reportiori.ge - ლადო სადღობელაშვილი: შეთანხმების თანახმად, უნდა ჩავარდეს ყველა ის მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რასაც „ქართული ოცნება“ შეიტანს პარლამენტში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 17:56
პრეს-დაიჯესტი
ლადო სადღობელაშვილი: შეთანხმების თანახმად, უნდა ჩავარდეს ყველა ის მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რასაც „ქართული ოცნება“ შეიტანს პარლამენტში!
ავტორი:
28 ნოემბერი, 2014. 20:49


ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა" ფოტომასალას აქვეყნებს, რომელზეც ასახული არიან საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი, დათა ახალაიას დროს, ოფიცერი უშიშროების საკითხებში, თამარ მიქაძე და „თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი პარლამენტში ნინო გოგუაძე. „თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელის, ლადო სადღობელაშვილის თქმით, ფოტო ნიუ-იორკში, ბრაზილიურ რესტორან „Churrascaria Plataforma"-შია გადაღებული 22 ნოემბერს.


ფოტოს სადღობელაშვილის კომენტარიც ახლავს: „მას შემდეგ რაც 15 ნოემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ" ნათლად დაინახა, რომ მას ხალხში არანაირი მხარდაჭერა აღარ აქვს, ტაქტიკა შეცვალა და „ქართულ ოცნებაში" ჩანერგილი აგენტურის საშუალებით საპარლამენტო გადატრიალების გეგმა აამოქმედა. დიდი ხნის განმავლობაში ვაფრთხილებდით ხელისუფლებას და მთელ პოლიტიკურ სპექტრს, რომ „ნაცები" აწარმოებდნენ მუდმივ კონსულტაციებს „ქართულ ოცნებაში" ჩანერგილ პირებთან, რათა საჭირო მომენტში მომხდარიყო მათი ამოქმედება. ამის ნათელი დადასტურება გახლავთ 22 ნოემბრის შეხვედრა, სადაც ე.წ. შესაძლო საპარლამენტო გადატრიალებაზე ისაუბრეს".


„ალიას" ლადო სადღობელაშვილი ესაუბრა:


- ვის მიერ იყო შეხვედრა ორგანიზებული?

- შეხვედრის ორგანიზატორი გახლდათ ხათუნა გოგორიშვილი, სწორედ მისი მეშვეობით მოხდა შეხვედრა ამერიკაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან. შეხვედრაზე საუბარი იყო პარლამენტში საპარლამენტო კრიზისის გამოწვევაზე. შეთანხმების თანახმად, უნდა ჩავარდეს ყველა ის მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რასაც „ქართული ცნება" შეიტანს პარლამენტში. ამას კი გააკეთებენ „ნაცები", ალასანიას გუნდი და „რესპუბლიკელები".


შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი იყო ბიუჯეტის კანონის შესაძლო ჩაგდებაზეც. ფაქტია, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში" მყოფი ქალბატონი კორძაია აშკარად თამაშობს „ნაციონალური მოძრაობის"  თამაშს. ეს ქალი რომ ვერ არის დალაგებული „ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში, ეს მისი განცხადებებიდანაც ჩანს. ქალბატონი გოგუაძე პირდაპირი ხაზია ალასანია-სააკაშვილს შორის. ფოსტალიონივითაა და ინფორმაციის მიმოცვლითაა დაკავებული. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, დათა ახალაიას დროინდელი კუდ-ის მაღალჩინოსნის ახლო კავშირებიც მათთან.


ვაფრთხილებთ ქართველ საზოგადოებას, ხელისუფლებას, რომ მომზადებული საპარლამენტო გადატრიალების გეგმის რეალიზაცია უკვე დაწყებულია. ბოროტული გეგმები მუშავდება. აი, ეს ადამიანები, ეს ძალები, ანუ „რესპუბლიკელები" და ალასანიას გუნდი უთხრიან ძირს „ქართულ ოცნებას" და ფარულ კოალიციაში შედიან „ნაციონალურ მოძრაობასთან", ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, მით უფრო, რომ წლის ბოლოა და ახლოვდება ბიუჯეტის განხლვის თემა. ყოველივე ეს კი, არ უნდა გახდეს სააკაშვილის ბანდის რევანშის საფუძველი, ამის ნათელი დადასტურებაა „ნაცებთან" შეთანხმებით ხელისუფლების მიერ შეტანილი კანონპროექტების ბლოკირება.


ამათი მიზანია, გამოიწვიონ საპარლამენტო კრიზისი, რაც აუცილებელს გახდის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში სიტუაციას არევს. სააკაშვილმა და „ნაციონალებმა" საზოგადოებას უნდა აჩვენონ, რომ ღარიბაშვილი და ხელისუფლება უძლურია. ესაა მათი მიზანი. ეს ის გუნდია, რომელიც ეცდება სიტუაციის არევას. პარლამენტში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის საკითხის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი სწორედაც ამ შეხვედრის შედეგია. თუ ასე არ არის, რა უნდოდა ქალბატონ ნინო გოგუაძეს ახალაიასდროინდელ, ყოფილ კუდელთან ერთად? რა უნდოდა გოგორიშვილთან ერთად, თუ დაპირისპირებული ძალები არიან?! არანაირი ოფიციალური საქმე არ ჰქონდა თუნდაც კორძაიას ამერიკაში, გინახავთ სადმე, რომ რაიმე საშუალებით გაშუქებულიყოს მისი ვიზიტი? რამე ინფორმაცია გავრცელდა? არა ხომ? ამიტომ ვამბობთ, რომ ეს იყო აშკარად ფარული შეხვედრა, თან ნიუ-იორკში, სადაც ვიცით, რომ სააკაშვილს აქვს  ერთგვარი „ნაციონალური ბუდე" მოწყობილი. რეალურად, ნიუ-იორკში სააკაშვილისდროინდელი მაღალჩინოსნების ბუდეა. სწორედ რომ ნიუ-იორკიდან აგვარებს სააკაშვილი საქმეებს აქართველოში და ცდილობს, დათესოს არეულობა. წარმომადგენლებს აგზავნიან პარტიიდან, ერთიც და მეორეც, რაც მათ სამომავლო ნაბიჯებს ხდის აშკარას.


- საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, ვინ მოგაწოდათ ფოტოები?

 

- ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს ამერიკაში მცხოვრებმა კეთილისმსურველებმა, რომლებიც ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.


- ფოტოები არ არის ფარული, აშკარად ყველამ იცის, რომ უღებენ. ცოტა უცნაურია...

 

- ეს ფოტოები ჩვენ ისეთი წყაროსგან გვაქვს და ისეთმა ადამიანმა მოგვცა, რომ მის წინაშე ვერ დაიმალებოდნენ და ვერ დამალავდნენ ერთად ყოფნას.


აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ლადო სადღობელაშვილის მიერ გავრცელებულ ფოტომასალასა და ინფორმაციას ხათუნა გოგორიშვილმა და ნინო გოგუაძემ შემდეგნაირად უპასუხეს:


„ამ სანდო წყაროს გადაეცით, გადაამოწმოს ხოლმე, ვინ რომელ კონტინენტზე იმყოფება და რომელ რიცხვში. ამ ინფორმაციას ავადმყოფი სადღობელაშვილი ავრცელებს. ფსიქიკური ავადმყოფი სადღობელაშვილის ბოდვებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ეს არის ჩემი კომენტარი", - განაცხადა გოგორიშვილმა.


ნინო გოგუაძემ დაადასტურა, რომ აშშ-ში ნამდვილად იმყოფებოდნენ:


„მე ასეთ არასერიოზულ განცხადებებზე და ასეთი ადამიანების განცხადებებზე კომენტარს არ ვაკეთებ. ახლა, მე და ხათუნა გოგორიშვილი პარლამენტის ბუფეტში შესვენებაზე ვართ. მოწმეები გვყავს აქ, რომ არანაირ შეთქმულებას არ ვაწყობთ. არ გეგონოთ, რომ ერთად შეთქმულების გამო ვართ. რაც შეეხება სურათს, ხათუნა გოგორიშვილი, თამუნა კორძაია და მე ნამდვილად ვიყავით ამერიკაში. ოფიციალურად ვიყავით მიწვეული. შეხვედრები გვქონდა კონგრესში, გაეროში. ერთ-ერთ დღეს თამუნა კორძაიას მეგობარს, რომლის გვარიც არ ვიცი, დაგვპატიჟა კაფეში და ეს იმ კაფეს სურათია. სხვა არაფერი ვიცი. საერთოდ არ ყოფილა ასეთი რაღაც და ამ სისულელეზე კომენტარს მეტად არ გავაკეთებ", - განაცხადა გოგუაძემ.

 

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი „ალია"

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016