reportiori.ge - „სითი პარკის“ წინააღმდეგ დაზარალებული და შეწუხებული მძღოლების ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:26
პრეს-დაიჯესტი
„სითი პარკის“ წინააღმდეგ დაზარალებული და შეწუხებული მძღოლების ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება?!
ავტორი:
26 ნოემბერი, 2014. 18:14


ხელიდან წასული „სითი პარკის" თავგასულობა ისევ გრძელდება. დღე არ გავა, რედაქციაში ამ კომპანიის მიერ უკანონოდ დაჯარიმებულმა ათობით ადამიანმა არ დარეკოს და დახმარება არ გვთხოვოს. სასამართლოები სავსეა „სითი პარკის" წინააღმდეგ შეტანილი სარჩელებით. თბილისში ერთი ავტომფლობელი არ მოიძებნება, რომელიც „სითი პარკის" ბაზარზე დარჩენას უჭერდეს მხარს, ყველა მისი თბილისიდან მოცილების მოსურნეა და თან, რაც შეიძლება ჩქარა... გარდა თბილისის მერიის ხელძღვანელებისა.


„სითი პარკის" ამ თავგასულობის, მისით გამოწვეული პრობლემების შესახებ, „ქრონიკას" მძღოლთა ასოციაცია „ტასატის" პრეზიდენტი, ნიკოლოზ კაჭკაჭური ესაუბრება.


- ბატონო ნიკოლოზ, „სითი პარკს" ნამეტანი ელოლიავება თბილისის მერია, დროს აჭიანურებს, რომ ეს ხალხის ნერვებისადა ფულის წამღლეტი კომპანია თბილისიდან გააძევოს.

 

- კი, მართლა ასეა, გეთანხმებით.


- მერე, რაღაც ბერკეტი ვერ უნდა გამოიძებნოს, რომ ეს „სითი პარკი" უკანმოუხედავად გააბუნძულონ? მაგ კომპანიის თბილისში ბოგინობის თითო დღე, ასობით თბილისელი ავტომომხმარებლის უკანონოდ დაჯარიმების ტოლფასია, შესაბამისად, ივსება კომპანიის ბიუჯეტი. თქვენ ხომ ხართ მძღოლთა ასოციაციის პრეზიდენტი? ადექით და სათავეში ჩაუდექით მძღოლთა ერთ საპროტესტო აქციას „სითი პარკის" წინააღმდეგ, მოაწყვეთ საპროტესტო აქციები მაგ კომპანიის ოფისთან და მერიასთან. ამით მერიაზე მოახდენთ ზეწოლას და აიძულებთ, „სითი პარკი" აუდიტს კი არ შეამოწმებინოს და ამით დრო კი არ გაჭიმოს, უფრო ქმედით ღონისძიებებს მიმართონ ამ კომპანიის წინააღმდეგ მერიის ხელმძღვანელებმა. ამაზე არ გიფიქრიათ?

 

- სიმართლე გითხრათ, მაგაზეც მიფიქრია და სხვაზეც... კერძოდ, ახლა ვამზადებ ძალიან დიდ პროექტს საგზაო მოძრაობის წესების შესახებ და არა მარტო მასზე. ეს პროექტი ბერ რამეს დაარეგულირებს თბილისში. ამ პროექტს მხარდამჭერები ჰყავს თბილისის საკრებულოში. ამ კვირაში საკრებულოს უნდა წარვუდგინო პროექტი და თუ ის მიიღეს, მაშინ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება მძღოლთა სასიკეთოდ. ამის მერე მივხედავ „სითი პარკს". კაცო, ჩვენ ტვინი არ გვაქვს? რად გვინდა უცხოური აუდიტორული კომპანია და მისი მეშვეობით, „სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების დაუსრულებლად შესწავლა? მგონი, 3 თვეა ამ ხელშეკრულებას სწავლობენ და კიდევ ვერ შეისწავლეს, ახლა აუდიტი დაიხმარეს. „სითი პარკის" არასწორი პარკირების შედეგია, რომ ე.წ. ქავთარაძის ბაზრობასთან მუდამ პრობლემები აქვთ მანქანის გასაჩერებლად მძღოლებს, ხელოვნური საცობები იქმნება და ავტოსაგზაო შემთხვევებიც ხშირია. ისეთი ქაოსია იქ, ხალხს სხვა გზას აღარ უტოვებენ, აკრძალულ ადგილას აჩერებს ბევრი მანქანას და „სითი პარკსაც" ეგ უნდა, მაშინვე აჯარიმებს მათ. კარგარეთელის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობაა, მაგრამ ისეა დახაზული ამ „სითი პარკის" სადგომები, ისეა გაჩერებული ამ სადგომებზე მანქანები, რომ კარგარეთელის ქუჩაზე ორი მანქანა ერთმანეთს გვერდს ვერ უქცევს. ავტობუსის გაჩერებებთანაც „სითი პარკის" პარკირებებია და ისეთ ადგილას, სადაც არ შეიძლება, ზოგჯერ მძღოლი გაჩერებაზე ვერ აჩერებს ავტობუსს, რადგან „სითი პარკის" შემოსაზღვრულ ადგილებზე დგას მანქანები და ავტობუსს გაჩერებებზე არ უშვებენ. ავტოავარიების დიდი ნაწილი ამ არასწორი პარკირების ბრალია და ამაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება. ისე, ეს მერიის ტრანსპორტის სამსახურისა და სხვა შესაბამისი სამსახურების ბრალიცაა. საერთოდ არ ინტერესდებიან, რა ხდება ამ მხრივ ქალაქში. ეჭვი მაქვს, რომ ვიღაც მფარველობს „სითი პარკს". ვინ მფარველობს, ეგ ჯერ არ ვიცი და იმედია, გავარკვევ. თან არ მინდა მერიის ახალ ხელმძღვანელობაზე აუგი ვთქვა, მაგრამ რამდენი ხანია მათთან შეხვედრა მინდა - ხან თათბირი აქვთ, ხან სადღაც გარბიან, მუდამ მოუცლელები არიან და ჯერ მაგათი გაკეთებული ერთი საქმეც ვერ ვნახე.


- ამ აუდიტის შეყვანის ნაცვლად არ სჯობდა მერიას ფინანსური პოლიცია შეეყვანა „სითი პარკში"? თავად მერიის  ხელმძღვანელები ლაპარაკობდნენ, რომ „სითი პარკს" ფინანსური საქმეები არ აქვს მოწესრიგებული და ერთხელ, ამის გამო დააჯარიმეს კიდეც. ფინანსურმა პოლიციამ იქნებ ისეთი რამ აღმოაჩინოს მის საქმიანობაში, რომ მერე არც აუდიტი დასჭირდეთ და არც არაფერი - იქნებ იქით ეხვეწებოდეს მერიას ეს კომპანია, ოღონდ თქვენ თავი დაგვანებეთ, წავალთ თბილისიდანო.

 

- მართალი ბრძანდებით, ამდენი თავზე ხელის გადასმა არ შეიძლება ამ კომპანიისთვის.  გეთანხმებით, რომ ფინანსური პოლიციის შესვლა „სითი პარკში" მართებული გადაწყვეტილება იქნებოდა. სავარაუდოდ, მართლა აღმოუჩენდნენ ფინანსურ დარღვევებს და მერე, მერიასა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ავტომატურად შეწყვეტის საკითხიც დაისმებოდა. ეს კი, „სითი პარკს" უცხოურ საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილის ხალისს დაუკარგავდა.


- არადა, ამით იმუქრება „სითი პარკი" - თუ მერია ცალმხრივად შეწყვეტს ჩვენთან კონტრაქტს, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში ვუჩივლებთო. თუ იქ მოიგო პროცესი, მგონი, 500 ათას ლარზე მეტის გადახდა დაეკისრება მერიას. აი, ამით აშანტაჟებს მერიას ეს კომპანია.

 

- ვიცი, ეგ არის „სითი პარკის" ერთადერთი კოზირი. მით უმეტეს, როცა ასეთი სიტუაციაა, ადექი და შეუშვი ფინანსური პოლიცია და გამოიჭირე იმ ფინანსურ დარღვევებში, რის შესახებაც საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს. „ქრონიკის" ამ იდეას თუ ყურად იღებენ მერიის მაღალჩინოსნები, ძალიან ბევრს მოიგებენ ამით. ისევ თქვენ, თორემ თავად ეს არ მოაფიქრდებოდათ.


- ბატონო ნიკოლოზ, ერთი იდეა ამჯერად თქვენ უნდა მოგაწოდოთ. უცხოეთში ხშირია შემთხვევები, როცა კონკრეტული კომპანიისგან დაზარალებული მოქალაქეები ერთიანდებიან, ერთიანი სარჩელი შეაქვთ კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში და სოლიდურ კომპენსაციასაც ითხოვენ იმ ზარალის სანაცვლოდ, რაც მათ კომპანიამ მიაყენა. მესმის, რომ „სითი პარკის" მიერ დაზარალებული ადამიანების კატეგორია სხვადასხვა და მრავალფეროვანია, მაგრამ ხომ შეიძლება მათგან ერთი კატეგორიის დაზარალებულთა გამოყოფა და ყველას სახელით ერთი სარჩელის შეტანა „სითი პარკის" წინააღმდეგ?

 

- იდეების ნაკლებობას აშკარად არ უჩივით, გეტყობათ... ესეც ჩინებული იდეაა, მაგრამ ერთი პრობლემაა, პირდაპირ გეტყვით და არც მერიდება. მძღოლთა 7-8 ასოციაცია მაინც გვყავს, რომლებიც არაფრის გამკეთებლები არ არიან, არც გვერდში მიდგანან და მძღოლებსაც, თავიანთი უცოდინრობით, ბევრ შარში ხვევენ.


- მერე, შეეშვით იმ მძღოლთა ასოციაციებს და თქვენი ასოციაცია დაუდგეს ამ დაზარალებულ ხალხს გვერდით. ამდენ მძღოლში, წარმოიდგინეთ, რამდენი ადვოკატი და იურისტი იქნება და საადვოკატო მომსახურებასაც თავად გასწევენ, ამაში ფული არ დაგეხარჯებათ.

 

- კი, მართლა კარგი იდეაა და ამაზე ვფიქრობ. ნამდვილად შეიძლება დაზარალებულთა ერთი კატეგორიის შეჯერება და მათი სახელით სარჩელის შეტანა.


- საუბარი რითიც დავიწყეთ, იმით დავასრულოთ - „სითი პარკის" წინააღმდეგ მძღოლთა აქცია იქნება თუ არა?

 

- აი, საკრებულოში დასრულდეს ჩემი კანონპროექტის განხილვა, ეგეც მძღოლებისთვის და ფეხით მოსიარულეებისთვის კეთდება, თბილისისთვის კეთდება. აი, მერე, კი ბატონო! მართლა სხვა გზას აღარ გვიტოვებს ეს „სითი პარკი", მართლა გამოვიყვანთ მძღოლებს და არა მხოლოდ მათ. გარდა ავტომფლობელებისა, სხვებიც გამოვლენ ამ აქციაზე, ის მოსახლეობაც გამოვა, ვისაც მანქანა არ ჰყავს, რადგან „სითი პარკის" ავტოპარკირებით ფეხით მოსიარულეებიც წუხდებიან, კონკრეტული უბნების მაცხოვრებლები წუხდებიან...

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016