reportiori.ge - ვინ არის კახა ბენდუქიძის მემკვიდრე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:50
პრეს-დაიჯესტი
ვინ არის კახა ბენდუქიძის მემკვიდრე
ავტორი:
25 ნოემბერი, 2014. 20:30


 

„თავისუფალი უნივერსიტეტის" სტუდენტები მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანის დაკარგვას ნელ-ნელა ეგუებიან. აცხადებენ, რომ მათ ზუსტად იციან, როგორ უნდა გააგრძელონ ცხოვრება და როგორ უნდა დაიცვან საკუთარი სასწავლებელი, თუკი ამის საჭიროება დადგება... ჯერ არავინ არ სვამს ხმამაღლა კითხვებს, რა უწერია კახა ბენდუქიძეს ანდერძში, თუმცა ადასტურებენ, რომ ის არსებობს.


ინტერნეტსივრცეში კახა ბენდუქიძის გარდაცვალებიდან მალევე გავრცელდა ინფორმაციები მისი ქონების შესახებ. დეკლარაცია ბენდუქიძეს ბოლო 2008 წელს აქვს შევსებული, იმ პერიოდში, როდესაც ის ეკონომიკის მინისტრის პოსტზე იმყოფებოდა. ბუნებრივია, მას შემდეგ ყოფილ მინისტრს არ ჰქონია ვალდებულება დეკლარაციის შევსების. შესაბამისად, კონკრეტული მტკიცებულებებით არ ვიცით, როგორ გაიზარდა ან შემცირდა მონაცემები. 2008 წელს კი კახა ბენდუქიძე უძრავ ქონებას საქართველოში და რუსეთში ფლობდა: 1 015 000 $ და 1 500 000 $-ად შეფასებული მიწის ნაკვეთი სოფელ გრიგოლეთში; მიწის ნაკვეთი შეკვეთილში, ღირებულება - 962 500 დოლარი; 580 000 და 230 000 ამერიკულ დოლარად შეფასებული ორი სახლი რუსეთში: ორი „ფოლკსვაგენ Toureg", ღირებულება ჯამში - 94 000 ამერიკული დოლარი; „ნისანი" - 26 000 დოლარი და 47 000 აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილი „ჰამერი".


ასევე, ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ცნობილი ხდება, რომ კახა ბედნდუქიძე კვიპროსზე დარეგისტრირებული ჰოლდინგური კომპანია „სამრეწველო ინვესტიციების" აქციონერიც იყო. იყო პარტნიორი შპს „ძირითად ინვესტიციებში", დახურული სააქციო საზოგადოება „არაპროფილური აქტივები ინვესტიციები სმი-ში" და დახურული სააქციო საზოგადოება „სამრეწველო პროექტების" აქციონერი. 2005 წელს კახა ბენდუქიძეს ქირავნობის ხელშეკრულებით გადაეცა დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორია, რომლის თანხაც 366 000 ლარს შეადგენდა. ასევე, მის მფლობელობაში იყო „თავისუფალი უნივერსიტეტი" და „აგრარული უნივერსიტეტი".


ცნობილია, რომ 2003 წელს, როდესაც კახა ბენდუქიძე რუსეთიდან საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად, მისი ქონება 64 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. თუმცა, ფაქტია, რომ ციფრი მას შემდეგ შეიცვალა, რადგან, „ტაბულას" მონაცემებით, ბენდუქიძემ განათლების სისტემაში 90 მილიონი ლარი ჩადო.


დავით გორგილაძე, „თავისუფალი უნივერსიტეტის" თანამშრომელი":


- „90 მილიონი ლარი - სწორედ ამდენი ფული ამოიღო კახა ბენდუქიძემ საკუთარი ჯიბიდან და აჩუქა ქართულ განათლებას, საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს, სწავლისთვის მოტივირებულ ადამიანებს"...


საზოგადოებისთვის ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ ცნობილი გახდა მისი ქალიშვილის არსებობის შესახებ. ანასტასია გონჩაროვა, როგორც მედიაში აღნიშნავენ, დედის გვარს ატარებს. ანასტასიაზე ბევრი არაფერია ცნობილი, მისი „facebook"-ის გვერდის მიხედვით, ბენდუქიძის ქალიშვილმა სასწავლებელი  ლონდონში გასულ წელს დაამთავრა.: ანასტასიას საცხოვრებელ ადგილად ნიუ-იორკი აქვს მითითებული. ამჟამად ანასტასია თბილისში იმყოფება. ის ლონდონიდან კახა ბენდუქიძის გადმოსვენების შემდეგ ჩამოვიდა და, სავარაუდოდ, ექსპერტიზის დასკვნაც ლონდონიდან სწორედ მისმა ქალიშვილმა ჩამოიტანა.


იურისტ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით, შვილი პირველი რიგის კანონმემკვიდრეა. ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ანასტასიას გვარს, მთავარია, კახა ბენდუქიძე მის მამად იყოს რეგისტრირებული დაბადების მოწმობაში.


ლევან ალაფიშვილი, იურისტი:


- მნიშვნელოვანია, რომელი სახელმწიფოს იურისდიქციაშია ქონება, ანუ რომელი ქვეყნის იურისდიქციით უნდა წარიმართოს პროცედურები. სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა მემკვიდრეთა სხვადასხვა წესს განსაზღვრავს. თუ ვიმსჯელებთ საქართველოში არსებულ აქტივებზე, ამ შემთხვევაში კანონმდებლობა ხუთი რიგის მემკვიდრეებს განსაზღვრავს, მაგრამ იქვე უთითებს, რომ ადამიანს გარდაცვალებამდე აქვს უფლება, დაწეროს ანდერძი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდგომ განსაზღვრავს მისი ქონების განაწილებას. ამ შემთხვევაში ადამიანს უფლება აქვს, საკუთარი ქონება უანდერძოს აბსოლუტურად სხვა პირს, ან სახელმწიფოს აჩუქოს, ან რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას. მიუხედავად, ამისა, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ანდერძის მიღმა თუკი ვინმე არის დარჩენილი მემკვიდრის სახით, მათ მაინც ეკუთვნით თავიანთი წილი. ოდენობა ასეთ შემთხვევაში არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე ეს კონკრეტული მემკვიდრე ანდერძის არარსებობის შემთხვევაში მიიღებდა.


- რაც შეეხება შვილს, ის სხვა გვარს ატარებს...

 

შვილთან მიმართებაში შესაძლოა, გვარი არ იყოს საერთო, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ კახა ბენდუქიძე მამად იყოს დაფიქსირებული სააქტო ჩანაწერში. თუ ასეა, მაშინ უპირობოდ ჩაითვლება ანასტასია პირდაპირ მემკვიდრედ. თუ კახა ბენდუქიძე არ არის მამად რეგისტრირებული, მაშინ შვილს მოუწევს პროცედურის გავლა, რათა დადგინდეს მამობა, ეს მარტივი პროცედურაა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს, მიიღოს ქონება. პირველი რიგის მემკვიდრეებში ქონება თანაბრად ნაწილდება. ანუ არის სამი ვარიანტი: თუ კახა ბენდუქიძეს ანდერძი არ აქვს დატოვებული, ამ შემთხვევაში მთელ ქონებას, რომელიც საქართველოშია, მიიღებს შვილი, და ვერაფერს მიიღებს ბენდუქიძის და. მეორე ვარიანტი, თუ კახა ბენდუქიძემ ანდერძი დატოვა, რომლის მიხედვითაც ის მთელ ქონებას დას უტოვებს, ამ შემთხვევაში ქონების ნახევარს მიიღებს და, ხოლო მეორე ნახევარს - შვილი, რომლის მამადაც რეგისტრირებულია კახა ბენდუქიძე. შვილი ყველა შემთხვევაში დაცულია და ქონებას მიიღებს. მესამე ვარიანტი - თანაბრად, პროპორციულად ნაწილდება ქონება.

 

ხათუნა მგალობლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016