ჩამოყალიბდა არასამთავრობო ორგანიზაცია"ასლან აბაშიძის მხარდამჭერი საზოგადოება ", რომელიც მიმართავს საქართველოს პარლამენტს, 2004 წლის მაისში აჭარში განვითარებული მოვლენები სამართლებრივ-პოლიტიკურად შეაფასოს. ჩვენ გავესაუბრეთ ორგანიზაციის თავმჯდომარეს ავთანდილ გადახაბაძეს:
- რაც აჭარაში 2004 წლის მაისში მოხდა, გახლდათ სახელმწიფო გადატრიალების კლასიკური მაგალითი, რადგან ასლან აბაშიძე იყო კანონიერი გზით არჩეული მმართველი და მაშასადამე, გახლდათ ლეგიტიმური. "ვარდების რევოლუციის " შედეგად კი მიხეილ სააკაშვილმა და მმართველმა ჯგუფმა არაკონსტიტუციური გზით, ძალადობრივი მექანიზმით შეძლო კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოგდება, მმართველო ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ, პოლიტიკური დევნის განხორციელება. სააკაშვილის დროინდელი ხელისუფლება აჭარაში აბსოლუტურად არალეგიტიმური გახლდათ. თუ არ აღიარებს საქართველოს პარლამენტი აჭარაში 2004 წლის მაისში განხორციელებულ სახელმწიფო გადატრიალებას, ამ შემთხვევაში, შემდგომ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას უმრავლესობა აიღებს. მხედველობაში მაქვს ის, რომ დღეს უმრავლესობაში "რესპუბლიკელებისა" და ზვიად ძიძიგურის პოლიტიკური დაჯგუფების სახით არიან ძალები, ვინც პირდაპირ ღებულობდა მონაწილეობას აჭარის მოვლენებში, ამ ადამიანებს მოუწევთ საკუთარ საქციელის გადაფასებ. ვიტყვი იმასაც, რომ 2001 წელს საქართველოს პარლამენტმა დეპუტატ ვახტანგ ბოჭორიშვილის მოთხოვნით, მიიღო თანხმობის აქტი, სადაც 1991 წელს ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ განხორციელებული მოვლენები შეფასდა სახელმწიფო გადატრიალებად.
- თქვენც ხომ იყავით ასლან აბაშიძის წინააღმდეგ 2004 წელს მომხდარი მოვლენების მონაწილე...
- მე გახლდით " ჩვენი აჭარის " ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც ძირითად პლაცდარმს წარმოადგენდა , ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ წლების გადმოსახედიდან, მე მას ბოდიშს ვუხდი და რასაც მე ახლა ვაკეთებ, არის ასლანის წინაშე მორალურ-ზნეობრივი ვალი. არ შეიძლება მემედ აბაშიძის შვილიშვილი, რომლის ძალისხმევითაც აჭარა სამშობლოს დაუბრუნდა და თავად ასლან აბაშიძესაც, რომელსაც უდიდესი ღვაწლი აქვს 90-იანი წლების საქართველოს მთლიანობის შენარჩუნებაში, ქვეყნიდან განიდევნოს. თუ კი პარლამენტი არ გაიზიარებს ჩვენს მოწოდებას, ის აღმოჩნდება საკუთარი მოსახლეობის პირისპირ. შევეცდებით, ეს გადაიქცეს სახალხო მოთხოვნად. გვრჩება მეორე გზაც: ასლან აბაშიძის დასაბრუნებლად საჭიროა პრეზიდენტის შეწყალებაც, რადგან სხვა სამართლებრივი გზა არ არსებობს. საქართველოს პრეზიდენტს ასლან აბაშიძის შეწყალების მოთხოვნით მივმართავთ
- თავად ასლან აბაშიძეს უნდა საქართველოში დაბრუნება?
- რა თქმა უნდა, აბაშიძეს სურს საქართველოში დაბრუნება.
(წყარო: კვირისპალიტრა.გე, ეკა გადახაბაძე)