29 ნოემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ცნობილი ქართველი მომღერლის ეთერ კაკულიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
კონცერტი მომღერლის იუბილეს მიეძღვნა. მომღერალს დაბადების დღე მეგობრებმა და კოლეგებმა მიულოცეს. საღამოზე სიმღერები ეთერ კაკულიასთან ერთად ახალი და ძველი თაობის შემსრულებლებმა შეასრულეს.
კონცერტის შემდეგ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მომღერლის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკმა დაასრულა.
საქართველოს სახალხო არტისტი, ყველასთვის საყვარელი მომღერალი ეთერ კაკულია უკვე 50 წელია სცენაზე მოღვაწეობს.
ეთერ კაკულიას თავისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი 200-მდე სიმღერა აქვს შესრულებული, ასევე შესრულებული აქვს ჰიმნები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე.
ეთერ კაკულია არის ღირსების ორდენის კავალერი, ასევე სხვადასხვა სახის ჯილდოებისა და პრემიების მფლობელი.