reportiori.ge - მამუკა არეშიძე: „ირაკლი ალასანიას გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა გიგა ბოკერიასთან და ხვდებოდა კიდეც მას“!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:36
პრეს-დაიჯესტი
მამუკა არეშიძე: „ირაკლი ალასანიას გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა გიგა ბოკერიასთან და ხვდებოდა კიდეც მას“!
ავტორი:
25 ნოემბერი, 2014. 20:24


 

ბოკერია-ალასანიას პოლიტიკური ურთიერთობის შესახებ ბევრჯერ სხვადასხვა ისტორიებიც გავრცელდა მათი ფარული შეხვედრების შესახებ, თუმცა ირაკლი ალასანია ყოველთვის უარყოფთა „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერთან რაიმე ტიპის კავშირს. ადრე, როდესაც ნაციონალები ხელისუფლებაში იყვნენ, უშიშროების საბჭოს მაშინდელ ხელმძღვანელთან შეხვედრას ოპოზიციონერი ალასანია საარჩევნო გარემოს ირგვლივ არსებული პრობლემებით ხსნიდა, მოგვიანებით კი ნაციონალებისა და „თავისუფალი დემოკრატების" ერთად ხსენება მხოლოდ და მხოლოდ პრობლემებს უქმნიდა და, შესაბამისად, ცდილობდა, ნებისმიერი ეჭვი გაექარწყლებინა.


ამჯერად მათი შეხვედრა უკვე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა და, პრინციპში, ის გარდაუვალიც იყო, ანუ ალასანია ბოკერიასთვის ხელის ჩამორთმევას თავს ვერანაირად ვერ აარიდებდა. კანადაში, ჰალიფაქსის 2014 წლის უსაფრთხოების ფორუმში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას გარდა, ეკა ტყეშელაშვილი, გიგა ბოკერია და დათო სიხარულიძეც მონაწილეობდნენ. ჰალიფაქსის  უსაფრთხოების მეექვსე ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი მიმდინარე წლის ნოემბერში კანადაში გაიმართება. უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო ფორუმზე ყოფილი მინისტრი სიტყვით გამოვიდა.


„თავისუფალი დემოკრატების" წევრები აცხადებენ, რომ მსგავს ფორუმებს მათი პოლიტიკური ძალა არასოდეს გამოტოვებს და ყოველთვის გამოიყენებს.


ვიქტორ დოლიძე: „თავისუფალი დემოკრატების" წევრი:


- არავითარი საერთო ვიზიტი არ არის.


- უბრალოდ, დაემთხვა?

 

- ასე ძალიან ხშირად ემთხვევა ხოლმე, ჩემს შემთხვევაშიც არის ხოლმე დამთხვევები, ეს იქნება საპარლამენტო ასამბლეა თუ უსაფრთხოების ფორუმი. როგორც წესი, ასეთი ტიპის ვიზიტებისას, იქ არიან ხოლმე „ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ნაციონალები და ჩვენ.


- თუმცა მაშინ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებაში ისედაც არსებობს კითხვები...

 

- „ნაციონალურ მოძრაობასთან" არანაირ კოალიციურ ურთიერთობას არ ვაპირებთ, საერთოდ არ ვაპირებთ ურთიერთობას მათთან. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ ამის შესახებ. ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის წინააღმდეგ ამდენი წლის განმავლობაში ტყუილად ნამდვილად არ გვიბრძოლია. ეს არ არის დამთხვევა, უბრალოდ, დაპატიჟეს ბოკერია, ასევე დაპატიჟეს ირაკლი ალასანია და კიდევ ბევრი სხვა. ჩვენ ნებისმიერ ფორუმს აუცილებლად გამოვიყენებთ.


- რაც შეეხება რეიტინგს, მას შემდეგ, რაც კოალიციიდან გამოხვედით, დამოუკიდებლად ხომ არ ჩაგიტარებიათ კვლევა?

 

- არა, ჯერ ნამდვილად არ ჩაგვიტარებია, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად უნდა ჩავატაროთ და პარტიაშიც გვილაპარაკია ამაზე. მაგრამ  კვლევის ჩატარება საჭიროებს, პირველ რიგში, ძალიან კარგ საველე სამუშაოებს, შესაბამისად, ასეთივე კომპანია უნდა დაიქირავო.


- თქვენ ამბობთ, რომ ასეთი კომპანიის პოვნა რთულია, არავის არ ენდობით?

 

- არა, მე ვამბობ, რომ ჩვენ ამისთვის ჯერ არ მოგვიცლია. ისე კი, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ ამაზე და რა თქმა უნდა, შევამოწმებთ ჩვენს რეიტინგებსაც. დარწმუნებული ვარ, ჩვენი რეიტინგი მაღალი იქნება.


- რამ შეიძლება დაგიგდოთ რეიტინგი? ამ საკითხებს თუ განიხილავთ?

 

- „თავისუფალ დემოკრატებს" რა ნაბიჯებიც გადაუდგამთ დაარსების დღიდან, საზოგადოებისთვის ნათელია და იგივენაირად ნახავს საზოგადოება, რა ნაბიჯებს გადავდგამთ მომავალშიც. შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, დაგვიჭერენ თუ არა მხარს. ჩვენ არასახელმწიფოებრივ ნაბიჯს არასოდეს გადავდგამთ, ამაში ყველა დარწმუნებული იყოს.


ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბოკერია-ალასანიას შეხვედრა კანადაში მხოლოდ ხელის ჩამორთმევით ვერ შემოიფარგლებოდა. ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ მათ შორის დიალოგი და შიდა პოლიტიკური საკითხების განხილვაც ასევე გარდაუვალი იქნება...



ვახტანგ ძაბირაძე, ექსპერტი:


- მათ შორის საუბარი აუცილებლად შედგებოდა, სხვანაირად გამორიცხულია, რადგან ორივე ერთი ქვეყნიდან არიან, ერთად იქნებიან იქ. რაც შეეხება რაიმე ტიპის შეთანხმებას, ეს ბოკერიასა და „ნაციონალურ მოძრაობას", ცხადია, აწყობთ, მაგრამ არა მგონია, ეს მოხდეს,რადგან ის არ აწყობს ალასანიასა და მის გუნდს. რაიმე ტიპის შეთანხმებას გამოვრიცხავ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც. ეს არ არის ისეთი რთული საკითხი, რომ ალასანია ვერ ხვდებოდეს. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, როგორი კონფიდენციალურიც არ უნდა იყოს შეხვედრა, საქართველოში ის მაინც გამჟღავნდება.


ის, რომ ალასანია-ბოკერიასთვის ეს არც პირველი და არც უკანასკნელი შეხვედრა-მოლაპარაკება არ არის, ამას ექსპერტი მამუკა არეშიძეც ვარაუდობს. არეშიძის განცხადებით, ირაკლი ალასანია ჯერ კიდევ მინისტრობის პერიოდში ხვდებოდა გიგა ბოკერიას.


მამუკა არეშიძე, ექსპერტი: - ირაკლი ალასანიას გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა გიგა ბოკერიასთან და ხვდებოდა კიდეც მას მაშინ, როდესაც ის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იყო. ახლაც ვიცი, თუმცა ზუსტად რა ინტენსივობით ჰქონდათ შეხვედრები, არ ვიცი. რბილად რომ ვთქვათ, ირაკლი ალასანიას გარკვეული პოლიტიკური მოძრაობები ახასიათებდა, რომელიც ხშირად არ ჯდებოდა კოალიციის პოლიტიკის ჩარჩოში.

 

ხათუნა მგალობლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016