reportiori.ge - ღარიბაშვილის პროექტმა გაიმარჯვა - რა მოხდება კოალიციაში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:59
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ღარიბაშვილის პროექტმა გაიმარჯვა - რა მოხდება კოალიციაში?
ავტორი:
28 ნოემბერი, 2014. 21:18


გუშინ პარლამენტმა ე.წ. მოსმენების შესახებ ორ კანონპროექტს უყარა კენჭი პირველი მოსმენით. კენჭისყრის შედეგები ასეთია: ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი პარლამენტმა 75 ხმით მიიღო (58 წინააღმდეგი), ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტი კი ჩავარდა - 61 მომხრე და 71 წინააღმდეგი. შეგახსენებთ, რომ ამ კანონმა უნდა დაარეგულიროს, ვის ექნება ფარულ მოსმენებზე წვდომა, ანუ გასაღები. შეგახსენებთ, ფრაქცია „ქართული ოცნების" კანონპროექტი გასაღების შს სამინისტროსთვის დატოვებას ითვალისწინებს, მეორე გასაღები კი, კონტროლის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა გადაეცეს. „რეპუბლიკელმა" ვახტანგ ხმალაძემ კი ერთგასაღებიანი ვარიანტი წარმოადგინა და მასზე წვდომა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უნდა ჰქონდეს. „ქართული ოცნების" კანონპროექტს მხარი კოალიციაში შემავალმა ყველა პარტიამ დაუჭირა, გარდა „რესპუბლიკელებისა". ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტს კი, თანაპარტიელების გარდა, მხარი დაუჭირეს „ნაციონალებმა", „თავისუფალმა დემოკრატებმა" და „ქართული ოცნების" სამმა დეპუტატმა - ელისო ჩაფიძემ, თამარ კორძაიამ და ივანე კიღურაძემ.


რაც ეს პარლამენტი არსებობს, მეორე შემთხვევაა, რომ კონკრეტული კანონის მიღებას ასეთი მძაფრი ვნებათაღელვა მოჰყვა. პირველად „ანტიდისკრიმინაციული კანონის" მიღებაზე იყო დიდი აურზაური პარლამენტში, მაგრამ ამგვარი ნამდვილად არ ყოფილა. ახლა დეპუტატები ერთმანეთის შეურაცხყოფაზეც გადავიდნენ და რას აღარ ეძახიან ერთმანეთს. განსაკუთრებით შავ დღეში „რესპუბლიკელები" არიან. უმრავლესობის ზოგიერთი წევრი, პირდაპირ მოღალატეებს ეძახის ამ პარტიის წევრ დეპუტატებს იმის გამო, რომ კოალიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს არათუ მხარს არ უჭერენ, მეტიც, გაბედეს და კანონპროექტის საკუთარი ვარიანტი წარმოადგინეს. ამით „რესპუბლიკელებმა" უკანდასახევი გზა თავად ხომ მოიჭრეს, ბოლომდე უნდა „მიაწვნენ" ვახტანგ ხმალაძის ვარიანტს, რადგან ახლა თუ დათმეს, მერე პრინციპების დაცვაზე ლაპარაკი გაუჭირდათ და თანამოაზრეები ამას ვერ გაუგებენ. გარდა ამისა, „რესპუბლიკელებმა" განხეთქილება კოალიციაშიც შეიტანეს და ეს, ერთი მხრივ კარგია, დღეს გამოჩნდა, ვინ ვისი მომხრე და ერთგულია, ამ კრიტიკულ მომენტში ვინ უმუხთლა კოალიციის ლიდერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ვინ მის გვერდში დარჩება. ელისო ჩაფიძის, ივანე კიღურაძისა და თამარ კორძაიას არჩევანმა ისიც დაადასტურა, რომ კოალიციაში ერთიანობაზე ლაპარაკი მხოლოდ მითია და ხელოვნურად არსებობს. კიღურაძე და ჩაფიძე, არ დაგავიწყდეთ, იმ პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებლები არიან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააარსა.


წეღან მოგახსენეთ, „რესპუბლიკელებს" განსხვავებული აზრისა და კანონპროექტის გამო, მოღალატეებსა და გამყიდველებს ეძახიან-მეთქი. მთლად ასე არ არის საქმე. ზოგადად, პოლიტიკური კოალიციის შექმნას საფუძვლად ერთი პრინციპი უდევს. კოალიციის წევრი პოლიტიკური ძალები წინასწარ თანხმდებიან, რომ მთავარ საკითხებზე ერთნაირი პოზიცია უნდა დაიჭირონ და პარლამენტმა გამართულად უნდა იმუშაოს, კანონები უნდა მიიღოს, თორემ არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი პოლიტიკური კოალიციის შემადგენელ პოლიტიკურ ძალას არ ეკრძალება, რიგ შემთხვევებში, განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება, ანდა კოალიციის სხვა სუბიექტების პოლიტიკური გემოვნებისგან განსხვავებული კანონპროექტის მომზადება, ცხადია, თუ ეს ხალხსა და ქვეყანას სჭირდება. იქ, დასავლეთში, ამას დემოკრატიას ეძახიან, საქართველოში - ღალატს. რა ვიცი, ამ „ქართული ოცნების" ლიდერებს „ნაცმოძრაობისა" სწორედ ის არ მოსწონდათ, რომ ერთი კაცის დაკრულზე ცეკვავდა ყველა და განსხვავებული აზრი არავის აქვსო. ახლა როგორ არის საქმე? „რესპუბლიკელებს" აქვთ მართველ კოალიციაში განსხვავებული აზრი და დაამხეს ყველაფერი თავზე. ყველაზე მეტს კი ის დეპუტატები ყვირიან, ვინც „ნაცმოძრაობას" ერთფეროვნებას უწუნებდა. ადრე, ვიდრე კოალიციაში მშვიდობა იყო, როცა რომელიმე მინისტრი ან დეპუტატი უმრავლესობის საწინააღმდეგო მოსაზრებას დააფიქსირებდა, მაშინვე გამოცვივდებოდნენ ამავე უმრავლესობის ლიდერები და აცხადებდნენ, ეგ ნორმალურია, კოალიცია დემოკრატიულ პრინციპებზეა დაფუძნებული, მერე რა, თუ ჩვენი გუნდის წევრმა განსხვავებული რამ თქვა, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარაო. ახლა რაღა ხდება? სააკაშვილის რეჟიმი სწორედ იმიტომ იქცა სისხლიან დიქტატურად, რომ მათ გუნდში განსხვავებული აზრის დაფიქსირებას ვერავინ ბედავდა, ამიტომ დააქციეს ქვეყანა, რომ ერთი ადამიანის აზრით იმართებოდა ქვეყანა. რატომ დაერიეთ ერთმანეთს? მერე რა მოხდა, თუ კოალიციის წევრებს განსხვავებული პოზიცია აქვთ? ახლა აღარ არის დემოკრატია კოალიციაში თუ ამ განსხვავებული პოზიციების გამოხატვა აუკრძალეთ? თავად ფაქტი, რომ „რესპუბლიკელებმა" კოალიცია „ქართული ოცნებისგან" განსხვავებული კანონპროექტი წარმოადგინეს, ნამდვილად არ არის კოალიციის ღალატი. ეს დემოკრატიაა და მეტი არაფერი. სხვა საქმეა, რა განზრახულობა აქვთ „რესპუბლიკელებს", რა დგას ამ კანონპროექტის მიღმა და ზოგადად, რა გეგმები აქვთ. სწორედ, როცა ბიძინა ივანიშვილი კოალიციას ქმნიდა, საზოგადოების უმრავლესობა წინააღმდეგი იყო, რომ „რესპუბლიკელები" და „თავისუფალი დემოკრატები" ამ კოალიციაში მიეღო. ამბობდნენ, რომ ეს პოლიტიკური ძალები არ იყვნენ სანდონი, ულტრალიბერალური იდეების ერთგული პოლიტიკოსები ეროვნულ საქმეს არ გამოადგებოდნენ და ერთ მშვენიერ დღესაც, მათი დასავლელი პატრონების კარნახით დაიწყებდნენ ანტიეროვნულ მოქმედებას, კოალიციას კი ფეხებზე დაიკიდებდნენ. თუმცა, ბიძინა ივანიშვილი არ მალავდა, რომ ეს პარტიები კოალიციის დასაბალანსებლად სჭირდებოდა და იმედოვნებდა, რომ დასავლეთში ურთიერთობებს ისინი დაალაგებდნენ. რა ვიცი, მაგათი დალაგებული ჯერ ვერაფერი ვნახე, მაგრამ არეული კი ძალიან ბევრი. „თავისუფალმა დემოკრატებმა" ლამის სახელმწიფო საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყვეს ქვეყანაში და თითიდან გამოწოვილი მიზეზით დატოვეს კოალიცია. ახია, „ქართული ოცნების" ლიდერებზე, ირაკლი ალასანია და მისი გუნდი უნდა გაერიცხათ კოალიციიდან, მასთან მოლაპარაკებები არ უნდა გაემართათ. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის შიშით, კოალიციის ლიდერებმა ეს არ გააკეთეს. სანაცვლოდ კი ის მიიღეს, რომ თავად „თავისუფალმა დემოკრატებმა" დაურტყეს პენალტი - კოალიცია დატოვეს და რამდენიმე დღე, პარლამენტი, უმრავლესობის გარეშე დარჩა. ახლა იმავე შეცდომას უშვებს „ქართული ოცნება" „რესპუბლიკელებთან" მიმართებაში. ერთი რუსული გამონათქვამია, თუ ერთსა და იმავე შეცდომას ორჯერ უშვებ, პირველად ეს შეცდომაა, მეორედ კი შენი არჩევანიო. მართლა ასე გამოდის. „ქართული ოცნება" შეცდომას კი აღარ უშვებს, ეს უკვე მისი არჩევანია, რასაც აკეთებს. რას აკეთებს? რას და „რესპუბლიკელებს" თავზე ხელს რომ უსვამს იმავე მიზეზით, უმრავლესობა არ დავკარგოთ პარლამენტშიო. მართალია, თინა ხიდაშელმა პარლამენტში განაცხადა, რომ „რესპუბლიკელები" კოალიციას არ დატოვებენ, იმის მიუხედავად, თუ რომელ კანონპროექტს მიიღებს პარლამენტი, მაგრამ თუ ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტი არ მიიღო პარლამენტმა, კაცმა არ იცის, რა მოხდება. ჯერ არ წაუღიათ თავიანთი სიტყვა უკან ჩვენს პოლიტიკოსებს?

რას ეფერებით და ვის ეფერებით? ადექით, გარიცხეთ კოალიციიდან, ხომ ხედავთ, რომ იმ პოლიტიკის წინააღმდეგ მიდიან, რასაც კოალიცია ახორციელებს ქვეყანაში? მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ მოიცილოთ? უმრავლესობას მოჰკვდომია პატრონი, რომელიც ძალით შეკოწიწებულია და დღეს-ხვალ უეჭველად დაიშლება და კარგიც იქნება. მობეზრდა ხალხს ამგვარი სპეკულაციები, დასაშლელად განწირული, რაც მალე დაიშლება, მით უკეთესი. თუ პარლამენტში უმრავლესობა არ ეყოლება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. ხალხის მოთხოვნაც ვადამდელი არჩევნებია. პარლამენტში ათასობით ადამიანის ხელმოწერაა შესული, რომლებიც ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ. გარდა ამისა, თავად „ქართული ოცნების" არაერთი დეპუტატი მომხრეა რიგგარეშე არჩევნებისა. ჰოდა, დალოცვილო, საფუძველი გაქვს, ადექი, დაშალე ეს პარლამენტი და ჩაატარე ახალი არჩევნები. აი, მერე ვნახავთ, ეს „რესპუბლიკელები" და „თავისუფალი დემოკრატები" და „ნაციონალები" რამდენ მანდატს მოიპოვებენ პარლამენტში.


ვადამდელი არჩევნებია ერთადერთი გამოსავალი, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას თავისი კუთვნილი მიეზღოს. ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება" თუ არ მოვა უმრავლესობით პარლამენტში, ხმების ყველაზე მეტ რაოდენობას მაინც მიიღებს, სადღეისო ვითარებით ასეა. პარლამენტში ეროვნული ძალებიც მოხვდებიან, რომლებიც უკვე 2 წელია, ხელისუფლებისგან „ნაცმოძრაობის" გასამართლება-აკრძალვას კანონიერად ითხოვენ, მათი ლიდერების გასამართლებასა და ციხეში ჩასმას. ჰოდა, აი ამ ძალებს შეეკვრება „ქართული ოცნება", პარლამენტში მათთან ერთად შექმნის კოალიციას და მაინც ქვეყნის მთავარი მმართველი ძალა იქნება. მერე კი, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას წინ აღარაფერი დაუდგება. აი, ეს არის ხალხის დაკვეთა და ამას ელოდება საზოგადოება და არა, ნებისმიერ ფასად უმრავლესობის შენარჩუნებას პარლამენტში.


თუმცა, სავარძელს ჩაბღაუჭებული „ქართული ოცნების" არაერთი დეპუტატი არწმუნებს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართული ოცნების" სხვა ლიდერებს, რომ პარლამენტის დათხოვნასა და რიგგარეშე არჩევნების გამართვას დასავლეთი სკეპტიკურად შეხვდება, ამას ვერ გაგვიგებენ და ამ არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგებაო. აი, ამით აშანტაჟებენ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის გარემოცვას. ეს არის ბლეფი. თუ პარლამენტი დასათხოვია, უნდა დაითხოვო. ხელისუფლების გავლენიან ლიდერებს, მედასავლეთეები „აბოლებენ", თორემ არც არავინ გაგვიგებს ცუდად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას. ეს პროცესი დასავლეთში დემოკრატიის თანამდევია და რაც იქ დემოკრატიულია, ის რატომ იქნება საქართველოში ანტიდემოკრატიული და ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ? ვიმეორებ, ამ ვერსიას ის პოლიტიკური ძალები „აწვებიან", ვინც ბიძინა ივანიშვილმა ზურგზე მოიგდო და ისე შეიყვანა პარლამენტში, ვისაც არჩევნებში დამოუკიდებლად წარმატების მიღწევის შანსი არ აქვს, ვინც ბარიერსაც ვერ გადალახავს.

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016