ორიოდე დღის წინ, ტელეეკრანებთან მსხდომმა ახალგაზრდამ თუ მოხუცმა, კიდევ ერთხელ მოისმინა ე.წ. „უბორნიის" პოეტის ერეკლე დეისაძის სამარცხვინო სიმღერა „შენ გავხარ მამას, შენს ახვარ მამას..." ცოტა უფრო ადრე თინა მახარაძემ მორიგი უხამსობა გააჟღერა - ჩვენი სათაყვანებელი ბიბლია მიფუჩეჩებულია, თქვენ კი სამასოიანები ხართო... ალბათ, არც შევაჩერებდით თქვენს ყურადღებას ტვინნაღრძობი ადამიანების მორიგ სისულელეებზე, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - აღვირახსნილი პროპაგანდის ტირაჟირება ტელევიზიებით ხდება! სწორედ ამ თემაზე საუბრობს „რუსთავი-2"-ის გასართობი დეპარტამენტის ყოფილი მთავარი პროდიუსერი ბაკურ სვანიძე:
- თქვენ ვერ დამისახელებთ დემოკრატიულ ქვეყანაში ვერცერთ ცენტრალურ არხს, სადაც გაუშვებენ კლიპს - „შენ გავხარ მამას, შენს ახვარ მამას". ეს ერეკლე დეისაძისა და თუნდაც პაატა შამუგიას ბრალი კი არ არის, ზოგადად, ქართული ეროვნული მაუწყებლობის ტრაგედიაა! ტელევიზიებია დასასჯელი და არა დეისაძეები! ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ტელევიზიაში ვინმემ ეთერში რომ თქვას, შენს ახვარ მამასო, მეორე დღეს ის ტელევიზია პირისაგან მიწისა აღიგვება. ტელეკომპანია „იმედი" რომ ხარ და ეროვნული მაუწყებლობის პრეტენზია გაქვს, ასეთი რამ არ უნდა იკადრო! მეტიც, სერიოზულ, თავმოყვარე ტელევიზიაში რეკლამასაც კი არ გაუშვებენ, სადაც მშობლისადმი შვილის უპატივცემლობა იგრძნობა!
- „ასავალ-დასავალში" ბევრჯერ გვიმხელია ისინი, ციტატებიც დაგვიბეჭდავს, რომ უკეთ წარმოგვეჩინა მათი უზნეო შემოქმედება...
- რასაც „ასავალ-დასავალი" აკეთებს, ეს არის მხილება და არა მათი პიარი! მეც მითხრეს, რატომ უკეთებ თინა მახარაძეს ზედმეტ პიარსო? იცით, რა მომწერეს 15-16 წლის თინეიჯერებმა? შენი მამხილებელი ვიდეოს ნახვის შემდეგ მივხვდით, ვინ არის რეალურად თინა მახარაძეო. ამის შემდეგ კიდევ ვინმე მეტყვის, რომ მისთვის ყურადღება არ უნდა მიმექცია?! ორი-სამი ბავშვიც რომ გადავარჩინო ამ უტვინობისგან, ჩავთვლი, რომ საქმე გავაკეთე. შეგიძლიათ, თეატრალურ ინსტიტუტშიც გაიკითხოთ, ვინ არის თინა მახარაძე - ეს არის გოიმი და ქაჯი, რომელიც ყველა როლში ყოველთვის წარუმატებელი იყო. უვარგისობის გამო ცხრაჯერ არის როლებიდან მოხსნილი, მაგრამ შემდეგ მიაგნო ნიშას, სადაც ასეთ არარაობებს პოპულარულად აქცევენ. უთხრეს, თუ იტყვი, რომ ბოზი ხარ და ბიბლიას შეურაცხყოფ, სხვადასხვა შოუში მიგიწვევენ და პოპულარულს გაგხდითო.
პირდაპირ გეუბნებით, 1996 წელს მეც მქონდა ანალოგიური შემოთავაზება.
- საინტერესოა...
- მაშინ ლექსებს ვწერდი. თეატრალურ სარდაფში პოეზიის პირველი საღამო ჩავატარე, რომ ხალხზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენა შემძლებოდა და მითხრეს - თუ გაუწევ პროპაგანდას ლიბერალურ, არატრადიციულ იდეებს, გზა ხსნილი გექნება ტელევიზიებში, შენ, როგორც პოეტი, კომენტარებს გააკეთებ ყველანაირ თემაზე და პოპულარულიც გახდებიო. ცხადია, უარი ვთქვი, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ შემოთავაზებას ბევრი დათანხმდა. მაგალითად, დიდი მუსიკოსი სოფიკო ნიჟარაძე დღეს იმაზეც კი აკეთებს კომენტარს, რატომ გადახმა ნიახური ფარცხანაყანებში.
- ვისი მხრიდან გქონდათ შემოთავაზება?
- მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული ფრთისგან. ეს იყო სააკაშვილი და მისი ბანდა. მათ ჩაუყარეს ამ ყველაფერს საფუძველი ლიტერატურაშიც, ხელოვნებაშიც, განათლებაშიც და ჟურნალისტიკაშიც. ისეთი ადამიანები აქციეს გავლენიან, ცნობილ ჟურნალისტებად, რომლებმაც რეალურად წერა-კითხვა არ იცოდნენ. ეს პროცესი დღესაც გრძელდება! როდესაც ერთ ძალიან ცნობილ ბიზნესმენს პირადად ვუთხარი - ხალხი თანდათან აზრზე მოვა, ესენი კი საბოლოოდ გადავლენ ჭკუიდან-მეთქი, იცით, რა მიპასუხა? ამაში უზარმაზარი ფული იდება და 20-25 წელიწადში საქართველოში მცხოვრები ადამიანების 80 პროცენტი ამ იდეოლოგიის მატარებელი იქნებაო.
სხვათა შორის, ამ იდეას ემსახურება კახა ბენდუქიძის უმაღლესი სასწავლებლები და „საბას" პრემიის მინიჭებაც, სადაც ნორმალური გამარჯვებული, ფაქტობრივად, არ არსებობს. ძირითადად, ყველას დაცურებული აქვს! ის ბიზნესმენები, ვინც „საბას" აფინანსებენ, ლიბერტარიანელმა პროპაგანდისტებმა „დააბოლეს" ან თავადაც ასე ფიქრობენ, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა. ვერ აცნობიერებენ,რომ ეს საშინელებაა და უარყოფით შედეგებს მათი შვილები მოიმკიან.
დღეს ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ღირებულს ქმნის, არავის აინტერესებს, მეტიც, შიმშილით კვდება! გალაკტიონი ცოცხალი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, პოპულარული ვერ გახდეობდა! დაწერეთ, ძალიან გთხოვთ, იქნებ, ქართველი ბიზნესმენები მოვიდნენ აზრზე და ნიჭიერ ადამიანებში ჩადონ ფული!
კაცი, რომელიც ომობს, ციხეში მიდის, ის კი, ვინც მამას ახვარს ეძახის, ეთერიდან ჭკუას გვასწავლის! ამით, პრაქტიკულად, მომავალ თაობას ეუბნებიან - თუ გინდა „მაყუთი" გქონდეს და წარმატებული იყო, სამშობლოსთვის კი ნუ იომებ, მამაშენს ახვარი ეძახე და დედა შეურაცხყავიო... „ოცნებავ", ნუ გააჯეჯილებთ ნაციონალებს და მათი იდეოლოგიის მქონე ადამიანებს, გმირები დააფასეთ, თორემ, ასე შორს კი არა, ახლოსაც ვერ გაფრინდებით!
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"