reportiori.ge - გაჩუმდი 200 ათასად! - ჟურნალისტების მოსყიდვის მცდელობის საქმე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:21
ინტერვიუ
გაჩუმდი 200 ათასად! - ჟურნალისტების მოსყიდვის მცდელობის საქმე
ავტორი:
25 ნოემბერი, 2014. 20:28


 

ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა გასულ კვირას გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ისმის „იმედის" გადაცემა „დროების" ყოფილი ჟურნალისტების, დაჩი გრძელიშვილის, სოსო ბარნაბიშვილის, რუსუდან ცხომელიძის, ლიზი ვაჩნაძის, ზაზა წულაძის ხმები, ასევე ისმის „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, აწ გარდაცვლილი გოგი გეგეშიძის ხმა. საუბარში მონაწილეობს კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელთა ხმა იდენტიფიცირებული არ არის. ჩანაწერებში ადამიანები ლაპარაკობენ 200 ათას დოლარზე. აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ ფულს ჟურნალისტებს „იმედიდან" (2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ) წამოსასვლელად სთავაზობდნენ. თუმცა, როგორც გავარკვიეთ, საუბრები, რომელიც ამ აუდიოჩანაწერებშია აღბეჭდილი, 2008 წლის გაზაფხულზე შედგა, ანუ მაშინ, როდესაც ზემოხსენებული ჟურნალისტები „იმედიდან" უკვე წასულები იყვნენ.


როგორც „კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: „იმედიდან" წასვლის შემდეგ ზემოხსენებულმა ჟურნალისტებმა დააარსეს სტუდია „ახალი დროება", რომელიც მწვავე სიუჟეტებს აკეთებდა მაშინდელი ხელისუფლების შესახებ (სიუჟეტები პირველი არხის ეთერში გადიოდა). მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა იმ მიზნით, რომ მწვავე სიუჟეტები არ გაკეთებულიყო, გადაწყვიტეს, ჟურნალისტებისთვის 200 ათასი დოლარი შეეთავაზებინათ. არსებული ინფორმაციით, შუამავლის როლი ერთ-ერთ ჟურნალისტს მიანდეს და ფული მისი ახლობლის ანგარიშზე გადარიცხეს. თუმცა, მან ფულის აღებაზე კოლეგები ვერ დაითანხმა. გავიდა გარკვეული პერიოდი და ფულის გადმომრიცხავმა მოიკითხა, აიღეს ჟურნალისტებმა თუ არა ფული. ამის შემდეგ მან სიტუაციის გასარკვევად ჟურნალისტებთან ერთ-ერთი ადამიანი (სავარაუდოდ, კრიმინალური ავტორიტეტი მიაგზავნა), რომელიც ზეწოლას ახორციელებდა ჟურნალისტებზე და აიძულებდა მათ, ფული აეღოთ, თუმცა, ვერას გახდა. სწორედ ამ შეხვედრაზე გაიგეს „ახალი დროების" ჟურნალისტებმა (იმ ერთის გარდა, რომლის ახლობლის ანგარიშზეც გადაირიცხა ფული), რომ ფული ანგარიშზე იჯდა. უარის შემდეგ ერთ-ერთი ჟურნალისტი თავის ზემოხსენებულ კოლეგას ბანკში გაჰყვა და ფული გადაარიცხვინა (რათა მას თანხა არ გამოეტანა) გოგი გეგეშიძის ანგარიშზე (იმ დროს მხოლოდ მისი ანგარიშის ნომერი გაახსენდათ) იმ მიზნით, რომ შემდეგ გეგეშიძის ანგარიშიდან ფული „პატრონს" დაჰბრუნებოდა. ვინ იყო ეს „პატრონი" - ამას, ალბათ, გამოძიება დაადგენს. 


მედიაჰოლდინგ „რეპორიტორის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურას ჩვენება უკვე მისცა.

 

გიორგი მამაცაშვილი: - ეს ჩანაწერები გაკეთებულია 2008 წლის გაზაფხულზე. ამ ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ იმ 200 ათას დოლარზე, რომელსაც, სავარაუდოდ, ჟურნალისტებს სთავაზობდნენ და რომელიც თავდაპირველად ჩაირიცხა ზაზა წულაძის ახლობლის, ვინმე კეკელიძის ანგარიშზე, ჟურნალისტებმა უარი თქვეს. ამის შემდეგ ეს თანხა გადაირიცხა გოგი გეგეშიძის ანგარიშზე, კეკელიძეს კი ფული ჩაურიცხა ვინმე დავით ბენიძემ, რომელიც ჩემი ინფორმაციით, კეზერაშვილის მარჯვენა ხელია. ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ჟურნალისტების უმრავლესობამ ამ 200 ათასი დოლარის გადარიცხვაზე არაფერი იცოდა. ჩემი ინფორმაციით, ამ სქემას გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე ხელმძღვანელობდნენ. კეთილი ინებოს პროკურატურამ და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის გამოსაძიებლად ყველაფერი გააკეთოს. რაც შეეხება იმას, რომ ფული ზაზა წულაძის ახლობლის ანგარიშზე ჩაირიცხა - რა და როგორ იყო, ამის გარკვევა პროკურატურის საქმეა. თუმცა, როგორც გავიგე, ჩემი ბრიფინგისა და ამ ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ წულაძე სამსახურში აღარ მისულა და მასთან დაკავშირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.


რუსუდან ცხომელიძე (დროებისა" და ახალი დროების" ყოფილი ჟურნალისტი): - ეს ჩანაწერი გაკეთებულია 2008 წლის გაზაფხულზე და არაფერი აქვს საერთო იმ პროცესებთან, რაც ტელეკომპანია „იმედში" 2007 წლის 7 ნოემბრიდან მოყოლებული მაუწყებლობის გათიშვამდე ხდებოდა. თუმცა, ზოგადად, 
2007 წლის ნოემბერ-დეკემბერში „იმედის" თანამშრომლებზე ზეწოლა რომ ხდებოდა, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ჩემზეც იყო ირიბი ზეწოლა ნაცნობების, ახლობლების პირით გადმოცემული, თუმცა, ეს ადამიანები არასდროს ასახელებდნენ, თუ ვის დანაბარებს მეუბნებოდნენ. მე პირდაპირ არ დამმუქრებიან, თუმცა, ვიცი, რომ რიგ შემთხვევაში ასეთი მუქარებიც იყო. 


- მოდი, ახლა ვისაუბროთ იმ აუდიოჩანაწერებზე, რაც ამ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა..

 

- 2008 წლის გაზაფხულზე  გეგეშიძე „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი არ იყო, მას ჰქონდა სტუდია GLTV. საქმე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც „იმედიდან" წამოვედით, რაღაც პერიოდის შემდეგ გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია და გვემუშავა გრანტების მოპოვებაზე. ასე გავაკეთეთ სტუდია „ახალი დროება" და ამ დროს მივიღეთ შემოთავაზება გოგი გეგეშიძისგან, რომელსაც სურდა, რომ „დროების" მსგავსი სატელევიზიო საკვირაო ჟურნალი მისი სტუდიის ბაზაზე გაგვეკეთებინა, რაზეც უარი ვთქვით. ჩვენ უკვე გვქონდა ჩვენი სტუდია, გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გოგი გეგეშიძის სტუდია გახდა ჩვენი პროდუქციის დამკვეთი, მასვე უნდა ეზრუნა ჩვენს საეთერო უზრუნველყოფაზე. ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა ხელშეკრულებით იყო უზრუნველყოფილი. ის ტრანში, რაც ჩანაწერშია ნახსენები, სწორედ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ჩვენ მიერ მომზადებული პროდუქციის საფასურის გადარიცხვას შეეხება. ჩანაწერში ასევე ლაპარაკია ერთ-ერთ ჩვენს მომზადებულ სიუჟეტზე, რომელიც შეეხებოდა ნინო ბურჯანაძეს, სწორედ ამ სიუჟეტის ეთერში არგაშვებას ითხოვდა მაშინ გოგი გეგეშიძე ჩვენგან.


- ანუ როდესაც გეგეშიძე ამბობს, ეს თუ არ გავაკეთე, დამბრიდავენო", ამ სიუჟეტს გულისხმობს?

 

- დიახ. ჩვენ პრინციპულად დავდექით ჩვენს პოზიციაზე და არ დავთმეთ ეს სიუჟეტი, ის გავიდა ეთერში, თუმცა, ამის შედეგად ჩვენი საქმიანი ურთიერთობა გეგეშიძესთან გაფუჭდა და საბოლოოდ შეწყდა. ეს თანამშრომლობა რამდენიმე თვე გაგრძელდა.


- 200 ათასი დოლარის თემას დავუბრუნდეთ...

 

- მაგ ჩანაწერში კარგად ჩანს, რომ ჩემი მეგობრებისთვის ფულის ხსენება სრულიად მოულოდნელი და გაუგებარია. ეს რეაქციებიდანაც ჩანს, მაგალითად, დაჩი გრძელიშვილი ამბობს, რა ფული, ამის თაობაზე პირველად მესმისო, არანაირ ფულზე მანამდე ჩემთან არ ყოფილა ლაპარაკი და არც ამ შეხვედრის შესახებ ვიცოდი. ისე, თუ ჩანაწერს კარგად მოუსმენთ, იქ ჩანს, ვინ იცის ამ თანხის თაობაზე... მეტს არაფერს ვიტყვი. 


- ვინ იწერდა შეხვედრას?

 

- მაქვს ეჭვი, მაგრამ ეჭვის საფუძველზე ხომ ვერ ვილაპარაკებ. ფული რომ აგვეღო, მერე გავბედავდით კიდევ უმწვავესი სიუჟეტების მომზადებას?! არადა, ვამზადებდით და ჩვენი სტუდიის პროდუქცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადიოდა. 


დაჩი გრძელიშვილი (დროებისა" და ახალი დროების" ყოფილი ჟურნალისტი): - მოვლენები "იმედის" დატოვებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ხდებოდა. 


სხვადასხვა ფრაგმენტში სხვადასხვა საკითხზეა საუბარი - მაგალითად, იქ, სადაც გოგი გეგეშიძისა და ჟურნალისტების ხმები ისმის, სოსო ბარნაბიშვილის მიერ ნინო ბურჯანაძის შესახებ მომზადებული სიუჟეტის პირველი არხის ეთერში გაშვება-არგაშვებაზეა საუბარი. მინდა გითხრათ, რომ ეს სიუჟეტი პირველი არხის ეთერში მაინც გავიდა. ისევე როგორც ძალიან კრიტიკული სიუჟეტი 7 ნოემბერზე, არჩევნებზე... ასევე რიგი ჟურნალისტური გამოძიებებისა მაშინდელ ჩინოვნიკებზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ყველაფერს პირველ არხზე ვუშვებდით მაშინ, როდესაც სხვა ტელევიზიები დუმდნენ, დამეთანხმებით, რომ არც ისე დალხენილად უნდა ვყოფილიყავით. აქ, ამ მოკლე პერიოდში ზეწოლაც იყო და მეტიც და ჩანაწერებშიც სწორედ ეს ჩანს - ზეწოლა „ახალი დროებისა" და არა „იმედის" ჟურნალისტებზე, რასაც საბოლოოდ „იმედის" მსგავსად, „ახალი დროების" დახურვაც მოჰყვა. მაგრამ ამის შესახებ არავინ ლაპარაკობს... ცხადია, ამით იმას არ ვამტკიცებ, რომ ამ ამბებამდე ერთი წლით ადრე „იმედის" ჟურნალისტებზე ზეწოლა არ იყო, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა, თან პირადად მე ამის პირდაპირი სამიზნე არ გავმხდარვარ და მხოლოდ ზოგადი გაგონილის მიხედვით, სხვის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ.


გოგი გეგეშიძე კი, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ „რუსთავზე", მგონი, ამ ამბებიდან მხოლოდ ორი წლის მერე გადავიდა. რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, სადაც 200 ათას დოლარზეა საუბარი, ამ ამბავს თავისი „გმირი" ჰყავს და სჯობს მან ილაპარაკოს. მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თანხის ჩარიცხვის შესახებ არაფერი ვიცოდით არც მე და არც იქ მყოფმა სოსო ბარნაბიშვილმა და ეს ჩანაწერშიც ძალიან ნათლად ისმის. თუ ვინ იცის ფულის შესახებ, ესეც ასევე კარგად ისმის და სჯობს, ამის შესახებ კომენტარი მან გააკეთოს - მეტს ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ მოგვიანებით ეს თანხა უკან იქნა გადარიცხული. მესმის, რომ როდესაც ასეთი ჩანაწერები ჩაგივარდება ხელთ, დიდია ცდუნება საჯაროდ გამოსვლისა და მსჯელობისა, თუმცა, ალბათ, სჯობია, ვისაც რა ჩანაწერი ექნება, არა მხოლოდ ამ, სხვა თემებზეც, პირდაპირ პროკურატურას გადასცეს ხოლმე - ამით მრავალნაირ ინტერპრეტაციასაც ავიცილებთ თავიდან და გამოძიებასაც საშუალება ექნება თავისი საქმე უკეთ გააკეთოს. 


დროა, ამ ფარული ჩანაწერების ეპოქა დასრულდეს და მსგავსი საქმეები სამართლებრივი გზით წარიმართოს.


P.S. „კვირის პალიტრამ" ჟურნალისტ ზაზა წულაძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა უშედეგოდ.


ნათია დოლიძე

გაზეთი „კვირის პალიტრა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016