reportiori.ge - რას შეპირდა დავით უსუფაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციას?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:49
პრეს-დაიჯესტი
რას შეპირდა დავით უსუფაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციას?
ავტორი:
28 ნოემბერი, 2014. 20:46


საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შექმნილი, 16 არასაპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიით დაკომპლექტებული ინტერპარტიული ჯგუფი, პარლამენტის თავმჯდომარესა და ამავდროულად საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდა. პარლამენტს გარეთ მყოფი პოლიტიკური ძალების ლიდერებმა უსუფაშვილს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გააცნეს.


„ალიას" „ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი ესაუბრა:


- შევთავაზეთ და წარვუდგინეთ ინტერპარტიულ ჯგუფში შეთანხმებული და ჩამოყალიბებული ვარიანტი, რომლის თანახმადაც ჩვენ ვთვლით, რომ უნდა შეიცვალოს დღეს არსებული საარჩევნო სისტემა და ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების ნაცვლად უნდა ჩამოყალიბდეს საერთო პროპორციული სისტემა. ანუ 150 დეპუტატი პარლამენტში არჩეული უნდა იქნას პროპორციული სისტემით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაზე ობიექტური ვარიანტია, რამდენ პროცენტსაც აიღებს პარტია, ზუსტად იმდენივე დეპუტატი შეიყვანოს პროცენტული შემადგენლობით პარლამენტში. აღარ უნდა მოხდეს ისეთი სისულელეები, როგორც ადრე ხდებოდა, მაგალითად, „ნაციონალურმა მოძრაობამ" აიღო 56 % ხმებისა, თუმცა, პარლამენტში შეიყვანა დეპუტატების 89 %. ასევე, 2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, „ქართულმა ოცნებამ" თბილისში აიღო 44 %, თუმცა, საკრებულოში დეპუტატების 75 % შეიყვანა. ეს არის დიდი უსამართლობა და უნდა აღმოიფხვრას.


- რა განწყობა აქვს დავით უსუფაშვილს თქვენს წინადადებებზე?

 

- შეხვედრა ძალიან პოზიტიურ ჭრილში წარიმართა, დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ ის იმ განცხადებების ერთგული რჩება, რომელსაც მხარს უჭერდა საპარლამენტო არჩევნებამდე, ხელისუფლებაში მოსვლამდე. ერთგული რჩება იმ პრინციპებისა, რის გამოც ის იბრძოდა. ანუ, როგორც თქვა, მას პოზიცია არ შეუცვლია. მნიშვნელოვანია, როცა პარლამენტის თავჯდომარე ამ პოზიციაზეა.

- საარჩევნო სისტემის შესაცვლელად დავით უსუფაშვილის პოზიცია საკმარისია?

 

- რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, დავით უსუფაშვილს ერთი ხმა აქვს, ამ საქმეს კი 114 ხმა სჭირდება, თუმცა, ჩვენ დაველოდებით, რას იტყვიან კოალიციის წარმომადგენლები, რამდენად იქნებიან ისინი ისეთივე ადეკვატურები, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე.


- ამ საკითხს საკონსტიტუციო ცლილებებიც სჭირდება.. ეს ერთმანდატიანი სისტემა კონსტიტუციაშია ასახული და რისი იმედი გაქვთ?

 

- საკონსტიტუციო ცვლილებებზე უკვე მუშაობს საკონსტიტუციო კომისია. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი შეიძლება ამ კომისიამ განიხილოს, ეს არის სწორედაც ერთმანდატიანი სისტემის შეცვლა. უახლოეს დღეებში ამ თემაზე კომისიაშიც ვიმსჯელებთ, რადგან ჩვენც გვყავს წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიაში. პარალელურ რეჟიმში, ამ თემაზე მსჯელობას დაიწყებს ხელისუფლებაც, დაიწყებენ იმაზე ფიქრს, რა პასუხი უნდა გაეცეს ჩვენს ინიციატივას.


პირველ რიგში, იმაზე უნდა შევთანხმდეთ ხელისუფლებასთან, რომ გავაუქმოთ ეს ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა და თუ შევთანხმდებით, რომ უნდა გავაუქმოთ, უკვე გრანდიოზულ ნაბიჯს გადავდგამთ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის გასავითარებლად და საარჩევნო სისტემისადმი საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად. ეს იქნება ყველაზე დიდი შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის, რაც კი შეიძლება მოხდეს მომავალი წლის განმავლობაში. შეთანხმების შემდეგი ნაბიჯი იქნება, საარჩევნო სისტემის რომელ ვარიანტზე შევჯერდებით, რაც ჩვენ შევთავაზეთ, თუ რამე სხვა ვარიანტებიც გაჩნდება.


- ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლა გულისხმობს გარკვეულ დათმობებზე წასვლასაც, ორივე მხრივ. ხომ არ ყოფილა შეხვედრაზე საუბარი, რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება, ან თქვენგან, მაქსიმუმ, რა დათმობას უნდა ველოდოთ?

 

- ჯერჯერობით არანაირ დათმობაზე არ არის საუბარი, მაგრამ როცა პოლიტიკურ საკითხებსა და შეთანხმებებზე ვსაუბრობთ, შეიძლება, მოხდეს მსგავსი შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა. როცა უკვე დაიწყება საუბარი, რა სახის ვარიანტზე უნდა შევჯერდეთ, აი, იქ გამოჩნდება, ვინ რას დათმობს, თუმცა ქვეყნის ინტერესებისთვის ყველა მხრიდან შეიძლება რაღაცების დათმობა. ჩვენთვის კატეგორიულად მნიშვნელოვანია, ჩვენს მიერ წარმოდგენილი სისტემა იყოს მაქსიმალურად გატანილი და გათვალისწინებული, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ ამაზე ობიექტური და სამართლიანი სისტემა კაცობრიობას არ მოუგონია. ჩვენ გვაქვს არგუმენტები, რომლის მეშვეობითაც ჩვენს პოზიციას დავიცავთ, დანარჩენი პოლიტიკური შეთანხმების საკითხია. მოვისმენთ სხვა არგუმენტებსაც.


- ბევრი შემთხვევა გვახსოვს, როცა ხელისუფლება ოპოზიციას რაღაც კონკრეტულს ჰპირდება, მაგრამ მერე არ ასრულებს. როგორც ამბობთ, დავით უსუფაშვილი ერთგული რჩება მისი ოპოზიციისდროინდელი პოზიციისა. თუ ისე არ მოხდება ყველაფერი, როგორც უსუფაშვილი საუბრობდა, რას იზამთ?

 

- თუ ასე არ მოხდა, ჩვენ ვამხელთ ხელისუფლებას, ღიად გავაკეთებთ განცხადებას, რომ ისინი ატყუებენ საზოგადოებას და ის, რასაც გვეუბნებოდნენ ოპოზიციაში ყოფნისას, არის ტყუილი, რადგან მთავრობაში მოსვლის შემდეგ აბსოლუტურად შეცვალეს მიდგომები. ეს ყველაფერი მათ ძალიან ძვირად დაუჯდებათ, რადგან საარჩევნო ყუთებთან იწვნევენ თავიანთი ქმედებების ძალას. საზოგადოების მოტყუება არ არის ასეთი იოლი. ჯერ დაპირდე მოსახლეობას და მერე, როცა ხელისუფლებაში მოხვალ, უთხრა, რომ მაჟორიტარული ოლქები მჭირდება, რადგან მინდა ხელისუფლება დიდხანს შევინარჩუნოო, ამას საზოგადოება და ამომრჩეველი არ პატიობს მთავრობას და ეს უნდა იცოდეს ხელისუფლებამაც.


- ახლა რას აპირებთ, რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი?

 

- შემდეგი ნაბიჯი საკონსტიტუციო საბჭოში საარჩევნო სისტემის საკითხის განხილვაა. ამ საკითხს დავაყენებთ საკონსტიტუციო საბჭოში და დაიწყება სერიოზული მსჯელობა. ველით პროცესის აქტიურად გაგრძელებას.

 

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016