reportiori.ge - კოტე კუბლაშვილის დაცვის ყოფილი წევრი „ქრონიკას“ კულუარულ ფაქტებს უმხელს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:41
პრეს-დაიჯესტი
კოტე კუბლაშვილის დაცვის ყოფილი წევრი „ქრონიკას“ კულუარულ ფაქტებს უმხელს!
ავტორი:
25 ნოემბერი, 2014. 20:25



უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ის კაცია, ვინც თემიდას სასწორზე ფეხი თვითნებურად შეუყო და პინაზე დაჭერით „ალია"-„ქრონიკას" სამართალი ორჯერ გადაწონა: ალალ-მართლებს უტიფრად გვითხრა, მტყუანები ხართო. ჯერ საქვეყნოდ პედოფილიაში მხილებული, მიშას ბაში-აჩუკი, ოთარ კობერიძე გამოიყვანა ფრთიან ანგელოზად, მერე - „ფრესკოში" ნაყიდი აყროლებული ქათამი, რომელსაც პროფესიონალებმა ექსპერტიზაც კი არ ჩაუტარეს, ისე ქოთდა, უუუ-მაღლესი ხარისხის ნედლ ქათმად გაასაღა... მოკლედ, გვერჩის ეს კაცი „ნაცპარტიის"" სახელით. მასზე ბევრი დაგვიწერია და ბევრს დავწერთ კიდეც, რადგან კუბლაშვილის ე.წ. სასამართლოში უამრავი უსამართლობა ხდება და სანამ იქ კოტეა, სამწუხაროდ, ისევ მოხდება... ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი კუბლაშვილის პირად დაცვაში მუშაობდა წლები, შიდა სამზარეულო კარგად იცის და "ქრონიკას" საინტერესო, გაუხმაურებელ ფაქტებს უყვება. 


წყარომ ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, მას ამის უფლებას კანონი აძლევს. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ჩანაწერი გვაქვს, რომელსაც საგულდაგულოდ შევინახავთ, რადგან სადაც არქიმანდრიტი სერაფიმე და ძებნილი-დამნაშავე კეზერაშვილი გვიჩივის, არც გაგვიკვირდება, მათ რიცხვს, სასამართლოს თავმჯდომარის სახელი თუ მიემატება... 


- მასთან ვიყავი პირად დაცვაში და ვიტყვი მარტო ფაქტებს, რაც ვიცი. როგორც კი ბიძინა მოვიდა, ეგ კუბლაშვილი იყო მოსაშორებელი! კოტე კუბლაშვილის სახლში „სტოსი" მიჰყავს მის ცოლს მარის, „ვლასტი" მთლიანად ამ ქალის ხელშია. ერთხელ კოტე სტუმრად იყო მარიკა ვერულაშვილთან და იქ მოხდა ისე, რომ პირადი დაცვის უფროსმა ერთი ჭიქა ღვინო დალია, ეს კოტემ შეამჩნია და დაურეკა ქველიძეს (ქველიძე მიშას დროს იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, რომელიც თემურ ალასანიას ქვისლია და ახლაც არის ბეჟუაშვილების ერთ-ერთ კომპანიაში უსაფრთხოების ხელმძღვანელად), უთხრა, ჩემი პირადი დაცვა გათხლეშილი მთვრალიაო. ამ დროს ყველა დანარჩენი ბიჭი აბსოლუტურად ფხიზელია, მარტო ხელმძღვანელმა დალია ის ერთი ჭიქა და კოტემ, - ყველას გაგყრითო. ბიჭები დაფიქრდნენ და გადაწყვიტეს კუბლაშვილის ცოლს დაკავშირებოდნენ, მართლაც, მოუყვნენ გასაჭირი და მარიმაც არც აცხელა, არც აცივა და ქმარს დაურეკა. კუბლაშვილს ამ დროს თათბირი აქვს და არ იღებს ყურმილს. მარიმ მისწერა მდივანს, კოტემ დროზე აიღოს ყურმილი და ბიჭები სამსახურიდან არ გაყაროს, თორემ სახლში ვერ მოვაო. კოტემ რომ მაინც არ უპასუხა, პირადად დაურეკა ქველიძეს და საქმე მოუგვარა. 


- ვააა, გიჯიგრათ? 


- კი, რადგანაც პირადი დაცვა მის შვილსაც დაჰყვებოდა და იცოდა, შვილს ვის აბარებდა. იმის თქმა მინდა, რომ საქმის კაცური გადაწყვეტა ცოლს უფრო შეუძლია. მაგ ცოლ-ქმართან ყველაფერში პირველი მარია, თავად კოტე მართვადი პიროვნებაა და ეს დამტკიცდა კიდეც. როგორია, იცით? ესაა პედანტი, ძალიან მეწვრილმანე, ყველაფერს აკვირდება, გვერდში დგომა, მეგობრებთან ურთიერთობა და ქეიფი მისგან გამორიცხულია... დაცვა ვხედავდით, რომ თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ ადეიშვილი მოდიოდა ხოლმე მასთან. 


- სახლში? 


- არა, სასამართლოში და ყველაზე მცირე სამი-ოთხი საათი გაუტარებიათ ერთად. ზურა ადეიშვილი დიდი „პაპკით" მოდიოდა ხოლმე და შუაღამეს სასამართლოში ყველაფერი რომ მოკვდებოდა, მაშინ „წიომნად" ჰქონდათ თათბირები. კოტე მაგასთან ვერ მივიდოდა პროკურატურაში, იქ ხალხმრავლობაა და უზენაესი ამისთვის ზედგამოჭრილი იყო. მაგ თათბირებს ესწრებოდნენ თანამდებობის პირები და ვალერი ცერცვაძეც, სააპელაციოს თავმჯდომარე და კოტეს მოადგილე ჩინჩალაძე. ასე იყო 2012 წლამდე. 


- რაზე ლაპარაკობდნენ? 


- დაკვირვებულები ვიყავით, რომ, როცა ადეიშვილი მოდიოდა, ორ-სამ დღეში დიდი სპეცოპერაცია ან დაჭერები უნდა მომხდარიყო. ერთი ასეთი თემა იყო, ბოჭორიშვილის, ვითომ ნარკოკარტელის საქმე რომ გასკდა, ადეიშვილი ორი დღით ადრე იყო მოსული და, სავარაუდოდ, უთანხმებდა იმ პირების სიას, ვისთვის რა სასჯელი უნდა მიეცათ. ზუსტად ვიტყვი, რომ მთელ სასამართლოს ადეიშვილი მართავდა: რომელ მოსამართლეს რა საქმე უნდა დასწეროდა, ვისთვის რა გირაო უნდა შეეფარდებინათ, ყველაფერს ზურა წყვეტდა. კოტე ეთანხმებოდა და უსრულებდა... ჩვენ იმ ლაპარაკს ვინ დაგვასწრებდა, ეს ისეთი საუბრებია, პირადი დაცვაც ტოვებდა ოთახს, მაგრამ ამბები მაინც ჟონავდა. თვითონ ვიცი ჩემი მეგობრისგან, რომელიც მაშინ მანდატურად მუშაობდა საქალაქოში, რომ მამია ფხაკაძე იყო მანდ და მას პირადად ჰქონდა მითითება მიღებული ადეიშვილისგან, რომ 2012 წლამდე გირაოზე ასი ლარის დაკლებაც რომ მოგინდეთო, ჩემთან უნდა იყოს შეთანხმებულიო. ანუ მოსამართლე საკუთარი ინიციატივით იმ ას ლარსაც ვერ დააკლებდა, ამ დროს რა გირაოები იყო, ხომ გახსოვთ? 100 000-ს კაპიკი არ აკლდებოდა! აი, ამ ყველაფერის სათავეში იდგა ადეიშვილი.


- თავად ადეიშვილი როგორი იყო ურთიერთობაში? 


- უსახური! ხომ პატარა იყო და, უზენაესში რომ შემოდიოდა, დაცვა ისე ეფარებოდა ყველანაირად, რომ არ გამოჩენილიყო. კოტეს ახლა ვინც ჰყავს მოადგილეებად, როინიშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე, ერთი ადმინისტრაციულს კურირებს და ერთიც - სამოქალაქოს, ორივე პროკურატურის კადრია. ჩინჩალაძე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ადეიშვილის დეიდაშვილია. თავის დროზე მცხეთა-თიანეთის პროკურორი იყო და, ერთ საქმეზე როცა სასამართლოში მოსამართლე ეუბნება, რომ ადვოკატმა თავისი თქვა და ახლა თქვენ, პროკურორმა კაცმა თქვით რამეო, მას ეკუთვნის სიტყვები, დუმილის უფლებას ვიტოვებო, წარმოგიდგენიათ? 


- კი, ანეკდოტად დადიოდა ეს ამბავი... 

 

- ჩინჩალაძე 2012 წლამდე აბსოლუტურად ყველაფერს განკარგავდა და კურირებდა ადმინისტრაციულში. 


...2009 წელი იყო და კარვების ქალაქი რომ გახდა თბილისი, მაშინ ვნახეთ, როგორ შეეშინდა! მაშინ დაცვას, შენობიდან რომ გამოვიდოდა, 50 ლარს გვაძლევდა საჭმლისთვის, - აჰა, ბიჭებო, იკვებეთო. როგორც კი „გრეჩიხების" აქციამ გადაიარა, ისევ ამოიკერა პირი და გამარჯობასაც არ გვეუბნებოდა ძველებურად. 


- სტუმრიანობა იცის ამ ოჯახმა? 


- არანაირად. პალიკო კუბლაშვილი ხომ ძმაა? ისიც არ დადის მაგასთან. ძალიან იშვიათად გვინახავს მოსული. დედა ჰყავს კოტეს და თბილისში რომ ჩამოდიოდა ის ქალი, კოტეს დასთან ჩერდებოდა. „აჭარის" წინ კუბლაშვილების და ცხოვრობს და იმასთან ჩერდებოდა ის ქალი. ანუ საკუთარი დედაც არ რჩებოდა მაგასთან... პალიკოზე გამახსენდა: მითხრეს, რომ წელს, გაზაფხულზე პალიკო და მამუკა ახვლედიანი იყვნენ მისულები კოტესთან, ღამის დაახლოებით თერთმეტ საათზე და ასე, 2 საათი გაჩერდნენო. ბუნებრივია, რომელიღაც გადაწყვეტილებზე იქნებოდა ლაპარაკი, რადგანაც საქალაქო სასამართლოში კიდევ არის ფრთა მოსამართლეებისა, რომლებსაც ისევ კოტე კუბლაშვილი აკონტროლებს. უზენაესში ერთადერთი 2005 წლიდან მოსამართლეა ნათია წკეპლაძე, რომელმაც წლები ისე გამოიარა, თავი არ დაუხრია კუბლაშვილისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მისი მოშორება ძალიანაც უნდოდათ ტურავასა და გვენეტაძის მსგავსად, ნათია 2012 წლამდე ვერანაირად მოიშორეს, არადა ნათია სწორედ ჩინჩალაძის საკურატოროში იყო და რა არ უარა გარშემო ჩინჩალაძემ წკეპლაძეს, რა არ უქექა, მაგრამ ვერაფერი! სამაგიეროდ, ბოლოს საქმეებს არ აწერდა, რადგანაც ნათიას ის გადაწყვეტილება გამოჰქონდა, რაც მართალი იყო და პროკურატურის ზარები ეკიდა. 


- როგორ ახერხებდა? 


- ახერხებდა, იყო პრინციპული და არ ეშინოდა, მაგრამ ბოლოს დადიოდა და მარტო ხელფასს იღებდა - საქმეს მას არ აძლევდნენ, მაგრამ ვერც მოუშარეს რამე, რადგანაც, როგორც გითხარით, იმ მოსამართლეების გაშვების შემდეგ მოერიდნენ კიდევ სკანდალს, რადგანაც ეს ნათია კარგი ავტორიტეტით სარგებლობს იურისტებში. არის უმაგრესი მცოდნე, მისი სახელმძღვანელოთი სწავლობენ სტუდენტები და კუბლაშვილი უძლური გახდა, ვერ გააგდო... 


2012 წლამდე საქალაქო სასამართლოს ადეიშვილი აკონტროლებდა ჩინჩალაძის ხელით, მაგიტომ იყო, ადეიშვილის წასვლის შემდეგ გაეხსნა ხელ-ფეხი კოტეს და მაგის შემდეგ დანიშნა მამუკა ახვლედიანი, რომელიც ბიუროს ყოფილი უფროსია და რუსთავის საქალაქოს თავმჯდომარე იყო, მერე გადმოიყვანა თბილისში, მანამდე მამია ფხაკაძე თავფეხიანად ჩინჩალაძის კაცი იყო, მთელი სააპელაციოც მაგისი იყო და რეგიონები ხომ იყო და იყო. სქემა ასე იყო: მომავალი მოსამართლეები ჯერ პროკურატურით იწყებდნენ, მერე მიშას ძმასთან იყვნენ იუსტიციის სკოლაში და მერე ადეიშვილი მოსამართლეებად უშვებდა. 


- და დღეს სააკაშვილის ძმები სად არიან? 


- დათო საქართველოში არ არის, ეგ იყო იუსტიციის სკოლის დირექტორი. და მეორე ძმა - საერთოდ არ გამოჩენილა უზენაესში, არც კუბლაშვილთან არ გვინახავს, ეგ ისედაც არ ჩნდებოდა მანამდეც. დათო კი უფრო მოძრაობაში იყო, ხშირად მინახავს მოსული. 


კოტე 2015 წლის თებერვალში მიდის და წესით, მთელი მისი შანტრაბა გაჰყვება, მამუკა ახვლედიანიც გაჰყვება და იუსტიციის საბჭოს მდივანიც და მოადგილეებიც... მოკლედ, ადეიშვილის კადრებისგან განთავისუფლდება მანდაურობა... 

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016