reportiori.ge - ბერძენი მღვდელი ათენის მახლობლად, მამა გაბრიელის სახელობის ტაძრის აშენებას აპირებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:44
პრეს-დაიჯესტი
ბერძენი მღვდელი ათენის მახლობლად, მამა გაბრიელის სახელობის ტაძრის აშენებას აპირებს
ავტორი:
24 ნოემბერი, 2014. 10:25



ვინ არის მამა იოანე (კერამიძისი), როგორ მოაწყო საბერძნეთის ტაძარში ,,პატარა საქართველო'' და რა სასწაულები მოავლინა იქ მამა გაბრიელის შესამოსელმა   



გიორგობის წმინდა დღესასწაულს, საბერძნეთში მყოფი ქართველების დიდი ნაწილი, აკროპოლში, 1944 წელს აშენებულ წმინდა გიორგისა და წმინდათა უვერცხლოთა სახელობის ეკლესიაში შეხვდება. იქ, სადაც ბერძენმა მამა იოანემ ,,პატარა საქართველო'' მოაწყო _ ქართული ჯვრით, წმინდა ნინოსა და მამა გაბრიელის ხატებით, მამა გაბრიელის შესამოსლით... ,,აქ თითქოს ჩვენი სამშობლოა'', _ ამბობს ნინო ფრუიძე, ქართველი ემიგრანტი საბერძნეთში, რომელიც არც პირველია და სამწუხაროდ, არც უკანასკნელი, ვინც განგებამ ნოსტალგიისთვის გაიმეტა. ნინო ფრუიძე, ,,ვერსიას'' ექსკლუზიურად უამბობს, როგორ უმსუბუქებს ქართველებს ემიგრაციაში ყოფნას ბერძენი მოძღვარი, ვინ უამბო მამა იოანეს ქართველების შესახებ, ვინ ჩაიტანა წმინდა ნინოს ხატი თუ მამა გაბრიელის უმკლავო პერანგი ათენში და რა სასწაულები მოუვლინა მრევლს სიწმინდეებმა.     



მამა გაბრიელი _ ემიგრანტების შემწე



წლების წინ, მამა გაბრიელს, ათონის მთიდან ბერები სტუმრობდნენ. სთხოვეს, ჩვენთან ჩამობრძანდით, თქვენი სტუმრობა გაგვაძლიერებსო. მამა გაბრიელმა ჩვეული სიმშვიდით უპასუხა: მე ჩემს ათონზე ვარ. არსად წამოვალ. ჩემი ათონიც და ჩემი იერუსალიმიც საქართველოაო. დღეს, საბერძნეთში მყოფი ქართველები ამბობენ, ბერი გაბრიელი მაინც ამობრძანდა აქ, აქაური ყოფა რომ შეგვიმსუბუქოს, ნოსტალგიისა და საყვარელი ადამიანების მონატრების აუტანელი განცდა გადაგვატანინოს, განსაცდელში მყოფ ქართველ ბიჭებს ძალა მისცეს და რწმენა გაუძლიეროსო... წმინდანი ბერძნების შემწეცაა _ მათი, ვინც წირვა- ლოცვის შემდეგ, ქართველებთან ერთად გრძელ რიგში მოთმინებით დგას, რომ ბერი გაბრიელის ხატსა და მის უმკლავო პერანგს შეეხოს. ყველაფერი დაახლოებით 6-7 წლის წინ დაიწყო.


ემიგრანტმა ნინო ქარჩხაძემ, აკროპოლის გვერდით, მუზეუმთან, მაკრიანის უბნის, წმინდა გიორგისა და წმიდათა უვერცხლოთა სახელობის ეკლესიაში გარდაცვლილი შვილისთვის პანაშვიდის გადახდა განიზრახა. ,,ეს პატარა, უგუმბათო ტაძარია. ბაზილიკასაც ვერ დაარქმევ. პრესვიტერმა (მღვდელი) მამა იოანე კერამიძისიმ შვილმკვდარ დედას გულისყურით მოუსმინა, ანუგეშა... დაინტერესდა მისი სახელით, რადგან საბერძნეთში ,,ნინო'' მამაკაცებს ჰქვიათ. ქალბატონმა ნინომაც უამბო საქართველოსა და წმინდა ნინოს შესახებ. მღვდელმა სთხოვა, თუ შეძლებთ, ოდესმე საქართველოდან წმინდა ნინოს პატარა ხატი მოაბრძანეთო'', _ გვიამბობს ნინო ფრუიძე და გვიმხელს, რომ იმ დღის შემდეგ მამა იოანემ საქართველოსა და ქართველების შესახებ ინფორმაციების მოგროვება დაიწყო. ჩვენი ისტორიითა და კულტურით აღფრთოვანებული მოძღვარი საბერძნეთში ქართველების საყვარელ სულიერ მამად იქცა, _ ,,ისე თბილად მიგვიღო, ისე ჩაგვიკრა გულში, ისე გვიმსუბუქებს აქაურ რუტინულ და მძიმე ყოფას, არც კი ვიცით, მადლიერება როგორ გამოვხატოთ'', _ ამბობენ მამა იოანეს ქართველი სულიერი შვილები. დროთა განმავლობაში, ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარიც მიაბრძანეს. მალე მამა იოანე მამა გაბრიელის ისტორიით დაინტერესდა და ტაძარს კიდევ ერთი სიწმინდე _ მამა გაბრიელის ხატი შეემატა. მამა გაბრიელის სულიერმა შვილმა ნანა მერკვილაძემ კი ეკლესიაში წმინდანის უმკლავო პერანგიც ჩააბრძანა და მოგვიანებით, მამა იოანეს ინიციატივით, მამა გაბრიელის ცხოვრების შესახებ წიგნი ბერძნულ ენაზეც თარგმნა. ტაძარში, საბერძნეთში მცხოვრები 12 წლის ქართველი გოგონას მიერ დაწერილი მამა გაბრიელის ხატიცაა დაბრძანებული. ასე გაჩნდა ქართული კუთხე _ ,,პატარა საქართველო'' ბერძნულ ეკლესიაში და ტაძრის მრევლის რიცხვიც საგრძნობლად გაიზარდა, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ხალხი არაერთი სასწაულის მომსწრე გახდა.



მამა გაბრიელის სასწაულები საბერძნეთში



18-19 წლის ბერძენი გოგონა, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, ტაძარში იმ იმედით მიიყვანეს, იქნებ, შვება იგრძნოსო, მაგრამ იმას ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გოგონა ყავარჯნებს სამუდამოდ დაემშვიდობებოდა. ერთ-ერთი წირვის შემდეგ მამა იოანემ მამა გაბრიელის ხატთან, ჯანმრთელობის პარაკლისი გადაუხადა. თვითმხილველები ამბობენ, პარაკლისის დასრულებისთანავე, გოგონამ ყავარჯნები მოისროლა და ნაბიჯი გადადგაო: ,,ეს ნამდვილი სასწაული იყო. რაც უნდა მოგვეყოლა, ბევრისთვის შეიძლება დაუჯერებელი ყოფილიყო. ხომ იცით, გაგონილს ნანახი სჯობიაო. ბერძნები თავად გახდნენ ამ სასწაულის მომსწრე _ გოგონა დღემდე ამტკიცებს, ფეხზე მამა გაბრიელმა დამაყენაო''. კიდევ ერთი სასწაული მამა გაბრიელის უმკლავო პერანგს უკავშირდება. ნინო ქარჩხაძეს ნაცნობმა ემიგრანტმა დაურეკა, ჩემს მულს, როზა სხირელს მოტოციკლი დაეჯახა, უგონოდაა, ექიმები გადარჩენის იმედს ვერ გვაძლევენ, საავადმყოფოდან უნდა გამოწერონ და იქნებ საქართველოში მის გადაყვანაში დამეხმაროო. ,,შეწუხდა ქალბატონი ნინო. მამა იოანეს სთხოვა, იქნებ მამა გაბრიელის შესამოსელი და ხატი ერთი საათით გამატანოთო. დათანხმდა მღვდელი. ქალბატონმა ნინომ, პერანგი და ხატი უგონო ემიგრანტს გულზე დაადო და მამა გაბრიელს სთხოვა, 8 წელია ოჯახის წევრები არ უნახავს, მათი ნახვის შანსს ნუ გაუქრობ, გამოაჯანმრთელეო. ავადმყოფი, რომელიც მანამდე არაფერზე რეაგირებდა, ქალბატონ ნინოს ხელზე ჩაებღაუჭა, ნიშნად, რომ ესმოდა. ამ სასწაულმა ექიმებიც კი გააკვირვა. დღეს ეს ქალი ცოცხალია, საღ-სალამათი და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს'', _ გვიამბობს ნინო ფრუიძე. რამდენიმე ქართველი გოგონა, ტაძარს მუდმივად სტუმრობს. ერთ საღამოს, მამა იოანე ადგილზე არ დახვდათ _ მეუღლემ, პრესვიტერმა გეორგიამ ხელი მოიტეხა და მღვდელმა საავადმყოფოში წაიყვანა. გოგონები შინ გაბრუნდნენ. ღამით, ერთერთს მამა გაბრიელი გამოეცხადა _ რატომ არ მოილოცეთ, მე ხომ იქ დაგხვდითო, უსაყვედურა. ქალბატონ ნინოს, ლამის სასწაულად მიაჩნია, ქართველი ბიჭების ტაძრისკენ შემობრუნებაც. უმუშევრობის, ვალებისა თუ სხვა პრობლემების გამო, საზღვარგარეთ გადახვეწილი ახალგაზრდა მამაკაცებისთვის უცხოეთში სამსახურის შოვნა, არც ისე ადვილია. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ზოგი, არცთუ სასიამოვნო გარემოცვაშიც ხვდება. ,,უნდა ნახოთ, ეს ბიჭები, როგორ ლოცულობენ და ევედრებიან მამა გაბრიელს, ძალა მისცეს, იმ ჭაობიდან ამოვიდნენ, რომელშიც ნებით თუ უნებლიედ, უკუღმართი ცხოვრების, გაჭირვების, დაბნეულობის გამო აღმოჩნდნენ'', _ მომლოცველი ქართველი ახალგაზრდების შესახებ ემიგრანტი ქალბატონი ცრემლის გარეშე ვერ გვიამბობს. ემოციას მაშინაც ვერ ფარავს, როცა გვიყვება, წირვის შემდეგ, ქართველებთან ერთად, ბერძნები მოთმინებით როგორ ელოდებიან რიგს, რათა მუხლი მოიდრიკონ და წმინდანის ხატსა და უმკლავო პერანგს ემთხვიონ. მამა იოანესთვის კი ალბათ არანაკლები სასწაული მამა გაბრიელის მის ეკლესიაში მიბრძანებაა. უთქვამს კიდეც ერთხელ, ქადაგებისას, როგორი უბრალოც იყო ქართველი ბერი, ისეთ ტაძარში დაივანაო.



ათენის მახლობლად მამა გაბრიელის სახელობის ეკლესია აშენდება



მამა იოანე მეუღლესთან ერთად ტაძრის გვერდით, პატარა მიშენებულ ოთახში ცხოვრობს. მამა გაბრიელის პერანგსა და ზოგადად, იმ კუთხეს, რომლებსაც ქართველები პირობითად ,,პატარა საქართველოს'' უწოდებენ, მუდმივად იცავენ ქართველი ახალგაზრდები. ქართველი გოგონები, უსასყიდლოდ ალაგებენ ეკლესიას. არც ისე დიდი ხნის წინ, ტაძარში ანჩისხატიც მიაბრძანა ,,ანჩისხატის მომლოცველთა კრებულის'' ხელმძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა. ხატით არაერთი ტურისტი დაინტერესდა. ქართველებმაც ცნობისმოყვარეობა დაუკმაყოფილეს _ ხატის, საქართველოს, მამა გაბრიელის შესახებ უამბეს. მათ კი, ტაძარი მოილოცეს და მამა გაბრიელის შესახებ წიგნი სამშობლოში წაიღეს. ამ ფონზე, გასაკვირი არაა, რომ მამა იოანესა და ნანა მერკვილაძეს, მამა გაბრიელის შესახებ წიგნების ინგლისურად თარგმნაც განუზრახავთ. მამა იოანემ კავკასიის ცენტრში ზაზა ნანობაშვილის ფილმიც ნახა სახელწოდებით _ ,,დავბრუნდებით''. ქართულ ენაზე. ,,ამას თარგმნა არც სჭირდება. საოცარი ერი ხართ'', _ ასეთი იყო ბერძენი პრესვიტერის პირველი რეაქცია. განსაკუთრებული შთაბეჭდილება კი მასზე ქართულმა გალობამ მოახდინა და ამიტომაცაა, წირვის დასრულების შემდეგ, ბერძნულ ტაძარში ქართული გალობა ხშირად ისმის. ,,აქ ქართული სული ტრიალებს. აქ ჩვენი პატარა საქართველოა. დროდადრო სამშობლოში ,,დაბრუნების'' საშუალება გვეძლევაო'', _ ამბობენ ქართველი ემიგრანტები. არადა, ქართულად აღვლენილი წირვა მათთვის უცხო არ არის _ თვეში ერთხელ, მამა აბიბოსი და მამა თეიმურაზი, წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში ქართულ ენაზე წირავენ, მაგრამ ბერძენი მღვდლისგან, ქართველებისა და საქართველოს მიმართ გამოვლენილი უსაზღვრო სიყვარული, ცოტა არ იყოს, უკვირთ. უკვირთ ისიც, რომ ქართველი მღვდლები ტაძარში არ მისულან და არ უნახავთ ,,პატარა საქართველო'' ათენის გულში. შეიძლება, ელოდნენ, რომ ქართული სიწმინდეების ტაძარში შეტანამდე, მამა იოანე მათგან კურთხევას აიღებდა, _ ვითარებაში გარკვევას თავად ცდილობენ ემიგრანტები. სამაგიეროდ, ტაძრის შესახებ ინფორმაციას ფლობდა საბერძნეთში საქართველოს უკვე ყოფილი ელჩი დავით ბაქრაძე, რომელიც მამა იოანეს იცნობს და ალბათ პირადად მისგან ისიც იცის, რომ საქართველოდან საბერძნეთში ქართული ვაზის 15 ძირი ჩაატანინა, უნდა გავაშენო და ქართველებმა უპატრონონო. ვენახს ალბათ ათენიდან მოშორებით, 1 საათის სავალზე, კასტროს რაიონში გააშენებს _ იქ, სადაც ბერძენი მამა იოანე, ღვთისმშობლისა და მამა გაბრიელის სახელზე, ტაძრის აშენებას გეგმავს. გეგმებზე წინასწარ არ საუბრობს, მაგრამ სულიერ შვილებთან საუბრისას ადასტურებს, რომ კასტროში ტაძრის აშენების იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მის ტაძარში მამა გაბრიელმა დაივანა. ემიგრანტებს იმედი აქვთ, რომ უფლის შეწევნით, მამა იოანეს იდეა ფრთას შეისხამს და ისინი მალე ათენიდან მოშორებით, მამა გაბრიელის სახელობის ტაძარში მოილოცებენ. ,,ეს დიდი მადლი და სიკეთე იქნება ჩვენთვის'', _ ამბობენ ემიგრანტები, რომელთა აზრით, მათი ნუგეშისმცემელი და სულიერი მოძღვარი, ბერძენი მამა იოანე, ზედმიწევნით ასრულებს მამა გაბრიელის ქადაგებას: ,,იმისთვის ხარ ამქვეყანაზე, რაც შეიძლება ბევრი სიკეთე აღასრულო''.




(წყარო: ვერსია.გე, ნინო ლურსმანაშვილი)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016