reportiori.ge - 2006 წლის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურული სხდომა - ფიქრია ჩიხრაძე ირაკლი ალასანიას მოქმედების საიდუმლოს ამჟღავნებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 17:47
პრეს-დაიჯესტი
2006 წლის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურული სხდომა - ფიქრია ჩიხრაძე ირაკლი ალასანიას მოქმედების საიდუმლოს ამჟღავნებს
ავტორი:
01 დეკემბერი, 2014. 20:28




"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე 2006 წლის გაზაფხულზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურული სხდომის დეტალებს იხსენებს. როგორც ის მოგვითხრობს, დახურულ სხდომაზე, მაშინდელ ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციური ფრაქციები კოდორის ხეობისა და "მონადირის" საკითხს იხილავდნენ. 



"ბევრ სპეკულაციას ვხედავ, ცდილობენ, ემზარ კვიციანთან დაკავშირებული ვექტორი ირაკლი ალასანიასკენ გადაისროლონ. კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების მისთვის გადაბრალებას ცდილობენ, არადა, მე სხვაგვარი რამე მახსოვს. მე ვესწრებოდი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურულ სხდომას, სადაც ირაკლი ალასანია პირველად ვნახე, როგორც თანამდებობის პირი, რომელიც არგუმენტირებულად იცავდა "მონადირის" არგაუქმებას", - გვიყვება ფიქრია ჩიხრაძე. 


"კვირის ქრონიკას" ფიქრია ჩიხრაძე ესაუბრა: 
 

- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურული სხდომა იყო, კოდორის ხეობისა და "მონადირის" საკითხი განიხილებოდა. მე ფრაქცია "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი ვიყავი, ჩვენი წევრი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი იყო, მაგრამ ის არ იმყოფებოდა ადგილზე, რის გამოც მე მომიწია ჩვენი ფრაქციის სახელით მონაწილეობა. მე გავხდი მომსწრე იმ პოლემიკისა და მსჯელობისა, რაც კოდორის ხეობას შეეხებოდა. ამ სხდომას ესწრებოდა ირაკლი ალასანიაც, რომელიც გამოდიოდა, როგორც აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი, ხელმძღვანელი. 



- რა პოზიცია ეჭირა მას? 



- ირაკლი ალასანია არგუმენტირებულად აცხადებდა, რომ "მონადირე" ადგილობრივი მოსახლეობისგან შედგებოდა, რომლებიც ზედმიწევნით იცნობდნენ ხეობას, შეეძლოთ მისი დაცვა, ასევე, ამბობდა, რომ "მონადირეს" ჰქონდა იარაღის გარკვეული რაოდენობა, კოდორის ხეობის შენარჩუნება კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. 



- და ხელისუფლება რას უპირისპირებდა ალასანიას ასეთ პოზიციას

 


- ხელისუფლება მკაფიოდ აცხადებდა, რომ "მონადირე" უნდა გაუქმებულიყო, რომ ეს იყო არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება, რომლის არსებობაც სახელმწიფოში წარმოუდგენელი იყო, ამაზე კი ირაკლი ალასანია პასუხობდა, რომ მას ამ ხალხისგან, "მონადირის" წევრებისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ისინი მზად იყვნენ, აღრიცხულიყო მათი იარაღი, გადასულიყვნენ სამართალდამცავი ორგანოს დაქვემდებარებაში. რომელი იქნებოდა ეს ორგანო, ეს თავად ხელისუფლებას უნდა განესაზღვრა. ამ რაზმის დაშლა კი იქნებოდა კოდორის ხეობის, ფაქტობრივად, დაუცველად დატოვების ტოლფასი. 



- თან ამ დროს ქვეყანაში ისედაც მძიმე პროცესები მიმდინარეობდა... 



- კი, ეს ის პერიოდია, როცა სანდრო გირგვლიანის თემა გახდა აქტუალური, გარკვეული საპროტესტო აქციები იმართებოდა, "თანასწორობის ინსტიტუტი" იყო მაშინ ძალიან გააქტიურებული, ასევე ამ დროს იყო აქტუალური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები, რომელიც გია ხუბუას ამბავს მოჰყვა. საერთო ჯამში, ამ პერიოდში საპროტესტო მოძრაობამ საკმაოდ მოიკრიბა ძალა. შედგა კიდეც ერთი, საკმაოდ დიდი საპროტესტო აქცია უნივერსიტეტის ეზოში. ამის მერე, ძალიან მალე განხორციელდა კოდორის ხეობის ის ძალიან, ასე ვთქვათ, უცნაური სპეცოპერაცია, რომელიც ტელევიზიითაც გადმოიცა, როცა შს სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს მთელი შეიარაღება დაიძრა კოდორის ხეობისკენ. ისეთი განცდა იყო, რომ რაღაც დიდი ლაშქრობისთვის მოემზადნენ ეს ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები. საბოლოო ჯამში, გაგვიჩნდა მოსაზრება, რომ ყველაფერი ეს მაშინ არსებული საპროტესტო მუხტის შესაჩერებლად და ყურადღების სხვა მიმართულებით გადასატანად გათამაშდა. 



- მხოლოდ ამის გამო გადადგამდა ხელისუფლება ამ დონის სერიოზულ ნაბიჯს? 



- კი, იმიტომ, რომ მაშინ ეს მართლა მოხერხდა. ყველა იმაზე საუბრობდა, რომ ხეობაში იმყოფებოდნენ ამბოხებულები, რუსული სპეცსამსახურების მიერ მზადდებოდა შეთქმულება, რაც ყოველთვის გვაეჭვებდა. ის სხდომა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, ამ ამბის შემადგენელი ნაწილი იყო. ამის მერე, ძალიან მალე, ირაკლი ალასანია წამოიყვანეს რომელიღაც სამინისტროში, ძალიან მოკლე ხნით და ჩვენ ვფიქრობდით, რომ ის "მონადირესთან" და კოდორის ხეობასთან დაკავშირებით დაფიქსირებული მოსაზრების გამო მოაცილეს ქვეყანას და გაუშვეს საზღვარგარეთ... აი, ეს იყო, რის თვითმხილველიც გავხდი... ემზარ კვიციანის სასამართლო შედგა, რაც გულისხმობს, რომ გარკვეული საგამოძიებო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო. ჩემი ინფორმაციით, აღმოჩნდა, რომ არც ირაკლი ოქრუაშვილია დაკითხული ამ საქმესთან დაკავშირებით, არც ვანო მერაბიშვილი და თვით ირაკლი ალასანიაც კი არ არის დაკითხული. ეს არის ძალიან დიდი ნონსენსი! მაშინ რის საფუძველზე გამოუტანეს მას ეს სასჯელი? 



- სხდომას, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ყოფილი ხელისუფლებიდან ვინ ესწრებოდა? 



- კომიტეტის თავმჯდომარე მაშინ გივი თარგამაძე იყო, მას მიჰყავდა სხდომა. ასევე ესწრებოდნენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მთელი შემადგენლობა, ეს არ იყო გაფართოებული სხდომა, რომ უცხო ადამიანებიც დასწრებოდნენ. ეს იყო, როგორც გითხარით, დახურული სხდომა, რომლის დასრულების შემდეგაც, არ უნდა გვესაუბრა. შეიძლება ყველა არ მახსოვს, ვინ ესწრებოდნენ, მაგრამ გიგა ბოკერია რომ მონაწილეობდა, ეს მახსოვს ცხადად, ასევე, გიორგი გაბაშვილიც, თუმცა ამ უკანასკნელზე ვერ დავდებ თავს. 



- გარდა ხელისუფლებისა, ვინ ესწრებოდა ამ სხდომას? 



- ესწრებოდნენ "რესპუბლიკელები", კონკრეტულად არ მახსოვს ვინ, დიდი ალბათობით ივლიანე ხაინდრავა. 




(გაზეთი "კვირის ქრონიკა", დიანა ლიპარტელიანი)




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016