4 იანვარს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში საუკუნის კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას ნანი ბრეგვაძის ოჯახის სამი თაობა მიიღებს - ნატალია ქუთათელაძე, ეკა მამალაძე და ნანი ბრეგვაძე. ღონისძიებას ორგანიზებას დავით ოქიტაშვილით, დავით დოიაშვილით, მარინა ბერიძით და ნიკოლოზ რაჭველით დაკომპლექტებული შემოქმედებითი ჯგუფი გაუწევს.
„ჩემი სურვილი იყო, სანამ დროა, სანამ ხმა ჯერ კიდევ ჟღერს, მემღერა. ეს წინადადება და სურვილი მარინას და ნიკას გავუზიარე. საბოლოოდ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ეს კონცერტი მივუძღვნათ პატრიარქის დაბადების დღეს. ასეთი გახარებული ჩემს სიცოცხლეში დიდი ხანია არ ვყოფილვარ, მაქვს მიზეზი, რომ რაღაცით გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა, დიდი სიყვარული ამ უდიდესი ადამიანის წინაშე", - აღნიშნა ნანი ბრეგვაძემ.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის ნიკოლოზ რაჭველის განცხადებით, ღონისძიების კონცეფცია შეიცავს დროში მოგზაურობას. რაჭველის განცხადებით, 4 იანვარს ფილარმონიაში მისულ აუდიტორიას განსხვავებული და შთამბეჭდავი სანახაობა ელის.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ კონცერტს მიეცეს ცოტა თეატრალური, ცოტა სპექტაკლის ფორმა და არ იყოს ჩვეულებრივი გალა კონცერტი, ამიტომ ავიღეთ კონცეფცია - დროში მოგზაურობა. ჩვენი აუდიტორია, ვინც კონცერტს დაესწრება, ნანი ბრეგვაძის ბიოგრაფიასთან ერთად იმოგზაურებს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ეპოქაში, სადაც იწერებოდა შეუდარებელი მუსიკა და რაც, ჩემი აზრით, ყველაზე განსაკუთრებულია. ამ პროგრამაზე მუშაობა ნანი ბრეგვაძესთან ერთად გარდა იმისა, რომ დიდი პატივია, არის უსაზღვროდ დიდი სიამოვნება. 4 იანვარს მოსული აუდიტორია ნამდვილად განსხვავებულ და შთამბეჭდავ საღამოს იხილავს", - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.
დავით ოქიტაშვილი მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს და აღნიშნავს, რომ საზოგადოების სურვილიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე დასწრება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, ეს იქნება სახალხო ზეიმი, რომელზე დასწრებასაც ყველა შეძლებს.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც გვერდში დაგვიდგა და ამ ღონისძიების ორგანიზებაში გვეხმარება. ეს იუბილე და აღნიშნული კოცერტი ტარდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით. რაც შეეხება დასწრების მსურველებს, უწმინდესისა და ქალბატონი ნანის გადაწყვეტილებით, ბილეთებიდან შემოსული თანხის გარკვეულ ნაწილს გადავურიცხავთ „სოლიდარობის ფონდს". ბილეთების შეძენა დღეიდან არის შესაძლებელი. მისი ფასი 5-დან 70 ლარამდე მერყეობს. ჩვენ ყველაფერი გავითვალისწინეთ, რათა ყველამ შეძლოს ღონისძებაზე დასწრება და ეს იყოს სახალხო ზეიმი", - აღნიშნა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით ოქიტაშვილმა.
მარინა ბერიძე ღონისძების ორგანიზებაში ნიკოლოზ რაჭველის დამსახურებაზე საუბრობს, იგი დარწმუნებულია, რომ ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით საოცრებებს მოაწყობს და დამსწრე საზოგადოებას უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს.
„ამ კონცერტის თავი და თავი არის ნიკოლოზ რაჭველი, კონცეფცია, რომელიც ნიკამ მოიფიქრა და დადო, ცხოვრებაში პირველად მოვისმინე. ნანის კონცერტში არის ნანის ოჯახი, ნანი დროში მოგზაურობს თავის ოჯახთან ერთად. ნიკოლოზ რაჭველი თავის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად საოცრებებს მოაწყობს. ბედნიერი ვარ რომ მე, ნიკოლოზ რაჭველი, დათო ოქიტაშვილი, დავით გერსამია და დავით დოიაშვილი ნანის გარშემო ვიკრიბებით", - აღნიშნა მარინა ბერიძემ.