reportiori.ge - ჯონდი ბაღათურია: ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ფიქრობენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:29
ინტერვიუ
ჯონდი ბაღათურია: ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ფიქრობენ
ავტორი:
25 ნოემბერი, 2014. 18:58



ამ დღეებში საქართველოს პარლამენტში „რესპუბლიკელები" ისეთ ამბებს დაატრიალებენ, შეიძლება საქმე მორიგ განხეთქილებამდე მივიდეს. როგორც „ქართული დასის" ლიდერი, ჯონდი ბაღათურია აცხადებს, საპარლამენტო უმრავლესობას კვლავაც მოუწევს „ნაციონალი" დეპუტატების გადაბირება:


- აი, ამ კვირაში იქნება კენჭისყრა პარლამენტში „მოსმენების კანონთან" დაკავშირებით, უმრავლესობას „რესპუბლიკელების" 9 ხმა დააკლდება და გარწმუნებთ, ხმების ყიდვა ისევ მოუწევთ. თუ არ გადაიხდიან, შესაბამის ხმებს ვერ მოაგროვებენ... ჩემი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობენ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდნენ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ რაც უფრო გვიან მიიღებენ გადაწყვეტილებას, მით უფრო დააზარალებენ ხალხსა და სახელმწიფოს, ასევე საკუთარ თავს, პოლიტიკური თვალსაზრისით. მე მათ ვურჩევ, სწრაფად განახორციელონ რეფორმები, გააუქმონ მაჟორიტარული სისტემა და ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები. რაც მთავარია, საარჩევნო სიები ისევ რჩება ჩვენს სირცხვილად.


...ესე იგი, „ოცნებამ" „ნაციონალების" ხარჯზე უმრავლესობა კი შეავსო, მაგრამ რეალურად ხმები მაინც არ აქვთ. არა მხოლოდ „მოსმენების" კანონზე, ყველა საკითხზე მიდის ვაჭრობა. ამიტომ ვამბობ, დღეს პარლამენტში უმრავლესობა არ არსებობს და მაქინაციების გზით ცდილობენ, ყველაფერი გადაფარონ. „რესპუბლიკელები" რეალურად გასულები არიან უმრავლესობიდან, მაგრამ ამას ჯერჯერობით არ აფორმებენ, ფიქციურად რჩებიან, რადგან, თუ ოფიციალურად გავლენ, 9-კაციან ფრაქციას პარლამენტის თავმჯდომარე არ უნდა ჰყავდეს. ეს არის ერთადერთი თანამდებობა, რომელსაც დროებით ებღაუჭებიან. ესენი ხომ სიზმარშიც კი ვერ ნახავდნენ ამ პოსტს? მე არავის არ ვამცირებ, საკმაოდ გამოცდილი გუნდია, მაგრამ რეიტინგით ვერსად იტრაბახებს. ვადამდელი არჩევნები ყველაზე მეტად არ აწყობს „ნაცმოძრაობას", მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამდენ დეპუტატს ვეღარ გაიყვანენ. ამიტომ ესენი ამ თემაზე არ ყვირიან, ან არ ხმაურობენ. თუმცა კარგად ხედავენ, რაც ხდება. ასევე, თავს იკავებენ კოალიციაში შემავალი პარტიების ოდიოზური ფიგურები, ამ ადამიანებმა ფინანსური კეთილდღეობაც კი 4 წელზე გათვალეს და ახლა რატომ უნდა მოიკლონ თანხები? მე მესმის, როცა ბატონი ბიძინა ამბობს, პარლამენტმა თავისი ვადა უნდა ამოწუროსო, მაგრამ ეს ყველაფერი ამ ფასად არ ღირს. ამ კვირაში კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ უმრავლესობა აღარ არსებობს...


- შენ ამბობ, პარლამენტში ვაჭრობაა გაჩაღებული... თუკი „ნაციონალებს" უნდა მისცენ ფული, რომ საჭირო ხმები მოაგროვონ, მაშინ პირდაპირ „რესპუბლიკელებს" გადაუხადონ, ისინი უარს იტყვიან?

 

- აბსოლუტურად გეთანხმები... რაც შეეხება „ნაციონალებს", მათი მოსყიდვა არავის არ სჭირდება, ეგენი აკონტროლებენ მთელი ქართული ბიზნესის ძალიან დიდ ნაწილს. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ შეიცვალა მხოლოდ ის, რომ „ქართული ოცნების" ლიდერები „ჩაუწილდნენ" „ნაციონალებს". ესე იგი, მათ თავიანთი ბიზნესები შეინარჩუნეს, მაგრამ  ჩაიჩოჩეს. სადაც არ მოხდა ჩაჩოჩება, სადაც არ გადანაწილდა, ახლა იქ მიმდინარეობს ე.წ. დიალოგი და ზოგან კონფლიქტიც კი. მაგალითად, საამისოდ შესანიშნავი მაგალითია ბენზინის ბიზნესი. დღეს მთელ მსოფლიოში ფასების უპრეცედენტო ვარდნაა ნავთობზე, 115 დოლარიდან დაიწია 77 დოლარამდე, ანუ განსხვავება უკვე არის 35 დოლარი. ეს 40-პროცენტიანი ვარდნაა, ჩვენთან რამდენით გაიაფდა ბენზინი? აქ სახეზეა კარტელური შეთანხმება, ხელისუფლება ხმას რატომ არ იღებს? მე სააკაშვილის დროს დავითვალე და აღმოჩნდა, რომ 50 თეთრი იყო უკანონო ფასნამატი, რაც წელიწადში შეადგენდა 372 მილიონ ლარს და ეს მიდიოდა მიხეილ სააკაშვილის ჯიბეში. დღეს ეს ფასნამატი გაცილებით მეტია, რადგან ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა, ჩვენთან კი ფასი იგივე დარჩა. მოდი, დავსვათ კიდევ ერთი შეკითხვა: 2012 წლის შემდეგ რატომ არ გაჩნდნენ ბენზინის ბიზნესში ახალი ოპერატორები? დარჩნენ ისევ ძველები - „ვისოლი", „სოკარი", „გალფი", „ლუკოილი", და „რომპეტროლი". როგორ ფიქრობ, სხვა ადამიანები რატომ არ დებენ ფულს ასეთ მომგებიან ბიზნესში? იმიტომ, რომ ისევ დარჩა სახელმწიფო მონოპოლია და ისევ არის კარტელური შეთანხმება. ეს ხდება იმპორტშიც და დისტრიბუციაშიც, იმპორტის 80 პროცენტი ათვისებული აქვს „სოკარს", ხოლო დანარჩენს ინაწილებენ სხვა ოპერატორები.


- ესე იგი, შენ ამბობ, რომ „ნაციონალებს" უნარჩუნებენ ბიზნესებს და სანაცვლოდ პარლამენტში მიდის გარიგებები?

 

- ხალხის ზურგს უკან ვაჭრობა მიდის ყველა სფეროში. ის, რასაც საზოგადოება ხედავს ეკრანზე, არის სპექტაკლი, დაპირისპირების სიმულაცია, რათა ხალხი ქუჩაში არ გამოვარდეს. დიახ, მიდის თვალთმაქცური გარიგება „ქართული ოცნების" ნაწილსა და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის. მე შემიძლია, ალალად ვთქვა, პრემიერ-მინისტრი პირდაპირ და მართლა გულწრფელად ებრძვის „ნაციონალებს", ყოველ შემთხვევაში, ცდილობს, მაგრამ ის მარტოა, მას გუნდი არ ჰყავს. პარლამენტში მისი დასაყრდენი სულ ორი ადამიანია - გია ვოლსკი და ეკა ბესელია. შეიძლება კიდევ ჰყავს ერთი-ორი ადამიანი, მაგრამ მე ვერ ვხედავ. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს მალე ეს ყველაფერი ყელში ამოუვათ და უცებ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.


- რა ინფორმაცია გაქვს, ამაზე ივანიშვილის კარზე ლაპარაკი არის?

 

- მაქვს ინფორმაცია, რომ როგორც კი „თავისუფალი დემოკრატები" უმრავლესობიდან გავიდნენ, ამაზე ლაპარაკი იყო. ეს ვიცი კულუარების დონეზე, შიგნით ამაზე დაფიქრდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ერთ-ერთ საკითხად განიხილეს, ჯერ არ უნდათ, ცდილობენ, რომ ასეთი რამ საჭირო არ გახდეს. თუ ახლა „რესპუბლიკელებმაც" საჭირო მომენტში უმტყუნეს და ხმები არ მისცეს, რა თქმა უნდა, ამას გამოიყენებენ:


- თავში თქვი, პარლამენტარებს ფულით მოისყიდიანო, ვინ იხდის ამ ფულს, ივანიშვილი?

 

- მე კი ვარ კრიტიკულად განწყობილი ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, მაგრამ მთლად ასეც არ ვუყურებ, რომ პარლამენტის წევრების მოსყიდვა დაიწყონ. კი, პარლამენტში ვაჭრობა მიდის, იკვეთება ფინანსური და ბიზნესინტერესები, მაგრამ ეს ხდება მათ ზურგს უკან. ამიტომ ვამბობ, სიტუაცია უკვე ისეა ჩაბინძურებული, რომ ამას ვადამდელი არჩევნების გარდა, ვეღარაფერი უშველის. მე თუ მკითხავთ, „ქართული ოცნება" მაინც მოიგებს არჩევნებს და ვერ გავიგე, ამხელა წამოკიდებული „ბალასტი" ვის სჭირდება? თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა „ბალასტად" ქცეული პარტიები თავის მატარებელში ჩაისვა, პარლამენტში წამოსვა და ახლა იგივე პარტიები იქით უთხრიან ძირს პირადად ივანიშვილსა და ღარიბაშვილს.


- ვადამდელი არჩევნები რომც ვერ მოესწროს, 2016 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება" ცალკე უნდა გავიდეს, ზედმეტი ტვირთი საჭირო არ არის.

 

- ეგ კარგი ნათქვამია, მაგრამ მე მაინც ეჭვი მეპარება, რომ ქვეყანამ ასე 2016 წლის არჩევნებამდე მიაღწიოს. ყველა ვარიანტში აირევა სიტუაცია, პარლამენტში უკვე არეულია და გვექნება არასტაბილურობა. ამ ყველაფერს კი განმუხტავს ვადამდელი არჩევნები. სანამ საუბარს დავამთავრებთ, მინდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდო, ეს სხვა თემაა, ეროსი კიწმარიშვილს ეხება, მაგრამ ვფიქრობ, საინტერესო იქნება და ამ კვირაში ამაზე სკანდალიც აგორდება: როგორც გავიგე, ეროსი კიწმარიშვილი ფლობდა ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე, სადაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები ფიგურირებენ, ის აპირებდა ამ ინფორმაციის გამჟღავნებას და ამის შესახებ იცოდა პროკურატურამ. გავიგე ისიც, რომ ეროსი დაბარებული იყო პროკურატურაში სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე. საკითხი მძიმეა.


- რა საქმეზე ჰქონდა ინფორმაცია, იცი?

 

- ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვამბობ, რამდენიმე დღე მჭირდება და მერე გავამხელ. ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმე საქმეა, ძალიან სკანდალური. ჩემი აზრით, სწორედ ეს გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. რამდენიმე დღეში ამ თემაზე ბრიფინგს გავმართავ.

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016