reportiori.ge - ვახტანგ კომახიძე: ზურაბ ჟვანიას მკვლელობისთვის ყველაზე დაცული და უსაფრთხო ადგილი, შეიძლებოდა, სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილის ავტომანქანა ყოფილიყო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:28
ინტერვიუ
ვახტანგ კომახიძე: ზურაბ ჟვანიას მკვლელობისთვის ყველაზე დაცული და უსაფრთხო ადგილი, შეიძლებოდა, სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილის ავტომანქანა ყოფილიყო!
ავტორი:
25 ნოემბერი, 2014. 20:20



საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში, ერთ-ერთი ბუნდოვანი ეპიზოდია ის ავტოავარია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჟვანიას გარდაცვალების ღამეს შეემთხვა.


შეგახსენებთ, რომ 2005 წლის 3 თებერვლის ღამეს გიორგი ბარამიძე, რომელმაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ შეიტყო, საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინისაკენ გაემართა, სადაც პრემიერ-მინისტრისა და მისი მეგობრის რაულ უსუპოვის ცხედრები იქნა აღმოჩენილი, მაგრამ გზად მას დაურეკეს და უთხრეს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ავარიაში მოჰყვა,რის შემდეგაც ბარამიძემ მარშრუტი შეცვალა და საბურთალოს ქუჩის ნაცვლად, სახელმწიფო კანცელარიაში მივიდა.


რატომ მიჩუმათდა სააკაშვილის ავარიის ფაქტი? რატომ არ აღიძრა საქმე პრეზიდენტის ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით? სად გაქრა სააკაშვილის ნაავარიევი მანქანა და რა კავშირშია ეს ყველაფერი ზურაბ ჟვანიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან? - ეს არის კითხვები, რომლებზეც ცალსახა და დადასტურებული პასუხები დღემდე არ არსებობს.


ვესაუბრებით სააკაშვილის რეჟიმის მიერ საქართველოდან განდევნილ და პოლიტემიგრაციაში მყოფ ცნობილ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს, რომლის მიერ ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებით გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა - „ტყვიის გარეშე" - ფაქტობრივად, თავდაყირა დააყენა ნაცხელისუფლების მიერ შეთხზული ვერსია, თითქოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თავის მეგობართან ერთად გაზმა გაგუდა.


- ვახო, რა იცით, იმ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელიც სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ღამეს შეეთხვა?

 

- ამ ავტოავარიის შესახებ ინფორმაცია ჩემი და გიორგი ბარამიძის საერთო მეგობრის მეშვეობით მივიღე. დიახ, რამდენჯერმე ვცადე ბარამიძეს უშუალოდ დავლაპარაკებოდი, მაგრამ მან უარი თქვა ჩემთან შეხვედრაზე. ამის შემდეგ ბარამიძეს შეხვდა ჩემი მეგობარი და მისი ნალაპარაკევი გადმომცა.


- და რაო, რა შემოგითვალათ ბარამიძემ?

 

- როცა სააკაშვილმა შეიტყო ჟვანიას გარდაცვალების ამბავი, სასწრაფოდ წამოვიდა მანქანით შემთხვევის ადგილისაკენ, მაგრამ გზად ავარია მოუვიდა - ბოძს შეეჯახა.


თუ არ ვცდები, ბარამიძეს მერაბიშვილმა დაურეკა და უთხრა, მიშა ავარიაში მოჰყვა, კანცელარიაშია და იქ მიდიო. ბარამიძემ, რომელიც ამ დროს საბურთალოს ქუჩაზე მიდიოდა, სადაც ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრები ეგულებოდა, მარშრუტი შეცვალა და სააკაშვილან წავიდა.


საერთო მეგობრისაგან, რომელიც ჩემსა და ბარამიძეს შორის შუამავალი იყო, ასეთი ფრაზაც მახსოვს - ბარამიძემ თქვა, რომ მივედი, მიშას ნაავარიევის არაფერი ეტყობოდაო?


- კონკრეტულად რა ადგილას მოუვიდა სააკაშვილს ავარია?

 

- ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილს ავარია შეემთხვა მაჩაბლის ქუჩაზე. უფრო კონკრეტულად, „თავისუფლების მოედნიდან" მაჩაბლის ქუჩაზე რომ აუხვევ, მარცხენა მხარეს, მეორე თუ მესამე ბოძზე მოხდა მანქანით შეჯახება. მე თავის დროზე დავათვალიერე ეს ადგილი და ბოძს დაზიანების კვალი მართლაც ეტყობოდა.


- სააკაშვილი თვითონ იჯდა საჭესთან?

 

- დიახ, მაშინ ასეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ საჭესთან პირადად სააკაშვილი იჯდა!


არსებობს ასეთი ვერსია: თუ ჟვანია მოკლეს და ამ მკვლელობის დაკვეთა ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან მოდიოდა, მაშინ სააკაშვილი ყველანაირად იზრუნებდა, რომ ჟვანიას მკვლელობის კვალი მასთან არ მისულიყო! მეორე მხრივ, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მკვლელობისათვის ყველაზე დაცული და უსაფრთხო ადგილი, შეიძლებოდა, სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილის ავტომანქანა ყოფილიყო!

- ეს ვერსია თავის დროზე ირინა სარიშვილმა გაახმიანა და განაცხადა, რომ ჟვანია სააკაშვილის ესკორტის მანქანაში მოკლეს!

 

- ირინა სარიშვილთან მე მქონდა ლაპარაკი ამ თემაზე და მან სწორედ ჩემთან საუბრის შემდეგ გააკეთა ეს განცხადება. არ ვიცი, ჩემს ნალაპარაკევს დაეყრდნო თუ რამე სხვა წყარო ჰქონდა!


სააკაშვილი შინაგანად, შესაძლოა, ორღობის პრეზიდენტი იყო, მაგრამ ფორმალურად ქვეყნის პრეზიდენტად ითვლებოდა და წარმოუდგენელია, რომ იგი შუაღამისას თავად მოახტა მანქანას, დაცვამ ვერ გააკავა, მარტო წამოვიდა და ავარიაში მოჰყვა. ეს ცოტა არ იყოს, ზღაპარს ჰგავს! დაცვა ამის უფლებას არ მისცემდა პრეზიდენტს! დიახ, დაცვამ ასეთი რამ რომ გააკეთოს, ე.ი. ციხეში წასვლაზე უნდა მოაწეროს ხელი!


- თუ სააკაშვილი მართლა ავარიაში მოჰყვა, ამაზე საქმე არ უნდა აღძრულიყო?

 

- რა თქმა უნდა, პრეზიდენტს დაცვის წევრების დაუდევრობის გამო ავარია თუ შეემთხვა, ამაზე აუცილებლად საქმე უნდა აღძრულიყო! ახლა, შეიძლება, ვინმემ თქვას, სააკაშვილმა საკუთარი დაცვის წევრს ხელი დააფარა და ამიტომ არ აღიძრა საქმეო, მაგრამ ე სისულელეა! ასეთი რამ  არ ხდება, სახელმწიფოში ასეთი რამ არ არსებობს!


სად გაქრა სააკაშვილის ნაავარიევი მანქანა? მე ვეძებდი ამ მანქანას, მაგრამ არანაირი ინფორმაცია არ მომცეს, იმ მოტივით, რომ თითქოს ეს სახელმწიფო საიდუმლოება იყო!


გასაჩივრებულიც მქონდა და სასამართლოს ძალით ვითხოვდი, სააკაშვილის ნაავარიევი მანქანის შესახებ ინფორმაცია მოეცათ, მაგრამ ვერაფერს გავხდი! სხვათაშორის, იმ სასამართლოზე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს არც უარყვია, რომ სააკაშვილი ავარიაში მოჰყვა, მხოლოდ იმას მეუბნებოდნენ, ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა და ინფორმაციას ვერ მოგცემთო!


დღეს სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ არის და მისი ავტოავარიის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება არანაირ სახელმწიფო საიდუმოებას აღარ წარმოადგენს. ახლა მაინც ნახონ, რა მოუვიდა იმ მანქანას, რომელიც ავარიაში მოჰყვა?! რა დაემარა მძღოლს, სააკაშვილი იყო ეს თუ სხვა ვინმე?! რატომ არ აღიძრა საქმე?! რატომ არ წავიდა გამოძიება?! რატომ არ ჩაუტარდა ექსპერტიზა ნაავარიევ მანქანას?!


ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ, რომ, კიდევ ვიმეორებ, პრეზიდენტის მანქანა ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი და დაცული ადგილი იქნებოდა ისეთ მაღალი დონის დანაშაულის ჩასადენად, როგორიც არის პრემიერ-მინისტრის მკვლელობა!


- დავუშვათ, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა სააკაშვილის ავტომანქანაში მოხდა. ამასთან რაიმე კავშირში შეიძლება იყოს ის, რომ ეს მანქანა ავარიაში მოჰყვა?

 

- რამდენიმე ვერსია, შეიძლება, განვიხილოთ! გია ბარამიძე თავს იკლავს, ზურაბ ჟვანიას ძალიან ახლო მეგობარი ვიყავიო, მაგრამ არ იყო მთლად ისეთი მეგობარი, როგორადაც თავს დებს! ზურაბ ჟვანიას უფრო კარგი და პატიოსანი მეგობრები ჰყავდა, ვიდრე გიორგი ბარამიძე!


თუნდაც ეს ერთი ფაქტი ავიღოთ - ბარამიძე მიდიოდა თავისი მეგობრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ადგილზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სააკაშვილის ავარიის გამო არ წავიდა იქ და მივიდა მიშასთან! გამოდის, რომ ბარამიძისათვის სააკაშვილი უფრო ახლობელი იყო, ვიდრე ზურაბ ჟვანია!


შეიძლება, სააკაშვილის ავარიის ისტორია იმისათვის მოიგონეს, რომ ბარამიძისთვის მარშრუტი შეეცვალათ და უდროო დროს არ მისულიყო საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინაში, თეორიულად ამის დაშვებაც შეიძლება, მაგრამ სააკაშვილის მანქანის კვალი რატომ იკარგება?!


შეიძლება, ჟვანიას სიკვდილის დროს ეს მანქანა სხვაგან იყო და ავარიაში სპეციალურად მოახვედრეს, რომ სულ სხვა ადგილას დაეფიქსირებინათ!


მოკლედ, ძალიან ბევრი ეჭვი შეიძლება არსებობდეს და დღევანდელმა პროკურატურამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს!


- ვახო, როგორც ცნობილია, ზურაბ ჟვანიას საქმეში არ დევს მისი ტანსაცმელი, რომელიც სიკვდილის დღეს ეცვა. ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, ვინ და სად გააქრო პრემიერ-მინისტრის ტანსაცმელი?

 

- ჟვანიას ტანსაცმელი თავდაპირველად საქმეში არსებობდა, მაგრამ შემდეგ გაქრა.


ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელ ერთ-ერთ ქალბატონს, რომელსაც ზურაბ ჟვანიას ტანსაცმელზე ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზა უნდა ჩაეტარებინა, ეს ტანსაცმელი საკუთარ კაბინეტში ჰქონდა, მაგრამ ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელმა ლევან სამხარაულმა გამოართვა და ამის შემდეგ ეს ტანსაცმელი აღარ გამოჩენილა!


უშიშროების რამდენიმე თანამშრომლისაგან, რომლებსაც ზურაბ ჟვანიას ცხედრის ფოტოები ჰქონდათ ნანახი, ვიცოდი, რომ ჟვანიას ტანსაცმელი ტალახიანი იყო! ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზა დაადასტურებდა, რომ ჟვანიას ტანსაცმელი ტალახით იმ ბინაში ვერ დაისვრებოდა! ბუნებრივია ისიც, რომ იმ ბინაში პრემიერ-მინისტრი ტალახში ამოგანგლული არ მივიდოდა! ამიტომაც გააქრეს საქმიდან ჟვანიას ტანსაცმელი!


- ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ამსახველ ფოტოებზე, რომლებიც ცოტა ხნის წინათ ინტერნეტში გავრცელდა, კარგად ჩანს, რომ უსუპოვს ტალახიანი შარვალი აცვია!

 

- დიახ, უსუპოვის შარვალიც ტალახიანი იყო და ზურაბ ჟვანიასიც!


- მაშინ, ჟვანიას ტანსაცმელი თუ გააქრეს, იგივე ლოგიკით, უსუპოვის ტანსაცმელიც არ უნდა გაექროთ?

 

- უსუპოვის ტანსაცმელი რატომ არ გააქრეს, ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ! ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ გამქრალია ჟვანიას ტანსაცმელი და პასუხი უნდა ვეძებოთ სწორედ იმაზე, რატომ გააქრეს ეს ტანსაცმელი?!


რაც შეეხება „ჰაკიმ ფაშას" სახელით ინტერნეტში გავრცელებულ სურათებს, მე თავიდანვე მქონდა ინფორმაცია, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ამსახველი ფოტოები ინახებოდა ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ე.წ. „ოტოს" ხელმძღვანელის კოტარიას კაბინეტში, რომელიც იყო დათა ახალაიას ხელისბიჭი და იქ მსჯელობდენ, რა ექნათ ამ ფოტოებისათვის!


- რამდენიმე დღის წინათ სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა ზურაბ ჟვანიას საქმის ერთ-ერთი ექსპერტი, პათანატომი მამუკა ჩხაიძე, რომელმაც პროკურატურას ჩვენება მისცა და სასამართლო პროცესზეც განაცხადა, რომ ჟვანიას ცხედარს უამრავი სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა. ასეთი მოწმის უცაბედი სიკვდილი ეჭვებს არ აღგიძრავთ?

 

- ამ ადამიანს არ ვიცნობდი და მის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ერთი რამ ანბანური ჭაშმარიტებაა - სისხლჩაქცევა ადამიანმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ სიცოცხლის დროს, ან სიკვდილიდან ძალიან მოკლე პერიოდში - სულ რამდენიმე წუთში. შეუძლებელია, ცხედარმა მიიღოს სისხლჩაქცევა!


ზურაბ ჟვანიას ცხედარს ტუჩზე რომ სისხლჩაქცევა ჰქონდა, ეს იმთავითვე ბევრმა შეამჩნია და გავრცელებულ ფოტოებზეც კარგად ჩანს. დაცვის წევრი ხარშილაძე ამბობს, ბინაში რომ შევედი, ზურაბ ჟვანიას ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარე და ტუჩი ამ დროს დავუზიანეო!


ხარშილაძე იმასაც ამბობს, რომ მან ბინაში ფანჯრიდან შეაღწია. თუ ხელოვნური სუნთქვის ჩატარებამდე ჟვანია ცოცხალი იყო, როგორც კი ხარშილაძე ფანჯარას გააღებდა და ოთახში ჰაერი შევიდოდა, ჟვანიას ეს ჰაერი გადაარჩენდა და ხელოვნური სუნთქვის ჩატარება აღარ დასჭირდებოდა.


თუ ოთახში შესულმა ჰაერა ჟვანია არ მოასულიერა, ე.ი. უკვე გარდაცვლილი იყო და ხელოვნური სუნთქვის ჩატარება მიცვალებულის ტუჩზე სისხლჩაქცევას ვერ გამოიწვევდა!


აი, ამ დეტალებზე რატომღაც არავინ არასოდეს იფიქრა, არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქმისათვის! პროკრატურამ ამ მიმართულებითაც აქტიურად უნდა იმუშაოს!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016