ონლაინკაზინოების შესახებ ბოლო თვეების განმავლობაში "ბანკები და ფინანსებმა" რამდენიმე სტატია მოამზადა, სადაც საუბარი ეხებოდა ამ ტიპის ორგანიზაციების უკონტროლო საქმიანობას, რომლითაც ონლაინკაზინოების მფლობელები, დღეში მილიონობით ლარის მოგებას იღებდნენ.
კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ აზარტული თამაშების ხელმიწაწვდომობა ძალიან გაიოლდა და ონლაინკაზინოები შეუზღუდავი სარეკლამო აქტივობებით თამაშში იტყუებენ ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, რომელთა უდიდესი უმრავლესობა ელემენტარულად წაგებული გამოდის. საქმე ისაა, რომ ონლაინ კაზინოები იმდენად დიდი საკომისიოებით ოპერირებენ, რომ, ელემენტარული გათვლებით, მათი შემოსავალი დღეში 3 მილიონ ლარს აღწევს.
ბოლო პერიოდში, ონლაინკაზინოების ბაზრის ლიდერი კომპანია "აჭარაბეთი" კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, გავრცელებული ინფორმაციით, ,,აჭარაბეთს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამოწმებს. ამ ფაქტს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება 218-ე, ანუ გადასახადებისგან თავის არიდების მუხლით მიმდინარეობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ონლაინკაზინო 100 მილიონი ლარით დააჯარიმა. არც მაშინ და არც ახლა, საგამოძიებო სამსახურში დეტალები არ გაუმჟღავნებიათ _ აცხადებენ, რომ ეს კომპანიის კომერციული საიდუმლოა. კომენტარისგან თავს იკავებს ,,აჭარაბეთის" მფლობელი, ბიზნესმენი თემურ უგულავა. თუმცა, "ბანკები და ფინანსებმა" მოიპოვა ინფორმაცია, რომ 100 მილიონიანი ჯარიმის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელები პირად საუბრებშიც ღიად საუბრობენ. `ბანკები და ფინანსების" კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით ჯარიმა 150 მილიონ ლარს აღწევს.
საინტერესოა, რომ ამ ბიზნესის დაბეგრვა იმდენად ლიბერალურია, რომ "აჭარაბეთს" გადასახადების დამალვის მოტივი აღარ უნდა ჰქონოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობის ფავორიტ ბიზნესმენის, თემურ უგულავას მადას საზღვარი აღარ აქვს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ `აჭარაბეთის" შემოსავლებს მაღალი საკომისიოების გარდა, თაღლითურად მოპოვებული შემოსავლებიც ემატება.
არაოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც გაზეთი "ვერსია" ავრცელებს, ონლაინკაზინოები ,,პოკერის" თამაშისას ,,ბოტების'' სისტემას" იყენებენ. ,,ბოტი" ანუ რობოტი, სპეციალურად შექმნილი კომპიუტერული პროგრამაა. ონლაინკაზინოების ,,ბოტებმა" კარგად იციან მოწინააღმდეგის კარტი, მათ პროგრამასთან წვდომა აქვთ და შეუძლიათ, შემდეგი სვლა წინასწარ განსაზღვრონ. ბუნებრივია, ასეთი მდგომარეობა ,,ბოტებს"უპირატესობას ანიჭებს და ხშირად იმარჯვებენ კიდეც, ონლაინკაზინოს კი საკმაოდ დიდი შემოსავალი რჩება. რაც მთავარია, ,,ბოტს" შეუძლია, ერთდროულად, 50-ზე მეტ მაგიდაზე ითამაშოს, რაც ონლაინკაზინოს მფლობელებისთვის ძალიან მომგებიანია.
`ონლაინკაზინოები საქართველოში აბსოლუტურად უკონტროლოა, მათ შორის, არასრულწლოვანების რეგისტრაციის თვალსაზრისით. ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებიც არსებობს მთავრობის მიმართ, გააკონტროლონ ონლაინკაზინოები და დაავალდებულონ, რეგისტრაცია გამჭვირვალე იყოს. რაც შეეხება ,,ბოტებს", გიდასტურებთ, ასეთი სისტემა არსებობს, მაგრამ ელექტრონული პროგრამა საერთოდ რომ არ გამოიყენონ, ონლაინკაზინოებს მაინც დიდი შემოსავალი აქვთ. ჩვენ ახლა ამ მიმართულებით კვლევას ვაწარმოებთ და გარკვეული გათვლებიც გავაკეთეთ. თუ დავრეგისტრირდებით და ,,პოკერის" თამაშს დავიწყებთ, ყოველი ფსონიდან 5% კაზინოს შემოსავალია, მნიშვნელობა არ აქვს, მოვიგებთ, თუ წავაგებთ. აქედან გამომდინარე, ერთი მაგიდიდან საკმაოდ დიდი შემოსავალი რჩება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველდღიურად, საკმაოდ დიდი რაოდენობის მაგიდებზე მიმდინარეობს თამაში, ონლაინკაზინოს შემოსავალი სოლიდურ თანხაზე გადის. როგორც წესი, ონლაინკაზინოებში აზარტული თამაშების ტურნირებიც იმართება. ტურნირის დათვლა ძალიან ძნელია, ამიტომ ჩვენ მხოლოდ ჩვეულებრივი თამაშები დავთვალეთ და თანაც მხოლოდ ,,პოკერის" შემთხვევაში.
ყველაზე პოპულარულ მაგიდად ითვლება ის, სადაც ფსონი 10 თეთრიდან ლარამდეა, რადგან ამ მაგიდებზე უფრო მეტი მომხმარებელი თამაშობს. ასეთი დღეში 1 000 მაგიდაა. 24 საათის განმავლობაში, ფსონი 1 500 ლარამდე ადის, თუ ამას 1 000 მაგიდაზე გადავამრავლებთ, 1 500 000 ლარის შემოსავალი გამოდის, თანაც მხოლოდ ,,პოკერიდან" და მხოლოდ იმ მაგიდებიდან, სადაც ასეთი დაბალი ფსონებია. მართალია, ეს უხეში გათვლაა, მაგრამ, თუ სხვა თამაშებსა და უფრო დიდფსონიან მაგიდებსაც დავუმატებთ, გამოდის, ონლაინკაზინოს მხოლოდ ერთ დღეში, მილიონნახევარზე ბევრად მეტი შემოსავალი რჩება. ამას თუ ,,ბოტების" სისტემაც ემატება, მართლაც ასტრონომიულ ციფრებზე გავალთ და პრინციპში, ეს რეალობაა", - აცხადებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენტა ასოციაციის პრეზიდენტი, ნოდარ ჭიჭინაძე. შეგახსენებთ, აფბა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზაციაა, რომელიც აზარტული თამაშების შესახებ კვლევებს რეგულარულად აქვეყნებს.
ამ სკანდალის პარარელურად, `ბანკები და ფინანსებმა" კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დააფიქსირა, საუბარია იმაზე, რომ "აჭარაბეთის" ოპერატორი კომპანია შეიცვალა. ცვლილებამდე კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებული იყო, რომ თამაშების მოწყობაზე ლიცენზიას შპს "აჭარა+" ფლობდა, რომელიც თავის მხრივ თეიმურაზ უგულავას საკუთრებაში იყო. მას შემდეგ, რაც `აჭარაბეთი~ დააჯარიმეს, ლიცენზიის მფლობელი შპს შეიცვალა, დღეს კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ ელექტრონულ თამაშებს ორგანიზებას შპს "ფორტუნა 14" უწევს. საინტერესოა, რომ მსგავსი სახელწოდების კომპანია საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში არ იძებნება, თუმცა, "ბანკები და ფინანსების" წყაროს ინფორმაციით, თემურ უგულავამ ონლაინკაზინოს ლიცენზია ფიქტიურად გადააფორმა შპს "ფორტუნა +"-ზე, რომლის მფლობელიც და დირექტორიც უგულავას გუნდის წევრი, ნატალია ბელაიაა.
როგორც ჩანს, უგულავა სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდასაც არ აპირებს, შპს-მ რომელსაც სოლიდური ჯარიმა დააკისრეს, ლიცენცია ახალ ე.წ. "სუფთა" კომპანიაზე გადააფორმა. შპს "აჭარა+"-ს კი ქონება აღარ აქვს და, ბუნებრივია, ვერც ჯარიმას გადაიხდის.
(წყარო: bfm.ge, ლევან მარტაძე)