reportiori.ge - 25 ნოემბერს ტერენტი გრანელის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:01
კულტურა
25 ნოემბერს ტერენტი გრანელის დაბადების დღეა
25 ნოემბერი, 2014. 10:00


პოეტი ტერენტი სამსონის ძე გრანელი 1897 წლის 25 ნოემბერს, ქალაქ წალენჯიხაში ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში დაიბადა.



დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. მამამ კი ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და მაშო და ზოზია ჰყავდა. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს.



მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში მოწაფეთა მეფეს" ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა. უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. ცხოვრების სიმკაცრის გამო გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგობებით იყო სავსე. ამ პერიოდში გაიტაცა იგი ეროვნული თავისუფლების იდეამ.



1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც ცნობილი იყო ნუცუბიძის კურსების" სახელით. ეს სასწავლებელი, რომელიც სრული გიმნაზიის უფლებებით მოქმედებდა, ტერენტი გრანელმა 1920 წელს დაამთავრა. თბილისშივე დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა (1917-1918). პოეტმა ფსევდონიმი გრანელი" 1919 წელს დაირქვა.



ამ დროს ქართულ პოეზიაში მომძლავრებული იყო სიმბოლისტური მიმდინარეობა. ვერც ტერენტი ასცდა მოდერნიზმს და, სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი ია" და ჟურნალი კრონოსის სარკე". ჟურნალში დაბეჭდილ მის სონეტებსა და რეცენზიას, სადაც ვალერიან გაფრინდაშვილის დაისები" არის შეფასებული, აშკარად ეტყობა სიმბოლისტური ესთეტიკის კვალი.



გრანელის ლექსები ხასიათდება სევდითა და მისტიციზმით (კრებულები: სამგლოვიარო ხაზები", 1921 წ;სულიდან საფლავები", 1922წ; „Memento mori", 1924წ; ტერენტი გრანელი", 1926წ), რის გამოც მწერლობაზე იდეოლოგიური ზეწოლის შედეგად დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. 1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. 80-იანი წლებიდან ამ უთვალსაჩინოესი ლირიკოსის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. გამოიცა მისი ლექსების სრული კრებულები. 1927 წელს თბილისში გამოიცა ერთჯერადი გაზეთი ტერენტი გრანელი".



1928 წლიდან პოეტს მკვეთრი სულიერი დეპრესია ეწყება. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა, მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს. გრანელი 1930 წელს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც იგი გამოიქცა.



ტერენტი გრანელი 1934 წლის 10 ოქტომბერს, თბილისში არამიანცის" საავადმყოფოში გარდაიცვალა. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე მიაბარა მიწას, ხოლო 1987 წელს დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016