reportiori.ge - კახა თარგამაძე: ამერიკელებს პრეზიდენტად ზურაბ ჟვანია უნდოდათ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:34
ინტერვიუ
კახა თარგამაძე: ამერიკელებს პრეზიდენტად ზურაბ ჟვანია უნდოდათ!
ავტორი:
25 ნოემბერი, 2014. 20:27


ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების შესახებ გვესაუბრება საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, პოლიციის გენერალი კახა თარგამაძე.


- ბატონო კახა, ემზარ კვიციანს 12 წელი მიუსაჯეს... რამდენად სამართლიანია ეს გადაწყვეტილება და იმსახურებს თუ არა კვიციანი მსგავს სასჯელს?

 

- პირდაპირი კაცი ვარ და თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ მაგ პროვნების მიმართ დადებითად განწყობილი არ ვარ! სააკაშვილთან კაცი არ შეიძლება მტყუანი იყოს და კვიციანს მე მიშასთან არ ვამტყუნებ, მაგრამ, საერთოდ, ემზარ კვიციანი ჩვენი ხელისუფლებისთვისაც კი პრობლემა იყო.


- რატომ, რა დააშავა ემზარ კვიციანმა?

 

- რა დააშავა და, ჯერ იყო და, აფხაზეთის მთავრობა გაიტაცა და მთელი მთავრობა ცემეს კოდორის ხეობაში. შინაგანი ჯარი ავიყვანეთ კოდორის ხეობაში და პროვოკაციები და რაღაც სისულელეები მოგვიწყო იქ, თორემ სააკაშვილთან ურთიერთობაში, ხომ გეუბნებით, არ შეიძლება კაცი მტყუანი იყოს, რადგან მიშას მსგავსი ნაძირალა, ამქვეყნად მეორე არ შემხვედრია. ახლა რომ მოვიტყუო და ემზარ კვიციანი ვაქო, ჩემი სინდისის წინაშე არ ვიქნები მართალი; არც ის მინდა, სააკაშვილის წისქვილზე დავასხა წყალი. ამიტომ გთხოვთ, შევეშვათ მაგ თემას! ისე, ერთს გეტყვით - ემზარ კვიციანის „კლიჩკა" არის „ბაბაჯო"! შევარდნაძეს იმდენი ცოდვა აქვს ჩადენილი, ღმერთმა აცხონოს,  მისი შთამომავლობაც ვერ მოინანიებს, მაგრამ, რაც ედუარდს აფხაზეთში დაემართა, იმის შემდეგ იყო შეშინებული და სულ ფრთხილობდა, სადმე ტყვია არ გავარდნილიყო. ემზარ კვიციანი ამით სარგებლობდა და კოდორის ხეობაში იყო როგორც მეფე, ხელშეუხებელი პერსონა. ასპროცენტიანი სიზუსტით გეუბნები, რომ კოდორის ხეობაში გერმანელი დამკვირვებლების გატაცების უკან სწორედ ემზარ კვიციანი იდგა!


- ბატონო კახა, ემზარ კვიციანი კოდორის ხეობას არ იცავდა და არ ომობდა?

 

- ომობდა, ცოდვას ვერ ჩავიდენ და არ ვიტყვი, არ ომობდა-მეთქი! იქ სვანმა ბიჭებმა მაგრად იომეს და ხეობა გადაარჩინეს!


- სააკაშვილმა რა სქემით, რომელი გეგმის მიხედვით ჩააბარა კოდორის ხეობა - მოლაპარაკებული იყო ვინმესთან, ფული აიღო თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ტყვიის გაუსროლელად რომ დათმეს კოდორი და იქიდან ასე სამარცხვინოდ გამოიქცნენ?

- 2008 წელს, როცა სააკაშვილი რუსეთის წინააღმდეგ ომს იწყებდა, როგორ გგონიათ, მიშა მართლა ისეთი გიჟი იყო, რომ ჰგონებოდა, რუსეთს ომს მოვუგებო? სააკაშვილს ჰქონდა დავალება, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის შეექმნა ის სიტუაცია, რომელიც დღეს ორ ქვეყანას შორის არსებობს. თუ რუსეთი ჩაყლაპავდა ცხინვალში რუსი სამშვიდობოების ჩახოცვის ფაქტს, ხომ კარგი, თუ არადა, გეგმა ნებისმიერ შემთხვევაში სრულდებოდა და იქმნებოდა ჩიხური სიტუაცია. ახლა ისეა გაჭედილი ყველაფერი, რუსეთი თავის გადაფურთხებულს არ ალოკავს, ხოლო ის ქართველი ხელისუფალი, რომელიც აღიარებს და შეეგუება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, მაშინვე სამშობლოს მოღალატედ და დაწყევლილად გამოცხადდება!


- მაშინ რა გვეშველება, რა არის ამ ჩიხიდან გამოსავალი? სხვათა შორის, ახლახან თბილისში სტუმრად მყოფმა ჯორჯ სოროსმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილი პრეზიდენტმა ბუშმა „წაახალისაო"...

 

- აბა, მე რას გეუბნები?! 2001 წელს გილაევი იმიტომ შემოიყვანეს კოდორის ხეობაში, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომი დამეწყო, მაგრამ არ დავიწყე... თუ დავიწყებდი ომს, პრეზიდენტი მე გავხდებოდი, ეს გადაწყვეტილი იყო! ახლა არის შანსი, რომ რუსეთთან ყველაფერი დალაგდეს, მაგრამ კაცი არ არის, ვინც მოსკოვში ჩამოვა და რუსეთის ხელისუფლებას დაელაპარაკება. ქართული ანდაზაა - „დათვი რომ მოგერევა, „ბაბაია" უნდა დაუძახოო!.. პუტინმა თქვა - დათვი ვარ და ნუ მიჩიჩხინებთო! მოკლედ, სამუშაოა რუსეთთან, კომპლექსური სამუშაოებია ჩასატარებელი... რუსეთი ჩვენ უნდა დავარწმუნოთ, რომ არ ვართ მტრები, მაგრამ რომელი ქართველიც ამ ნაბიჯს გადადგამს, ის მაშინვე მოექცევა საშინელი დარტყმების ქვეშ.


- კარგი, დავუშვათ, დაიწყო უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებები, მერე?

 

- საქართველომ უნდა აღიაროს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ჩვენ დავიწყეთ, მაგრამ საქართველოში დღეს ერთი კაციც არ არის, ვინც რუსებთან დაილაპარაკებს!


- პატრიარქი?

 

- პატრიარქი არის ერთადერთი პიროვნება, ვინც ყველაფერი იცის იმის შესახებ, რასაც მე ვლაპარაკობ. პატრიარქი ღმერთმა კარგად გვიმყოფოს, მაგრამ ამოდენა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თავის თავზე ვერ აიღებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, სულელი ვიყავი საქართველოს მოქალაქეობაზე რომ შევიტანე განცხადება? ეს პატრიარქის დავალება იყო! მაგრამ ხომ ხედავთ, გამიკეთეს უცებ საქმე... პრეზიდენტობაზე უარი ვთქვი, მინისტრობაზე უარი ვთქვი, ყველაფერზე უარი ვთქვი, ქვეყანა რომ არ დაქცეულიყო და დედის გინების მეტი ქართველებისგან არაფერი მიმიღია!


- ე.ი. კოდორის ხეობის რუსეთისთვის ჩაბარება სააკაშვილს თავიდანვე დაგეგმილი ჰქონდა?

 

- თავიდანვე დაგეგმილი შეიძლება არ ჰქონოდა, მაგრამ მიშა შეშინდა. თვით სააკაშვილიც კი მიხვდა, რომ შეიძლებოდა, უკვე ხელისუფლებაც დაეკარგა და კოდორი სამარცხვინოდ მიატოვა. ეს იყო შეშინებული და ჩასვრილი კაცის ნამოქმედარი.


- ბატონო კახა, ჩვენი ჟურნალისტი ქეთევან ხამიცაშვილი ესწრება ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვას. მოწმეთა დაკითხვის შედეგად აშკარად იკვეთება, რომ ზურაბ ჟვანია მოკლულია; თქვენ სხვა ვერსია გაქვთ?

 

- ზურაბ ჟვანია ნამდვილად მოკლულია და სხვა ვერსია არ მაქვს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ბოლომდე არ მივა!


- რატომ?

 

- რატომ და თქვენ, ეტყობა, არ იცნობთ ერთ-ერთი გერმანელი ექსპერტის დასკვნას, რომელმაც, ამერიკელების მიერ დადებული დასკვნა რომ წაიკითხა, თქვა - ეს დასკვნა იძლევა ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას. ერთი ინტერპრეტაციით, ზურაბ ჟვანია აშკარად არ არის გაგუდული გაზით, ხოლო მეორე ინტერპრეტაციით, ჟვანიას სიკვდილის შედეგი ძალისმიერი ზემოქმედებით არ დამდგარაო! აი, ასეთი აბსურდული „დასკვნა" დადეს ამერიკელებმა და გეკითხვებით, ჟვანიას მკვლელობის გამოძიებას ვინმე ბოლომდე მიიყვანს?


- თქვენ ფიქრობთ, რომ ამერიკელების ზეწოლით საქმეს ბოლომდე არ თუ ვერ მიიყვანენ?

 

- ვინმემ მოიკითხა საქართველოში  4,5 მილიარდი დოლარის ასავალ-დასავალი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებას დახმარების სახით გადმოურიცხა? დაიწყეს ამ ფულის მოსაძიებლად მუშაობა, მაგრამ გაჩერდნენ. გამოიძიეთ, სად წაიღო ბოკერიამ ფული და ვის ურიცხავდა და რა საჭიროებისთვის ასეულობით მილიონებს!


- თქვენ იმას ამბობთ, რომ დასავლეთმა ის 4,5 მილიარდი ისევ უკან დაიბრუნა?

 

- გაარკვიეთ! ბიზნესი სულ ევროპასა და დასავლეთში მაქვს და გინდათ, რომ დამხვრიტონ?! (იცინის) მაინცდამაინც მე უნდა გითხრათ რა უქნეს იმ 4,5 მილიარდს?


- ბატონო კახა, ნაციონალების მიერ ჩატარებული 15 ნოემბრის აქცია რა იყო? მართლა ახაზეთის ანექსია გააპროტესტეს მიშარასტებმა?

 

- რისი აფხაზეთის ანექსია, ეს ყველაფერი მაგათ ფეხებზე ჰკიდიათ. სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ თვითონ ჩააბარეს აფხაზეთი და ახლა მის ანექსიას აპროტესტებენ?! კარგი, რა... ეს იყო მოსინჯვა და იმის გარკვევა, ჰყავთ თუ არა მხარდამჭერები... იმდენი ფული „მოტეხეს", ახლა ნაცებს ერთმანეთში დიდი ომი აქვთ გამართული. ამათ დავალება აქვთ მიღებული, უნდათ საქართველოს უკრაინიზაცია. უფრო მეტიც ვიცი, მაგრამ ბოლომდე ყველაფერს ვერ ვილაპარაკებ, მართლა გამაგორებენ, ეს შობელძაღლები! არ ვტრბახობ, მაგრამ, რომ იცოდეთ, ბუნებაში არ არსებობს ქართველი, რომელსაც ჩემზე მეტი ინფორმაცია ექნება.


დღეს საქართველოს უბედურება, იცი, რა არის? ქვეყანას ოპერატიული სამსახური არ აქვს, რაც კატასტროფაა!


- სააკაშვილს პოლიტიკაში დაბრუნების რამე შანსი აქვს?

 

- სააკაშვილს არავითარი შანსი არა აქვს და სააკაშვილის დაბრუნებაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი, აქ ლაპარაკია იმ ხალხზე, ვინც სააკაშვილის საქმეს გააგრძელებს!


- ვინ მოიაზრება ამ ჯგუფის ლიდერად?

 

- ვინც მოიაზრება, თქვენ ძალიან კარგად იცით და წინა ინტერვიუში განგებ არაფერი ვთქვი მაგ პიროვნები შესახებ.


- ირაკლი ალასანიას გულისხმობთ, ხომ?

 

- რა თქმა უნდა! ისიც გითხარით, მე მგონი, ჭკუა ეყოფა და არ გადადგამს ამ ნაბიჯს-მეთქი!


- მაგრამ ხომ გადადგა ეს ნაბიჯი?

 

- ჰოდა, რომ გადადგა, დააძალეს და გადადგა, თორემ არ მჯერა, ეგ ბიჭი ისეთი სულელი იყოს, ასე მოქცეულიყო. არ მინდა ყველაფრის ლაპარაკი (იცინის). იმ აკადემიაში, სადაც ეგ ბიჭი სწავლობდა, სამხედრო ფიცს აძლევენ იმ სახელმწიფოს!


- კი, მაგრამ სად სწავლობდა?

 

- ЦРУ-ს აკადემია აქვს დამთავრებული! საქართველოში ერთი ეგ არის, ვისაც ЦРУ-ს აკადემია აქვს დამთავრებული და მეორეა ჩემი ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც „ფებეერის" აკადემია დაამთავრა. ორივენი არიან ამერიკის „მოქმედი რეზერვის ოფიცრები", ანუ ე.წ. „ოდეერები". ეგენი დავალებას რომ მიიღებენ, ის უნდა შეასრულონ! ჰოდა, ასრულებენ კიდეც...


- ბატონო კახა, მამუკა ხაზარაძე გვიჩივის და ხაზარაძის შესახებ რას გვეტყვით?

 

- ერთადერთხელ მქონდა მამუკა ხაზარაძესთან შეხება და მაშინაც გავაგდე ჩემი კაბინეტიდან.


- კაბინეტიდან რატომ გააგდეთ? სხვათა შორის, ხაზარაძე ტრაბახობს, 500 დოლარით დავიწყე ბიზნესიო!

 

- არ ვიცი, მაგან ბიზნესი რითი დაიწყო, მაგრამ მამუკა ხაზარაძე სულ შევარდნაძესთან რომ იყო ჩახუტებული, ეგ ვიცი! „დინამოს" ბაზა ჟორდანიამ და მისმა „კამანდამ" მამუკა ხაზარაძეს ბანკში „ზალოგში" ჩაუდეს. „ზალოგი" ყალბი საბუთებით იყო გაფორმებული...


- ვინ გააყალბა საბუთები?

 

- ჟორდანიასა და მის „კამანდას" ჰქონდათ საბუთები გაყალბებული... მოგვადგნენ და მამუკა ხაზარაძეს იმ „ზალოგის" სანაცვლოდ უნდოდა „დინამოს" საწვრთნელი ბაზის წაღება. მამუკა ხაზარაძემ ჯერ შევარდნაძეს დაარეკინა, იფიქრა, პრეზიდენტის ზარი იმოქმედებსო! მერე თვითონ მომადგა კაბინეტში და გავაგდე კაბინეტიდან, „დინამოს" ბაზა არ გავატანე! ტრაბახით არ გეუბნებით, მაგრამ ერთადერთი კაცი ვიყავი, შევარდნაძე რომ მერიდებოდა და დავალებას კი არ მაძლევდა, ყველაფერს თხოვნით მეუბნებოდა.


- გულწრფელად მითხარით, სააკაშვილის შესახებ შევარდნაძე რას გეუბნებოდათ?

 

- (იცინის) შევარდნაძე სააკაშვილის შესახებ მეუბნებოდა - გიჟია, ავადმყოფია, მე მაგის დედა მოვ.....ნო! შევარდნაძემ სიკვდილის წინ რომ დაიწყო ჟვანიას ქება, იცოდეთ, ჟვანიას შესახებ ორჯერ უფრო უარესი აქვს ჩემთან ნათქვამი!


- კი, მაგრამ, თუ ორივეს მკვდარსა და ცოცხალს აგინებდა, ან ერთი რატომ დანიშნა პარლამენტის თავმჯდომარედ და ან მეორე - იუსტიციის მინისტრად?

 

- რატომ დანიშნა და ამერიკელებმა დაანიშნინეს! შევარდნაძე მაშინ უკვე ასაკში იყო და იფიქრა, - სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის პოსტზე აუცილებლად კისერს მოიტეხსო! სააკაშვილი ახალდანიშნული იყო იუსტიციის მინისტრად, როცა ქსნის კოლონიაში სროლები ატყდა, 300 პატიმარი გაიქცა და მიშას მართლაც მოტეხილი ჰქონდა კისერი, მაგრამ შევარდნაძე ამერიკელებმა „დაასტოპეს"! შევარდნაძეს მაგ დროს სულელი სააკაშვილი ფეხებზე ეკიდა, ედუარდი თავის მთავარ ოპონენტად ჟვანიას მიიჩნევდა და ვერ წარმოიდგენდა, თუ ამერიკელები სააკაშვილს ასეთ უზარმაზარ მხარდაჭერას აღმოუჩენდნენ. ჟვანიას მე ვაბალანსებდი, ხოლო სულელ სააკაშვილს სერიოზულად ვინ აღიქვამდა?! ამერიკელებს პრეზიდენტად ზურაბ ჟვანია უნდოდათ! ჩემი გადადგომა კი არ იყო გეგმაში, გეგმაში იყო შევარდნაძის გადადგომა, მაგრამ მაშინ მე გადავეფარე შევარდნაძეს, გადავდექი და გადავაყენე ჟვანიაც. შევარდნაძეზე ნაწყენი რატომ ვიყავი, იცით? მეგონა, ჩემი გადადგომის შემდეგ შევარდნაძე რუსეთთან აფხაზეთის თემის განხილვას გააგრძელებდა, მაგრამ შევარდნაძეს ამერიკელების შეეშინდა, გადატრიალდა და ეს თემა საერთოდ დახურა.


- ბატონო კახა, დასასრულ ერთიც უნდა გკითხოთ - ვინ არის სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია?

 

- რაც მიშაა, ის არის ბიძამისიც! ეს არის ყველაფერზე ხელის მომწერი კაცი და უბინძურესი პიროვნება, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს არავითარ ფიგურას არ წარმოადგენდა!


- წერენ, თითქოს თემურ ალასანიამ და მიშამ სომხეთს 1,5 მილიარდი დოლარის იარაღი მიჰყიდეს!

 

- ხომ გეუბნებით, ყველაფერზე ხელის მომწერი კაცია და ასი პროცენტით მჯერა, რომ ფულის გულისთვის როგორც ბიძა, ისე დისშვილი მაგ საქმეს აუცილებლად იზამდნენ!

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"

 


 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016