reportiori.ge - ვახტანგ მაისაია: უპრიანია, გასაღები უშიშროების საბჭოს გადაეცეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 17:23
პრეს-დაიჯესტი
ვახტანგ მაისაია: უპრიანია, გასაღები უშიშროების საბჭოს გადაეცეს
ავტორი:
28 ნოემბერი, 2014. 20:26


მოსმენების შესახებ კანონის მიღება, შესაძლოა, დიდი პოლიტიკური განხეთქილების მიზეზად იქცეს. მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ ერთხელ მიღებულ კანონს ვეტო დაადო და ამით შს სამინისტროს მოსმენების ე.წ. გასაღები წაართვა. ამჟამად პარლამენტში ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული. ერთის ავტორები „ქართული ოცნების" დეპუტატები ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძე არიან, მეორესი კი - „რესპუბლიკელი" ვახტანგ ხმალაძე. „მეოცნებე სამეულის" კანონპროექტის თანახმად, 2 გასაღები უნდა არსებობდეს. ერთი შსს-ს უნდა ჰქონდეს, მეორე კი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ვახტანგ ხმალაძე და „რესპუბლიკელები" მოითხოვენ, რომ მხოლოდ 1 გასაღები იყოს და ის გასაღები კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას გადაეცეს. ცხადია, კოალიცია „ქართული ოცნება" საკუთარ კანონპროექტს უჭერს მხარს, მაგრამ მათ გარეშე მას კანონად ვერ აქცევენ, ხმები არ ეყოფათ. „რესპუბლიკელთა" კანონპროექტს ახლახან გაოპოზიციონერებული „თავისუფალი დემოკრატები" უჭერენ მხარს, შესაძლოა, მას "ნაციონალებმაც" მისცენ ხმა, მაგრამ ვერც ამ შემთხვევაში ეყოფა ხმები ხმალაძის კანონპროექტს. მოკლედ, უკან დახევას არც ერთი მხარე არ აპირებს და შესაბამისად, საქმე ისე მიდის, რომ პრეზიდენტს მოუწევს პრემიერთან  შეთანხმებით კომპრომისული ვარიანტის წარდგენა პარლამენტში. თუ ვერც ეს კანონპროექტი მიიღო პარლამენტმა, მერე - ჰაიდა! პარლამენტს დაითხოვს პრეზიდენტი. თუმცა, სკამებსა და მაღალ ხელფას-პრემიებს გამოკიდებულ ჩვენს დეპუტატებს თუ გავიხსენებთ, საქმეს, ალბათ, აქამდე არ მიიყვანენ, დასათხოვად არ გაიხდიან საქმეს და უარეს შემთხვევაში, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს მიიღებენ. 


ვის უნდა ჰქონდეს წვდომა ფარულ მიყურადებასთან? ვის უნდა გადაეცეს გასაღები? რა საფრთხეები არსებობს იმ კანონპროექტებში, რომლებიც პარლამენტშია წარმოდგენილი? 

 

„ალიას" ამ და სხვა კითხვებს უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაია უპასუხებს: 


- ბატონო ვახტანგ, თქვენი აზრით, ვისთვის სჯობს ამ გასაღების გადაცემა? თქვენ რომელ ვარიანტს ემხრობით? 


- მე არც ერთ კანონპროექტს არ ვემხრობი. ჩემი აზრით, უპრიანია, გასაღები უშიშროების საბჭოს გადაეცეს. ამ ორგანოს ანალიტიკური და სხვა ფუნქციები ჩამოართვეს, ვერ ვიტყვი, რომ მთლად უფუნქციო სტრუქტურაა, სერიოზული მისია აკისრია კანონმდებლობით და თუ მას ამ გასაღებსაც დავუმატებთ, ურიგო არ იქნება, არსებული ფუნქცია გაეზრდება. უშიშროების საბჭო პრეზიდენტს დაქვემდებარებული სტრუქტურაა და ვფიქრობ, ამ ეტაპზე, სწორედ პრეზიდენტი გააკონტროლებს ფარული მიყურადების პროცესს სათანადოდ, ყველაზე უკეთ, ისე, რომ ზედმეტი კითხვები არ გაჩნდეს. აქვე ვიტყვი, რომ ამერიკაში უსაფრთხოების სააგენტოს აქვს ეს გასაღები. „ეფ-ბი-აი", ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და სხვა ძალოვანი უწყებები თუ სპეცსამსახურები, მას მიმართავენ თხოვნით, რომ ფარული მიყურადება განახორციელონ და მერე სასამართლო, უსაფრთხოების სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, გასცემს მოსმენების ნებართვას. მართალია, ვერც იმაზე დავდებ თავს, რომ, თუ უშიშროების საბჭოს გადაეცა ეს გასაღები, ყველაფერი იდეალურად იქნება, უკანონო ფარული მოსმენები საერთოდ აღიკვეთება. ასეთი გარანტია არ არსებობს, ამერიკასა და ევროპის არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ყოფილა უკანონო მოსმენების ფაქტები, ბოლოს და ბოლოს, ამერიკა ევროპის 35 ქვეყნის ლიდერს უსმენდა. 


- რატომ არ მოგწონთ არც ერთი კანონპროექტი? 


- „რესპუბლიკელთა" კანონპროექტი მარტივი მიზეზის გამო არ მომწონს, მიმაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო საკითხი, არ შეიძლება, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მივანდოთ, გასაღები ძალოვან უწყებას უნდა ჰქონდეს. 


- თუ ძალოვან უწყებას უნდა ჰქონდეს გასაღები, მაშინ ქართული ოცნების" კანონპროექტისა რა არ მოგწონთ? მათი ვარიანტით ერთი გასაღები სწორედ ძალოვან უწყებაში, შსს-ში უნდა იყოს და მეორე, დაბალანსების, კონტროლის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან. 


- შსს-ს პირველ პირებს პირადად არაფერს ვერჩი, მაგრამ ამ უწყებაში რეფორმები არ გატარებულა, სამინისტრო სავსეა სწორედ იმ ხალხით, რომლებიც უკანონოდ უსმენდნენ ხალხს. დაზვერვა, კონტრდაზვერვა და მთლიანად, სუს-ი ისევ დათა ახალაიას დროინდელი ხალხითაა სავსე და ძალიან ბევრი მათგანი მაღალ პოსტზეც მუშაობს. ეს ადამიანები ხალხს ადრე არაფრად აგდებდნენ, ყველას უსმენდნენ, ვინც მოესურვებოდათ და თუ ახლა გასაღები გადაეცემა შსს-ს, იმავეს გააკეთებენ. რაც შეეხება მეორე გასაღებს, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ექნება, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ინსპექტორიც საჯარო მოხელეა, სახელმწიფო სამსახურს წარმოადგენს და აქ რაღაც ბალანსზე ლაპარაკი არასერიოზულია. ორივე გასაღები სახელმწიფოს ექნება, ერთი ერთ ხელში და მეორე - მეორე ხელში. 


- ანუ, შესაძლოა, შსს-გავლენა მოახდინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორზე? 

 

- კი, შესაძლოა და თქვენ გამორიცხავთ ამას? მე არ ვამბობ, რომ ამას მინისტრი გააკეთებს, მაგრამ ხომ გითხარით, რომ შსს-ს სტრუქტურები სავსეა „ნაციონალთა" კადრებით, რომელთათვისაც ყველანაირი უკანონობა დასაშვები იყო, ეს ხალხი შანტაჟის, გადაბირებისა და ათასი უბედურების დიდოსტატია და აი, ამნაირი ხალხით სავსე შს სამინისტროს არ უნდა ჰქონდეს წვდომა გასაღებთან, შესაბამისად, არც მეორე სახელმწიფო უწყებას, პერსონალური დაცვის ინსპექტორის სამსახურს. უშიშროების საბჭო სრულიად მისაღები ვარიანტია. კი, ამ შემთხვევაში შსს-ს არ ექნება გასაღები, მაგრამ ექნება იმ უწყებას, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო საფრთხეებზეა პასუხისმგებელი.  შს სამინისტროც ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი სამსახურია და შესაბამისად, მათ თანამშრომლობა არ გაუჭირდებათ, ძალიან ბევრი საერთო ინტერესი აქვთ ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. შესაბამისად, არც პროკურატურას ექნება პრობლემები უშიშროების საბჭოსთან. 


- უშუალოდ უშიშროების საბჭოს მდივანს უნდა ჰქონდეს გასაღები? 


- ჩემი აზრით, უმჯობესია, უშიშროების საბჭოში შეიქმნას სპეციალური სამსახური, რომელიც ამ გასაღებს ჩაიბარებს და მას პრეზიდენტი გააკონტროლებს. 
ერთ მნიშვნელოვან საკითხზეც გავამახვილებ ყურადღებას. ბოლო ინსტანცია, ვინც მოსმენებზე ნებართვა უნდა გასცეს, მაინც სასამართლო იქნება ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ არ შეიძლება, რომ ყველა მოსამართლეს ჰქონდეს ამის უფლება. ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს მოსამართლეთა კატეგორია, ვისაც თავად სასამართლო ხელისუფლება მიანიჭებს მოსმენებზე სანქციების გაცემის უფლებას. ეს ძალიან სპეციფიკური საკითხია და ამიტომ ვამბობ ამას. გარდა ამისა, კვლავაც არიან მოსამართლენი, რომლებიც „ნაციონალთა" მიერ კონტროლდებიან, ასეთი ხალხი კი შეგნებულად არ გასცემს მოსმენებზე ნებართვას, თუ ეჭვმიტანილები „ნაციონალები" ან მათი მხარდამჭერები იქნებიან. შარშან, სასამართლოში არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როცა ამგვარი საბოტაჟით, პროკურატურას დროულად არ მისცეს დამნაშავე „ნაციონალთა" ფარული მიყურადების უფლება და ამით გამოძიებას ხელი შეუშალეს. 


- თუ ისევ სასამართლო ხელისუფლება გადაწყვეტს, რომელმა მოსამართლემ უნდა გასცეს მოსმენებზე სანქცია, ამით არაფერი შეიცვლება. კოტე კუბლაშვილიც ნაციონალია"... 


- გასაგებია, მაგრამ ეს პროცესი უნდა გაკონტროლდეს, იმ მოსამართლეებს, რომლებიც მრავალი უკანონო განაჩენის ავტორები არიან, არ შეიძლება ასეთი საქმე ჩააბარო, გამოძიების ინტერესები და ქვეყნის უსაფრთხოება მათ ნებაზე იყოს დამოკიდებული, გასცენ თუ არა ფარულ მიყურადებაზე სანქცია. არ შეიძლება, საგამოძიებო სტრუქტურები, ასეთი მოთხოვნის დროს, მუდმივი საბოტაჟის წინაშე იდგნენ. რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, კუბლაშვილს ყავლი მალე გასდის და აღარ იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016