reportiori.ge - ანზორ მაისურაძე: ხაზგასმით ვამბობ – ფარული მოსმენები უნდა გააკონტროლოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალმა უშიშროების სამსახურმა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 16:47
პრეს-დაიჯესტი
ანზორ მაისურაძე: ხაზგასმით ვამბობ – ფარული მოსმენები უნდა გააკონტროლოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალმა უშიშროების სამსახურმა!
ავტორი:
25 ნოემბერი, 2014. 19:01



პარლამენტს საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს - ვის ხელში იქნება ფარული მოსმენების გასაღები. მანამდე კი, ვიდრე დეპუტატები საკუთარ პოზიციას ღილაკზე თითის დაჭერით გამოხატავენ, გთავაზობთ უშიშროების გენერალ-მაიორის, ანზორ მაისურაძის მოსაზრებას, რომელმაც ნახევარ საუკუნეზე მეტი დაჰყო ამ სისტემაში:


- ბოლო დროს ვცდილობ, არ გავაკეთო საჯარო განცხადებები, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც საჭიროდ ჩავთვალე, ჩემი მოსაზრება და გამოცდილება საზოგადოებას გავუზიარო. გული მეტკინა, როცა ტელევიზიით ათასი სისულელე მოვისმინე ე.წ. ფარული მოსმენების კანონის მიღებასთან დაკავშირებით. მართალია, პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენი ფინანსური საშუალებებიც შეზღუდულია, მაგრამ სხვების სამასხროდ თავი არ უნდა გავიხადოთ. ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება და ამ საკითხის ასე სახალხოდ განსჯა, ამხელა ჟრიამულის ატეხა არ შეიძლება!


- ამ ეტაპზე ორი ძირითადი საკანონმდებლო პროექტია მომზადებული - ვახტანგ ხმალაძე თვლის, რომ ფარული მოსმენების გასაღები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უნდა გადაეცეს. უმრავლესობის მეორე ფრთა კი (ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილი) მიიჩნევს, რომ ფარული მოსმენების გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს უნდა ჰქონდეს! თქვენ რას ფიქრობთ?

 

-  ასი პროცენტით ვეთანხმები ირაკლი ღარიბაშვილს - ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ფარული მოსმენები სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს! დიახ, მე, ანზორ მაისურაძე, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება მაქვს და არაერთი ადამიანისთვის მომისმენია, მეტიც, უამრავი დამნაშავე გამომიმჟღავნებია, ვამბობ, რომ ფარული მოსმენები უნდა გააკონტროლოს შინაგან აქმეთა სამინისტროში შემავალმა უშიშროების სამსახურმა! მეტიც, ვფიქრობ, რომ შსს-ს, უშიშროების სამსახური უნდა გამოეყოს! ეს ორი სხვადასხვა სტრუქტურაა. თანამშრომლებიც კი ძირეულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ამა თუ იმ საკითხისადმი თავისი დამოკიდებულებით. ხაზგასმით ვამბობ - არ შეიძლება ფარული მოსმენების გასაღები რომელიმე კერძო სტრუქტურის ხელში იყოს, მობილურ კომპანიებს ან თუნდაც მარგეულირებელ კომისიას ჰქონდეს მასზედ კონტროლი! შეზღუდული რაოდენობის ხალხმა უნდა იცოდეს ვის, როგორ და რატომ უსმენენ...


ერთი კი მაინტერესებს, ამ ვახტანგ ხმალაძემ ყველაფერი როგორ იცის?! ყველა კანონს რომ წერს, საიდან იცის ამდენი?


- იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა!

 

- მერე რა, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა?! ეს სპეციფიკური საკითხია, რომელსაც კომპეტენტური პირის გამოცდილება სჭირდება. კი ბატონო, მთელი თავისი ცხოვრება პარლამენტში ზის, მაგრამ, პრაქტიკულად, მას ამ საკითხთან შეხება არასოდეს ჰქონია. როგორ შეიძლება ფარული მოსმენის გასაღები მარეგულირებელ კომისიას ჰქონდეს, რა საქმე აქვს მოსმენებთან ამ კომისიას?! ხმალაძეს ვურჩევდი, გაჩერდეს. არ იცის და იმიტომ! ან, რა იციან ფარული მოსმენების შესახებ არასამთავრობოებმა, ყველაზე მეტს რომ ლაპარაკობენ?! სხვათა შორის, ვიდრე უშიშროების სამსახურში მოვხვდებოდი, მეც ვფიქრობდი, რა საჭიროა მოსმენა და აგენტურა-მეთქი, მაგრამ, როცა საქმეში ჩავიხედე, დავრწმუნდი, რომ უშიშროების სამსახურის გარეშე სახელმწიფო ვერ იარსებებს! რამდენადაც გამართულია ეს სტრუქტურა, იმდენად ძლიერია სახელმწიფო!


უზნეობაა, მეტიც, დანაშაული, როდესაც პირადი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით სხვის საუბარს ისმენ, მაგრამ, როდესაც სახელმწიფოს, მის უსაფრთხოებას სჭირდება, ეს უზნეობა კი არა, ვალდებულებაა! ამაზე დავა სირცხვილიც კი არის. არასამთავრობოებმა კი არა, მთავრობამ უნდა მართოს ქვეყანა!


იცით, დავით აღმაშენებლის დროს რატომ იყო ჩვენი ქვეყანა ისეთი ძლიერი? მართალია, იმხანად არ არსებობდა მოსასმენი აპარატურა, მაგრამ სხვადასხვა გზებით მეფეთ მეფე ფლობდა ყველა ინფორმაციას, რაც საქართველოში ხდებოდა და არა მხოლოდ საქართველოში. ამიტომაც მართავდა ქვეყანას სწორად!


როდესაც საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, სულ იმის განცდა მქონდა, რომ ვიღაც მისმენდა. მეც არაფერს ვაკეთებდი ან ვამბობდი ისეთს, რომ მათთვის საინტერესო ყოფილიყო. შე მამაცხონებულო, რისი გეშინია? თუ ქვეყნისთვის საზიანო საქმეს არ აკეთებ, მოგისმინონ!


ე.წ. ლიბერალურად მოაზროვნე პარტიის თუ არასამთავრობოების წარმომადგენლებმა, დემოკრატიის საბაბით, ადამიანის უფლებებს გაცხარებით რომ იცავენ, იციან თუ არა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მარტო თავის ქვეყანას კი არა, მთელ მსოფლიოს უსმენს? როდესაც ერთ-ერთ კონგრესმენს ჰკითხეს - რატომ უსმენთო?! გვაქვს ამის შესაძლებლობა და იმიტომო... ჩვენ არ შეგვიძლია, მსოფლიოს მოვუსმინოთ, მაგრამ ვალდებულები ვართ, ქვეყნის შიგნით სიტუაცია გავაკონტროლოთ! მობილური ოპერატორებისთვის ფარული მოსმენების გასაღების მიცემა, იცით, რას ნიშნავს? უცხოელებს ოფიციალურად გადასცე მართვის პულტი! მაშინ სახელმწიფო კი არა, ტაკიმასხარა გამოდიხარ! ადამიანის უფლებების დაცვაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ქვეყნის ინტერესები ყველაზე მაღლა დგას! თუ ადამიანი ქვეყანას არ ემსახურება, არც სახელმწიფოა ვალდებული, მისი უფლებები დაიცვას! მოღალატეს თავზე ხელი კი არ უნდა გადაუსვა, პასუხი უნდა აგებინო!


- მოსმენების თემაზე განსაკუთრებით რეაგირებს ქართველი საზოგადოება. ორი წლის წინათ, სააკაშვილის ხელისუფლებიდან გასტუმრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო. ხალხი შიშით ტელეფონზეც კი ვერ ლაპარაკობდა...

 

- სააკაშვილი დედაბუდიანად ყველას უსმენდა და ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა, რაც დანაშაულია! ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს იმ ადამიანის მოსმენა რომლის მიმართაც საფუძვლიანი ეჭვი არსებობს. ყველას რომ მოუსმ ინო, მაშინ ნახევარი საქართველო უნდა იჯდეს და მეორე ნახევარს უსმენდეს.


- დაცვის რა მექანიზმი უნდა არსებობდეს, რომ რიგით მოქალაქეს არ ჰქონდეს განცდა, რომ მუდივად ვიღაც ისმენს მის საუბარს?!

 

- როდესაც საბჭოთა კავშირის დროს უშიშროებაში ვმუშაობდი, ამა თუ იმ პიროვნების მოსმენის შესახებ ჯერ პროკურორისგან უნდა მიგვეღო ნებართვა და შემდეგ ინაურისგან, ან მისი პირველი მოადგილისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლება არ გვქონდა, ვინმესთვის მოგვესმინა. თანაც, ყოველ ექვს თვეში მოსკოვიდან ჩამოდიოდნენ და ამოწმებდნენ, რამდენად სწორად ხდებოდა ამა თუ იმ პიროვნების მოსმენა. ვთვლი, რომ უნდა შეიქმნას ოთხ-ხუთკაციანი ჯგუფი, რომელიც უშიშროების ამ სამსახურს გააკონტროლებს. მთავარია, წესიერ ადამიანებს მისცე ამის უფლება, რომ არ მოხდეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და დაცული იყოს კონსპირაცია. თუ დამიჯერებენ, ასეა, თუ არადა, თავიანთი საქმის თავად იციან!

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016