reportiori.ge - სოსო ჯაჭვლიანის 3 შეკითხვა კოტე კუბლაშვილს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:22
პრეს-დაიჯესტი
სოსო ჯაჭვლიანის 3 შეკითხვა კოტე კუბლაშვილს!
ავტორი:
26 ნოემბერი, 2014. 11:00


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილი ბოლო დროს ძალიან ფაქიზი და მგრძნობიარე გახდა - საკმარისია, რომელიმე პოლიტიკოსმა რომელიმე მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვას, ეგრევე ზეწოლად აფასებს. სწორედ ასე მოიქცა, როდესაც ემზარ კვიციანის დასჯასთან დაკავშირებით, პარლამენტარებმა, ეკა ბესელიამ და სოსო ჯაჭვლიანმა მოსამართლე შოთა ბიჭია ახსენეს. 


„ქრონიკა" სოსო ჯაჭვლიანს ესაუბრა. 


- სოსო, სულ გეუბნებოდით, ვწერდით, მიხედეთ ამ სასამართლოს, მიხედეთ კოტე კუბლაშვილს, თორემ ესენი დიდ უბედურებას გადაგვყრიდნენ, შარში გაგვხვევდნენ, არ დაგვიჯერეთ და აჰა, ხომ გამოუტანეს ემზარ კვიციანს 12 წელი? ამას ხომ თქვენც ვერ წარმოიდგენდით? სანამ უფრო დიდ შარში არ გაეხვევა ეს ხელისუფლება, არ მიხედავთ სასამართლოს? ისე, რა იყო, ეს ამოცანა პირადად შენ ამოხსენი? 


- ემზარ კვიციანს თავიდან 16 წელი მიუსაჯეს, მერე ამნისტია შეახეს და 4 წელი მოუხსნეს. ამ კუთხით ამოსახსნელი ძალიან ბევრია და ამასთან დაკავშირებით მე ჩემი აზრები მაწუხებს. კუბლაშვილი გამოდის და ამბობს, რომ თურმე მე და ეკა ბესელია ზეწოლას ვახდენთ სასამართლოზე. ახლა კარგად მომისმინე: ხომ იცი, ეს რომელი კუბლაშვილია? აი, 9 წლის განმავლობაში რასაც აკეთებდა, ყველაფერი რომ ვიცით! მე ზეწოლას არ ვახდენ, უბრალოდ გამიჩნდა კითხვები და ვლაპარაკობ ისე, როგორც ვფიქრობ. კითხვა პირველი - ზურაბ ადეიშვილს 4 წელი, ვანო მერაბიშვილს 7 წელი და ემზარ კვიციანს 12 წელი? კითხვა მეორე - ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლოში რომ იბარებდნენ, 4-ჯერ რომ დაიბარეს და საერთოდ არ გამოცხადდა, ეს როგორ ხდება, როგორ დასეირნობს თავისუფლად? კითხვა მესამე - ეს ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი ძებნილად რომ გამოცხადდა და ჩვენებას „სკაიპითაც" არ იძლევა, რანაირად დადის წინ და უკან, რანაირად გვივლის გარშემო ხან სარფის მხრიდან, ხან კიდევ აზერბაიჯანიდან? ამას დავანებოთ თავი, გაქცეულია და დარბის გიჟივით, ისევ ირაკლი ოქრუაშვილს დავუბრუნდები - ტიპი არ მივიდა სასამართლოში, ჩვენებას არ მივცემ, მკიდიაო. როცა ასე ხდება, მაშინ რანაირად გამოგაქვს კვიციანისთვის 12 წელი? მეტსაც ვიტყვი: როდესაც სასამართლო პროცესზე მოწმეები გამოჰყავდათ, ისინი ისეთ აბსურდულ რაღაცებს ჰყვებოდნენ, მთელი დარბაზი სიცილით კვდებოდა. ახლა რომ ამტკიცებენ, 2006 წელს ამბოხების მცდელობა იყოო, იმ დროის დაკითხვის ოქმები საერთოდ არ არსებობს. ოქმების შედგენა დაიწყეს ემზარ კვიციანის ჩამოსვლის შემდეგ და რაც მთავარია, ვინც 2006 წელს ემზარს საქმე შეუკერა, ისევ იმ ადამიანებს მიჰყავთ იგივე საქმე პროკურატურაში. ესეც მეოთხე კითხვა - რატომ? უბრალოდ, სასაცილოა, როგორ შეიძლება, საქმის შემთითხნავს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იგივე საქმე დააწერო? 


- ვააა... მეც მაგას ვამბობ, ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს, რატომ ხდება ასე, რატომ მივედით აქამდე? 

 

- მაგაზეც გეტყვი... ერთი მოწმე მოიყვანეს, რომელსაც იმ პერიოდში პოლიციაში უმუშავია და დაზარალებულა. ემზარი ეკითხება, შენ რით დაზარალდიო? ეს ჯიხვივით დგას და ამბობს: მორალურად დავზარალდიო, ჩემმა ცოლმა რომ გაიგო, კოდორში მაგზავნიდნენ, მუცელი მოეშალაო. აი, ასეთი მასკარადი იყო სასამართლო პროცესებზე. მე ამის გამო გამიჩნდა კითხვები და ვითხოვ პასუხებს. ეს ზეწოლაა? 


- არა, ეს არის აზრის გამოთქმა, რასაც კოტე კუბლაშვილი გიკრძალავთ და მეტსაც გეტყვი - მეტის ღირსები ხართ! 


- რაც შეეხება იმას, რატომ ხდება ასე, ყველაფერი აირია მას შემდეგ, როცა იმ ვირთხამ კოდორს ზემო აფხაზეთი დაარქვა და მერე რუსებს ჩააბარა. სააკაშვილმა იქ ჯარი შეიყვანა და გააკეთა რუსების საქმე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი გაირკვევა და ყველა აგებს პასუხს. სააპელაციოში ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ. სანამ კვიციანი იყო კოდორში, იქ ვერავინ შევიდა, აქ რომელ ღალატზეა ლაპარაკი? როგორც კი ის გააძევეს, ეგრევე ჩააბარეს მტერს. 


- სოსო, უკვე არაპროგნოზირებადი სიტუაციაა და ყველაფერი პოლიტიკაში გადადის, პროკურატურას და სასამართლოს ისევ ნაციონალები" მართავენ? 

 

- მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართალი პურს ჭამს. 


- როდისღა? სანამ პავლე მოვა, პეტრეს ტყავი გააძვრეს. 


- სამართალი მოვა... 35 დეპუტატი დავუდექით თავდებად ემზარ კვიციანს. კაცი საკუთარი ფეხით ჩამოვიდა და ვირთხა სააკაშვილი „სკაიპითაც" არ გველაპარაკება. 


- ის სკაიპით" თავის პადელნიკებს" ელაპარაკება და რუსთაველის პროსპექტზეც მიმართავს. 

 

- ჰოდა, მაგ ნაძირალას უნდა მიხედოს პროკურატურამ. ჩემთვის ეგ არასოდეს ყოფილა პირველი პირი, მაგრამ ვისთვისაც იყო, დღესაც არავის არაფრად აგდებს და შორიდან იყეფება. ძალიან ბევრი ეჭვი არსებობს, ამიტომ ვამბობ, მოვლენებს ნუ გავასწრებთ-მეთქი, ყველაფერი ისე წავა, როგორც ჩვენ გვინდა. ვიცი, რასაც მეუბნები, ასე მართლაც არ შეიძლება, ჩვენ ერთმანეთს თვალებში უნდა ჩავხედოთ და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. შენ ხომ იმაში მაინც არ დამდებ ბრალს, რომ მე როდისმე სიმართლეს არ ვლაპარაკობდი? მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბევრი რაღაცა გაკეთდა, ჩვენი, „ქართული ოცნების", ყველაზე დიდი დანაშაული ამათი „გაბლატავებაა". როდესაც ჩვენ პარლამენტში შევედით, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის რანგში ჩამოვიდა ქუთაისში და პარლამენტი გახსნა, რაც ჩაფიქრებული გვქონდა, ის უნდა გაგვეკეთებინა. 


- რა გქონდათ ჩაფიქრებული? 


- წიხლქვეშ უნდა გაგვეგდო და ცემა-ტყეპით გამოგვეგდო იქიდან. ეს უნდა ენახა მთელ მსოფლიოს, მაგრამ არ გავაკეთეთ, ვითომ ცივილიზებულად მოვიქეცით. მაშინ დაიწყეს, მსოფლიო გვიყურებს, უხერხულიაო. ჩვენი მეორე დანაშაული - როცა სააკაშვილს გაუმართლა და ცემა-ტყეპით არ გამოვაგდეთ, ამის შემდეგ ვიცე-სპიკერად წარმოადგინეს გია ბარამიძე, რომელიც ეჭვმიტანილია არაერთ დანაშაულში. „ოცნებას" ამისთვის ხმა არ უნდა მიეცა. „ნაციონალებს" კვოტა ჰქონდათ, მაგრამ სხვა წარმოედგინათ, ოღონდ ბარამიძე არა. ამის მერე დაიწყეს „ბლატაობა". აი, ამიტომ ხდება ის, რაც ხდება! ბიჭო, ირაკლი ბათიაშვილი ტელეფონით ელაპარაკა კვიციანს, 25 წელი მიუსაჯეს, მხარი დაუჭირაო. ეს ვირთხა კიდევ ჩადის სარფში, იქიდან გვემუქრება, თავისი დეპუტაცია ჩაჰყავს, ძებნილ ადამიანს ხვდებიან, ხელისუფლების დამხობის გეგმას ადგენენ და კიდევ აქეთ ლაპარაკობენ, თავისუფლად დადიან. ამათ რის თავი აქვთ, მაგრამ ამას ხომ ხალხი უყურებს და ღიზიანდება? ხალხი ამიტომაა გაბრაზებული და ამიტომ იცინის! 


- ხალხის სიცილი საშიშროების ბოლო სტადიაა. 


- მე ვარ მმართველი გუნდის ერთ-ერთი წევრი, ასეთი რაღაცები ჩვენ გვასუსტებს. 


- მარტო თქვენ კი არ გასუსტებთ, საზოგადოებაც სუსტდება და ფსიქიკურად იშლება. დავით თევზაძეს რომ ააყვირებ და ქუჩაში გამოსვლაზე ფიქრს დააწყებინებ, იქ უკვე საგანგაშო სიტუაციაა. 


- დათო ჯიგარია, მაგარი კაცია. ასეთ ადამიანებს ყოველთვის სხვა კუთხით წარმოგვიდგენდნენ სააკაშვილის დროს, მიდიოდა მათი დისკრედიტაცია და სხვათა შორის, ჩვენი ტელევიზიები დღესაც იგივეს აკეთებენ. საქმე არ მივა ქუჩაში გამოსვლამდე, ძალიან მალე ყველაფერი გაირკვევა. 

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016