ე.წ. მოსმენის გასაღების შესახებ კანონს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მეორედ დაადო ვეტო და, შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობას, რომელიც, პრაქტიკულად, დაშლილია და სულს ღაფავს, მეორედ მოუხდა მარგველაშვილის ვეტოს დაძლევა, ოღონდ, ამჯერად, ყოფილი და მოქმედი ნაციონალების დახმარებით.
დიახ, იმ ყოფილ ნაციონალებთან ერთად, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობაში მას შემდეგ გაერთიანდნენ, რაც ირაკლი ალასანიამ თავისი გუნდით კოალიცია დატოვა, მარგველაშვილის ვეტოს დაძლევაში მოქმედმა ნაციონალებმაც მიიღეს მონაწილეობა.
კერძოდ, უმცირესობის ორმა წევრმა - კობა სუბელიანმა და სამველ პეტროსიანმა მოსმენების კანონზე მარგველაშვილის ვეტოს დაძლევას მისცეს ხმა!
ახლა, დააკვირდით, ძვირფასო მკითხველო, როგორი სიტუაციაა შექმნილი - მ,არგველაშვილის ვეტოს დაძლევის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს კოალიცია „ქართული ოცნების" წევრმა რესპუბლიკელებმა და ამ კოალიციიდან სულ ახლახან გასულმა „თავისუფალმა დემოკრატებმა". მეტიც, მარგველაშვილის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობა არ მიუღიათ უშუალოდ „ქართულო ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრებს თამარ კორძაიასა და ივანე კიღურაძეს და საპარლამენტო უმრავლესობამ ვეტოს დაძლევა გუშინდელი და დღევანდელი ნაციონალების დახმარებით მოახერხა!
ამაზე მეტი პარადოქსი რა შეიძლება არსებობდეს?
როგორც ლეგენდარულ ქართულ ფილმ „მონანიებაში" ვარლამ არავიძე ამბობს - ეტო რაზვე ნორმალნო?!
ხოლო თუ ამ ფრაზას ვეტოს დადება-დაძლევის გაწამაწიას მოვარგებთ - ვეტო რაზვე ნორმალნო?!
ხელისუფლებაში მოსვლიდან სულ რაღაც ორ წელიწადში „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა ნაციონალების განდასარჩენი რომ ხდება, ვეტო რაზვე ნორმალნო?!
ქოცები რომ ნაცობენ და ნაცები რომ ქოცობენ, ვეტო რაზვე ნორმალნო?!
მოდით, გულწრფელად ვაღიაროთ, რომ პარლამენტში „ქართული ოცნების" უმრავლესობის არსებობას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს!
აბა, თავად განსაჯეთ - როცა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი რესპუბლიკელების ფრაქცია სრული შემადგენლობით და ასევე უმრავლესობის ცალკეული დეპუტატი გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევენ მთავრობის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს და პრინციპულად კრიჭაში უდგებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ამას ერთი გუნდი და ერთიანი პოლიტიკური ძალა ჰქვია?!
ხშირად გაიგონებთ შეფასებას, საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვდასხვაობა რომ არსებობს, ეს სრულებით ნორმალურია და დემოკრატიას ასეც უხდებაო, მაგრამ თავად ამ ბრტყელ-ბრტყელი ფრაზების წარმომთქმელებმაც კარგად იციან, რომ რეალურად საქმე სულ სხვაგვარად არის და აქ დემოკრატია არაფერ შუაშია!
დიახ, რეალობა არის ის, რომ „ქართული ოცნების" სამთავრობო გუნდი და საპარლამენტო გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი ერთმანეთისგან სრულიად გახლეჩილი და გათიშულია!
რეალობა არის ის, რომ „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პოლიტიკურად და მორალურად უკვე დაშლილია და მხოლოდ ფორმალურად აგრძელებს არსებობას!
გეკითხებით, საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად სრული მობილიზაციის გამოცხადება და საჭირო ხმების შესაგროვებლად ლამის პარლამენტის შენობის პლინტუსებიდან თაგვების გამოხმობა რომ უწევს, ვეტო რაზვე ნორმალნო?!
როდემდე შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობა ასეთ რეჟიმში მუშაობას?
როდემდე იხლაფორთებს ასე, ამა თუ იმ კანონზე ხმის მიმცემებისა და პულტზე ხელისმიმჭერების შეგროვებაში?!
ისე, ეს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი საუკეთესო სამჟღავნი აღმოჩნდა „ქართულ ოცნებაში" მოკალათებული „მეხუთე კოლონისათვის" და ყველამ თავის რეალური სახე გამოაჩინა.
ალბათ, ამ პროცესების შემხედვარე ბიძინა ივანიშვილიც კარგად ხვდება, რა შეცდომები დაუშვა გუნდის წევრების შერჩევისას და, შესაძლოა, ნანობს კიდეც, რომ თავის დროზე არ დაუჯერა იმ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტული სუბიექტების შესახებ, რომლებიც დღეს „ქართული ოცნების" ეგიდით პარლამენტში სხედან, მკაფიოდ აფრთხილებდნენ, ბატონო ბიძინა, ეს ხალხი ახლოს არ გაიკაროთ, თორემ პირველივე შესაძლებლობის დროს გაგყიდიან და გიღალატებენ!..
მე თუ მკითხავს კაცი, ასეთ წაჯექ-უკუჯექობანას სჯობს, სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს და დემორალიზებული საპარლამენტო უმრავლესობა ოფიციალურად დაიშალოს!
დიახ, საპარლამენტო უმრავლესობა, სადაც თინა ხიდაშელი, ძმები ბერძენიშვილები, თამარ კორძაია და კიდევ ერთი-ორი ქალბატონი ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს ცხვირს უბზუებენ, ჯობს, დაიშალოს და აღარ არსებობდეს!
თავად განსაჯეთ, ძვირფასო მკითხველო, ხალხი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა ნაფტალინი საკუთარი ხელით ჩამოფერთხა და პოლიტიკური სიცოცხლე მიანიჭა, დღეს მასვე ეტლინკავება და ვეტო რაზვე ნორმალნო?!
ან ვეტოს დადებას, ან მის დაძლევას ვინ გკითხავდათ, თქვე უბედურებო, საპარლამენტო მანდატებს თვალით ვინ განახებდათ და ხელისუფლებას ვინ მიგაკარებდათ, ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო?!
თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რასაც ე.წ. მოსმენების კანონი ჰქვია, თქვენ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს კი არა, ქართული სახელმწიფოს სიძლიერესა და უსაფრთხოებას დაუპირისპირდით!
და კიდევ, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ვეტოდაძლეულ კანონს მარგველაშვილმა ხელი რომ მოაწერა, ეს, უბრალოდ, ტექნიკური საკითხი იყო, რადგან იგი ამას თუ არ გააკეთებდა, ე.წ. მოსმენების კანონი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით მაინც ამოქმედდებოდა.
დიახ, ვეტოდაძლეული კანონისათვის ხელის მოწერა არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ „პლასეტლინის პრეზიდენტმა" ქართველი ხალხისათვის სასურველი და სასარგებლო ფორმა მიიღო!
მარგველაშვილი ქართველ ხალხს კარგა ხანია, განუდგა და სააკაშვილის მიერ ქართველი ხალხისათვის წაღლეტილი ფულით აშენებულ ავლაბრის რეზიდენციაში დაბუდების შემდეგ „პლასტელინის პრეზიდენტისაგან" დღითი დღე იძერწება ახალი სააკაშვილი!
დიახ, მარგველაშვილი ამ თავისი ვეტოებით დღითი დღე შორდება არა მარტო „ქართულ ოცნებას", ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, არამედ ქართველ ხალხს!
დიახ, ბიძინა ივანიშვილისაგან მარგველაშვილის განდგომა ქართველი ხალხისაგან განდგომას ნიშნავს, რადგან ქართველმა ხალხმა მარგველაშვილი პრეზიდენტად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის თხოვნით აირჩია!
თუმცა, მარგველაშვილი ქართველ ხალხს მანამდე ბევრად ადრე განუდგა, როცა თავის „ფილოსოფიურ ტრაქტატში" იმავე ქართველ ხალხს გონებასუსტობისა და დებილობის დიაგნოზი დაუსვა!
დიახ, საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია კაცს, რომელსაც ქართველი ერი დებილად და გონებასუსტად ჰყავს გამოცხადებული!
ვეტო რაზვე ნორმალნო?!
„მათხოვრები მათხოვრობენ, მკვლელები კლავენ, ბოზები ბოზობენ ი ეტო რაზვე ნორმალნო?! ასე იყო, მაგრამ ასე აღარ იქნება!" - ამბობს „მონანიებაში" ვარლამ არავიძე, რომელსაც ბოლოს მაინც ამოთხრიან და მის ცხედარს მწერალთა კავშირის ბაღში ხეზე მიაყუდებენ!
ქოცები ნაცობენ, ნაცები ქოცობენ, პრეზიდენტი ვეტოს ადებს, რესპუბლიკელები ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას დემონსტრაციულად არ იღებენ და ვეტო რაზვე ნორმალნო?!
ასეა, მაგრამ ასე აღარ უნდა იყოს!
ამოსათხრელი უნდა ამოითხაროს!
ხეზე მისაყუდებელი ხეზე უნდა მიეყუდოს!
ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"