reportiori.ge - თავისუფლება კოდორის დამცველ ემზარ კვიციანს!!!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 17:28
პრეს-დაიჯესტი
თავისუფლება კოდორის დამცველ ემზარ კვიციანს!!!
ავტორი:
26 ნოემბერი, 2014. 13:35


იმ ქვეყნის მართლა დედა ვატირე, ემზარ კვიციანს 12-წლიან პატიმრობას რომ მიუსჯის, ბაჩო ახალაიას - 7-ს და ვანო მერაბიშვილს 5 წელს აკმარებს. ახლა, ისიც გაიხსენეთ, რამდენი დამნაშავე „ნაციონალი" გამოაგდეს სასამართლოდან საპროცესო გარიგებით და საერთოდ, სასჯელის გარეშე დატოვეს. ამ ქვეყნის ამაოხრებლები, ხალხის მწამებლები დათა ახალაია და ნარკომანი დავით კეზერაშვილი ევროპაში საქართველოდან მოპარული მილიონებით ბარონებივით ცხოვრობენ, ზურაბ ადეიშვილს ბუდაპეშტში ბუზს ვერავინ უფრენს და იქაურ უნივერსიტეტში ლექციებსაც კი კითხულობს. ემზარ კვიციანი კი, კაცი, რომელიც 14 წელი იცავდა კოდორის ხეობას, მანამდე აფხაზეთის ომში იბრძოდა, ამ ქვეყნისთვის მიხეილ სააკაშვილის წონა სისხლი აქვს დაღვრილი, დღეს მკაცრი და დაუმსახურებელი განაჩენით ზის ციხეში. კურიოზია, აბა, რა არის? კოტე კუბლაშვილმა მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთი სურვილი შეუსრულა და ემზარ კვიციანი პატიმრად აქცია, თანაც მრავალი წლით. აქ პროკურატურის „ვაჟკაცობაც" უნდა ვახსენოთ - პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გაასამართლა კვიციანი, იმ შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე, რის გამოც, თითქმის 8 წელი ძებნაში იყო კოდორის ხეობის დამცველი, მერე კი, როცა ხელისუფლება შეიცვალა, როცა სააკაშვილი და „ნაციონალები" ხელისუფლებას მოშორდნენ, საქართველოში დაბრუნდა საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ თავის უდანაშაულობას დაამტკიცებდა და ყველა ბრალს მოუხსნიდა სასამართლო. მწარედ შეცდა ემზარ კვიციანი!


„ქრონიკას" ემზარ კვიციანის მეგობარი და თანამებრძოლი, „მონადირის" ყოფილი წევრი მალხაზ კორძაია ესაუბრება:


- ისევ იმ ხელისუფლებამ გაასამართლა ემზარი, რომელმაც ჯერ კიდევ 2006 წელს გამოუტანა მას და მის ოჯახს განაჩენი, ვინც კოდორი დაბომბა, ემზარი და მისი ოჯახი, მისი თანამებრძოლები დევნილებად აქცია, მისი და, ნორა კვიციანი მძევლად ჰყავდათ ციხეში გამოკეტილი და რაც ქონება ჰქონდა, უსამართლოდ წაართვეს.


- როცა ძებნილი ემზარ კვიციანი საქართველოში ჩამოვიდა და სამართალდამცავებს ჩაბარდა, მაშინ ლაპარაკი იყო, თითქოს მან გარანტიები მიიღო დღევანდელი ხელისუფლებისგან, ბრალდებებს მოუხსნიდნენ და ციხიდან გამოუშვებდნენ. მაგრამ ფაქტია, 12-წლიანი პატიმრობისთვის ჩამოსულა. მართლა იყო გარიგება ხელისუფლებასა და კვიციანს შორის?

 

- იყო ეს ლაპარაკი, გარიგებაა ემზარსა და ხელისუფლებას შორისო და ეს დაიჯერა ხალხმა. ემზარს არანაირი გარიგება არავისთან რომ არ ჰქონია და თავის უდანაშაულობაში დარწმუნებული ალალად ჩამოვიდა, აგერ ფაქტია! 12 წელი მიუსაჯეს და უკვე სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ მას რაღაც გარიგება ჰქონდა ხელისუფლებასთან.


- დღევანდელ ხელისუფლებას არაფერში ადანაშაულებთ, ემზარ კვიციანს 12 წელი რომ მიუსაჯეს, ეს მხოლოდ „ნაციონალებისა" და მათ მიერ კონტროლირებადი სასამართლოს ბრალია?

 

- დღევანდელ ხელისუფლებას იმაში ვადანაშაულებ, რომ დღემდე საკადრისი პასუხი არ გასცა „ნაციონალურ" მოძრაობას, დღემდე, თუნდაც სასამართლო სისტემას, ისევ სააკაშვილის დამანაშავე ხალხი მართავს.


- მართალია, რომ ემზარ კვიციანის ოჯახს იარაკლი ღარიბაშვილმა ბინა მისცა?

 

- როცა ემზარი საქართველოდან გააქციეს, იმავე 2006 წელს, მას სააკაშვილის რეჟიმმა სახლკარიც წაართვა, ყველაფერს კონფისკაცია გაუკეთეს. მთელი ქონება წაართვეს, რაც გააჩნდა. მისი თბილისში მდებარე ბინა სახელმწიფოს გადაეცა და შს სამინისტროს ბალანსზე იყო. როცა ირაკლი ღარიბაშვილი გახდა მინისტრი, მან ეს ბინა ემზარის ოჯახს დაუბრუნა. ემზარის მეუღლე და შვილები თბილისში რომ დაბრუნდნენ, საცხოვრებელი არ ჰქონდათ და ღარიბაშვილმა დაუბრუნა უსამართლოდ ჩამორთმეული ბინა.


- კოდორში ყოფნის პერიოდში, რამდნჯერ დაიცავით ხეობა რუსების შემოტევებისგან?

 

- მაგას ზუსტად ვერ გავიხსენებ, გენაცვალე! იარაღით გვეძინა სახლებში, მართლა თავქვეშ გვედო სანადირო თოფები თუ ავტომატები და ისე გვეძინა, ყოველ დილით საგზლით გვისტუმრებდნენ ოჯახიდან და არ იცოდნენ, ცოცხალი დავბრუნდებოდით თუ არა. თავი არ დაგვიზოგავს არავის, ვისაც ხელში იარაღის დაჭერა შეეძლო, ყველა იბრძოდა. სადღაც, 1996 წლამდე, ვიდრე რუსები გაერო-ს სამშვიდობო მანდატს მიიღებდნენ, იქ ჯოჯოხეთი იყო. სულ ომში არ ვიყავით? რამდენჯერ ღამით დაუწყიათ რუსებსა და აფხაზებს შეტევა, მძინარეები წამოვცვივდებოდით, იარაღს ვტაცებდით ხელს და პირდაპირ ბრძოლაში ვერთვებოდით. ემზარი ლომივით იბრძოდა და ეს ყველამ კარგად იცის კოდორში. ერთხელ დესანტი გადმოსხეს რუსებმა, კოდორის აღება უნდოდათ. ალყაში მოვაქციეთ ეს მედესანტეები, ისე, რომ ვერაფერს მიხვდნენ. ემზარი მივიდა მერე მათ მეთაურთან და განუცხადა, 3 დღეში თუ არ დატოვებთ ხეობას, ვერც ერთი თქვენგანი ცოცხალი ვერ გააღწევს, ალყაში ხართო. გაოგნდა რუსი მედესანტეების მეთაური, ეს როგორ მოახერხესო. სხვა გზა არ ჰქონდათ, ეს 3 დღე მოლაპარაკებას აწარმოებდნენ სოხუმში თავიანთ უფროსებთან, მერე ადგნენ, აიბარგნენ და წავიდნენ. მერე უკვე „მონადირე" ჩამოვაყალიბეთ, სტატუსი გვქონდა ოფიციალური და კვლავ ვიცავდით ხეობას. სამშობლოს სიყვარულსა და დაცვას სტატუსები არ სჭირდება, მაგრამ მაშინ ასე იყო საჭირო, რომელიღაც ძალოვან სტრუქტურას უნდა დაქვემდებარებოდა და ოფიციალური შენაერთი უნდა გამხდარიყო. არც მერე დაგვკლებია ომი და უბედურება. 14 წელი გავატარეთ ასეთ პირობებში და კაცს არ დაუჩივლია. წმიდათაწმიდა საქმეს ვაკეთებდით, სამშობლოს ვიცავდით მტრისგან და ამაყები ვიყავით.


- ბევრი ამბობს, 2008 წლის ომის დროს, ემზარ კვიციანი და მისი ბიჭები რომ ყოფილიყვნენ ხეობაში, კოდორი არ დაეცემოდაო.

 

- სულ რომ გადაებომბათ რუსეთს კოდორი, მაინც არ დავნებდებოდით, იქ არაერთი ადგილია ტყეში, ჭიუხებში, სადაც თუნდაც ერთი ბატალიონი შეაფარებს თავს და ბრძოლას ასე გავაგრძელებდით, გავიფანტებოდით და ისე ვიბრძოლებდით. 2008 წლის აგვისტოში, საკმარისი იყო, 3-4 დღე ებრძოლათ, შეენარჩუნებინათ კოდორი, მერე კი, 13 აგვისტოს, სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და რუსებს აღარ უბრძოლიათ, თბილისზე შეტევაც შეაჩერეს და შიდა ქართლსა და სამეგრელოში დაკავებული არაერთი სოფლიდანაც გავიდნენ,  გორიც მიატოვეს. ჩვენ რომ იქ ვყოფილიყავით, ყველანი ჩავიხოცებოდით და რამდენიმე დღე მაინც გავუძლებდით რუსების ნებისმიერ შემოტევას, მერე კი, მოგახსენეთ, ამ ხელშეკრულებით ცეცხლი შეწყდა. ჩვენ დავიხოცებოდით, მაგრამ ხეობას შევინარჩუნებდით და დღეს საქართველოს შემადგენლობაში იქნებოდა!


- ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერები ემზარ კვიციანსა და მის თანამებრძოლებს გაბრალებენ, რომ ადამიანთა გატაცებაში მონაწილეობდით და გაერო-ს დამკვირვებელთა გატაცების ფაქტს იხსენებენ.

 

- პანკისის ხეობას რატომ არ იხსენებენ, სადაც უამრავი გატაცებული, მათ შორის, უცხოელი დიპლომატები მიჰყავდათ? თბილისს რატომ არ იხსენებენ, დღე არ გავიდოდა, თბილისში ვინმე არ გაეტაცებინათ გამოსასყიდის მიზნით? სამეგრელოს რეგიონში რა ხდებოდა მაშინ, ისიც გაიხსენონ... კოდორის ხეობაზე აქცენტი შეგნებულად კეთდებოდა, ახლაც კეთდება, ჩვენი, „მონადირის" წევრების, ემზარის დისკრედიტაციისთვის ვრცელდებოდა ასეთი ინფორმაციები. კი, იყო გატაცების შემთხვევები, მაგრამ ამ საქმეში ჩვენ გარეულნი არ ვყოფილვართ. თუ არადა, გამოიძიონ და ბრალი წაგვიყენონ!


- ბატონო მალხაზ, რას აპირებთ, როგორ აპირებთ ემზარ კვიციანის დაცვას?

 

- ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, პროტესტს ორგანიზებულ ხასიათს  მივცემთ, ეს არ არის მარტო ერთი ოჯახის, კვიციანების საქმე და პრობლემა, ეს მთლიანად კოდორის მოსახეობის პრობლემაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ემზარ კვიციანმა დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა! ეს კაცი კოდორის დაცვას რომ შესწირვოდა და იქ ბრძოლაში დაღუპულიყო, ძეგლს დაუდგამდნენ, გმირად აღიარებდნენ, დღეს კი ციხეში ზის.


- დავით თევზაძეც გვერდში გიდგათ, ვეტერანი მებრძოლების დარაზმვას აპირებს ემზარ კვიციანის მხარდასაჭერად.

 

- ვაჟკაცია დავით თევზაძე და იცის ვაჟკაცობის ფასი, თავად მებრძოლმა და მრავლისმნახველმა კარგად იცის, ემზარმა რა გადაიტანა ხეობის დაცვისას 14 წლის მანძილზე. კი, ვეტერანი მებრძოლები მზად არიან, გვერდით დაგვიდგნენ ამ ბრძოლაში და ჩვენი ბიჭებიანად საკმაოდ ბევრნი ვართ. არ გავჩერდებით, ვიდრე ჩვენსას არ მივაღწევთ - ვიდრე სრულიად უდანაშუალო ადამიანს, სამართლებრივი გზით არ დავიხსნით ციხიდან.

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016