ამ ორიოდე კვირის წინათ ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში ერთი პატიოსანი, თავდადებული და სანთელივით სუფთა კაცი ჯონსონ კვარაცხელია გარდაიცვალა...
ბატონი ჯონსონი ის კაცი იყო, რომლის ოდა-სახლის კარსაც 1993 წლის 22 დეკემბრის საღამოს 6 საათზე საქართველოს დაუძინებელი მტრებისა და სამშობლო-ქვეყნის მოღალატეების მიერ დევნილმა ზვიად გამსახურდიამ მცირერიცხოვან მხლებლებთან ერთად მიუკაკუნა.
28 დეკემბრამდე დარჩა მადლიანი ჯონსონ კვარაცხელიას ოჯახში ზვიადი და სწორედ მისი სახლიდან გაუყენეს სასაფლაოსკენ მიმავალ გზას საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომლის სამარეც პირველად სწორედ ჯონსონ კვარაცხელიას ეზოში გაიჭრა.
არ უნდოდა ჯონსონ კვარაცხელიას სახლიდან წასვლა პრეზიდენტს, მაგრამ წაიყვანეს...
„- მაგდებ, ბიჭო, სახლიდან?" - უთქვამს ზვიად გამსახურდიას ჯონსონ კვარაცხელიასთვის და გულდამძიმებულს დაუტოვებია ოდა-სახლი, რომლის ქვემოთაც, სასაფლაოსთან, პირველ პრეზიდენტს ძმები - ზაურ და ანატოლი ჩუხუები ელოდებოდნენ „გაზ-24"-ით.
„- სახლი სულ არ მჭირდება, პრეზიდენტო, თქვენ გქონდეთ, მაგრამ სულ „შპიონებით" არის სავსე აქაურობა!" - პასუხი არ დაუხანებია ჯონსონ კვარაცხელიას და პრეზიდენტს თვალცრემლიანი გამომშვიდობებია.
მადლიანი და დიდი ქართველი წავიდა ამ ქვეყიდან და წავიდა პირმართალი და გულმართალი.
ამ შვიდი-რვა წლის წინ ზუგდიდში შევხვდი ჯონსონ კვარაცხელიას... მე უფრო სუფთა, პატიოსანი და პატრიოტი ქართველი მეორე არ მინახავს.
ღმერთმა აცხონოს!
რაც შეეხება წინამდებარე დოკუმენტს, ის ჩემმა მეგობარმა გადმომცა და ქართულ პრესაში პირველად იბეჭდება.
დოკუმენტს თავისი ოპერატიული დაგეგმარების რუკით უცვლელად გთავაზობთ, ოღონდ ერთი შესწორებით - განგებ არ ვასაჯაროებთ იმ ქართული გვარ-სახელის მქონე ოფიცრის ვინაობას, რომელიც წინამდებარე რუსულ ტექსტს აწერს ხელს. მგონი, სწორადაც ვიქცევით, რადგან არც ეს ტექსტი და არც ეს ოპერატიული დაგეგმარების რუკა ქართველი კაცის ხელით არ არის შექმნილი და ყველაფერი რუსი პოლკოვნიებისა და გენერლების ნამოქმედარია.
ამდენად, თუ დღეს რომელიმე „ნაკოლკებიან" და ცხოვრების მიერ ნათრევ პუტჩისტს ჰგონია, რომ სწორედ მან დაამხო ზვიად გამსახურდია, კარგად შეხედონ ამ რუკას და კარგად წაიკითხონ ეს ტექსტიც!
ფაქტი ერთია - 1993 წლის საქართველოში, როცა ჩვენი ცოდვით მიწა იწვოდა, პუტჩისტების მარაქაში არ მოიძებნებოდა არცერთი ე.წ. „შტაბნიკი", რომელიც მსგავს რუკას შეადგენდა და დახაზავდა.
ეს იმ სახელმწიფოს საიდუმლო ჯურღმულებსა და ბუნკერებში დაიგეგმა, დაიწერა და შეიქმნა, რომელმაც აფხაზეთი და სამაჩაბლო წაგვართვა.
ამდენად, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, თუ ვის მხარეს იდგნენ და ვის საქმეს აკეთებდნენ ის ქართველი პუტჩისტები, რომლებმაც ჯერ რუსთაველის პროსპექტი და მერე დანარჩენი საქართველო გადაბუგეს.
ცხონებული ზვიად გამსახურდიაც ცამდე მართალი ყოფილა, როცა ნიადაგ ერთსა და იმავეს იმეორებდა - „კრემლის აგენტები", „წითელი ინტელიგენცია", „სუკ-ის ნომენკლატურა".
ძვირფასო მეგობრებო, პირადად ჩემთვის ამ დოკუმენტით ყველაფერი გარკვეულია, მაგრამ ერთი კითხვა მაინც მაწვალებს - ამ ოცდაერთი წლის წინ, საქართველოს პირველ პრეზიდენტს სამეგრელოს ტყეებში ენაგადმოგდებული ძაღლებივით რომ ფეხდაფეხ დასდევდნენ, იმ ნაბიჭვრებს შორის ხომ არ ერივნენ ისეთებიც, რომლებსაც რუსეთის გენშტაბში შედგენილი წინამდებარე რუკა გულისჯიბეში ედოთ, მაგრამ დღეს ტელევიზორიდან თავგამოყოფილები„დასავლეთისა" და NATO-ს მზეს ფიცულობენ და გვმოძღვრავენ?
დიახ, საინტერესოა, მოქმედ ქართველ პოლიტიკოსებს შორის, ვის აქვს ნანახი და ვის ეცნობა ეს რუკა...
დიტო ჩუბინიძე
გაზეთი „ასავალ-დასავლი"