reportiori.ge - იური ვაზაგაშვილი: ამ ხელისუფლებას არ ვაპატიებთ ამ დაცინვას, ამ შეურაცხყოფას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:48
ინტერვიუ
იური ვაზაგაშვილი: ამ ხელისუფლებას არ ვაპატიებთ ამ დაცინვას, ამ შეურაცხყოფას!
ავტორი:
28 ნოემბერი, 2014. 20:33


კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი ხელისუფლებას მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით უმოქმედობაში ადანაშაულებს. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის ახალი დადგენილების გამოტანის შემდეგ ის პროკურატურაში მივიდა. ვაზაგაშვილის განცხადებით, მკვლელობაში მონაწილე პირები დღემდე მაღალ თანამდებობებს იკავებენ. „პროკურატურასთან მაქვს უკმაყოფილება, ვინაიდან ჩემი შვილის მკვლელი ქალაქის სამმართველოს უფროსი დალაქიშვილია და დღემდე არ არის თანამდებობიდან გადაყენებული და პასუხისგებაში მიცემული, ამიტომ ვარ მოსული. უკვე ყელში ამოვიდა და ვეღარ ვითმენ! დალაქიშვილმა პირველმა დაიწყო სროლა და ამასთანავე, მირზოევი, რომელიც სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. ამ სიტუაციაში რომელ გამოძიებაზეა ლაპარაკი?!"

რაზე ესაუბრა ვაზაგაშვილი პროკურორებს? ვინ უშლის ხელს ობიექტური გამოძიების ჩატარებას? რას საყვედურობს მანანა კობახიძეს? რას აპირებენ შვილმკვდარი ოჯახები?


„ალიას" იური ვაზაგაშვილი ესაუბრა:

 

- ბატონო იური, რატომ გამოხვედით ასეთი იმედგაცრუებული პროკურატურიდან, რა საუბარი შედგა თქვენს შორის?


- გამწარებული ვარ, არაფერი მითხოვია, სამართლიანობის აღდგენის გარდა. ამ ხელისუფლების 70% ჩვენს გვერდით იდგა, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, იმავეს ითხოვდნენ, ახლა სავარძელში ჩასხდნენ და აღარაფერი აინტერესებთ, უსინდისოდ იქცევიან. ქუჩაში დახვრეტილების ასობით ოჯახს აინტერესებს, აღდგება თუ არა სამართლიანობა ქვეყანაში, ბოლოს და ბოლოს. არავინ პასუხს არ გვცემს არც ჩვენ, არც პოლიტპატიმრებს, არც ქონებაჩამორთმეულებს, ძალიან უკმაყოფილო ვარ.


- რა გიპასუხეს პროკურატურაში?

 

- პროკურატურაში მე და ჩემი ადვოკატი ვიყავით და ძალიან მძიმე საუბარი შედგა. სერიოზული პრეტენზიები მაქვს პროკურატურასთან, ეს ორგანო უმოქმედოა. 2 წელია, ჩვენი დაფინანსებული ბიუჯეტის ფულს ჭამენ და ხელის განძრევა არ უნდათ. რადგან ჩვენი არჩეული ხელისუფლების იმედი არ გვაქვს და ვნანობთ, რომ ყველაფერი ჩავდეთ მის მოყვანაში, უუნარო აღმოჩნდა, ამიტომ საზოგადოება ისევ ერთად უნდა დავდგეთ და ისევ ჩვენ თვითონ გამოვასწოროთ ყველაფერი. მე ვერ ვხედავ, რომ ჩვენი საშველი არსებობდეს. ხალხის მოსაწონი ხელისუფლება არასდროს ყოფილა, მაგრამ ახლა გვჯეროდა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახით მოვა ხელისუფლება, ხალხზე რომ იზრუნებსო. ძალიან შევმცდარვართ თურმე. ამის სათქმელად ენა არ მიტრიალდება, მაგრამ რა ვქნა, რეალობას ვერ გაექცევი.


- რა გითხრეს, პროკურატურაში, დაგპირდნენ, რომ საქმეს გამოიძიებენ?

 

- რას უნდა დამპირდეს პროკურატურა? თავისი ვალდებულება არ უნდა შეასრულონ? მე, ერთ იური ვაზაგაშვილს, კი არ უნდა დამპირდნენ, უნდა აღდგეს სამართლიანობა ქვეყანაში. არ გამოვა ასე გაგრძელება, სადაც სამართალი არ არის, იქ ქვეყნის მშენებლობა არ გამოვა.


- ვინ მფარველობს დამნაშავეებს, რატომ არ იძიებენ, თქვენი აზრით?

 

- ვინ და, ჭიკაიძე. მე მქონდა მასთან შეხვედრა, მაქვს მტკიცებულებები, რომ სწორედ ჭიკაიძე მფარველობს მათ. ავაფრიალე მტკიცებულებები და რა მერე? ამ ქვეყანაში არც ხელისუფლებაა და არც ნორმალური ოპოზიცია. წარმოიდგინეთ, რამდენი თვეა, ამას გავყვირი და ვინ მაქცევს ყურადღებას? ჭიკაიძე მიმტკიცებს, რომ 150 მეტრში იდგა კორტების სპეცოპერაციის დროს. იქვე იყო დალაქიშვილიც, რომელიც ახლა მაღალი თანამდებობის პირია. ავაფრიალე დოკუმენტები და მირზოევი მაინც დააწინაურეს.


- ვერ ყოფილა საქმე კარგად, თავის თავს ხომ არ დააპატიმრებენ?

 

- ამას ვამბობ მეც.


- ბევრი დეპუტატი, რომელიც მაშინ თქვენთან ღამეებს ათენებდა და გვერდით გედგათ, ახლა ამ თემებზე ხმას არ იღებს. მათთან არ გისაუბრიათ, რატომ არიან გაჩუმებულები?

 

- ბიძინა ივანიშვილის გვერდით ვინც დგას დღეს ხელისუფლებაში, ყველას ერთად აჯობებდა ნინო ბურჯანაძე. სულ სხვა სურათი გვექნებოდა ახლა, ეგ რომ აგვერჩია. მე დავრწმუნდი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, რომ თურმე ვიმართებით ქვეყნის გარედან და შიგნით თავის ნებაზე გვატრიალებენ. ჩვენ არავინ გვეკითხება არაფერს, თორემ როგორ შეიძლებოდა იმ ხალხი გვერდზე დაყენება, ვინც ახლა კოალიციაში არიან? უნდა მოვთხოვო მაგათ პასუხი, აუცილებლად. როცა სჭირდებოდათ, ჩემი ოჯახის ტრაგედიას იყენებდნენ ხელისუფლებაში მოსასვლელად და ახლა ჩუმად არიან. ეს ასე ადვილად არ ჩაივლის. ვინც მიცნობთ, ყველმ იცის, რომ არასდროს ვსაუბრობდი მხოლოდ ჩემი შვილის სახელით. მეტს ვსაუბრობდი სხვის შვილებზე, ვიდრე საკუთარ ზურაზე, რომელმაც ჩემი ცხოვრება დაასრულა. არ ვაპატიებთ მათ ამას. ჩვენ „ჯაზუში" ვიკრიბებით და ვემზადებით. ამ ხელისუფლებას არ ვაპატიებთ ამ დაცინვას, ამ შეურაცხყოფას. ხელისუფლების 70% ყვიროდა ჩვენი შვილების სახელს და ითხოვდნენ სამართლიანობის აღდგენას. ახლა ენები ჩაუვარდათ, რა ჯანდაბა ხდება, რა სავარძელია ეს, რაც იქ დასხდნენ, სულ რომ დადუმდნენ. ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს    ვუყურებდი ამასწინათ, იჯდა გიორგი ბარამიძესთან დებატებში. რომ გაუჭირდა დებატები, უთხრა, თქვენ ის არა ხართ, ქუჩაში რომ ვაზაგაშვილი ჩაცხრილეთო? ახლა კიდევ მივმართავ თქვენი მეშვეობით. როცა გაგიჭირდებათ, ქალბატონო მანანა, მაშინ რომ გახსენდებათ, იქნებ იმ ტრიბუნიდანაც გაგეხსენებინათ, სადაც ხართ ხოლმე. ან პროკურატურისთვის მიგემართათ, გამოიძიეთ, არაფერი კეთდებაო. თურმე ფეხებზე ვეკიდეთ ყოველთვის. უარესები არიან „ნაციონალებზე", მე ვერ ვხედავ ვერანაირ სხვაობას. ზურას სულს გეფიცები, „ნაცების" დროს უფრო ძლიერი და შემართული ვიყავი, ვიდრე ახლა ვარ. ახლა ძალიან ცუდად ვარ. ყველა ჩემს დებად, ძმებად და თანაგუნდელებად მიმაჩნდა, თურმე მაშინაც გვღალატობდნენ, შინაურისგან ღალატი ყველაზე მძიმეა. ეგენი ყოფილან გამყიდველები, ხმას რომ ახლა არ ამოიღებ, ხელისუფლებაში მყოფი, რაზე ვილაპარაკო. „ნაციონალების" დროს ვიცოდი, რომ წინ მყავდა მტერი და ვებრძოდი მათ, ახლა დავინახე, რომ მეგობრებმა მიღალატეს. როგორ არ ვიყო ცუდად, როგორ?  ეს უფრო მძიმეა ჩემთვის და ამას არ გაპატიებთ, კანცელარიასთანაც შევიკრიბებით, პარლამენტთანაც, ყოფილ პრემიერსაც მივადგებით.


„ალია" მანანა კობახიძეს დაუკავშირდა:


- იური ვაზაგაშვილი გსაყვედურობთ, როცა ბარამიძესთან კამათის დროს დასჭირდა, მაშინ გაახსენდა ჩემი შვილის მკვლელობა, საქმით კი არაფერს აკეთებსო.

 

- ძალიან ვწუხვარ, როცა ამბობენ, რომ დამჭირდა და ვთქვი რამე. მე ყოველთვის ვიყავი ვაზაგაშვილის ოჯახის გულშემატკივარი, სულ თანავუგრძნობდი, როგორც წინა ხელისუფლების მსხვერპლს. ვწუხვარ, რომ აქამდე არ არის გამოძიებული ეს საქმე, ფაქტობრივად, ახლა მე მიწევს ამაზე ბოდიშის მოხდა და თავის მართლება. სამწუხაროა, რომ საგამოძიებო ორგანოების ნაცვლად დეპუტატს მიწევს განმარტების მიცემა, მე ვიცი, რომ გასაჩივრებულია ეს საქმე. ხვალვე პირადად მოვიკითხავ ამ საქმეს აუცილებლად. ყველაფერს თავისი დრო აქვს, პროცესი დაუსრულებლად არ უნდა გაიჭიმოს. ამ ადამიანისა და სხვების საქმეზე უნდა იყოს დროული რეაგირება. გპირდებით, აუცილებლად მოვიკითხავ ამ საქმეს. ვერ გეტყვით, რომ აქამდე ამ საქმის დეტალებს ჩავუღრმავდი, ეს არ შედის ჩემს უფლებამოსილებებში. მე მხარე არ ვარ და ჩემს კომპეტენციაში რაც შედის, აუცილებლად დავინტერესდები. ქუჩაში ჩაცხრილეს ეს ადამიანები და პირდაპირ დამნაშავეებად გამოაცხადა ისინი სააკაშვილმა. მე ორგანიზაცია „42-ე მუხლში" ვმუშაობდი, როცა ეს საქმე მოიტანა ბატონმა იურიმ და სრულიად უსასყიდლოდ გვინდოდა მისი დაცვა, მაგრამ შემდგომ სხვაგან წაიღო ეს საქმე. მაშინვე იკვეთებოდა ბევრი დარღვევა, ამაზე სულ გამოვთქვამდი წუხილს. მე შეიძლია ის, რომ ოფიციალური კითხვით მივმართო პროკურატურას ამ საქმის დეტალებზე. „ალიას" მეშვეობით მინდა ვთქვა, რომ არასდროს გამოვიყენებ ადამიანურ ტრაგედიებს პოლიტიკური მიზნებისთვის, ამის საშუალებას არ მომცემს ჩემი მორალი. როგორც ვწუხდი მაშინ, ახლაც იგივე რეაქცია მაქვს და გავერკვევი. თავს არ ვიმართლებ.


- ბატონი იური ხელს ადებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში არიან. თუ დადასტურდა მისი ბრალდებები, თქვენ ჭიკაიძეს დაუპირისპირდებით?

 

- თუ პირდაპირ შეხება აქვს დანაშაულთან, იქ რთულია ობიექტურობაზე საუბარი. ვერც იქნება ობიექტური შედეგი. თუ არ ჩავიხედე საქმის დეტალებში, ისე ვერ ვისაუბრებ. ახლა ჭიკაიძეზე წინასწარი განცხადების გაკეთება, სად იყო, არასწორია. გამოძიება უნდა ჩატარდეს, უდანაშაულობის პრეზუმფცია არ უნდა დაირღვეს. მე არ ვიცი, ჭიკაიძე იქ იყო თუ არა, ამას სჭირდება გამოძიება. გავაკეთებ ყველაფერს, რაც როგორც დეპუტატს შემიძლია.

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016