გასულ კვირას შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრულო პოლიციის 10 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სწორედ ამ ღონისძიებიდან უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც, მისივე თქმით, ქვეყანაში ძლიერი სამართალდამცავი სტრუქტურის არსებობას ეწინააღმდეგებიან.
„სამწუხაროდ, მოქალაქეებსა და ადამიანის ვიწრო ჯგუფს არ ესმით, რატომ უნდა იყოს უფრო ძლიერი პოლიცია, რატომ უნდა იყოს უფრო ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩემთვის პირადად, კიდევ უფრო ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. სწორედ ჩემი დევიზია - ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ქართული სპეცსამსახურები. ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატების, განვითარების, წინსვლისა და ძლიერების საწინდარი. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო მოქალაქეებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც, სამწუხაროდ, არ ესმით, შეგნებულად თუ შეუგნებლად, თქვენი ძალიან მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობის ფასი. მე მინდა, იმ ადამიანებს ვკითხო, ვისაც არ სურთ თქვენი ძლიერება - რას აკეთებენისინი ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად? არაფერს! მათგან განსხვავებით, ჩვენ, მეც, თქვენთან ერთად, შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი მიღწევებით, 24-საათიანი მუშაობით და დაუღალავი შრომით ქვეყნის გასაძლიერებლად. ჩვენ ასე გვესმის სახელმწიფოს ძლიერება, სახელმწიფოს მშენებლობა. ეს გზა გაიარა ყველა ძლიერმა, წარმატებულმა სახელმწიფომ მსოფლიოში და მე მინდა, რომ ეს გზა გავიაროთ ჩვენ ყველამ ერთად", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და მათ დაარსებიდან 10 წლის იუბილე მიულოცა.
ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ პოლიციელთა ხსოვნას, გამოჩენილი მამაცობისათვის კი 15 პოლიციელი დააჯილდოვეს. გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო საპატრულო პოლიციის ყოველდღიური მუშაობის ამსახველი ფოტომასალა და ვიდეორგოლები. სტუმრებს ასევე გააცნეს ის ცვლილებები და სიახლეები, რაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელდა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა საპატრულო პოლიციისთვის ახალი, მაღალი დონის ავტომობილების გადაცემა. საუბარია 160 ერთეულ „ფორდის" მარკის ავტომობილზე, რომელიც სპეციალურად პოლიციის საქმიანობაზეა მორგებული.
„მინდა, მივულოცო საპატრულო პოლიციასა და მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი დღე. რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ძალიან შთამბეჭდავი რეფორმები და მიღწევები განხორციელდა ამ ორი წლის, განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში, ახალი მანქანები არის საკმაოდ უსაფრთხო. ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც პოლიციელები ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იღუპებოდნენ. ეს არის განსაკუთრებულად დაცული და სპეციალურად პოლიციელებზე მორგებული ავტომობილი. ჩვენი პოლიციელები ნამდვილად იმსახურებენ ასეთი მაღალი დონის ავტომანქანებს. დარწმუნებული ვარ, ისინი კიდევ უფრო ეფექტურად შეასრულებენ საკუთარ მოვალეობებს. მიხარია, რომ საქართველოს ჰყავს ძლიერი პოლიცია. ჩვენი და პირადად ჩემი ინტერესია, რომ კიდევ უფრო ძლიერი გავხადო ეს სამინისტრო, მთლიანად პოლიცია და ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ფორდის" მარკის ახალ მანქანაში მონტაჟდება ყველა ის საშუალება, რაც პატრულის თანამშრომელს ესაჭიროება - მონიტორი, ალკოტესტი და ავტომატი. ამასთანავე, მანქანის უკანა კარი შიგნიდან არ იღება, რაც დაკავებული პირის მხრიდან მანქანის დატოვების ალბათობას ამცირებს.
ახალი სპეცმანქანა აღჭურვილია სხვადასხვა დამატებითი უსაფრთხოების მოწყობილობითა და სისტემით, რომელიც არ გააჩნია საქართველოში დღეს მოქმედ არც ერთ სპეცავტომობილს. აღსანიშნავია, რომ „Ford Interceptor"-ის ავტომანქანებს სამწლიანი საექსპლუატაციო ვადა აქვთ, რაც საპატრულო პოლიციის სარგებლობაში არსებული ავტომანქანების შენახვის ხარჯებს გაცილებით შეამცირებს. აღნიშნული ავტომანქანის სალონის გამყოფი ტიხარი უზრუნველყოფს როგორც ეპიკაჟის, ასევე მგზავრების უსაფრთხოებასა და იზოლაციას. ტიხარი დამზადებულია მაღალი გამძლეობის ფოლადისა და პოლიმერული მასალებისგან. მგზავრების განსაკუთრებული უსაფრთხოების სტანდარტი განპირობებულია ფოლადის კაფსულირებული ძარითა და დამხმარე გამაძლიერებლებით, რომელიც უზრუნველყოფს 120 კმ/სთ სიჩქარით წინა და უკანა შეჯახების დროს ეკიპაჟისა და მგზავრების უსაფრთხოებას.
მირიან ბოქოლიშვილი
გაზეთი „პრაიმტაიმი"