reportiori.ge - რატომ ვერ ასაჩივრებენ ადვოკატები ემზარ კვიციანის 12-წლიან განაჩენს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:40
ინტერვიუ
რატომ ვერ ასაჩივრებენ ადვოკატები ემზარ კვიციანის 12-წლიან განაჩენს?
ავტორი:
26 ნოემბერი, 2014. 10:59


ემზარ კვიციანის დასკვნით სასამართლო პროცესს ზუგდიდში შეგნებულად არ ვესწრები, კარგა ხნის წინ მქონდა ნაყნოსი უკანონო განაჩენის სუნი... როგორც კვიციანის ადვოკატისგან შევიტყვე, მოსამართლე შოთა ბიჭია, სახელმწიფო ბრალმდებელი თენგიზ ხარებავა დანიშნულ დროს გამოცხადდნენ, თუმცა სასამართლო დარბაზი ცარიელი დახვედრიათ. განსასჯელმა კვიციანმა მათ წინა დღეს ბოიკოტი გამოუცხადა და ის საკანში ელოდა საკუთარი განაჩენის დადგომას. სასამართლო პროცესზე ემზარის ერთადერთი ძმის გარდა, დანარჩენი ოჯახის წევრები და ახლობლებიც არ დასწრებიან. იქ მხოლოდ კვიციანის ადვოკატი რეზო კახნიაური იყო. 


თავიდანვე დედაქალაქიდან კარგად შორს, ზუგდიდში იმიტომ გადაისროლეს ეს პროცესი, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო. მართლაც, „ქრონიკის" გარდა, ეს თემა თითქმის არც ერთ მედიასაშუალებას არ გაუშუქებია ისე, როგორც რეზონანსულ საქმეს ეკუთვნოდა. თუმცა კვიციანის განაჩენის გამოტანისთანავე, თბილისში დაიწყო და რა დაიწყო... საზოგადოების მხრიდან საპროტესტო ტალღა განაჩენის გამოცხადების დღიდან მოყოლებული არ შენელებულა, ვის არ ნახავდით აქციაზე... ბევრი ცნობადი სახიდან ყველას თვალში მოხვდა ძუნწად მოლაპარაკე თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით თევზაძის კომენტარი: „ემზარ კვიციანს უკანონო ქმედება არ ჩაუდენია, სააკაშვილის პერიოდში ის იყო პოლიტიკურ დევნილობაში, ჩამოვიდა და აღმოჩნდა პოლიტიკურ პატიმრობაში. დღეს ეს საქართველომ თუ „გაატარა", ხვალ მივიღებთ იმას, საიდანაც ჩვენ თითქოს გამოვედით"... 


პარლამენტარმა სოსო ჯაჭვლიანმა, - ჩემი მეგობრის გვერდით ვდგავარო და ვიდგები მანამ, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებსო. რაც ჩემთან ინტერვიუში მან განაცხადა, იგივე სიტყვები გაიმეორა აქციაზე: ვანო მერაბიშვილს - 4 წელი, ახალაიას - 7 წელი და ემზარ კვიციანს - 12 წელი?!. ეს „ალგებრა" მართლა გაუგებარია ხალხისთვის... ახლა კი იმ დეტალებზე მინდა გავამახვილო მკითხველის ყურადღება, რა ხდებოდა ზუგდიდში, 17 ნოემბერს კვიციანის სასამართლოზე განაჩენის გამოცხადებამდე. მკითხველს მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ სახელმწიფო ბრალმდებელი თენგიზ ხარებავა მარტო ვაზაგაშვილის საქმისა და ბევრი სხვა სკანდალური საქმის პროკურორი კი არა, სულხან მოლაშვილის პროკურორიც ყოფილა და ეს ჯალათი კაცი, დღესაც ზუსტად იგივე როლში გვევლინება და იმავე მეთოდებით „თეთრი ძაფით" კერავს ასეთ საქმეებს და უკან არაფერზე იხევს. შოკისმომგვრელ მასალას მაწვდის კვიციანის ადვოკატი და თანამებრძოლი, ბატონი რეზო კახნიაური, რომელმაც ისე განიცადა კვიციანის განაჩენი, რომ კარგა ხანს ინტერვიუზე ვერ დავითანხმე, ჯანმრთელობის გაუარესების გამო. მერე კი თავად დამიკავშირდა და მასთან საუბარი სიტყვასიტყვით ჩავიწერე: 


- ბატონო რეზო, ალბათ, არ ელოდით ასეთ განაჩენს... 

 

- ცხადია, დანაშაულის კვალიფიკაცია ამის საშუალებას არ იძლეოდა. რუსუდან გუგესიანი სოფელ ჩხალთაში დაიღუპა საავიაციო დაბომბვის დროს, გენშტაბის უფროსის ნიკოლეიშვილის ბრძანებით მას სიცოცხლე მოესწრაფა. ეს მოხდა მაშინ, როცა ემზარი კოდორში საერთოდ არ იყო. მფრინავმა ალექსანდრე თურქიამ სასამართლოზე პირდაპირ განაცხადა, რომ ქვემოდან სროლა არ ყოფილა, მაგრამ ამ ქალბატონის სიკვდილიც კვიციანს დააბრალეს. სსკ-ის 223-ე მუხლის III ნაწილით წაუყენეს ეს უმძიმესი ბრალდება. I ნაწილი რომ წაეყენებინათ, მაშინ 7 წლამდე სასჯელი ეკუთვნოდა, რაც კი სასამართლოზე ძიების დროს დადასტურდა, მოსამართლე შოთა ბიჭიამ ამ გარემოებას ყურადღება არ მიაქცია. მან ასევე არ მიაქცია ყურადღება დაზარალებულებისა და კოდორის მოსახლეობის მიერ მიცემულ ჩვენებებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ემზარ კვიციანი იმ დღეს, როცა ქალბატონი გარდაიცვალა, კოდორში არ იმყოფებოდა. ამას ადასტურებენ პოლიციის თანამშრომლებიც, რომლებიც პროცესზე დაიკითხნენ. სახელმწიფო ბრალმდებელმა ეს ჩვენებები „გაატარა". კვიციანს ასევე არ დაუდასტურდა უკანონო ფორმირების შექმნა. 1992 წლიდან 2005 წლის 27 მაისამდე არსებობდა საბრძოლო ფორმირება - „მონადირე", რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო. გამომდინარე აქედან, კვიციანის ბრალეულობა ამ საქმეში საერთოდ არ არსებობდა. ამდენად, რაც პროცესზე ძიებისას დასტურდებოდა, არ იძლეოდა დანაშაულის შემადგენლობას. დანაშაული არასწორად იყო დაკვალიფიცირებული - „სახელმწიფოს ამბოხი" კვიციანის მხრიდან არ იყო. მას სსკ-ის 315-ე და 223-ე მუხლები უკანონოდ და უსაფუძვლოდ წაუყენეს. ემზარი მოწოდებებს აკეთებდა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებას სამხედრო ჯარები კოდორში არ შეეყვანა და 1994 წლის 14 მაისის შეთანხმება არ დარღვეულიყო. კვიციანმა დიდი ხნით ადრე იცოდა, კოდორში ჯარების შემოყვანას რა შედეგები მოჰყვებოდა. 


- ბატონო რეზო, კვიციანის განაჩენი თუ გაასაჩივრეთ? 


- ვერ ვასაჩივრებ, მოსამართლეს უფლება აქვს, ორი კვირა არ გადმომცეს განაჩენი. ჩვენ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი წაგვიკითხა, 12 წელი რაც პროკურორმა მოითხოვა, მოსამართლე შოთა ბიჭიამ ძალაში დატოვა. კარგად მესმოდა, იქვე პროკურორი ხარებავა ტელეფონით არ ეთანხმებოდა მთავარ პროკურატურას, სსკ-ის 223-ე მუხლის III ნაწილს არ დააკმაყოფილებს მოსამართლეო... შენ მოითხოვე და რასაც შენ მოითხოვ, მოსამართლე იმას დააკმაყოფილებსო! ისევ ვიმეორებ, ყველაფერი მესმოდა!.. მერე მე მომიბრუნდა და მითხრა, - თქვენ რომ არ გინდოდათ საპროცესო შეთანხმება, ახლა ნახეთ, რასაც მე მოვითხოვო, - დამემუქრა პროკურორი. სიმწრით გამეცინა, მოსამართლე როგორ გამოიტანს ამ განაჩენს-მეთქი, ხმამაღლა ვუთხარი, მაგრამ მწარედ შევცდი, არ მეგონა, თუ ასეთი მართული იყო „იუნიორი" მოსამართლე!.. ამას ჰქვია „ჯიბის" მოსამართლე, რასაც უკარნახებენ, იმას დააწერინებენ (არადა, სვანებს გულუბრყვილოდ ბოლო წუთამდე ეგონათ, მოსამართლე ბიჭია სამართლიან განაჩენს გამოიტანდა, ერთ-ერთი პროცესის დაწყებამდე სასამართლოს კარებთან მდგომ ძველ, დანგრეულ „ჟიგულს" შემახედეს, - შეხედეთ, წესიერი კაცი როგორი მანქანითაა მოსულიო. ამ ნათქვამზე სვანებს ვუპასუხე, - ადრე ხომ გითხარით, ზუგდიდიდან ცოტა ეშმაკობაც გაიყოლეთ, რომელიმე ლოდის ქვეშ ამოდეთ, ვინიცობაა, დაგჭირდეთ-მეთქი. ეს მანქანა ისეთივე ფარსია, როგორც ეს სასამართლო პროცესი-მეთქი!.. - ნ.ს.)... სხვადასხვა დროს 400-მდე მოწმე დაიკითხა, ყველა მათგანმა ემზარის სასარგებლო ჩვენება დააფიქსირა, მაგრამ პროკურორმა ამ ჩვენებებს გვერდი აუარა და საერთოდ, მოწმის ინსტიტუტი უარყო, არ წარმოაჩინა. ამასთანავე, გამოიტანეს ვიდეოფირები, სადაც აჩვენეს ემზარის ბრძოლის ბატალიები, რომელიც ოსტატურად ჰქონდათ დამონტაჟებული. „ლომის წილი" ითამაშა ჟურნალისტ ნანა ლეჟავას პროვოკაციულმა განცხადებებმა, რომელიც მაყურებელზე იყო მიმართული, სენსაციური ზემოქმედებისთვის. მან მაშინდელი ხელისუფლების დავალება შეასრულა, იმის ილუზია შექმნა, რომ კვიციანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ჩაუსაფრდა, რაც სრული სიცრუეა და ეს სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა უხუცესებმა და იქ მყოფებმა არაერთხელ დაადასტურეს. 


ემზარ კვიციანის პროცესი ისე წარიმართა, რომ დაწყების დღიდან ყველა იქ დაკითხული მოწმიდან, ერთთავად, ნანა ლეჟავას სახელი ჩამესმოდა, როგორც „სახელმწიფო ბრალმდებლის". „ლეჟავამ ასე თქვა", „ლეჟავას ისე თქვა", - უკვე მერამდენე თვეა, გაზეთი „ქრონიკა" ფეხდაფეხ მიჰყვება სასამართლო სცენებს, განაწყენებულმა ნანა ლეჟავამ კი რედაქციაში დარეკა, რის გამოც გაზეთის ხელმძღვანელობამ მთხოვა ლეჟავას პოზიციის დაფიქსირება. მეც დავუკავშირდი, მან ჩემთან საუბარში გულისწყრომა გამოხატა იმის გამო, რომ წერილების ავტორი, ე.ი. - მე, მას პირადად რატომ არ დავუკავშირდი. აჯობებდა, ნანა ლეჟავა მოწმეებს დაკავშირებოდა და გულისწყრომა გადაემისამართებინა. კოდორელ ჟურნალისტს ნამდვილად მისამართი შეეშალა, ჩვენი პროფესია ხომ ისეთია, რომ ყოველ წუთსა და ყოველ წამს უნდა აკონტროლო საკუთარი თავი. კოდორი კი ნაპოლეონივით ბევრისთვის „ვატერლოო" გამოდგა. ამრიგად, განაწყენებულ ჟურნალისტს შანსი მივეცი, მოწმეებისთვისაც გაეცა პასუხი და საზოგადოებისთვისაც. მან კი ჩვეული მანევრით სიტყვების უკან წაღება დაიწყო: „მინისტრებთან არ მითქვამს, კვიციანი ჩასაფრებულია-მეთქი". ამ სიტყვების სისწორე კიდევ ერთხელ გადავამოწმე ადვოკატ რეზო კახნიაურთან. ბატონმა რეზომ კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რაც მოწმეებმა დაკითხვისას განაცხადეს. რაც მე გაზეთის ფურცლებზე არც მეტი, არც ნაკლები, სიტყვასიტყვით გადავიტანე. ახლა კი ლეჟავა მედავება, მინისტრებთან არ მითქვამს, ჩასაფრებულია-თქო... ეს სიტყვები მას აფხაზეთის შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრ ანზორ მარგიანთან და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან გვაზავასთან უთქვამს. ამ ნათქვამში ჩვენ ქვემდებარე-შემასმენელს არ ვეძებთ, ჩვენ გვაინტერესებდა, რა და რატომ თქვა ჟურნალისტმა, აი, ეს იყო... ამიტომ „ქრონიკა" კვლავ ფეხდაფეხ მისდევს კვიციანის თემას. ლეჟავამ არც ჩემთან შეხვედრა და არც გაზეთის საშუალებით თავის მართლება არ ისურვა... მის ადგილზე მე რომელიმე მედიასაშუალებაში მაინც ვცდიდი... 


ემზარ კვიციანის განაჩენის გამოცხადებისთანავე, ყველა დახშულმა საინფორმაციო საშუალებამ „ქაჯანასავით" ენა ამოიდგა, დროს უთმობენ... როგორც იქნა, 9-წლიანი დუმილის შემდეგ ინგა გრიგოლიამ პარასკევს კვიციანს დიდი ხნის ნატვრა აუხდინა და „რეაქციის" ეთერი დაუთმო... 


მართლა მოსამართლე ბიჭიას „ჟიგულივით" „მორყეული" აღმოჩნდა კვიციანის სასამართლო, საპროტესტო აქციებზე ყოველდღიურად ემატებიან ადამიანები, რომლებიც ახალი ხელისუფლებიდან სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ, ხელისუფლებამ დროზე უნდა აღკვეთოს პროცესზე ჩართული პროკურორ ხარებავასა და მოსამართლე ბიჭიასა და სხვათა თავნებობა, რადგან ისინი თავიანთი ქმედებით პირდაპირ ხელისუფლებას უპირისპირდებიან.

 

ნანა სულავა

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016