27 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი წაუყენა! და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სააკაშვილს ბრალი სტრასბურგის სასამართლოს მიერ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე წაეყენა! და ეს შეიძლება, ნაცთა ბელადის „გაციმბირება-გაჰააგების" სათავეც გახდეს!
სტრასბურგის სასამართლომ ამ სამიოდე წლის წინ, მაშინ, როდესაც საქართველოში ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმი ბობოქრობდა, მთელი ნაცხელისუფლება პირდაპირ დაადანაშაულა „გირგვლიანის საქმის" ჩაფარცხვასა და მკვლელების მფარველობაში!
ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, მაგრამ, ერთიც არის:
იმისთვის, რომ სააკაშვილი და მისი ბანდა საერთაშორისო მასშტაბის დამნაშავედ იქცეს, სულაც არ არის საკმარისი ერთი სანდრო გირგვლიანის ან თუნდაც, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში მათი ბრალეულობის დადგენა!
საქართველოს პროკურატურას, შესაბამისი პოლიტიკური ნებისა და სურვილის შემთხვევაში, თავისუფლად შეუძლია, სააკაშვილის გაციმბირება-გაჰააგება!
როგორ?!
როგორ და, მის ხელთ არსებული უამრავი როგორც წერილობითი, ასევე ვიდეომტკიცებულების სახით!
დიახ, მხედველობაში მაქვს ის ენით აუწერელი შემზარავი ვიდეომასალა, რომელიც სამეგრელოს ტყეებში, ე.წ. ბუნკერებში აღმოაჩინეს და რომლებზეც ადამიანების გაუპატიურება და წამებაა ასახული!
დიახ, მე ვლაპარაკობ ზუსტად იმ ვიდეომტკიცებულებებზე, რომლებიც რამდენიმე თვის წინ „ოცნების" ხელისუფლებამ „დახურულ ჩვენებაზე" უჩვენა როგორც აქაურ ჟურნალისტებსა და არასამთავრობოებს, ასევე უცხოელ დიპლომატებს!
ალბათ, ყველას ძალიან კარგად ახსოვს ამ ჩვენებიდან გამოსული ამერიკელი რიჩარდ ნორლანდისა და ევროკავშირელი ფილიპ დიმიტროვის საფუძვლიანად შეშფოთებული სახეები და შეძრწუნებული კომენტარები!
ახლაც, ყურში ჩამესმის ელჩი ნორლანდის სიტყვები, ის რაც ჩვენ ვნახეთ, შემაძრწუნებელი იყოო!
ჰოდა, ადამიანების გაუპატიურების ვიდეოკადრები ჯერ საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებლით" უნდა უჩვენონ ხალხს, შემდეგ კი - ამერიკისა და ევროკავშირის მთავრობებსა და საკანონმდებლო ორგანოებში თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში (ეუთო, ევროსაბჭო და ა.შ.)!
მართალია, აქაურმა ლიბერასტებმა ეს იდეა იმთავითვე გააპროტესტეს, აქაოდა, თუ ვიდეოკადრები გასაჯაროვდება, საზოგადოება ძალადობის მსხვერპლთა და მოძალადეთა იდენტიფიკაციას მოახდენსო, მაგრამ ეს სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ვექილობის უნიჭო მცდელობა უფროა, ვიდრე ადამიანის უფლებებზე ზრუნვა! თანამედროვე ვიდეოტექნოლოგიებით, სულ თავისუფლად შეიძლება, რომ არც ძალადობის მსხვერპლთა ამოცნობა იყოს შესაძლებელი და არც - მოძალადეებისა! ამიტომ საქართველოს მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა ნახონ ეს ვიდეომასალა და ერთხელ და სამუდამოდ აილაგმონ ნაცები და მათი მიმდევრები!
რაც შეეხება ამ გაუპატიურებისა და წამების ვიდეომასალის „საზღვარგარეთულ პრეზენტაციებს", აქ უკვე ტექნიკური საკითხების მოგვარება პრობლემა არ არის! მაგალითად, სააკაშვილის მეგობრების - სენატორი მაკ-კეინისთვის ან ევროპარლამენტარ ჟელეზნიაკისთვის სულ ერთი უნდა იყოს, კონკრეტულად ვინ ვის აწამებს!
აქ მთავარი ის არის, რომ მთელი მსოფლიოს პოლიტიკურმა ელიტამ საკუთარი თვალით იხილოს, ვისთან კოჰაბიტაციისკენ და თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას!
და როდესაც იმავე მაკ-კეინს ამ მასალს ცხვირზე ააფარებენ, შემდეგ მას ძალიან გაუჭირდება, სააკაშვილს „გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი" და „რეფორმატორი" ეძახოს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას" - საქართველოს ხელისუფლების მთავარი ოპოზიციური ძალა!
დიახ, ამ შემზარავი ვიდეოკადრებით ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცდება ის, რომ სააკაშვილის რეჟიმი ოპონენტებისა და რიგითი მოქალაქეების წამებასა და გაუპატიურებას ჩვეულებრივ, პოლიტიკურ იარაღად იყენებდა! ანუ მთელი რეჟიმი იყო დანაშაულებრივი და არაადამიანური!
ამდენად, ყველა შესაბამისი ევროპული ქარტიითა თუ კონვენციით, სააკაშვილის რეჟიმი უნდა გასამართლდეს, როგორც - ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი მასიური დანაშაულების ავტორი!
აი, ამიტომაც ვამბობ, რომ სააკაშვილსა და მის ბანდას, სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის წინააღმდეგ ჩადენილმა ცოდვამ უწიათ!
აი, ამიტომაც ვამბობ, რომ სანდრო გირგვლიანის სული სააკაშვილს ჰააგის საერთაშორისო სასამართლომდე მიაცილებს!
აი, სწორედ მაშინ გაიხარებენ იმქვეყნად სანდრო გირგვლიანისა და სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლული ასობით უდანაშაულო ადამიანთა სულები!
ამქვეყნად კი, დაპირებული სამართლიანობა აღდგება!
გიორგი გიგაური
გაზეთი „ასავალ-დასავალი"