„ალიას" ელიზბარ ჯაველიძე ესაუბრა:
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალებიდან" გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია და ნიკოლოზ რურუა ალასანიას პარტიაში აპირებენ გადასვლას?
- ძალიან კარგი, თუ ალასანიას პარტიას მიუერთდებიან, ამ შემთხვევაში ეს პარტია ძალიან მალე ჩაიძირება. ყოველ შემთხვევაში, ქართული ცნობიერებით ესეა, რაც არ უნდა ქვიშით იხეხონ, არაფერი გამოუვათ, ხომ იცით ქართული ნათქვამი, „არ გათეთრდების ყორანიო"? ეგენი სადაც არ უნდა გადაბარგდნენ, ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, ეგენი არიან „ნაციონალების" გამოჩეკილები და მათი სახე არასდროს შეიცვლება, ყოველ შემთხვევაში ხალხის დამოკიდებულება მათ მიმართ იქნება ყოველთვის ერთი და იგივე, დანარჩენი იქ, დასავლეთი რას იზამს და როგორ იზამს, ამას ჩვენ თვითონვე უნდა გავცეთ პასუხი. ისე, დროა, ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის გარკვეულ ზღვარს მიაღწიოს, რადგანაც არ შეიძლება, ყველა გადადგმულ ნაბიჯზე გავიხედოთ ამერიკისკენ და ევროატლანტიკისკენ, არიქა, რას იტყვიან ჩვენზე ჩვენი მეგობრებიო. ის „ჩვენი მეგობრები" კი გვეუბნებიან, თქვენ მოშორდით და საქართველო კი უნდა გადაგვარდესო, თქვენი ქვეყანა უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისაო. მაგათ საერთოდ პლანეტარული იმპერიის შექმნა უნდათ, ერთპოლუსიანი სახელმწიფოს შექმნა და ასეთი იმპერიის შექმნის გზაზე არა მარტო მცირე ერებს, დიდ ერებსაც უპირისპირდებიან, განსაკუთრებით კი ჩვენ გვმტრობენ ჩვენი რწმენისა და მართლმადიდებლობის გამო, როგორც ტრადიციულ და კონსერვატორულ ქვეყანას, ესაა, მეტი არაფერი.
- ბატონო ელიზბარ, მოსმენების კანონზე რომაა ერთი ამბავი ატეხილი, არასამთავრობოები რომ გამოდიან და ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გასაღები არ უნდა დავუტოვოთ...
- (მაწყვეტინებს) იმიტომ, რომ ესენი არიან აგენტები და მოღალატეები და თავისი ქცევით ებრძვიან პირდაპირ ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ცნობიერებას, ქართულ ზნეობას, აბა დააკვირდით, თუ ერთხელ ამოიღეს ხმა ემზარ კვიციანის გამო, ტყუილუბრალოდ რომ არის დაჭერილი და 12 წელი რომ მიუსაჯეს, დააკვირდით, თქვეს ერთი სიტყვა?! დღეს ეს არასამთავრობოები სისხლს გვაცლიან. მაგათ აქვთ დევიზი, ჩვენ გამოგვაცალონ წითელი სისხლი და თეთრი სისხლი ჩაგვასხან, ანუ სახელმწიფოს ფუნქცია უნდათ ნულზე დაიყვანონ. მინდა გითხრათ, რომ ფუნქცია ნამდვილად ნულზეა დასული, კოჟორიძე, ლომჯარია და გიგაური რომ დაიწყებენ სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნას, მარგველაშვილთან რომ შედიან, რომელიც ცნობილი მქსოველია წინდებისა და რაღაცებისა და მას რომ ეუბნებიან და მერე პრეზიდენტმა რომ უნდა წარუდგინოს პარლამენტს მოსამართლეები, ეს არის სახელმწიფო?! ეს უწიგნურები და გაუნათლებელი ადამიანები არიან ჩვენი მრჩევლები, „თხა და გიგო" რომ არა აქვთ წაკითხული? და მაგათ უნდა მართონ სახელმწიფო?! ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, იქნება აზერბაიჯანი, სომხეთი თუ სხვა, იქ არასამთავრობოების ყოველი კაპიკი და მანეთი შემოწმებული და დათვლილია, იქ მაგათ არავინ არ მისცემს მსგავს უფლებას, რასაც ესენი აძლევენ. 5 მილიონი დოლარი რომ მოსდით ახალგაზრდა იურისტების ასოციაციაში, სად ხარჯავენ მაგ ფულს? პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანუ სახელმწიფოს მოშლის წინააღმდეგ.
- ღარიბაშვილი გამოვიდა და განაცხადა, რომ ამ ქმედებით ამ ადამიანებს სურთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დასუსტებაო.
- ზუსტად ეგ აქვთ განსაზღვრული, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო სუსტდება, ამ შემთხვევაში სახელმწიფო სუსტდება, მერე ესენი აყაყანდებიან რატომ არ იხსნება ესა თუ ის დანაშაულიო. უშიშროება ნებისმიერ ქვეყანაში, გინდ ამერიკა აიღე და გინდ ინგლისი, ყველას ნაბიჯს აკონტროლებს, ესენი სახელმწიფოს კონტროლს თუ არ ენდობიან, შეიტანონ ცვლილება კანონში, რომ ამ საქმის ინსპექტორი პარლამენტმა დანიშნოს და მან გადაამოწმოს, არ შეიძლება? ღარიბაშვილი ორგასაღებიან სისტემა სთავაზობს და მეტი რა ჯანდაბა უნდათ?! არა, მაგათ უნდათ, რომ ისეთ ხალხს ჩააბარონ ინფორმაცია, ვინც საერთოდ ამასთან რა შუაშია, ვერ გავიგე, ვგულისხმობ მობილურ ოპერატორს და რა შუაშია აქ მობილური ოპერატორი? ჩვენთან ყველა მობილური ოპერატორი უცხო მხარეს ეკუთვნის და რა, მთელი ჩვენი საუბრები, ინფორმაცია, უცხოეთში უნდა გავიდეს? სახელმწიფოებრივი ინფორმაციები უცხოელებს რატომ უნდა ვაჩუქოთ?
- ხომ ხედავთ, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ერთიანდებიან „რესპუბლიკელები", იგივე ალასანია და „ნაციონალები"...
- ესენი უკვე არიან შეკრულები, ღარიბაშვილი დღესდღეობით არის წარმომადგენელი ქართული სახელმწიფოსი. მას სურს დღეს მეტ-ნაკლებად რაც შესაძლებელია, დამოუკიდებელი იყოს საქართველო და ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე არ ელანდება შიში, ვაითუ, სხვა ქვეყანა როგორ შემაფასებს, ამერიკა იქნება თუ დასავლეთი, ამიტომ არის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც ქართული საქმისა და ქართველი ხალხის ინტერესების გამომხატველი, დადგა ასეთი დარტყმის ობიექტად, ყველა უტევს ირაკლის, არ შეგეშალოთ, ღარიბაშვილზე ვამბობ, ალასანიაზე კი არა, ღარიბაშვილზე ვლაპარაკობ, ალასანიას ჭირი და სიკვდილი.
- თქვენ ახლა ალასანია ახსენეთ და მიიღებს იმ რურუებსა და ვაშაძეებს თავის პარტიაში? ხომ თქვა, „ნაციონალებთან" არ ვითანამშრომლებო?
- ალასანია ყველას მიიღებს, მაგაზე არ ინერვიულო. ალასანია მიშასაც მიიღებს, თუ ჩამოვიდა, ბოკერიასაც სიხარულით მიიღებს და ეს არის გადაადგილება, მეტი არაფერი, შესაკრებთა გადანაცვლებით, ჯამი არ იცვლება. ფერიცვალება ხომ იცით, რას ნიშნავს? ოღონდ არაქრისტიანულ ფერიცავლებას ვგულისხმობ, ეგენი ფერს იცვლიან ყოველდღე, როგორც ხვლიკები და ქვეწარმავლები. იმისდა მიხედვით, სად უკეთესად იქნებიან.
- ბატონო ელიზბარ, ჩვენში რომ ვთქვათ, „ოცნებაც" ცუდად იქცევა...
- რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ ტყემალაძის გამოთქმას, მილიონერი კაცი აქეთ რომ გვარიგებს ჭკუას, 160 ლარი იკმარეთო. მინდა გითხრათ, რომ ხალხი ამით ძალიან გაღიზიანდა.
- თქვენ სიტყვაზე ეკიდებით... ხომ იცით, „მიზეზ-მიზეზ, დოს მარილი აკლიაო"... წამოსცდა კაცს.
- თქვენ გგონიათ, რომ ტყემალაძეს ეს სიტყვები წამოსცდა?
- 160 ლარი კი არ უნდა იმყოფინოს კაცმა, უფრო მეტი უნდა იმყოფინოს, მაგრამ რომ არ არის შესაძლებლობა, რა ქნას ამ სახელმწიფომ.
- კი მაგრამ, იმხელა პრემიებს რომ იღებენ თავისთვის, ეს არაფერი? გარდა ამისა, ასეთ დავარცხნილ პოლიტიკას რომ აწარმოებენ, არ ეშინიათ, რომ ხალხი ერთხელ დაიძვრება და მაგათ გადაუვლის...
- „ოცნებას" არ ეშინია იმიტომ, რომ მოდით, უმადურები ნუ ვიქნებით, დღეს რომ საყვედურებს ამბობენ ივანიშვილის მიმართ, ჩემთვის მიუღებელია, იმიტომ, რომ ამ კაცმა შეძლო ყველაფერი და ეს შავი ჭირი მოგვაშორა. ეს არის სიმართლე!
- კი მაგრამ, მერე ხომ უნდა გაკეთებულიყო ხალხისთვის კიდევ რამე?
- კი უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილსაც, რასაც უყურებთ, ყველა მხრიდან აწვებიან, იქით დასავლეთიდან, აქეთ აღმოსავლეთიდან, ყოველ მხრიდან უტევენ და ეს შეტევა იმაში გამოიხატა, რომ თურმე როგორ შეიძლება ისეთი დემოკრატის დაჭერა, როგორიც არის მიშა სააკაშვილი (ხმას უწევს)... ისე აშენდა ყველა მაგათი ოჯახი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია დემოკრატი. თვითონ მიშას ცუდად აქვს საქმე, გრძნობს, რომ ხელიდან ეცლებიან „ნაციონალები", საკმაოდ ცუდ დღეშია. ცოტა ხანში მიშას თეთრი ხალათით გაკოჭილს ვნახავთ, მაგრამ ესენიც მიყვებიან სათითაოდ.
- ჩვენ ვაკვირდებით, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ჩასაფრებული ჰყავს აქედან „რესპუბლიკელები", იქიდან „ნაციონალები" და ალასანიას პარტია, არავინ არ არის იმის მთქმელი, რომ „არ გაბედოთო", ამას არავინ ამბობს.
- აი, მაგაზე კი პასუხს გეტყვით, რომ ქართველი ხალხი გამოვალთ და ვიტყვით! ამას წინათ, რუსთაველის თეატრში გამოვიდა „ლაზარე" და თქვა, ვინც ეროვნული ადამიანი იყო, და ვისაც გონება უჭრის და ვინც აზროვნებდა, ყველა იქ იყო და ყველამ თქვა ერთი რამ, ჩვენ ვდგავართ აქ და თუ საჭიროა, სიტყვას ვიტყვით და არათუ ეს შენობა, არამედ შეგვიძლია, ნახევარი საქართველო ჩამოვიყვანოთ. ისე კი არა, მაგათ რომ ფული გადაუხადეს და ფულით რომ შეაგროვეს ძლივს, ჩვენთან ხალხი ჩამოვა სურვილით და მინდა გითხრათ, რომ ხალხი იტყვის ამას ჩვენთან ერთად, მაგიტომაა, რომ ვერ აკეთებენ იმას, რაც გულში აქვთ ჩადებული და რაც სწადიათ, თორემ აქამდე ეგენი ცალკე კოალიციას შექმნიდნენ.
- ისე, ბატონო ელიზბარ, 45 წლის ნოემბერში მოეწყო ნიურნბერგის პროცესი, ერთი მასეთი პროცესი რომ აქაც ჩაგვეტარებინა „ნაცებისთვის", აქამდე სამუდამოდ დავამთავრებდით და ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაბედავდა ძალადობას.
- ნამდვილად სამუდამოდ დამთავრდებოდა ყველაფერი და უნდა მოგვეწყო, მაგრამ ეს კოჰაბიტაცია მოგვახვიეს თავს! ალასანია იყო ის კაცი, ვინც პირველი გამოვიდა და რაც სააკაშვილმა დააფუძნა, იმ ფუნდამენტზე უნდა ავაშენოთ შენობაო, ეგ იყო მაგის პირველი მოწოდება. არადა, მაშინ როგორი შემძვრალები იყვნენ სოროებში?..
ამის შემდეგ გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით ალასანიას პარტიის წარმომადგენლებს, გვაინტერესებდა, ნამდვილად აპირებენ თუ არა თავისი პარტიის რიგებში მიიღონ ზემოჩამოთვლილი „ნაციონალები", სამწუხაროდ, გია ცაგარეიშვილის, ვიქტორ დოლიძის ტელეფონები გამორთული დაგვხვდა, მესიჯი მივწერეთ ზურაბ აბაშიძე და მისგან შემდეგი პასუხი მივიღეთ: „საქართველოში არ ვარ. რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ".
თამარ ოქრუაშვილი
გაზეთი „ალია"