reportiori.ge - ნორა კვიციანი: რაც მარტო „ნაციონალებს“ ბრალდებათ, ზოგი შეიძლება სხვისი ბრალიც იყოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 17:35
პრეს-დაიჯესტი
ნორა კვიციანი: რაც მარტო „ნაციონალებს“ ბრალდებათ, ზოგი შეიძლება სხვისი ბრალიც იყოს!
ავტორი:
29 ნოემბერი, 2014. 19:11



ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესი ისე დამთავრდა, არავინ რომ არ ელოდა. სასამართლომ ბატალიონ „მონადირის" მეთაურის წინააღმდეგ სააკაშვილის მიერ წაყენებული ყველა ბრალდება პირწმინდად გაიზიარა და კაცს, რომელიც კოდორის ხეობას წლების მანძილზე იცავდა, 12 წელი მიუსაჯა. თუკი დღევანდელი საამართლო წინა რეჟიმის მიერ ადამიანების დევნას სამართლიანად მიიჩნევს და დღეს იჭერს იმას, ვინც სააკაშვილმა მაშინ ვერ დაიჭირა, აფერუმ სააკაშვილს და ყოჩაღ „ნაციონალებს" - მთელი საქართველო, ვინც კვიციანის განთავისუფლებაზე ოცნებობდა, ხახამშრალი დატოვეს. თანაც „ქრონიკა+"-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ემზარ კვიციანისთვის 12-წლიანი სასჯელის შეფარდების საქმეში, „ნაციონალების" გარდა, შეიძლება კიდევ ერთი ცნობილი პარტიაც ფიგურირებდეს.


„ქრონიკა+"-ს ემზარ კვიციანის და, ქალბატონი ნორა კვიციანი ესაუბრება:


- ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ასეთი რამე თუ მოხდებოდა. ძალიან უცნაური და მიკერძოებული სასამართლო პროცესი ჩატარდა. ჯერ იყო და ეს ირაკლი ოქრუაშვილი - ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომლის ჩვენება ყველაფერს ნათელს მოჰფენდა, ხომ საერთოდ ვერ მოიყვანეს სასამართლოზე. რამდენჯერაც დაიბარეს, ყველა პროცესი ჩააგდო და საერთოდ არ იკადრა მოსვლა - ვერ მოიყვანა პროკურორმა. ახლა ვფიქრობ, რომ შეიძლება არც უნდოდა მოყვანა, ასე უფრო ადვილი იქნებოდა ემზარის დადანაშაულება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოწმის - ნინო ბურჯანაძის დაკითხვა კი ორსაათნახევარი გრძელდებოდა, თუმცა საინტერესოა, თუ რისთვის იყო ამდენი დაკითხვა საჭირო, თუკი მას არ გაითვალისწინებდნენ? ასევე არ არის, ფაქტობრივად, არც ერთი სხვა დაკითხული მოწმის ჩვენება გათვალისწინებული. ამ დაკითხვებში რომ ვერ იპოვა ემზარის დანაშაულის ნიშნები პროკურორმა, ადგა და 2006 წელს „ნაციონალების" მიერ წამოყენებული ბრალდებები გაააცოცხლა. ქალის მკვლელობა, რომელიც თვითონ ჩაიდინეს ხეობის დაბომბვის დროს, ემზარს დააბრალეს და ამაში ცალკე ექვსი წელი მიუსაჯეს. არადა, ჯერ ერთი, ემზარი იმ დროს ხეობაში საერთოდ არ გახლდათ და მეორეც - თუნდაც ყოფილიყო, რა შუაში იყო, მთელმა ხეობამ იცის, რომ სწორედ ამათი ჩამოყრილი ბომბებისგან დაიღუპა ის ადამიანი - რუსიკო გუგუსიანი.


 - წინა ინტერვიუ რომ ჩავწერე, თქვენ მაშინაც ისაუბრეთ პროკურორ ხარებავას მიკერძოებაზე, მაგრამ ერთი კაცი რომ ვერ იტვირთავს ამხელა საქმეს, ესეც ხომ ფაქტია?

 

 - გასაგებია, მაგრამ თუკი ადამიანი პატრიოტი, ერის მოყვარე და სამართლიანია, დატოვებს პოსტს, ადგილს და ასეთი ბინძური საქმის გაკეთებას არ იკადრებს. მსგავსი არაადამიანური დაკვეთა არავინ არ უნდა შეასრულოს, ხარებავა იქნება თუ ნებისმიერი სხვა პროკურორი. ადრეც განვუცხადე ეკა ბესელიას: ქალბატონო ეკა, დღეს ორხელისუფლებიანობაა ქვეყანაში. ერთი არის პროკურატურა და სასამართლო, რომელიც „ნაციონალების" საკუთრებაა, მეორე მხარე კი თქვენ ხართ-მეთქი. არ არის ასე? მაშინ, როცა 32 დეპუტატი და ამდენი ცნობილი გენერალი თავდებად უდგება ემზარ კვიციანს და ამას ისეთ იგნორირებას უკეთებენ, თითქოს ეს ხალხი სულაც არ არსებობდეს, პარლამენტი როცა პოლიტპატიმრების სიას გადაუგზავნის პროკურატურას, ის კი ყველაფერს უგულვებელჰყოფს, ეს ორხელისუფლებიანობაა, აბა, რა არის? ამ მახინჯი ორხელისუფლებიანობის შედეგია, რომ ემზარს 18 წელი გამოუტანეს, 12 კი არა. უბრალოდ, რაღაც მუხლებზე შეეხო პატარ-პატარა ამნისტია და ასე ჩამოვიდნენ თორმეტზე.


 - ინტერესს იწვევს 32 დეპუტატის საკითხი, ვინ არიან ისინი და რა თავდებზეა საუბარი?  ამას იმიტომ გეკითხებით, რომ საზოგადოებაში ტრიალებს შეხედულება, თითქოს ეს დეპუტატები რომ დაუდგნენ თავდებად, იმიტომ ჩამოვიდა ემზარი საქართველოშიო. ეს თუ ასეა, მაშინ ცოტა სხვანაირად არის საქმე.

 

 - არა, საუბარია თავდებზე, რომ ემზარი გაეთავისუფლებინათ, როცა ჩამოსვლისას დაიჭირეს. ყველა დეპუტატის ჩამოთვლა, ალბათ, გამიჭირდება. ესენი არიან: ვოლსკი, ბესელია და მისი მოადგილე ფოფხაძე, სანიკიძე, ლორთქიფანიძე, კორძაია, ჩხეტიანი, ჯაჭვლიანი... ყველას ვერ ვიხსენებ, „ნაციონალებიდანაც" არის ერთი, მგონი, გიგი წერეთელი. ეს ხალხი დაუდგა თავდებად ემზარს, რომ არსად გამქცევი არ იყო, გამოძიებასთან ითანამშრომლებდა და ამიტომ მისი პატიმრობაში დატოვება არანაირი აუცილებლობა არ იყო.


 - ნინო ბურჯანაძე ახსენეთ, რა ჩვენება მისცა სასამართლოზე?

 

 - ქალბატონ ნინოს სასამართლოზე ჰკითხეს, ხეობაში ჯარი იყო თუ არა შეყვანილი და პარლამენტი იყო თუ არა ამის მომხრეო? პარლამენტთან დაკავშირებით ნინომ უარყოფითი პასუხი გასცა და თქვა, რომ პარლამენტი არ იყო კოდორში საჯარისო შენაერთების შეყვანის მომხრე და მეც წინააღმდეგი ვიყავიო, იქ ჯარი უშუალოდ პრეზიდენტის ბრძანებით შევიდაო. სხვათა შორის, სანამ ამ ამბებს განახორციელებდნენ კოდორში, მანამდე დაუტრაბახია სააკაშვილს, კოდორს ოთხ საათში ავიღებო.


 - კოდორს რა სჭირდა ასაღები, ისედაც ჩვენ არ იყო?

 

 - მეც მაგას ვკითხულობ, იქნებ, ოდესმე სააკაშვილმაც პასუხი გასცეს ამ კითხვაზე და ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი აგოს! თუმცა ამათ ოქრუაშვილი ვერ მიიყვანეს სასამართლომდე და სააკაშვილისთვის პასუხის მომთხოვნები არიან? ნინო ბურჯანაძე იმასაც ამბობს, რომ პრეზიდენტს ვუთხარი, დაცვა გამომიყავი და ხეობაში მე შევალ, მე მოვაგვარებო, მაგრამ პრეზიდენტმა არ გამიშვაო. ჩეს ქმარსაც უნდოდა ხეობაში შესვლაო, მაგრამ არც ჩემი ქმარი გაუშვესო, ემზარმა ჰკითხა პროცესზე ბურჯანაძეს, - ჯარი რომ შემოდიოდა ხეობაში, რუსებთან მოლაპარაკებულები ხომ არ იყვნენო? ბურჯანაძემ უპასუხა, - მე მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ ეჭვი ყველაფრის არისო. ერთი სიტყვით, ბურჯანაძეც ამბობს,რომ ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით. დღევანდელი გადასახედიდან ეს უკვე პოლიტიკური ანგარიშსწორებააო და მეც მიმაჩნია, რომ მართლაც ასეა, ეს იყო ჩადებული თავიდანვე: სააკაშვილსა და მის გარემოცვას ხეობის ჩაბარება ჰქონდათ განზრახული. გამოიყენეს ეს ამბავი - ემზარი დამნაშავედ გამოაცხადეს და გაწმინდეს ხეობა.


 - გასაგებია და ახლა ემზარს აბრალებენ ყველაფერს, მაგრამ  სანამ ემზარი ჩამოვიდოდა, საუბარი იყო პოლიტდევნილის სტატუსზე, საიდანაც ორჯერ ამოიღეს, რატომ?

 

 - აქაც გასაოცარი სიტუაციაა. თავიდან მისცეს პოლიტდევნილის სტატუსი, მერე, როცა ამოიღეს პარლამენტის სიიდან, ჩვენ ერთი ამბავი ავტეხეთ, დაგვამშვიდეს, - ისეთი არაფერია, საბუთები არ არის წესრიგში და როცა ეს ხარვეზი გასწორდება, ისევ აღვადგენთო. მოვაწესრიგეთ საბუთებიც. გვეუბნებიან, - უკვე ყველაფერი რიგზეა და მალე ჩავსვამთ სიაშიო. მართლაც შეიყვანეს, მაგრამ მერე ისევ აღმოჩნდა, რომ ამოიღეს.


 - ემზარის ამოღება ამ სიიდან ვისი სურვილით მოხდა?

 

 - ეს აღარ ვიცით. ჩვენ ვინ რას გვეტყოდა? ფაქტია, რომ ეს ყველაფერი მოხდა პარლამენტში, თუმცა ვინ ამოიღო სიიდან და რა მოტივით, ჩვენთვის უცნობია.


 - მაგრამ ვის მიუწვდებოდა ხელი ამ სიებზე, ეს ხომ ადვილი გასარკვევია? ეკა ბესელია ხომ თავმჯდომარეობდა ამ საკითხს?

 

 - ეკა ბესელია კი თავმჯდომარეობდა, მაგრამ მარტო ხომ არ იყო? იქ კომისიის ამბავიცაა. მარტო თვითონ ხომ არ შეუდგენია სია? სწორედ ეკამ შეიტანა თავიდან ემზარი სიაში და ამას არ გააკეთებდა, რომ არ სდომოდა მისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება. ამის მერე თავდებშიც არ დაუდგებოდა. ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ სრულიად სხვა ძალებთან უნდა გვქონდეს საქმე. თუნდაც ჩემი ამბავი როგორ იყო პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით - როდესაც ორი თვე მქონდა ციხიდან გამოსვლამდე დარჩენილი, მაშინ დადგა პარლამენტში საკითხი, რომ სააკაშვილის მიერ დაპატიმრებული ყველა პოლიტპატიმრისთვის სტატუსი უნდა მიეცათ. მე არ დამიწერია თხოვნა არც „უდოზე" და არც - შეწყალებაზე. ორი თვე მქონდა დარჩენილი და სადაც ექვსი წელი ვიჯექი, ამ ორ თვესაც გავუძლებ-მეთქი, - ეს მქონდა ნათქვამი.


 - როგორც პოლიტპატიმარს, ისე არ დაგიტოვებიათ ციხე?

 

 - ჩემთან შემოვიდა მინისტრი სოზარ სუბარი და იმან გამომიყვანა, სირცხვილია, ამდენ ხანს იჯექით და ახლა თითზე ჩამოსათვლელი დღეების ლოდინი საჭირო არ არისო. იმის მერე პარლამენტში მიიღეს კანონი და დილით აცხადებს ეკა ბესელია, რომ დამატებით ამ პოლიტპატიმრების სიებთან დაკავშირებით მოხდა მეოთხე მუხლის შეტანა და ქალბატონ ნორა კვიციანსა და მაია თოფურიას - გიორგაძის პარტიიდან რომ იყო დაპატიმრებული - რომლებიც ციხიდან გამოსულები არიან, მათაც უნდა შეეხოთ პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებაო. ბესელიას ეს განცხადება იმ დღეს დილიდან საღამომდე ატრიალეს ტელევიზიებმა. მირეკავენ ახლობლები და მილოცავენ სტატუსის მონიჭებას. მეორე დღეს მატყობინებენ, რომ ის მეოთხე მუხლი გაუქმდა და სიიდან ამომიღეს. არადა, ჩემს საქმეს ორი წელი სახალხო დამცველის საგამოძიებო კომისია სწავლობდა. არასამთავრობოების, იურისტების, პოლიტიკოსების მიერ შედგენილმა კომისიებმაც შეისწავლეს ჩვენი საქმე. ცალკე იყო ჟურნალისტური გამოძიება და ჟურნალისტებიც შევიდნენ ხეობაში, სადაც ყველაფერი დეტალურად შეისწავლეს. ეს მასალებიც არსებობს. მოკლედ, ყველა კომისიამ გამოიტანა დასკვნა, რომ ვარ პოლიტპატიმარი და ეს დასკვნები გაიგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებში. საუბარია ერთდროულად რამდენიმე ორგანიზაციაზე და აბსოლუტურად ყველასგან მოვიდა დასტური, რომ ჩემი მდგომარეობა იმსახურებდა პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას. ამ დროს პარლამენტი ამ შესწავლილ საქმეებს (რვა საქმე იყო ჩემთან ერთად სულ) ჯერ თავიდან ბოლომდე იზიარებს და თვითონაც თანხმობას აცხადებს, თან ყველას ულოცავენ, რომ სამართლიანობა ზეიმობს და მსგავსი რამ აქამდე საქართველოში არ მომხდარა, პირველ მერცხლებს გვეძახიან და უეცრად 180 გრადუსით იცვლება ყველაფერი - გააქვავეს საკითხი.


 - ე.ი. პარლამენტში, კერძოდ უმრავლესობაში, არის ვიღაცა, რომელიც გებრძვით თქვენც და თქვენს ძმასაც, თორემ მარტო„ ნაციონალები" ამას ვერ შეძლებდნენ.

 

 - მეც ამას ვამბობ! აბა, უმრავლესობა თვითონ არიან და რა ვიფიქრო? „ნაციონალურ მოძრაობას" კი უნდა ემზარის ციხეში ყოფნა, მაგრამ ისინი უმცირესობაში არიან და თვითონ ვერაფერს გადაწყვეტენ. ალბათ მართლაც უმრავლესობაშია ვინმე ისეთი.


 - თქვენ მაინც რას ფიქრობთ, ეჭვი საერთოდ არავისზე გაქვთ?

 

 - ვერანაირად ვერ ვიტყვი. არ მიყვარს ეჭვებით საუბარი და არც მაქვს რამე ეჭვი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, ვინც ემზარს გვერდში უდგას, ყველას მადლობას ვუხდი. ეკა ბესელიას რაც შეუძლია,  აკეთებს, მაგრამ იქ უკვე სხვა დინებებია ეტყობა. სხვა დასკვნას ვერ ვაკეთებ. ვიმეორებ: დევნილთა სიაში იყო ჩემი ძმა და ამოღებულია, მეც ვიყავი პოლიტპატიმრების სიაში და ამომიღეს.


 - ანუ ვიღაცა ჩაერია, რომელსაც ძალიან არ აწყობს თავისუფლებაში მყოფი ემზარ კვიციანი. თქვენი აზრით, რატომ ეშინიათ მისი?

 

 - პირადად ჩემი აზრია, რომ რაც ახლა პროკურორმა და მოსამართლემ ჩაიდინეს და იქ, ზემოთ, ვინც ფიგურირებს და მართავს მაგათ, მათი საქციელი არის პროვოკაცია ამ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ დღეს, რაც ახლა განგაში ატყდა და ასეთი უსამართლობით დაშოკილი ხალხი საპროტესტო გამოსვლებს მოაწყობს, ერთადერთი ძალა, ვისაც ეს აწყობს, არის „ნაციონალური მოძრაობა". დესტაბილიზაცია უნდათ ქვეყანაში და ამიტომ ემზარის ეს სასჯელი აწყობთ მხოლოდ „ნაციონალებს". პროკურორ თენგიზ ხარებავაზე ადრეც ხომ გითხარით, რომ პირწავარდნილი „ნაციონალია". რაც შეეხება მოსამართლე შოთა ბიჭიას, ახალგაზრდა კაცია, ახალია მისთვის მოსამართლის თანამდებობა და მე ძალიან მინდოდა, რომ სამართლიანად გაესამართლებინა ჩემი ძმა, რათა წერტილი არ დაესვა თავისი კარიერისთვის. დაუსვა კიდეც წერტილი! გამორიცხულია, რომ ამ უსამართლობას შევეგუოთ! ჩვენ ასე არ გავჩერდებით.


 - დეპუტატების საკითხს მინდა დავუბრუნდე, თუ გეხმიანებიან?

 

 - მე რამდენჯერმე უკვე გავიმეორე, რომ ის განაჩენი მარტო ჩემს ძმას კი არა, ამ 32 დეპუტატს გამოუტანეს. ესენი არ არიან ხელწამოსაკრავი ადამიანები, ხალხის არჩეულები არიან და მთელი ერი რომ ნდობას უცხადებს, შენ კი მის აზრს არ ითვალისწინებ და სასჯელი გამოგაქვს, თანაც უმაღლესი სასჯელი, ეს როგორ არის? ცხადია, მე თავიდან ძალიან გავცეცხლდი, როცა მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა და დეპუტატებს მივმართე, - რისთვის სხედხართ პარლამენტში, თუკი თქვენს სიტყვას არანაირი წონა არ აქვს?! დატოვეთ და გამოდით-მეთქი! თავისთავად ცხადია, რომ დაინტერესებულები უნდა იყვნენ, ალბათ, თუ მათაც რატომ მოექცნენ ასე და რატომ არ გაითვალისწინეს მათი აზრი. მაგალითად, სოსო ჯაჭვლიანი ამბობს, ჩემი საქმე ვიცი და დანარჩენი არ ვიცი. ეტყობა, რაღაც პოზიცია დანარჩენსაც ექნება. მე კი ვიცი ერთი რამ: ბოლომდე ვიბრძოლებ! გმირთა მოედანზე ემზარის თანამებრძოლი ბიჭები შიმშილობდნენ, მაგრამ მე ვთხოვე და შევაწყვეტინე. თუ ახლა სასწრაფოდ არ მიიღებენ ზომებს და არ გაათავისუფლებენ, უკან არ დავიხევ, ჯდომით აქციას მოვაწყობ და სახლში ვერ შემიყვანენ...


ემზარ კვიციანის და - ნორა კვიციანი ამბობს, რომ უკან დახევას არ აპირებს და სამართლიანობის აღსადგენად, ანუ ემზარის გასათავისუფლებლად, ბოლომდე იბრძოლებს. მეორე მხარეს კი არის ძალა, რომელიც მართალია არ ჩანს, მაგრამ აშკარად უდიდესი გავლენა აქვს, როგორც სასამართლოზე ასევე, ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკურ მაჯისცემაზეც. ქალბატონი ნორა, როგორც ინტერვიუში ნახეთ, ამ ძალად „ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს. გასაკვირიც არაფერია - პროკურატურა, თუ სხვადასხვა სახელისუფლებო რგოლი ყოფილი „ნაციონალებით" რომ არის სავსე, საიდუმლოს არ წარმოადგენს, მაგრამ კვიციანების შემთხვევაში „ნაციონალების" გარდა, როგორც ჩანს, უფრო ჩახლართული ამბებიც იკვეთება. კვიციანის საქმის პროკურორ ხარებავაზე უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ ყოფილი „ნაციონალია" და დღემდე ამ პარტიის ერთგულია. არანაკლებ საინტერესოა კვიციანის მოსამართლის ბიოგრაფიაც: შოთა ბიჭია ახალგაზრდა ბიჭია. იგი გახლავთ ზუგდიდის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნუგზარ სარიას დისშვილი. ნუგზარ სარია დღეს ზუგდიდის საკრებულოს წევრია ალასანიას გუნდიდან, „თავისუფალი დემოკრატების" პარტიის წევრიცაა და საკრებულოშიც იმავე ფრაქციას წარმოადგენს. კვიციანისა და ალასანიას ურთიერთობები კი, ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მოკლედ, რაც „ნაციონალებს" ბრალდებათ, აქედან ზოგი შეიძლება სხვისი ბრალიც იყოს. ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ინსტიტუტები არ არსებობს და პიროვნულ დონეზე წყდება საკითხები, გასაკვირიც რა არის? ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, თავის დროზე, ემზარ კვიციანი პოლიტდევნილთა სიიდან რომ არ ამოეღოთ. თუმცა, როგორც ჩანს, აქაც ჩახლართული ამაბავია, რადგან ეკა ბესელია, ნორა კვიციანის ნაამბობისგან განსხვავებით, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამ სიაში ემზარ კვიციანი არც არასოდეს ყოფილა.


ეკა ბესელია, პარლამენტარი:


- მაშინ იყო შექმნილი სპეციალური საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი, რომელიც 1-დან 30 ნოემბრამდე იხილავდა განცხადებებს, რომელიც შემოტანილი იყო კომისიის სახელზე. ამ მანდატის განხორციელების დროს კომიტეტში არ შემოსულა ემზარ კვიციანის განცხადება და, შესაბამისად, კომისია ვერ განიხილავდა საქმეს. აქედან გამომდინარე, ემზარ კვიციანი სიაში არასოდეს ყოფილა და ვერც ვერავინ ამოიღებდა.


- ასეთი განცხადება საერთოდ არ შემოსულა?

 

- შემოვიდა, მაგრამ ეს მოხდა კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ. კომიტეტმა შეისწავლა განცხადება და მე მივმართე მთავარ პროკურორს, რომ მომხდარიყო ამ ფაქტების საგამოძიებო გზებით გადამოწმება. რაც შეეხება ნორა კვიციანს, იგი უდავოდ იქნებოდა პოლიტპატიმართა სიაში, მაგრამ მანამდე განთავისუფლდა, ვიდრე პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით.


მოკლედ, იმაზეც კი არ არსებობს ერთი აზრი, იყო თუ არა ემზარ კვიციანი პოლიტდევნილთა სიაში. ქალბატონი ნორა ამბობს, რომ ამ სიიდან მისი ძმა, რაღაც დოკუმენტების გაუმართაობის გამო ამოიღეს, დეპუტატ ბესელიას თქმით კი, კვიციანი ამ სიაში არასოდეს ყოფილა. ასე რომ, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი. ისიც საინტერესოა, სააპელაციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს? პროგნოზების გაკეთება ძნელია. მით უმეტეს იმ მოცემულობაში, როცა პროკურორებისა და მოსამართლეების პირად დაინტერესებაზე გვიწევს საუბარი, მაგრამ მაინც იმედია, რომ ამჯერად ეს გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება.

 

დავით დევიძე

გაზეთი „ქრონიკა +"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016