reportiori.ge - ვინ და რატომ მოითხოვს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დახურვას?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:54
პრეს-დაიჯესტი
ვინ და რატომ მოითხოვს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დახურვას?
ავტორი:
28 ნოემბერი, 2014. 20:26


„ალიას" „თავისუფალი თაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლადო სადღობელაშვილი ესაუბრა: 


- ლადო, პირად საუბარში მითხარით, ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს ვანებებთ და ყურადღებას სხვა მიმართულებით გადავიტანთო. რას აპირებთ? 


- როცა 23 ნოემბერს აქცია ჩავატარეთ რევოლუციის მე-11 წლისთავზე, დავფიქრდით, რომ ეს აქცია კარგია, მაგრამ რატომ უნდა არსებობდეს ქუჩა, შენობა, ბინა კრიმინალის სახელობის? საუბარია სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკაზე. როცა საზოგადო მოღვაწე აარსებს ბიბლიოთეკას, ეს გასაგებია, მაგრამ კრიმინალის დაარსებული არაფერი გვინდა. როცა შენ ქვეყნისთვის არაფერი კარგი არ გაგიკეთებია, დააქციე ქვეყანა და ხალხი ჩახოცე, რატომ უნდა მქონდეს შენი სახელობის შენობა? როგორი შესაგუებელია, ჰიტლერის სახელობის ქუჩა რომ იყოს თბილისში? ან ბერიას ქუჩა რომ იყოს? „ნაციონალების" ლიდერის, კრიმინალი პრეზიდენტის, დიქტატორის სახელობის ბიბლიოთეკა როგორ ავიტანო, როცა ბიბლიოთეკა ჩემთვის განათლებასთან, სიწმინდესთან ასოცირდება. რომელი სიწმინდის მატარებელი იყო სააკაშვილი? „კაგებეშნიკსა" და ქვეყნის მოღალატეს რა სიწმინდე უნდა ჰქონდეს, რომ ახალგაზრდა თაობა მას ეზიაროს? როგორც ვიცი, ბევრი სტუდენტი სარგებლობს მისით და ეს სახიფათოა. ერთგვარი იდეოლოგიაა, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. 


- ახლა რომ გეგმავთ აქციას ამ ბიბლიოთეკასთან, იმ სტუდენტებს რას ერჩით? 


- მე არ ვიცი, რომელი ელექტორატი ჰყავს სააკაშვილს, მე მათი მომხრეები ვნახე, სულ 7 ათასი, რომელთაგან ნაწილი ან ფულით იყო ჩამოსული, ან ხათრით. თბილისელი 200 კაცი თუ იქნებოდა და ისიც ზონის კოორდინატორები იყვნენ. გარდა ამისა, ეს ბიბლიოთეკა არის „ნაციონალების" ბუდე, იქ ტარდება ყველა სატელიტი არასამთავრობოების შეკრება და პრეზენტაცია. აქვე გეტყვით ინფორმაციას, რომელიც შეიძლება, არც იცოდეთ. იცოდით, რომ ბიბლიოთეკის 80% რუსული წიგნია? დიდად რომ მოაქვთ თავი დასავლური და ევროპული ღირებულებებით, შევიდეს ვისაც უნდა და ნახავს, რა ლიტერატურა დევს იქ. ძირითადად კომუნისტური ლიტერატურაა. ეს „ნაციონალები" რეალურად არიან ყველაზე დიდი მოღალატეები და რუსეთის აგენტურის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს კისერზე ესხდნენ. 


სააკაშვილი გარდაცვლილია თუ დიდი ღვაწლი დასდო საქართველოს? შევარდნაძის ოჯახის წევრებს არ აქვთ მაგის ამბიცია და ეს ვინ არის? ასეთი გიჟია, ჯერ ბუშის ქუჩა დააარსა, ახლა თავისი სახელობის ბიბლიოთეკას გვიხსნის. მაშინ მოხდა ამ ბიბლიოთეკის გახსნა, როცა მერი იყო უგულავა. მეეჭვება, ნორმალური მთავრობის პირობებში ასეთი დაწესებულება გახსნილიყო. რომელი ილია ჭავჭავაძე მყავდა სააკაშვილი? ცოცხალი კრიმინალის სახელობის ბიბლიოთეკა არის ქვეყნის შეურაცხყოფა. ამ თემის წინ წამოწევას ვაპირებთ და სერიოზულ აქციებს მოვაწყობთ. 


- რას მოითხოვთ, მის დაკეტვას? 


- ჩვენ არ ვართ ბიბლიოთეკის წინააღმდეგი, სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკის მომხრე არ ვართ. ნაცხროვის თავშეყრის ადგილს ქალაქის შუაგულში ვერ ავიტანთ. იქ ყველა კომფორტულად გრძნობს თავს, ბარნოვიც იქ ზის, გინდ „ნაციონალური" მოძრაობის ოფისი ყოფილა, გინდ ეგ ბიბლიოთეკა. ზუსტად ასე ვიტყვი - სერგო ორჯონიკიძის სახელობის ბიბლიოთეკა გვაქვს თბილისში და ამას არ ავიტანთ. მოსახლეობას ვეუბნები, რომ ამაზე დიდ ხმაურს ავტეხთ, დიდი წინააღმდეგობები იქნება ქალაქში. ვინ გაგვცემს პასუხს? 


მარტო „ნაციონალებიც" აღარ არის პრობლემა, „რესპუბლიკელები" რომ შეკრული არიან „ნაციონალებთან", ეგ ხომ კარგად ჩანს. 2003 წლიდან ეგენი ერთად არიან. მე გეტყვით ერთ ფაქტს, რომელიც ჩემი თვალით მაქვს ნანახი და რომელსაც ახლა თქვენთან ვიტყვი. მე პირადად ვიცი, რომ დავით უსუფაშვილი კაკო ბობოხიძეს ამ ზაფხულს და მის მერეც ხშირად სტუმრობდა. ერთად სკდებოდნენ იმერული ღვინით. „რესპუბლიკელ" პარლამენტარებს ხშირად აქვთ ასეთი ერთობა „ნაციონალებთან", მე ისიც ვიცი, რომ პირდაპირ სესიების მერე მიდიოდნენ ერთად საქეიფოდ. ოჯახური შეხმატკბილებული ურთიერთობა არის სახეზე. მე მაქვს ინფორმაცია, რომ მალე „რესპუბლიკელების" ფრთა არჩევნების მიჯნაზე გამოეყოფა კოალიციას. თავად პრემიერსაც არ აწყობს ძლიერი ერთობის შემადგენელ ნაწილად 3%-იანი პარტია. მაგრამ მე არ ვგულისხმობ 2016 წლის არჩევნებს. 


- აბა, როდის დაიშლებიან? 


- ჩემი ინფორმაციით, 2015 წლის შემოდგომაზე აპირებენ რიგგარეშე არჩევნებს. აქ „ქართული ოცნება" დაიწმინდება მსგავსი ნაგვებისგან, ისევ იმუშავებს ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და „ქართული ოცნება" მოვა ისევ ხელისუფლებაში. „ოცნებას" აუცილებლად სჭირდება ახალი სისხლი, თორემ გამარგინალდება. ალასანიას კი თუ ერთი ნატამალი ჭკუა აქვს, არ უნდა იქონიოს ურთიერთობა „ნაციონალებთან". უნდა დამთავრდეს, ბოლოს და ბოლოს, ეს კოჰაბიტაცია, ეს კი მაშინ დასრულდება, როცა „რესპუბლიკელები" წავლენ კოალიციიდან. რესპუბლიკელები წავლენ და სიტუაცია დალაგდება. ამას მოჰყვება სწორედ რიგგარეშე არჩევნები. კულუარული ინფორმაციით, ეს გარდაუვალია. ეს „რესპუბლიკელები" კიდევ ბევრჯერ არევენ სიტუაციას. მაგალითად, 25 ნოემბერს დაგეგმილია არასამთავრობოების მიერ ძალადობის შესაჩერებელი აქცია. რეალურად ეს არის „ნაციონალების" და „რესპუბლიკელების" აქცია. 


- ქალთა მიმართ ძალადობას პოლიტიკასთან რა კავშირი აქვს? 


- გარწმუნებთ, ეს არასამთავრობოები, სახელი აქვთ სხვადასხვა, თორემ ერთმანეთში აზელილები არიან და მათ მართავენ „ნაციონალები" და „რესპუბლიკები". 15 ნოემბრის აქციასაც ჰქონდა კარგი ლოზუნგი, მაგრამ ყველამ კარგად ვიცოდით, რის გარშემოც იყო აქცია, ახლაც ასეა, აქ სხვა ნაღმი დევს. 


- რა ნაღმზე საუბრობთ? 


- იმაზე, რომ გრანტებზე პროექტებია დაწერილი ამ თემაზე და ელოდებიან 25 ნოემბრის აქციას. ამათ უნდათ, წარმოჩინდნენ დიდ მამულიშვილებად, ძალადობის მოწინააღმდეგეებად, სინამდვილეში კი პროექტების შეტანა, გრანტების მოპოვება და გაზულუქება უნდათ. ამას გარდა, აქ მეორე ნაღმიც დევს. „ნაციონალებს" რომ ჰკითხო, შსს სუსტი უწყებაა და ძალადობის ფაქტებმა იმატა, ამ აქციით კი ამის დემონსტრირება უნდათ. რეალურად, ეს აქცია არის შსს-ს წინააღმდეგ მიმართული. 

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016