რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით სოხუმში დღეს ორი აქცია გაიმართა. ერთი მიტინგი ე.წ.შეთანხმების მხარდასაჭერად გაიმართა, მეორე აქციის მონაწილეები კი შეთანხმების ხელმოწერას აპროტესტებდნენ.
„რია ნოვოსტის" ინფორმაციით, შეთანხმების ხელმოწერა დღეს სოჭში, რუსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტებს შორის შეხვედრისას იგეგმებოდა.
რუსული მედიის ცნობით, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მხარდამჭერები სოხუმში, მთავრობის სახლთან ახლოს შეიკრიბნენ. მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია, ვიცე-სპიკერი დაურ არშბა და სხვები.
მეორე მიტინგი, რომლის მონაწილეებიც რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის შეთანხმების ხელმოწერას აპროტესტებდნენ, სოხუმის ცენტრში ოპოზიციურმა პარტიამ „ამცახარა" გამართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, აუცილებელია, დოკუმენტი დაიხვეწოს თავდაცვის, ეკონომიკური პოლიტიკისა და შიდა პოლიტიკის მხრივ.
სოჭში რაულ ხაჯიმბა რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით დღეს ჩავიდა. როგორც შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, შეთანხმების ხელმოწერის შედეგად რუსეთი აფხაზეთისთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას გააორმაგებს.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა სოჭში „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. შეთანხმებას მოაწერენ ხელს.