reportiori.ge - კვიციანის საქმიდან გამქრალი მოწმის სკანდალური ჩვენება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:48
ინტერვიუ
კვიციანის საქმიდან გამქრალი მოწმის სკანდალური ჩვენება
ავტორი:
26 ნოემბერი, 2014. 13:36


„სააკაშვილის მთავრობას ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე რუსებისთვის პირობა ჰქონდათ მიცემული, რომ კოდორს ჩააბარებდა და შეასრულა კიდეც", - ეს განცხადება კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა, ემზარ კვიციანმა განაჩენის გამოტანამდე, სასამართლო პროცესზე გააკეთა...


მკითხველი, ცხადია, მიგვიხვდა, რას შეეხება ჩვენი დღევანდელი პუბლიკაცია. „პრაიმტაიმი" შეეცდება, შემოგთავაზოთ კოდორის დაკარგვის მთელი ანატომია და რაც მთავარია, გავცეთ პასუხი მთავარ კითხვას - ჰქონდა თუ არა ახალ ხელისუფლებას ინტერესი, კვიციანი 12 წლით გამოეკეტა ციხეში.


ინტერვიუში, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, ძალიან ბევრ სკანდალურ ისტორიას შეიტყობთ. თუმცა, იმისთვის, რომ ამ ინტერვიუს კითხვა იმ პოზიციიდან დაიწყოთ, რა პოზიციიდანაც კითხვების დასმა დავიწყეთ, ჯერ თავად ემზარ კვიციანთან „პრაიმტაიმის" საუბრის ჩანაწერიდან ფრაგმენტებს შემოგთავაზებთ, რომელიც ჩვენს გაზეთში მის დაკავებამდე გამოქვეყნდა:


- ...როცა სარდლობიდან გადავდექი, თავდაცვის მაშინდელ მინისტრს, გიორგი ბარამიძეს ვუთხარი, ხეობის ჩაბარება გინდათ-მეთქი... რას ლაპარაკობ, იქიდან უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთიო. ასეთი „რეჩები" ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო და დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩააბარებდნენ.


- რატომ იყავით ასე დარწმუნებული? ეს ხომ აღარ იყო თარგამაძისა და ჩხეიძის ხელისუფლება?

 

- რევოლუციამდე ერთ-ერთ დიდ მიტინგზე ჟურნალისტმა მკითხა, ახლა სროლები რომ ატყდეს, შენ რას იზამო? თუ დარწმუნებული ვიქნები, რომ ამას რუსები გააკეთებენ, წავალ და „ზაკვოს" ავუტეხ სროლას-მეთქი.


- გინდათ თქვათ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება რუსებთან იყო გარიგებული?

 

- ამაში დარწმუნებული ვარ. სააკაშვილი იყო რუსული პროექტი. სარდლობიდან გადადგომის შემდეგ ბარამიძეს ხეობაში შესვლა უნდოდა და მთხოვა, წამყევიო. მაშინ მითხრა, რატომ გაქვს ცხვირი ჩამოშვებული, ყველაფერი კარგად იქნებაო. მე ვუპასუხე: წინასწარ ვიცი, რომ ხეობას ჩააბარებთ, ჩემი ცხვირის ჩამოშვება ახლა უფრო დროული და სწორია, ვიდრე თქვენ რომ გაქვთ ცხვირი აბზეკილი-მეთქი. ამის მერე იყო, რომ ოქრუაშვილი გახდა თავდაცვის მინისტრი და გააუქმა ბატალიონი „მონადირე", მანამდე კი აკადემიაში ჩემს მიერ მოწყობილ 11 მსმენელს დაერია, ძალიან მაგარი სვანი ბიჭები იყვნენ, საუკეთესო მოსწავლეები...


- მითხარით, რომ ირაკლი ალასანია გამოვიდა თქვენთან კონტაქტზე...

 

- ...ირაკლი ალასანიას კითხვა დავუსვი, თუ ხეობას ჩააბარებთ, ამაზე პასუხისმგებელი ვინ იქნება-მეთქი? მე ვიქნები, ირაკლი ალასანიაო. იცოდე, ირაკლი, მე შეგეკითხები ამის შესახებ-მეთქი. კიდევ ერთხელ ვეკითხები ირაკლი ალასანიას და ბევრჯერ შევეკითხები, სანამ სული მიდგას, რატომ ჩააბარე ხეობა? ჩემთვის სულ ერთია, გაეროში იყავი თუ სად იყავი. შენ მე პირობა მომეცი, რომ ხეობას დაიცავდი. რატომ არ დაიცავი? კარგი, რაც მოხდა, მოხდა... მეშინია, კიდევ უფრო მეტი უბედურებისთვის არ მოამზადონ ქვეყანა ამ „დავერბოვკებულმა" ადამიანებმა. ამ შემთხვევაში ირაკლი ალასანია არ მყავს მხედველობაში...


- რა მოხდა, ბოლოს და ბოლოს, 2006 წლის ზაფხულში? როგორ მოახერხეთ საქართველოდან გასვლა?

 

- როდესაც გავიგე, რომ ესენი შემოდიოდნენ, უკვე გასაგები იყო, რატომაც აკეთებდნენ ამას...


- შემოდიოდნენ ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩასატარებლად...

 

- ვითომ...


- აბა, სინამდვილეში რა იყო? როგორ აღმოჩნდით ხეობაში?

 

- დედაჩემის ორმოცი იყო. თუმცა ინფორმაცია მქონდა, რომ ოქრუაშვილი აპირებდა ჯარით შესვლას და ხეობაში დამიძახეს. მითხრეს, როგორ ამზადებდნენ ხალხს იმისთვის, რომ თითქოს ოქრუაშვილი კოდორიდან გეგმავდა აფხაზეთის აღებას. ვიღაცისთვის ეს შეიძლებოდა დამაჯერებელი ყოფილიყო, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რაც ხდებოდა?  ავტეხე ამბავი. შევუთვალე იმ ხელისუფლებას, ჯერ 1994 წლის ხელშეკრულება გააუქმეთ და მერე შემოდით-მეთქი. ამ ხელშეკრულებით შეიარაღებულ ძალებს ბუფერულ ზონაში ყოფნის უფლება არ ჰქონდათ.


- ხელშეკრულების ეს პუნქტი თქვენ არ გეხებოდათ? რამდენი წელი იყავით იქ შეიარაღებულ ხალხთან ერთად?

 

- თავის დროზე, როდესაც ეს შემახსენეს, ეს ხელშეკრულება აფხაზებს უკან გადავუგდე, ეს მე არ მეხება-მეთქი. აქ მამაჩემია დამარხული, ჩემი წინაპრები არიან დამარხული და სანამ სული მიდგას, აქ სხვას არ შემოვუშვებ-მეთქი.


- ბოლოს და ბოლოს, ამბოხება იყო თუ არა?

 

- იცით, რა მოხდა? ამათ ხომ იცოდნენ ჩემი ხასიათი? თავიდან ბოლომდე ვიყავი შესწავლილი და შესაბამისად, იცოდნენ, როგორ უნდა გამოვეყვანე წონასწორობიდან. მე სააკაშვილსაც შევატყობინე, რომ ეს ყველაფერი ხეობის ჩასაბარებლად კეთდებოდა. ამის მერე გამოდის სააკაშვილი და დედას იგინება. ამან გამომიყვანა წონასწორობიდან...


- ააა, რომ თქვა, კვიციანს დედას ვუტირებო?

 

- დიახ. მაშინ ვუპასუხე სააკაშვილს, მალე მოესწრები, მთელი საქართველო რომ შეიკრიბება შენი დედის სატირებლად-მეთქი. აი, ამის მერე გამწვავდა სიტუაცია. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ისე იმუშავეს მედიაზე, რომ მე გამომიყვანეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლად. ბოლოს კი იქიდან სააკაშვილის მეგობრებმა გამიტყუეს. რამდენჯერმე დამირეკეს იგორ გიორგაძემ და ტარიელ ონიანმა, რომლებმაც, ვითომ საუბარი უნდოდათ ჩემთან, ხეობიდან გამიტყუეს. სინამდვილეში კი დათქმულ ადგილას დამხვდნენ ნიღბიანები და უკან აღარავინ დამაბრუნა.


- თქვენი გატყუება რაში სჭირდებოდათ?

 

- ჩემგან მოღალატის ხატი უნდა შეექმნათ. ამიტომაც იყო, რომ სოჭში ბაზარში ქართველებს დავუდექი წინ, რომ დავეფიქსირებინე, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ კოდორი ჩააბარა, მე სად ვიყავი. მერე ვინმეს ისიც რომ არ ეთქვა, თითქოს აფხაზებს მე მივუძღოდი წინ კოდორისკენ. ესეც რომ გაეკეთებინათ, მერე უკვე მომკლავდნენ და იტყოდნენ, თითქოს აფხაზებთან ყოფნის დროს დავიღუპე. ჩემთან ერთად ჩემი ოჯახიც გაიტყუეს. ვიყავით სოჭში და თავზე ორი დარაჯი გვედგა, შვილები მაშინ 15, 12 და 2 წლისანი იყვნენ. აგონიაში ვიყავი, ჩემი დაც უკვე ციხეში ჰყავდათ წაყვანილი. მის ნაცვლად ვითხოვე ჩაბარება. განაცხადეს, შენც მოიხდი სასჯელს და შენი დაცო. მათ არ უნდოდათ ჩემი ჩაბარება. მათ ერჩივნათ, ასე შორს ვყოფილიყავი და ყველაფერი ჩემზე შეეწმინდათ.


- გიორგაძესა და ონიანს სად უნდა შეხვედროდით?

 

- რუსების პოსტზე. ნეიტრალურ ზონაში... დამირეკეს, აქ ვართ და გამოდიო. არც ერთი არ დამხვედრია. დამხვდა სხვა. მითხრა, მანქანაში ჩაჯექი, გზაა აფეთქებული და ისინი ცოტა ქვემოთ გელოდებიანო. ჩვენც გავყევით, მე და ერთი კაცი. ის კაცი თავისას მერე იტყვის. გავყევით და დღემდე აქ ვართ. მერე დამიდგეს ტელევიზორი და მაყურებინებდნენ, ნაძირალა გიორგი არველაძე როგორ მეძახდა მოღალატეს. ისინი, მართლა მოღალატეები, დღეს კარგად არიან, მე კი სამშობლოს გარეთ ვარ.


- თქვენ ონიანსა და გიოგაძეს სააკაშვილის მეგობრებად მოიხსენიებთ...

 

- სამწუხაროდ, ეს მაშინ არ ვიცოდი, თორემ ყველაფერი სხვანაირად წავიდოდა.


- არსებობს ინფორმაცია, რომ იმ დროისთვის იგორ გიორგაძემ მილიონერ დერიპასკასგან 30 მილიონი აიღო კოდორის ჩასაბარებლად.

 

- გიორგაძემ 30 კ არა, 50 მილიონი აიღო. როგორც ამბობენ, მაშინ ამ თანხიდან 17 მილიონი თვითონ დახარჯა, დარჩენილი თანხა კი დანარჩენებმა დაინაწილეს. გახსოვთ, ოქრუაშვილი რომ ამბობდა, კვიციანის ოჯახიდან 20 მილიონის რუსული წარმოების იარაღი ამოვიღეთო? ეს იმისთვის იყო ნათქვამი, რომ იგორას აქ ჩამოეწერა ეს ფული, ვითომ მან მომიტანა ეს იარაღი.


- რუსეთში ყოფნის პერიოდში გიორგაძეს ჰქონდა მცდელობა, თქვენთან ეკონტაქტა?

 

- მას არა, მაგრამ მე მქონდა ამის მცდელობა. თუმცა ძნელია, მარტო კაცმა ნახო ის, ვისაც მთელი სახელმწიფო იცავს. მინდოდა მისთვის თვალებში ჩამეხედა და მეთქვა, რომ ნაძირალაა და გამყიდველი. თუმცა ის არ არის... გამყიდველი. ის თავისი სამშობლოსთვის მუშაობს. მისი სამშობლო კი საქართველო ნამდვილად არ არის. ყველაფერი თამაშია - მისგან ქმნიან „ბუას", თორემ სინამდვილეში სააკაშვილი და გიორგაძე მშვენივრად გრძნობდნენ ერთად თავს. ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ უკვე ფეხზე მკიდია, უკვე დავრწმუნდი, რომ აქედან საქართველოში მაინც არავინ არ გამიშვებს.


- დღეს  ხომ აღარ არის ის ხელისუფლება. რატომ ფიქრობთ ასე?

 

- გინდა ახალი ხელისუფლება იყოს და გინდა - ძველი... სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დიდხანს არ იქნება ხელისუფალი, რომელიც სხვა ქვეყნისგან არ იქნება ხელდასხმული.


მაშ ასე, მკითხველი უკვე ისევეა ინფორმირებული, როგორც სტატიის ავტორი, რომელიც ქვემოთ ინტერვიუს მორიგ რესპონდენტთან შემოგთავაზებთ.


რეზო კახნიაური, ემზარ კვიციანის ადვოკატი:


- მიუხედავად იმისა, რომ ემზარ კვიციანს თავდებში ედგა პარლამენტის თითქმის მთელი უმრავლესობა, „გენერალთა კლუბი", „პროფესორთა ლიგა"/ მას მაინც თავისუფლების 16 წლით აღკვეთა შეეფარდა (ამნისტიის გათვალისწინებით მას რეალური სასჯელის სახით 12 წელი განესაზღვრა. - მ.ნ.)... რაში აწყობდა ხელისუფლებას კვიციანის საქმის ასეთი შედეგი?

 

- ორი დღის წინ ვიყავი შესული მასთან ციხეში და იგივე კითხვა დავუსვი. მან მითხრა, - ამაზე მეც ბევრი ვიფიქრე, ამ ხელისუფლების მტრების ინტერესებშია, რომ ჩემი ახლობლები და მხარდამჭერები ქუჩაში გამოვიდნენ და რაღაც აგორდესო. ვინც მე ეს გამიკეთა და ჩამსვა, ის მაპირისპირებს დღევანდელ ხელისუფლებასთანო...


- გულისხმობდა ნაციონალებს, რომლებიც კუბლაშვილის თავმჯდომარეობის პირობებში ჯერ კიდევ ინარჩუნებენ გავლენებს სასამართლოზე?

 

- ნაციონალები მარტო სასამართლოში არ არიან. ისინი არიან პროკურატურაშიც და ხშირად „ნაციონალური მოძრაობისა" და ახალი ოპოზიციური ძალის (ვგულისხმობ „თავისუფალ დემოკრატებს") პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა.


- აქ რა შუაშია ალასანიას პარტია?

 

- 2004 წელს, როდესაც ემზარმა კოდორი დატოვა, ალასანია აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი იყო. ის დაჰპირდა კვიციანს, - მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ კოდორის ხეობა არ ჩაბარდებაო. იგივე თემაზე მასთან 2005 წელსაც ჰქონდა საუბრები და იგივე დაპრებას ისმენდა, - არც ერთი ხელისუფლება არ ჩააბარებს კოდორის ხეობასო. როდესაც 2006 წელს კოდორის ხეობაში სამთავრობო ჯარები შედიოდნენ, კვიციანმა კიდევ ერთხელ დაურეკა ალასანიას, რომელიც უკვე გაეროში იყო საქართველოს ელჩი და 1994 წლის შეთანხმება შეახსენა. იგივე პასუხი მიიღო, თუმცა შედეგად ვნახეთ,რომ 2008 წელს აფხაზთი საბოლოოდ დაიკარგა.


- ჩემთვის ცნობილია, რომ სპეცოპერაციამდე კვიციანი კოდორში დიდი ხანი არ იყო ნამყოფი. როგორ აღმოჩნდა სწორედ იმ დროს ამ ადგილას?

 

- მაშინ ის უჯარმაში იყო. მეურნეობას ეწეოდა. ხეობიდან დაურეკეს და უთხრეს, ჩამოდი, კოდორის ჩაბარებას აპირებენო და ხატზე დადებული ფიცი შეახსენეს. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ვიღაცას სჭირდებოდა, რომ ემზარ კვიციანი 2006 წლის 25 ივნისს იქ ყოფილიყო. ემზარმა ჯერ კიდევ არ იცოდა, მაგრამ ვიღაცამ უკვე იცოდა, რომ იმ დღეს ემზარი იქ იქნებოდა.


- გინდათ თქვათ, რომ ეს ზარებიც ხეობიდან, სპეცოპერაციის ფარგლებში დაიგეგმა?

 

- დააკვირდით, მას აძალებენ, რომ ჩავიდეს. შემდეგ უხსნიან სიტუაციას და ეკითხებიან, როგორი იქნება მათი ოჯახების ცხოვრება. სთავაზობენ, რომ გააკეთოს განცხადება დაუმორჩილებლობაზე და არწმუნებენ, რომ ამ განცხადების შემდეგ ხელისუფლება მასთან მოლაპარაკებაზე წავა...


- ვინ არწმუნებდა?

 

- ის ადამიანები, ვინც ხეობაში მის გვერდში იდგნენ. ემზარი მათ ენდობოდა.


- დღეს ფიქრობს, რომ უღალატეს?

 

- ემზარის ინტერესებში არ იყო სამთავრობო ჯართან იარაღით დაპირისპირება. ამბობს, ვიცოდი, ნებისმიერი მხრიდან ტყვიის გავარდნა მე დამბრალდებოდაო. ის უხუცესებთან ერთად ტრიალ მინდორზე იდგა და ელოდებოდა, რომ მასთან მოლაპარაკებაზე მივიდოდნენ. ამ დროს ვიღაცმ დაიწყო სროლა. ემზარი ამბობს, ხატზე დავიფიცებ, რომ ეს არც მე და არც ჩემს ბიჭებს არ გაგვიკეთებიაო. უფრო მეტიც, დურბინდი მეჭირა და ვუყურებდი ჩვენკენ მომავალ ჯარს. მათაც არ უსვრიათ და მაშინ ვთქვი, მაინც დამღუპესო... ემზარი იმავე საღამოს გადის ხეობიდან.


- ბოლოს და ბოლოს, გაარკვია, ვინ ისროლა?

 

- დღესაც არ იცის.


- ინტერვიუს დასაწყისში მითხარით, რომ კვიციანის ასეთი განაჩენი ნაციონალებისა და ალასანიას ინტერესებში იყო. გვესმის, რომ ნაციონალი კოტე კუბლაშვილი ჯერ კიდევ ხელმძღვანელობს სასამართლოს სისტემას, მაგრამ ალასანიას რა გავლენები აქვს სასამართლოზე?

 

- ახლავე მოგახსენებთ. აღმოჩნდა, რომ მოსამართლე ბიჭია, რომელმაც ემზარს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, გახლავთ აფხაზეთის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, სარიას დისშვილი. სარია კი სასამართლოდან წამოსვლის შემდეგ გახლავთ ალასანიას პარტიის გამგეობის წევრი. მეტიც, თავისი დისშვილის მოსამართლედ დანიშვნაში დახმარება სარიამ სწორედ ალასანიას სთხოვა.


- თუ ეს კავშირი არსებობდა და კვიციანისა და ალასანიას დაძაბული ურთიერთობის შესახებ იცოდით, რატომ არ მოითხოვეთ მოსამართლის აცილება?

 

- ამის შესახებ განაჩენის გამოცხადების შემდეგ შევიტყვეთ. ჩვენ ნაციონალებისკენ ვიშვერდით ხელს. მერე გვითხრეს, ჯერ გაარკვიეთ, ვინ არის ეს მოსამართლე, ვისი ნათესავია და რომელ პოლიტიკურ ძალასთან მიდის ჯაჭვი და მერე გამოთქვით პრეტენზიებიო. დავინტერესდით და ყველაფერი გავარკვიეთ.


- გამოდის, რომ ალასანიამ ასეთი გზით იძია შური კვიციანზე?

 

- დასკვნები თქვენ გამოიტანეთ... მეტიც, ემზარი მიიჩნევს, რომ ირაკლი ალასანიას მამის მკვლელებს თავის დროზე იგორ გიორგაძე გაუსწორდა. ამიტომაც დარწმუნებულია, რომ ის გიორგაძის წინაშე დღესაც დავალებულად თვლის თავს.


- საინტერესო ჯაჭვი იკვრება: კვიციანმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხეობიდან 2006 წლის 25 ივნისს ის იგორ გიორგაძემ და ტარიელ ონიანმა გაიტყუეს და ამდენად, კოდორის ჩაბარების ოპერაცია სააკაშვილს მათთან ჰქონდა შეთანხმებული.. ის ამავდროულად მიიჩნევს, რომ ირაკლი ალასანია, რომელიც 2006 წელს საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდა, დღესაც ვალშია გიორგაძესთან... სააკაშვილისა და ალასანიას პოლიტიკური ძალები დღევანდელი მოცემულობით ორი საპარლამენტო ოპოზიციური ძალაა... ირკვევა, რომ ორივე ძალას თავისი წილი გავლენა აქვს დღევანდელ სასამართლოზე... მიდასტურებთ ამ კავშირებს?

 

- მეტიც, არსებობს კავშირი ანზორ მარგიანსა და იგორ გიორგძეს შორისაც. აფხაზეთის ომის დროს ოჩამჩირის კომენდანტი მარგიანი იყო და მის გარნიზონში იდგა იგორ გიორგაძე თავის 700-კაციანი კარგად გაწვრთნილი სპეცრაზმელებით. 5000-იანმა გარნიზონმა ისე დატოვა ოჩამჩირე და ჩააბარა რუსებს, რომ მათ ერთი ტყვიაც არ გაუსვრიათ... ვერ გეტყვით, ვინ გაიტყუა ემზარი ხეობიდან, ვინაიდან ეს ადვოკატის უფლებამოსილებას სცილდება. ამ ყველაფერს ემზარი თავად განმარტავს, როცა განთავისუფლდება...


- კარგი, მაშინ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში ვისაუბროთ. კვიციანს სამი მუხლით წაუყენეს ბრალი: უკანონო ფორმირების შექმნა, დაუმორჩილებლობა და სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულება, რომელაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (2006 წლის 26 ივნისს, ხეობის დაბომბვის დროს დაიღუპა რუსუდან გირგვლიანი. - მ.ნ.)... რა მტკიცებულებები დაუპირისპირეთ პროკურატურის ბრალდებებს? ბოლოს და ბოლოს, ვიცით რომ არსებობს კადრები, რომელიც მაშინ „რუსთავი 2"-ზე გადაიცა, სადაც ჩანს, რომ ხეობაში ორმხრივი სროლები მიდიოდა...

 

- ეს დადგმული კადრებია... თქვენც კარგად იცით, როგორ მუშაობდა მაშინ პროპაგანდისტული მანქანა.


- ფაქტია,რომ 2006 წელს ბატალიონი „მონადირე" უკვე გაუქმებულიო იყო და აშკარაა, რომ ამის მიუხედავად ხეობაში კვლავაც არსებობდა შეიარაღებული ხალხი, რომელიც ემზარ კვიციანს ემორჩილებოდა...

 

- ეს ადამიანები ემზარ კვიციანს აღარ ემორჩილებოდნენ 2004 წლის შემდეგ, როდესაც ძალაუფლება მან კობა კვიციანს გადასცა. ეს იყო ნაციონალური ხელისუფლების მხარდამჭერი და ნდობით აღჭურვილი პირი. სხვათა შორის, იმ ცნობილი სპეცოპერაციის შემდეგ ეს კობა კვიციანი თბილისში, ისანი-სამგორის გამგებლის მოადგილედ მოგვევლინა, ისევე, როგორც „დაჯილდოვდა" ანზორ მარგიანი, რომელიც დღესაც აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრია, ალბათ, იმ „ღვაწლის" გამო, რაც მან კვიციანის არაერთგზის შეცდომაში შეყვანით გამოხატა.


- თუ სხვა ხელმძღვანელობდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას, ამაზე შესაბამისი დოკუმენტები გექნებოდათ... ეს მოსამართლემ არ გაითვალისწინა?

 

- არ გაითვალისწინა. არც დაინტერესებულა. ის დაეყრდნო მხოლოდ იმ პოლიციელების ჩვენებებს,რომლებიც აცხადებდნენ, რომ ხეობაში შეიარაღებული კვიციანის ჩასაფრების შესახებ შევიტყვეთ ჟურნალისტ ნანა ლეჟავასგანო. ლეჟავა კი ამბობდა, მე ჩასაფრების შესახებ არაფერი მითქვამს, ვთქვი, რომ იქ ემზარ კვიციანია ხალხთან ერთად, ზოგი შეიარაღებულია, ზოგიც - შეუიარაღებელი. ტემპერატურა ისედაც აწეულია და რამე არ მოხდესო...


- ფაქტია, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილია რუსუდან გირგვლიანი...

 

- ეს ქალბატონი გარდაიცვალა 26 ივნისს, ავიაპილოტის მიერ ნასროლი ჭურვით. იმ დღეს კი ემზარ კიციანი ხეობაში საერთოდაც არ იმყოფებოდა.


- ამის შესახებ მტკიცებულებები გქონდათ?

 

- ამის შესახებ თავის დროზე ყველა საინორმაციო საშუალება გადასცემდა, რომ მან ხეობა დატოვა... სულ სხვა საქმეა, რატომ იბომბებოდა ხეობა. სხვათა შრის, ორი პილოტი გამოვკითხეთ - ალექსანდრე თურქია და იმედა მაისურაძე. გინდათ წაგიკითხოთ, რას წერს მაისურაძე გამოკითხვის ოქმში? „2001 წლიდან ვარ შეიარაღებულ ძალებში, შვეულმფრენის პილოტად... 2006 წელს ზაფხულში ვიყავი ესკადრილიასთან ერთად ორფოლოს საწვრთნელ ბაზაზე. წვრთნების დამთავრების შემდეგ მივიღეთ ბრძანება სენაკის სამხედრო ბაზაში გადასვლაზე, სადაც ჩვენი ნაწილის უფროსის, არკადი ბუქვაიძის განკარგულებით, ვიყავით სულ 6 საბრძოლო „მი-24", ასევე რამდენიმე „მი-8", რომელსაც დესანტი უნდა გადაესხა დიდი რაოდენობით, რომ გვეგონა, ორფოლოს წვრთნების მერე, აფხაზეთში შესვლას ვაპირებდით, ვერც წარმოვიდგენდი, რომ კოდორის ხეობის დასაბომბად გაგვიშვებდნენ. გვქონდა მთლიანი შეიარაღება. მე პირადად მქონდა ოთხი ოციანი ბლოკი „ნურსის" ტიპის რაკეტები 30-მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხით, რომელშიც 250 „სნარიადი" მქონდა. სენაკის ბაზაზე ყველა „მი-24"-მა მივიღეთ დავალება, გავფრენილიყავით კოდორის ხეობაში, კერძოდ სოფელ ჩხალთაში და დაგვედუღებინა ყველაფერი. ამან ჩვენში გამოიწვია გაკვირვება. ვიკითხეთ, რას ჰქვია, დავადუღოთ? არიან თუ არა იქ მშვიდობიანი მცხოვრებლები და ვის ვებრძვით? იყო ბრძანება, მიწასთან გაგვესწორებინა სოფელი ჩხალთა, დაგვეწვა, გადაგვებუგა ყველაფერი. პირადად ემზარ კვიციანისა და ნორა არღვლიანის სახლებისგან არაფერი არ უნდა დარჩენილიყო. ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ. ეს ის დროა, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილს ყველაფრის უფლება ჰქონდა თავდაცვის სამინისტროში, ვისაც უნდოდა, დაიჭერდა, ოფიცრებს გააგდებდა, დაკარგავდა, მოსპობდა. ვუთხარი, მშვიდობიანი მოსახლეობა თუ არის ადგილზე, როგორ ვისროლოთ-მეთქი? ბრძანებაა, შეასრულეთო! ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან ნიკოლეიშვილი და სხვა მაღალჩინოსნები უსიტყვოდ მოითხოვდნენ ჩვენს მორჩილებას და ბრძანების შესრულებას... ავფრინდით სენაკის აეროდრომიდან დილის 10 საათზე და 40 წუთში ჩავფრინდით. პირველად დაგვატრიალეს ჰაერში 15 წუთის განმავლობაში. რაციით იყო მითითება და წავედით ჩხალთისკენ. ჩვენი მისამართით მიწიდან არავითარი სროლა და წინააღმდეგობა არ ყოფილა. სოფელ ჩხალთაში რამდენიმე წრე გავაკეთეთ, ვხედავდით კვიციანის სახლს და მდინარის პირას ბაჩო არღვლიანის სახლს. შევნიშნე, ადამიანები მოძრაობდნენ, მირბი-მორბოდნენ, მაგრამ სროლა მათი მხრიდან ჩვენი მიმართულებით არ შემინიშნავს... მე კლდეს ვესროლე რამდენიმე და რიყეზე - ქვებს. ასე აკეთებდნენ სხვა მფრინავებიც. ჩემი თვალით დავინახე სახლებზე თეთრი „პროსტინები" გამოკიდებული. ერთ ეზოში გარბოდა ბავშვი და დედა მისდევდა. დაიჭირა და სახლისკენ გააქცია. არ შემეძლო, ამ სახლებისთვის სროლა. ასევე, მოიქცნენ სხვა ბორტის პილოტები. როდესაც სენაკის სამხედრო ბაზაში დავბრუნდით, იქ უკვე იცოდნენ, რომ არც ერთი სახლი არ დავადუღეთ და არ დავანგრიეთ. ლევან ნიკოლეიშვილმა  გიჟივით გვიყვირა, - რას აკეთებთ, მოღალატეები ხართო იგინებოდა, ირაკლი ოქრუაშვილი გამწარებულია თქვენზე, ნახეთ, რა მოგივათო. ხელახლა „გაგვაზაპრავკეს" და ხელახლა გაგვამგზავრეს უკან ჩხალთის დასანგრევად. იმეორებდნენ, დაადუღეთ ყველაფერიო... მეორედაც ჩავფრინდით, მაგრამ არ მისვრია არც ერთი სახლისთვის. უკან დავბრუნდი თუ არა, დამირეკა ლევან ნიკოლეიშვილმა, მაგინა უშვერი სიტყვებით. რამდენიმე წუთში მოვიდნენ სამხედრო პოლიციის თანამშრომლები და წამიყვანეს ფოთში. სამხედრო საპყრობილეში ჩამაგდეს. ნიკოლეიშვილი გვიყვიროდა. მთელ ესკადრილიას დაგშლით. ირაკლი გაგანადგურებთო..."


- იგივე ჩვენება სასამართლოსაც მისცა მაისურაძემ?

 

- არა. ის სასამართლომდე აღარ გამოუშვეს ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თუმცა, ეს ჩვენება სასამართლოზე წავიკითხე, რაც მეორე პილოტმა, თურქიამ დაადასტურა.


- თუ არავის უსვრია, მაშინ რუსუდან გირგვლიანი როგორ გარდაიცვალა?

 

- ესენი ამბობენ, რომ ერთ-ერთმა პილოტმა მაინც ისროლა. სხვათა შორის, როდესაც მეორედ ჩხალთის სკოლა დაიბომბა და გამოაცხადეს, რომ ეს გააკეთეს რუსულმა ვერტმფრენებმა, იმავე ღამეს აფეთქდა ის ვერტმფრენი, რომელმაც მაშინ დაბომბვაში მიიღო მონაწილეობა. ის პილოტი გარდაიცვალა. რაც შეეხება მეოთხე პილოტს, ის საზღვარგარეთ არის. წარმოშობით ახმეტის რაიონიდანაა, სადაც მე თავის დროზე ვმუშაობდი. შევეცადე, კავშირზე გამომეყვანა. მან კი შემომითვალა, ხმა რომ ამოვიღო, მომკლავენო.


- ამის მიუხედავად, ყველაზე მაღალი სასჯელი, 16 წელი ემზარ კვიციანმა რუსუდან გირგვლიანის სიცოცხლის მოსპობის გამო მიიღო, რამაც დანარჩენები შთანთქა, არა?

 

- დიახ, ასე იყო. პროკურორმა რა სასჯელიც მოითხოვა, ერთი საათიც არ დაუკლია მოსამართლეს. სხვათა შორის, დასკვნით სიტყვამდე პროკურორმა საპროცესო შესთავაზა ემზარს, თუ ის აღიარებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიმუქრა, რასაც მოვითხოვ, იმას მისცემს მოსამართლეცო. ასეც მოხდა.


- პრეზიდენტისგან ელოდებით შეწყალების აქტს?

 

- ჩვენ ამას არ ვითხოვთ და არც განცხადებით მივმართავთ მას. ჩვენ გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი არგუმენტებით იქ გამარჯვებას მოვიპოვებთ.

 

მარიამ ნადირაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016