი და მხარეებს ვუსმენ. პროკურატურა ამბობს, რომ ადვოკატებს მასალების გაცნობას პროკურატურაში სთავაზობენ, რასაც ისინი არ თანხმდებიან. მათი თქმით, ისინი ასევე ადვოკატებს სთავაზობენ, რომ საკუთარ ოფისში უსაფრთხოების ზომები დაიცვან და მასალებს გაატანენ. კერძოდ, ოფისს სეიფი და გისოსები უნდა ჰქონდეს. ვინ არის პასუხისმგებელი იმ შემთხვევაში თუ, ისინი მასალებს წაიღებენ და ისეთ ოფისში განათავსებენ, რომელიც დაცული არ არის? ეს დოკუმენტაცია ქვეყნის ბოროტის მსურველმა რომ გაიტაცოს, ეს ხომ ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანს მიაყენებს? როგორც ჩანს, ამ თემის პოლიტიზირება ხდება.
- თემის პოლიტიზირებას ვინ ახდენს? „თავისუფალი დემოკრატები" პირიქით, მათ წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაში პოლიტიკური დევნის ნიშნებს ხედავენ... მათი არგუმენტი რა არის? თუკი თავდაცვის სამინისტროში შესყიდვების განხორციელება არასწორად ხდებოდა, ეს აუდიტის სამსახურმა და პროკურატურამ მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ალასანიამ პოსტი დატოვა?
- თუკი ალასანია ხელს ჩვენსკენ იშვერს, იძულებული ვარ, მას პასუხი გავცე. როდესაც, ბიძინა ივანიშვილი პრემიერი იყო და მას სამხედროების მოწამვლის ფაქტზე ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რაზეც მან უპასუხა, რომ ამ ფაქტზე გამოძიება უნდა დაწყებულიყო, თავის დროზე, ირაკლი ამას დათახმდა, შიდა მოკვლევა ჩაატარა და პროკურატურას მასალებიც გადასცა. ალასანიამ მაშინ რატომ არ თქვა, რომ პოლიტიკური დევნის ნიშანი იყო? როდესაც, ღარიბაშილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მის მიერ მიყვანილი შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაიჭირეს, მაგრამ ღარიბაშვილს არ უთქვამს, რომ მის მიმართ ბრძოლა პოლიტიკური ნიშნით მიდიოდა. თუ თემის პოლიტიზირებაზე და პოლიტიკური ნიშნით საქმის მიდგომებზე ვსაუბრობთ, ამით მათ იქით უნდა შევედავოთ.
- ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ პროცესების პოლიტიზირებას „თავისუფალი დემოკრატები"ცდილობენ?
- ალასანიას ვეკითხები, რამდენად თავსებადი იყო მისი მინისტრობის დროს წინასწარ გაცხადებული სურვილი, რომ „თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე გამხდარიყო? ამ საკითხის პოლიტიზირება თვითონ ხომ არ დაიწყო?
- პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ალასანიას დაბრუნებაში, რა საფრთხეებს ხედავდით? პარტიას აძლიერებენ რესპუბლიკელები, „ქართული ოცნება" და კოალიციაში შემავალი სხვა პარტიებიც...
- რამდენად თავსებადია, როცა თავდაცვის მინისტრი ხარ და შენს უკან 37 ათასკაციანი შეიარაღებული პირი დგას? როდესაც, თავდაცვის მინისტრი პარტიის თავმჯდომარეა, ეს არ არის ნორმალური. მინისტრი კონცენტრირებული ქვეყნის თავდაცვაზე უნდა იყოს და არა ვიწრო საკითხებზე.
- პარტია „ქართულ ოცნების" თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, წლების განმავლობაში კი, მიხეილ სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარის პოსტის დატოვებას სთხოვდით, რადგან მიიჩნევდით, რომ სახელმწიფო ლიდერი პარტიის სათავეში არ უნდა იყოს. ღარიბაშვილის შემთხვევაში, ეს თავსებადია?
- მთელ მსოფლიოში პრემიერ-მინისტრები პარტიის ხელმძღვანელები არიან. ალასანია კი თავდაცვის მინისტრი იყო და მისი თანანმდებობა მის მიზნებთან არათავსებადი იყო.
- ანუ, ეჭვობთ, რომ ალასანია პოლიტიკური მიზნებისთვის გარკვეულ ნიადაგს იმზადებდა?
- ამ საკითხის პოლიტიზაციაში მეტი კითხვა ალასანიას მიმართ ისმის, მიუხედავად მისადმი პატივისცემისა. თუ პოლიტიზაციაზე ვსაუბრობთ, მეტი კითხვა ალასანაისთან მაქვს. ალასანიამ ევროპული არჩევანი ეჭვის ქვეშ მას შემდეგ დააყენა, რაც თადაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავეს და, თუ მას კურსის თაობაზე ეჭვები ჰქონდა, ეს აქამდე რატომ არ გავიგეთ?
- მან თქვა, რომ პროკურტურის ქმედებები ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს საფრთხის ქვეშ აყენებდა. მას არ უთქვამს, რომ კურსს პრემიერი და მთავრობა ცვლიდნენ....
- მან თქვა, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა იყო გაჩაღებული. თემის პოლიტიზირება ვინ დაიწყო? - ბატონმა ალასანიამ. იმის რესურსი არსებობდა, რომ ეს კრიზისი კოალიციის დაშლამდე არ მიგვეყვანა, მაგრამ ამას მოთმინება და პოლიტიკური სიმშვიდე უნდოდა. როცა პეტრიაშვილი და ფანჯიკიძე დასავლელ კოლეგებს უმტკიცებდნენ, რომ ჩვენთან პოლიტიკური დევნა არ არსებობს და სასამართლო სამართლიანია, თუ მართალი ხარ, რატომ გეშინია? თუ სამართლიანი სასამართლო არ იყო, ეს მაშინ თავის დროზე ეთქვათ.
- აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ათი საქმე პროკურატურაში გადააგზავნა, საიდანაც ერთი საქმე ალასანიას წინააღმდეგ არის. თუ საქმეებში დანაშაულის ნიშნები არსებობდა, ორი წლის მანძილზე, ეს ვერ გამოიძიეთ?
- პროცესი ახლა დამთავრდა. თორდიას მუდმივად ვეკითხებოდი, თუ რა ეტაპზე იყო მოკვლევა და ის მეუბნებოდა, რომ მოკვლევა ჯერ არ დასრულებულაო.
- ანუ, ათივე საქმის მოკვლევა ერთ დღეს დასრულდა?
- საქმეებს პარალელურ რეჟიმში მიყვებოდნენ. „ნდობის ჯგუფისთვის" მოწოდებულ მასალებში მთავარი თემა ალასანია არ არის, ძირითადი ნაწილი წინა დარღვევებს ეხება. საუბარია, წინა მინისტრების მიმართ სერიოზულ დარღვევებზე.
თეონა მანაგაძე
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"